კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს მსოფლიოში წიგნის ბევრი მაღაზია სამუდამოდ დაიხურა, თუმცა, 2020 წელს რეკორდული რაოდენობის წიგნი გაიყიდა. ქართველები წიგნის კითხვაში ჩემპიონები ხართო, – გვითხრა იუნესკოს წარმომადგენელმა, იან დენისონმა. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადდა. UNESCO-ს სტატუსს, საქართველოს დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან ერთი წლით შეინარჩუნებს.

ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს წიგნის დედაქალაქის სტატუსი ენიჭება. სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით 2019 წლის მაისში წარადგინეს.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა და პირველი დედაქალაქი მადრიდი გახდა. მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურს, რომლისგანაც ტიტული თბილისმა, პირველივე ცდაზე გადმოიბარა.

პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. დაგეგმილია 100-მდე საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტების განხორციელება.

პროექტი – “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. გენერალური სპონსორია “საქართველოს ბანკი”.

პროექტის დირექტორია ნინია მაჭარაშვილი. პარტნიორები არიან: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სხვა. ეს ორგანიზაციები მრავალი წელია ქვეყანაში წიგნის პოპულარიზაციას ეწევიან.

1995 წლის 23 აპრილს იუნესკომ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეც დააარსა. თარიღის არჩევანი უკავშირდება 1616 წლის 23 აპრილს 3 ცნობილი მწერლის – მიგელ სერვანტესის, უილიამ შექსპირის, ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებას. 23 აპრილი ასევე არის ბევრი ცნობილი ავტორის დაბადების, ან გარდაცვალების დღეც. ამ დღის პატივსაცემად მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად წიგნების გამოფენა- ბაზრობები, კლასიკური ნაწარმოებების საჯარო კითხვა და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართება.

საქართველოში ეს დღე „წიგნის ჩუქების“ დღედ არის გამოცხადებული. აქცია -“აჩუქე წიგნი”, ქვეყანაში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში არსებობს.

“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიება თბილისის “აბრეშუმის ქარხანაში“ გაიმართა. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, შეზღუდული იყო ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა. ძირითადად ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილისის მერმა კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარა.

კახა კალაძე

კახა კალაძის თქმით, საქართველოს დედაქალაქი ერთი წლის განმავლობაში კითხვის, წერის, შემეცნების, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება. მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ულამაზესი თბილისისკენ იქნება მოპყრობილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ასევე, უნიკალური საშუალება და შესაძლებლობაა ქართული ლიტერატურული საგანძურის, თანამედოვე მწერლების, საგამომცემლო სფეროში არსებული პროცესებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების მსოფლიოსთვის გაცნობის თვალსაზრისით.

“იუნესკომ 2019 წელს ჩვენს მიერ წარდგენილი პროგრამა, რამდენიმე კომპონენტის გამო გამოარჩია. მთელს წელიწადზე გაწერილი პროგრამა საქმიანი, შემეცნებითი და რაც მთავარია მომავალზე ორიენტირებულია. პროგრამაში თავისთვის საინტერესოს აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი, ვისაც სურს მეტი იცოდეს, გაიფართოოს თვალსაწიერი, გაიცნოს ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები და იმავდროულად საკუთარი თავიც წარმოაჩინოს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

სალომე ზურაბიშვილი

ღონისძიებას ვიდეომიმართვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა ქართული ლიტერატურის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და ახალგაზრდა თაობების განვითარებაში წიგნის მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი გაუჩნდა, იუნესკოს ეს ინიციატივა საშუალებას იძლევა, წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავიხსენოთ, თუ გავაგებინოთ ყველას – აქაურს თუ უცხოელ სტუმარს.

სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველომ ეს ერთი წელი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, შეიქმნას ახალი პროექტები.

“საქართველო, თავისი 16-საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი, თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფლებით იყო და დღესაც არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმასპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან, იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო”, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ ქართველ მთარგმნელებს, რადგან მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში გზა თარგმანზე გადის. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის პრემია, რომელიც ახალგაზრდა მთარგმნელს პირველი თარგმანისთვის, იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს გადაეცემა.

იან დენისონი

იუნესკოს წარმომადგენელმა, იან დენისონმა თბილისს წიგნების კითხვის, შესწავლის თვალსაზრისით ჩემპიონი უწოდა.

“ჩვენ ვნახეთ თქვენი მიზანდასახულობა და დარწმუნებულნი ვართ, წარმატებით გაართმევთ თავს თქვენს პროგრამას. ეს წელი ყველასთვის რთული იყო, მათ შორის საგამომცემლო ინდუსტრიისთვის და მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემისთვის. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე სულს ღაფავს”, – განაცხადა “აბრეშუმის ქარხანაში” სიტყვით გამოსვლისას დენისონმა.

თბილისისადმი ვიდეომიმართვა ჰქონდა იუნესკოს გენერალური მდივნის ოფიციალურ წარმომადგენელ ერნესტო რამირესს, რომელიც მრავალი წელია ამ პროექტის განვითარებას ადევნებს თვალს.

ერნესტო რამირეს

მისი თქმით, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, წიგნის ბევრი მაღაზია დაიკეტა და მათი უდიდესი ნაწილი ვეღარ გაიხსნება, მაგრამ გაიზარდა წიგნების გაყიდვები. ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში 130 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების წიგნი გაიყიდა, ჩვეულებრივზე მეტმა ადამიანმა დაიწყო წიგნის კითხვა.

“იტალიაში, წიგნების მაღაზიების 85% დაიხურა. კუალა ლუმპურმა პანდემიის პირობებში შეძლო პროგრამის შექმნა, ეს არის ვირტუალური ბაზრობის მოწყობა. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროგრამის მუშაობას. კრიზისების დროს, როცა სკოლები დახურულია და მილიონობით ადამიანმა წერა-კითხვაც არ იცის. მობილიზება უნდა გავუწიოთ ამ სექტორს, რომ ის პანდემიის კიდევ ერთი მსხვერპლი არ გახდეს, იმიტომ, რომ არა მარტო წიგნის ინდუსტრია დაზარალდება, არამედ ავტორები და მკითხველები. ერთობლივი ძალისხმევით დავეხმაროთ მსოფლიოს არ გაღატაკდეს წიგნიერების თვალსაზრისით”, – განაცხადა ერნესტო რამირესმა.

გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ “ცისფერყანწელები” და მათი ოცნება გაიხსენა. ერთ საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეკრებილი იყო 14-მდე ავტორი, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი თბილისი პოეზიის მსოფლიო დედაქალაქად გამოეცხადებინათ. ამ ავტორთა უმეტესობა საბჭოთა პერიოდში რეპრესიებმა იმსხვერპლა.

“ახლა მათ მაგივრადაც ძალიან გახარებული ვარ, რომ „ცისფერყანწელების“ ოცნება ასრულდა და ასრულდა გადაჭარბებითაც. იმ ადამიანებსაც ვუხდი მადლობას ამ ოცნებისთვის”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მისივე შეფასებით, ფრანქფურტის წიგნის ფესტივალის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არ ყოფილა მსგავსი მასშტაბის ლიტერატურული მოვლენა. დღეს თბილისი მსოფლიოს ლიტერატურულ და სახელოვნებო რუკაზე საკუთარი ფერით მოინიშნა.

“გვაქვს უამრავი ფერითა”, – ამბობს შოთა რუსთაველი.

გურამ დოჩანაშვილი

მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ღონისძიებას ვერ დაესწრნენ ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ქმნიან: გამომცემლები, მწერლები და მთარგმნელები. თბილისური გაზაფხული ქართულ ლიტერატურაში დიდი დანაკარგების აღმოჩნდა: გარდაიცვალა გენიალური მწერალი გურამ დოჩანაშვილი და ქართველი პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.

“ყოველი მწერლის, შემოქმედის დანიშნულება უნდა იყოს ის, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე ის არის”, – ამბობდა გურამ დოჩანაშვილი.

პროფესიით ჟურნალისტი თინათინ ღლონტი, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერია და წიგნების პოპულარიზაციას ეწევა, Dalma News-სთან საუბარში ამბობს, რომ განათლება თავისუფლებაა. განათლება, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება წარმატებისთვის, ღირსეული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, წიგნის გარეშე წარმოუდგენელია.

“ნინი ჯაფარიძე გამახსენდა, წიგნიერი გოგონა, რომელიც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის სულის ჩამდგმელი იყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, 23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, გიორგი კეკელიძესთან ერთად საინტერესოდ ჩაატარა “კითხვის საათი”, რომელიც მართლაც გამორჩეულად კარგი პროექტია. აქ წარმატებულ, ნიჭიერ ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებს წაუკითხონ წიგნები, ესაუბრონ მათთვის საყვარელ პერსონაჟებზე. სწორედაც რომ ეს საოცრად თბილი დამოკიდებულება არის წიგნის კითხვის მთავარი მოტივაცია”, – გვითხრა თინათინ ღლონტმა.

მისივე თქმით, განათლებული თაობა მოდის, მაგრამ უფრო მეტად სჭირდებათ პატარებს მხარდაჭერა, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წიგნის კითხვა შევაყვაროთ.

საქართველოს საგამომცემლო სფეროში, არც ისე ია-ვარდითაა მოფენილი გზა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ხშირად წიგნები გამომცემლობების კომერციული ინტერესის მიხედვით იბეჭდება და არა ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულებით. ბევრი ნაკლებად ცნობილი მწერალი თბილისის მერიას უარით გაუსტუმრებია, – ფული არ გვაქვს, წიგნს ვერ დაგიბეჭდავთო, – მერე, ეს ავტორი სხვა ქვეყანას უთარგმნია და წიგნიც გამოუციათ. იმედია ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი ახალი ქართველი ავტორის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მსოფლიოს, თბილისი ხომ უკვე, მსოფლიოს დედაქალაქია.

შორენა პაპაშვილი