ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულმა, ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ვაშა-ფშაველამ ქართველებს ტყის ერთგვარი ჰიმნი დაგვიტოვა, – “ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია”. ლამაზ ლექსზე ლამაზი სიმღერაც შეიქმნა, მაგრამ ტყეზე ზრუნვა თანამედროვე საქართველოში კვლავ პრობლემაა. ადამიანის დაუდევრობა, უკანონო ჭრა, გახშირებული ხანძრები, გაცხოველებული მშენებლობები, – ყოველივე ეს და ბევრი სხვა, დამანგრეველად მოქმედებს ჩვენს მწვანე სიმდიდრეზე. ამას ემატება ისიც, რომ წლების განმავლობაში ტყეები უკანონოდ იჩეხებოდა, მასალა კი, ქვეყნიდან გადიოდა.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს. ყველა ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა. საკუთრების ტიპის მიხედვით საქართველოს ექნება სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო ტყეები. ასევე, აიკრძალება ტყის ტერიტორიაზე საქონლის შეშვება, როგორც ახალი კოდექსის ავტორები ირწმუნებიან, საძოვრებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

ტყის სულ 4 კატეგორია იქნება: დაცული, დაცვითი, საკურორტო და სარეკრეაციო, სამეურნეო. კატეგორიას ტყის ფუნქცია და ეკოსისტემაზე მისი გავლენა განსაზღვრავს. “დაცული კატეგორიის ტყეებს” ექნებათ დაცული ტერიტორიების სტატუსი და ასეთ ეკოსისტემაში ნებისმიერი ჩარევაა იკრძალება. “დაცვითი კატეგორიის ტყეებს” განეკუთვნება ზვავის, ან ღვარცოფის აღსაკვეთად არსებული ნარგავები, ასევე სუბალპურ ზონაში, რკინიგზის, ან საავტომობილო გზის გასწვრივ და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან ახლოს მდებარე ტყე. “საკურორტო ტყე”, რომელიც მდებარეობს საკურორტო და სარეკრეაციო ზონაში, სამკურნალო დაწესებულებიდან, ან მინერალური წყაროდან 1 კმ-ის რადიუსში და ქალაქის, ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე; და ბოლოს, “სამეურნეო კატეგორიის ტყე”, რომელიც ასრულებს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციებს. ეს ტყის ერთადერთი კატეგორიაა, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს ტყითსარგებლობის ყველა სახე.

თავისუფალი რჩება ტყით სარგებლობა დასვენებისა და გართობის მიზნით, ასევე მცენარეების, წიწვის, ფოთლის, ყვავილის, ფისის, თესლის, გირჩის, ნაყოფის, სოკოს შეგროვება. თუმცა ხელისუფლებას, ან მესაკუთრეს ექნება უფლება, აკრძალოს ტყეში სეირნობა გარკვეული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. აკრძალვა ხანგრძლივი არ უნდა იყოს.

ამიერიდან კოცონის დანთება, თუ ეს არ უკავშირდება სიცოცხლის გადარჩენას, მხოლოდ ამისთვის განკუთვნილ ადგილებში იქნება შესაძლებელი. ახალი კოდექსით ნებადართულია გარეულ ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა, რათა შემდგომში ისინი ბუნებაში დააბრუნონ. ცხოველთა მოშენება არ უნდა ახდენდეს გავლენას ტყის ეკოსისტემაზე.

კიდევ ერთი სიახლე, სოციალურ ჭრების აღსაკვეთად ე.წ საქმიანი ეზოები მოეწყობა, რომელიც ვიდეო-სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება. პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავებ, “საქმიანი ეზოები” საქართველოს ყველა რეგიონში იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტო ხე-ტყეს თავად დაამზადებს, დაახარისხებს, დაასაწყობებს და გაყიდის.

“აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. ცვლილებების შედეგად მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა”, – განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, “საქმიანი ეზოები” უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში.

მეორე საკითხია, როგორ ხვდება ამ სიახლეს სოფლის მოსახლეობა. მათი მოსაზრებით, ეს სოციალური შეშის გაძვირებას გამოიწვევს. აქამდე, შეშის მოსაჭრელად ტყეში თავად მიდიოდნენ და ამაში ფულს არ იხდიდნენ.

თეიმურაზ კანდელაკი

ახალ კოდექსში რევოლუციურ ცვლილებებს ვერ ხედავს “მეტყევეთა ასოციაციის” პრეზიდენტი, პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი. ერთადერთი სიახლე “საქმიანი ეზოების” გახსნაა, რასაც თავისი მინუსებიც აქვს. თუ აქამდე გლეხი დამზადებულ შეშაში ანივთებდა თავის შრომას, ახლა სხვის განივთებულ შრომაში უნდა გადაიხადოს ფული.

როგორც Dalma News-ს თეიმურაზ კანდელაკმა განუცხადა, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის შეშის ჭრა, ხე-ტყის განადგურების ერთ-ერთი წყაროა. საქართველოში საწვავი შეშის პრობლემა დიდი ხანია არსებობს. ის უნდა ჩანაცვლდეს სხვა ენერგიით, ძირითადად გაზით.

“ბევრი საუბარი იყო იმაზეც, რომ შეგვექმნა სპეციალიზირებული პლანტაციები, რომ მაგალითად, საშეშე მეურნეობა შექმნილიყო. ჩვენი ტყეები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აღარ იქმნება ტყის ახალი ფართობები, ტყის გაშენებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ტყეების გაშენებას ფართო ხასიათი ჰქონდა. შაბათობები ეწყობოდა, ნერგების დარგვაში მოსახლეობა მონაწილეობდა”, – ამბობს თეიმურაზ კანდელაკი და იმ წლებს იხსენებს, როცა თბილისის პირველი გიმნაზიის მოსწავლეები გამწვანების ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, ბოლო წლებში გამწვანების მასობრივი აქცია აღარ გამართულა, არადა, ასეთი აქციები სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს წახალისებული.

“პირველ ვაჟთა გიმნაზიაში ვსწავლობდი, როცა თბილისის ფუნიკულიორის ფერდობის გამწვანებაში ვმონაწილეობდით. მამა დავითის მაღლა რაც ტყეა, სულ სკოლის მოსწავლეებმა გავაშენეთ. ყველა თავის ორმოს თხრიდა და რგავდა ხეს. ამით შენი წვლილი შეგაქვს ბუნების დაცვაში, მცენარე გიყვარდება”, – ამბობს პროფესორი და წუხს, რომ ახალ თაობებს ტყის სიყვარულს აღარ ასწავლიან, არადა ეს ცოდნა სკოლიდან უნდა წამოიღოს ბავშვმა.

ტყეების გაჩეხვის თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა დიდი ქალაქების მიდამოებში გვაქვს. პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინოა დედაქალაქში. ნახევრად უდაბნოს ზონაში არსებულ თბილისში, ახალი მშენებლობები ელვის სისწრაფით ისრუტავენ მწვანე საფარს, რომელიც წლების წინათ, ისევ ადამიანის ხელით, ჩვენი წინაპრების შრომით იქმნებოდა.

თეიმურაზ კანდელაკის აზრით, საჭიროა გაიზარდოს სპეციალიზირებული სატყეო და სანერგე მეურნეობების რაოდენობა. დაინერგოს სწრაფმზარდი კულტურები. მოსახლეობას არ უნდა შეეზღუდოს ტყით სარგებლობა, მაგრამ ეს უკანასკნელებიც შეგნებით უნდა მიუდგნენ ამ საკითხს.

ბოლო წლებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ბიზნესმენები ტყის დიდ ფართობებს ყიდულობენ, ტყეს ჩეხავენ და მის ადგილას ვენახს აშენებენ. ხე-ტყეს მასალად ყიდიან და დიდ სარგებელსაც ნახულობენ. ამ პრობლემაზე Dalma News-ი კახეთის, რამდენიმე სოფლის მკვიდრს გაესაუბრა. ბევრისთვის ტყე დღემდე საარსებო წყაროა, ბევრ ოჯახს, მძიმე 90-იანები სწორედ ტყესთან სიახლოვემ გადაატანინა. მოსახლეობა ტყეში სოკოს, წაბლის, რკოს, კენკროვანი მცენარეების, ჯონჯოლის, ცაცხვის ყვავილის, ასკილის მოსაკრეფად დადის. ნაწილს ოჯახში მოიხმარენ, ნაწილს ბაზარში ყიდიან. სეზონურად ტყეში ფუტკარი მიჰყავთ.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს ტყეზე ყველა მთავრობამ მოითბო ხელი და პროცესი დღესაც გრძელდება. სხვადასხვა დროს, რაიონის მაღალ სახელისუფლებო თანამდებობებზე მყოფი პირები დიდი რაოდენობით მიწებს სიმბოლურ ფასად იგდებენ ხელში და როცა თანამდებობიდან მიდიან ფერმერობას იწყებენ. სოფლის მოსახლეობა ტყეზე კერძო საკუთრების წინააღმდეგია და მიაჩნიათ, რომ მას სახელმწიფო სამართლიანად უნდა განკარგავდეს.

“ყურძენი კარგია, ბევრი გლეხი გამოიყვანა ეკონომიკური სიდუხჭირიდან, მაგრამ აქაც, უთანასწორობასთან გვაქვს საქმე. ყველა, ვინც გამგეობაში, ან საკრებულოში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, მიწების დიდი ფართობები ჩაიგდეს ხელში და სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბიზნესმენებად მოგვევლინენ, ასეულობით ჰექტარი ვენახები აქვთ გაშენებული, ჩვენ კი, გლეხებს რა გაგვაჩნია? ისევ მათ მამულებში მუშაობით ვირჩენთ თავს. ეს სამუშაოც სეზონურია”, – განუცხადა Dalma News-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრმა, 38 წლის, გიორგიმ.

პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის შეფასებით სატყეო ფართობების შემცირება სახელმწიფო დანაშაულია. ვენახი ვერ შეცვლის ტყის ფუნქციას. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ტყის ფართობებისთვის კატეგორიის შეცვლა და მათი სახნავ-სათესად გამოყენება.

ტყეების განსახელმწიფოებრიობასა და მათ კერძო საკუთრებაში გადასვლაზე მუშაობა საქართველოში 1998 წლიდან დაიწყო. გარდა ამისა, ყველა სოფელს თავისი სარგებლობის ტყე უნდა ჰქონოდა.

“ყველა ტყე ადგილობრივია და პირველ რიგში ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნდა იყოს, მაგრამ არა ისე, ვინმემ ტყე შემოღობოს და შიგ არავინ შეუშვას. ტყით სარგებლობა ფასიანი იქნება, თუ უფასო, ამას სატყეო მეურნეობა ადგენს”, – გვითხრა “მეტყევეთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, თეიმურაზ კანდელაკმა.

45 წელზე მეტია, ამ სფეროში მოღვაწეობს და ამბობს, რომ აღარ არსებობს იდეოლოგია, ახალგაზრდებს არ ესმით სამშობლოს არსი. “ტყე შეუნახე შვილებსა”… საქართველოში, არავინ აღარ საუბრობს ასეთ მატერიებზე, რაც გულდასაწყვეტია. ხშირად, კანონებს ისე იღებენ, სპეციალისტებთანაც არ გადიან კონსულტაციას, გლეხს ხომ, საერთოდ, არაფერს ჰკითხავენ?!

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება.

გახშირებულ ხანძრებს, რაც შეეხება, როგორც პროფესორმა გვითხრა, ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, თუმცა ადამიანებიც სცოდავენ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებები უნდა დაისახოს ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად, კანდელაკმა 2 წლის წინ პროექტი მოამზადა და “რუსთაველის ფონდში” გრანტზე წარადგინა, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო.

ილია ჭავჭავაძის ჭადარი საგურამოში

P.S. მასალის წერისას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მიერ დარგული ჭადარი გამახსენდა, რომელიც დღემდე იქ დგას. სახლის მშენებლობისას ხის მოჭრა გამხდარა საჭირო, მაგრამ ილიას სახლის პროექტი ჭადრისთვის მოურგია, რათა ხე არ მოეჭრათ. ჭადარი დღემდე იმ ეზოში დგას და ნამდვილი შემოდგომაც მაშინ დგება, როდესაც საუკუნოვანი ხე ფოთოლცვენას იწყებს. ამ სანახაობისთვის, ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩადიან.

შორენა პაპაშვილი