სომხეთში, ბოლო დროს კვლავ ალაპარაკდნენ რესპუბლიკის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის თაობაზე. ამის მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციები გახდა. აღნიშნული ზომები ამჯერად, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკულ და საბანკო სფეროს შეეხება.

ამ ცვლილებების შესაბამისად, აპრილის არჩევნების შედეგად სომხეთის პარლამენტში შესულ ოპოზიციურ პარტია “ელკ”-ს (“გამოსავალი”) მიაჩნია, რომ აშშ-ს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც აუცილებლად აისახება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე. ამიტომ ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ სომხეთის ეკონომიკისთვის ამ სტრუქტურაში ყოფნა სარისკოა. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ალტერნატივას “ელკ”-ი ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შეთანხმებაში ხედავს. თუმცა, ევროინტეგრაციის ადგილობრივი მომხრეების პოლიტიკური რიტორიკა მოკლებულია ეკონომიკურ რეალიებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სომხური წარმოების პროდუქციის გასაღების მთავარ ბაზარს და სომხეთის მიმართულებით პირადი გზავნილების ძირითად წყაროს რუსეთი წარმოადგენს.

Представители блока "Елк"
Представители блока “Елк”

როგორც ადრე ფინანსთა მინისტრმა ვარდან არამიანმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციაში სომხეთის ექსპორტის 92% სამრეწველო პროდუქციაზე მოდის. გარდა ამისა, შარშან რუსეთში გატანილი ექსპორტი 226 მლნ. აშშ დოლარიდან 371 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარი ზრდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შედეგად.

არამიანმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შედეგად, ეკონომიკური სარგებლის მიღების ანალიზი ჩაატარეს. სომხეთისთვის დამატებითმა ეკონომიკურმა ეფექტმა 2,2% შეადგინა. აქედან 1,4% ენერგეტიკის გაიაფების შედეგია. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რომ არ გაწევრიანებულიყო, 2015 წელს ეკონომიკური ვითარება ბევრად რთული იქნებოდა – 0,2%-იანი ზრდის ნაცვლად, მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდებოდა.

საპირისპირო ვითარებაა სომხეთსა და ევროკავშირს შორის სასაქონლო ბრუნვასთან დაკავშირებით. სომხური ექსპორტის დაახლოებით 90% ნედლეულზე, ძირითადად სპილენძის საბადოზე მოდის. ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საეჭვოა ერევანსა და ბრიუსელს შორის ვაჭრობაში, რაიმე წინსვლა დაფიქსირდეს.

ამ ფონზე, რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ დემაგოგიაა, რომელიც დასავლური საელჩოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იკვებება.

რუსეთში ამგვარ გამონათქვამებს მშვიდად ხვდებიან.

“სომხეთში, სადაც საგარეო პოლიტიკა სერიოზული დისკუსიის საგანი ხდება, სხვადასხვა აზრის გამოთქმა შეუძლიათ. ასეთი განცხადებები ( ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლა) არ გვაშინებს მანამ, სანამ ისინი გადამწყვეტი არ იქნება პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის”, – განაცხადა Dalma News -თან საუბარისას, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, დსთ-ს და თანამემამულეებთან ურთიერთობების საკითხებში კომიტეტის წევრმა, კონსტანტინ ზატულინმა.

მისივე თქმით, სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხზე მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ ისაუბრონ, რომლებსაც კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლები მოჰყავთ.

“აშკარაა, რომ სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობით ინვესტიციების და ამ კავშირის ქვეყნების ბაზარზე გასვლის თვალსაზრისით მოიგო”, – ამბობს ზატულინი.

ამასთანავე, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გაურკვეველია რა პერსპექტივა ელოდება სომხეთს კავშირიდან გასვლის შემდეგ, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

“არ ვიცი, საერთოდ, ვინ არის მზად საკუთარ თავზე აიღოს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – ამბობს დეპუტატი.

ბლოკ “ელკ”-ში მიაჩნიათ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ალტერნატივა ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავება იქნება. იმავდროულად გაურკვეველია ამ ურთიერთობის როგორც ფორმა, ისე შემადგენლობა. ცნობილია, რომ რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ხაზით, სომხეთს თანამედროვე შეიარაღებას გარკვეული შეღავათებით აწვდის, ხოლო ბევრ სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის სახეობას – საერთოდ უფასოდაც. შეუძლია, ან სურს ნატოს რუსეთი ამ თვალსაზრისით შეცვალოს?! ან შეძლებს ბრიუსელი სომხეთისთვის რუსული “ისკანდერის” ღირსეული ალტერნატივა შესთავაზოს?! ცხადია, არა.

მეზობელი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მრავალწლიანმა მცდელობებმა შედეგად გამოიღო მხოლოდ ქართული სამხედრო კონტიგენტის ავღანეთის “სამშვიდობო მისიაში” მონაწილეობა. რამდენიმე დღის წინათ, თბილისში ავღანეთში დაღუპული 32-ე ჯარისკაცი გადმოასვენეს. ავღანეთში, გაურკვეველ ომში ქართული ჯარის მონაწილეობამ ქვეყანა ვერ დაახლოვა სანუკვარ მიზანთან, რაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ითვალისწინებს. არც ერთი დასავლეთელი ლიდერი საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხის სერიოზულად განხილვას არ აპირებს.

მეზობელი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, იმედია, სომხეთის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკური სტატუს-ქვოს შეცვლას არ მოისურვებს. როგორც ჩანს, ოფიციალური ერევანი “კომპლიმენტარიზმის” ტრადიციულ პოლიტიკას განაგრძობს. ქვეყნის შიგნით არსებულ ანტირუსულ დისკუსს, როგორც ყოველთვის, ხელისუფლება მოსკოვთან დიალოგში მთავარ “კოზირად გამოიყენებს.

მოამზადა აშოტ საფარიანმა