პოლიტიკური კრიზისი, პანდემია, გაჩერებული ეკონომიკა, მძიმე სოციალური ფონი. მაღაზიის დახლებზე ფასების ყოველდღიური ცვლა საქართველოში უკვე ნორმად იქცა. ძვირდება, როგორც იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები. სახეზეა ფასების 30%, 50% და 70%-მდე ზრდა. კატასტროფულად გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, ყველაზე იაფი 6 ლარი ღირს. გაძვირდა კვერცხი, ხორცი, თევზი, შაქარი, ფქვილი, გრეჩიხა, ლობიო, ყავა, ტკბილეული, რძის პროდუქტები…
საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად – მზესუმზირის ზეთია გაძვირებული, მისი ფასი 62,03%-ით არის გაზრდილი; წიწიბურა – 38,44%-ით; შაქარი – 36,72%-ით. 33,72%-ით გაძვირდა თერმომეტრი.
სფეროს ექსპერტების შეფასებით, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს, როგორც მსოფლიოს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, ასევე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკურად არამდგრადი ვითარების გამო შემცირდა უცხოური ინვესტიციები.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკა შენგელია Dalma News-სთან ინტერვიუში, ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ პროგნოზირებდა, რომ 2021 წლის გაზაფხული ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე იქნებოდა. სამწუხაროდ მისი ეს პროგნოზი გამართლდა. ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. მომავალი 2 კვირის განმავლობაში მოიმატებს საწვავის ფასიც, რაც ისევ საკვებ პროდუქტებზე აისახება ნეგატიურად. ექსპერტის პროგნოზით, ფასების ზრდა მაისის ბოლომდე გაგრძელდება და შესაძლოა მაისის შემდეგ დასტაბილურდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მოსახლეობა ბევრი სახეობის პროდუქტს უბრალოდ ვეღარ შეიძენს და ფასების მატებას უბრალოდ აზრი აღარ ექნება.
ნიკა შენგელიას თქმით, მოსახლეობა უკვე, ვეღარ ყიდულობს ბევრი სახეობის პროდუქციას. მაღაზიის დახლებზე კონსერვირებულ პროდუქციას ვადა გასდის. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ნელ-ნელა ასორტიმენტიც იკლებს. იმპორტი შემცირებულია, იმიტომ, რომ მოხმარება დაეცა, აქედან გამომდინარე, ქვეყანა ფაქტობრივად შესულია იმ ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც 2020 წელს, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო დაიწყო.
ექსპერტის მოსაზრებით, ხელისუფლების მხრიდან, რომ ფასების სტაბილიზაციას ხელი შეუწყობ, არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ შეინიშნება. ასეთი ნაბიჯები კი, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2020 წლის გაზაფხულზე და მერე შემოდგომით იყო გადასადგმელი. როცა ლოქდაუნი გამოცხადდა, მთავრობას ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე უნდა დაეწყო ზრუნვა. რაც არ მოხდა. ნიკა შენგელია იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც არ დაკარგავს ხელისუფლება დროს და 2021 წელს აამოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით “გამოფენილ” ყველა პროექტს, რათა მომავალი წლის გაზაფხული გადარჩეს ფასების ზრდას.
“უნდა წახალისდნენ ფერმერები, კომპანიები. ძალიან ბევრი ბარიერებია იმისთვის, რომ ადამიანმა მიწა დაამუშაონ და რამე გააკეთონ. ფული გაძვირებულია და მასზე ხელმისაწვდომობა მაინც არ არის. წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდით მთავრობას იმის გამო, რომ ტურიზმზე ჩამოკიდეს ეკონომიკა. მთელი დახმარებები ტურიზმის სექტორზე წავიდა. ამ ეკონომიკური გუნდისგან პირადად მე არ მოველი, რომ რამე გამოსწორდება”, – აცხადებს ნიკა შენგელია.
მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა ამოქმედდეს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დახმარების პროექტები. ადამიანებს ნივრის და ლიმონის მოყვანა, რომ ესწავლათ, 2020 წელს, საქართველოში გასამმაგებული რაოდენობით აღარ შემოვიდოდა ლიმონი. ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ლიმონით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ამარაგებდა. ლიმონი ძირითადა დასავლეთ საქართველოში მოდის. გაიჩეხა ეს კულტურა და თხილი გაშენდა.
თავის მხრივ თხილიც ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა ის, ძირითადად ექსპორტზე გადის. თხილის გარდა ბევრი რამ არსებობს, რაც ადამიანს სჭირდება. გაზზე მაღალი ტარიფის გამო, მოსახლეობამ სასათბურე მეურნეობები მოშალა. გლეხს უნდა ხელშეწყობა. სტარტაპი უნდა მისცეს სახელმწიფომ, რადგან სოფლის მეურნეობა ბანკის 13%-იანი სესხით ვერ განვითარდება.
“საკვები პროდუქტების 80% სამწუხაროდ შემოგვაქვს. ეს ციფრი 40%-მდე რომ შემცირებულიყო, ხელისუფლებას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. გასაგებია, მსოფლიო კრიზისია, მაგრამ თურქეთმა, 2020 წელს, რეგიონში თავისი ეკონომიკის 1,8%-იანი ზრდა მიიღო. პირველად მსოფლიოში, თურქეთმა 20 მლრდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე. ისიც ხომ პანდემიის პირობებში იყო? აქ მნიშვნელოვანია მიდგომა. უნდა მუშაობდეს ფერმერი, სოფლის მეურნეობა, უნდა მუშაობდეს მიწა და ერთი კუთხე-კუნჭული არ უნდა იყოს დატოვებული. სადაც რის მოყვანა შეიძლება, იქ უნდა მოდიოდეს ყველაფერი. სოფლის მეურნეობის დიდი ეკონომიკის გადამრჩენი არ არის, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ თუნდაც ლარის კურსი იყო სტაბილური, იყოს დასაქმება. იმპორტი ლარის კურსს აწვება”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.
მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დაიწყოს დაგეგმარება, ქვეყნის რეგიონების მიხედვით განაწილდეს ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა. მოსახლეობას ხელი უნდა შეუწყონ და გააშენებინონ.
კვერცხის გაძვირებას რაც შეეხება, რომელიც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ნიკა შენგელია ამბობს, რომ ადვილი შესაძლებელია ფასის გაზრდა ქათმის საკვების გაძვირებით იყოს განპირობებული, რაც ასევე იმპორტირებულია. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული ე.წ. მაფიოზური სქემა – ძალიან მაღალია ფასი მწარმოებელსა და გამსაღებელ სექტორს შორის. ფაქტობრივად 100%-იანი დარიცხვა არის. მწარმოებელს კვერცხი სხვა ფასით გამოაქვს და მაღაზიის დახლზე უკვე ძალიან მაღალ ფასში ხვდება.
ნიკა შენგელიას მოსაზრებით, საჭიროა გარკვეული რეგულაციების არსებობა. არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკა, ვიღაცეების ნება-სურვილზე იყოს მიშვებული და მწარმოებლები ისე აძვირებდნენ პროდუქციას, რომ არავის ეკითხებოდნენ.
“უნდა შემოვიდეს რეგულაციები. სხვა შემთხვევაში ფასების ზრდას ვერ გავაჩერებთ და მივიღებთ სოციალურ აფეთქებას. ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და ამას მთავრობა ვერ ხედავს. ჩინოვნიკებს კრიზისი ჯერჯერობით არ უგრძნიათ. 2-კვირაში ფასები ელვის სისწრაფით გაიზრდა. კვირა არ გავა, რომ ფასების ზრდა არ დაფიქსირდეს. მაინც საზოგადოებას ვადანაშაულებ, პროტესტი უნდა გამოხატოს ფასებთან დაკავშირებით”, – ამბობს ნიკა შენგელიამ.
ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი ხნის წინ უნდა შეემუშავებინა გეგმა და მცენარეული კულტურები საქართველოს რეგიონების მიხედვით განევითარებინა, ამ მოსაზრებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძეც იზიარებს. მისივე თქმით, მთავრობას უკვე 2020 წელს უნდა ეზრუნა იმაზე, თუ რა უნდა იყოს წლეულს პრიორიტეტული, რათა ქვეყანას არ ჰქონდეს ისეთი კრიზისი, როგორც შარშან. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც და ფასების ზრდასაც შეაჩერებს.
როგორც Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ განუცხადა, სურსათზე ფასების მატება მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ იმპორტზეა დამოკიდებული, შესაბამისად არსებობს რისკი, როგორც ფასების თვალსაზრისით, ისე მოწოდების მხრივ. მაგალითად, პანდემიის გავრცელების პიკის პერიოდში, ბევრმა სახელმწიფომ შეზღუდა საკვები პროდუქტების ექსპორტი. იყო საშიშროება, რომ საქართველოს ხორბლის მარაგთან დაკავშირებით პრობლემები შექმნოდა, იმის გამო, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეზღუდა.
ანგურიძის თქმით, ერთი მხრივ გვაქვს მზარდი შიდა წარმოება, თუმცა არა იმ რაოდენობის, რა რაოდენობის მოთხოვნაც არსებობს, შესაბამისად, გაიზარდა ფასები, ამას ემატება პოლიტიკური კრიზისიც, რომელიც ყოველთვის ახდენს გავლენას ეკონომიკაზე, ორივე ერთად კი, არასახარბიელო სურათს ქმნის, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ცუდი სოციალური ფონი.
“2013-2014 წლებში, როცა პირველად დაიწყო საზღვარზე პროდუქციის სანიტარული კონტროლი, ძირითადად ეს კარტოფილს შეეხო, აღმოჩნდა, რომ თურქეთიდან იმპორტირებული კარტოფილის აბსოლუტური უმრავლესობა დაავადებული იყო. მაშინ, მებაჟეებმა ეს კარტოფილი უკან გააბრუნეს და ქვეყანაში შეიქმნა კარტოფილის დეფიციტი, აიწია ფასმა. როცა ჩვენმა მოსახლეობამ ნახა, რომ კარტოფილის ფასი მაღალი იყო, მეორე წელს რეკორდულად გაიზარდა კარტოფილის წარმოება და კარგი პროცესები დაიწყო. თითქოს არაფერი, მაგრამ სახელმწიფო ჩაერია პროცესში, შეასრულა თავისი ფუნქცია საზღვარზე. ასეთი ნაბიჯები ძალიან უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების წახალისებას და განვითარებას”, – ამბობს ოთარ ანგურიძე.
მეორე საკითხია მწარმოებელთა კეთილსინდისიერება. რატომ გაძვირდა ადგილობრივი პროდუქცია, მაგალითად კვერცხი?
როგორც ოთარ ანგურიძე აცხადებს, საქართველოში კვერცხის იმპორტი არ ხორციელდება და მთლიანად ადგილობრივი წარმოებისაა. საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ მწარმოებლები, როგორ ადგენენ ფასს, რა ხარჯი აქვთ, რამ განაპირობა კვერცხის წარმოების გაძვირება? მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ მუშაობს კეთილსინდისიერად და ვინ არა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობს კონკურენციის სააგენტო, თუმცა რესურსი არასაკმარისია, სჭირდებათ კადრებით გაძლიერება. ამიტომ შეუძლებელია ყველა სექტორის სიღრმისეულად შემოწმება, საჭიროა გაძლიერდეს ეს სამსახური და მოსახლეობაში არსებულ ყველა მსგავს კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცეს.
შორენა ქარჩავა