24 მაისს, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (NIIRK, მოსკოვი) მხარდაჭერით ერევანში ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა სკოლა გაიხსნა.
ეს კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ სომხეთში განხორციელებული პირველი პროექტი არ არის, თუმცა ყველა მათგანს ერთი მთავარი მიზანი აქვს – განავითაროს და კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირი სომხეთსა და რუსეთს შორის. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ რუსი და სომეხი მეცნიერები და ექსპერტები ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სომხეთის რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები.
მისასალმებელ სიტყვაში კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვალენტინა კომლევამ, შეაფასა ბაზა, რომელზეც სკოლამ უბდა იმუშაოს და იმედი გამოთქვა, რომ გრძელვადიანი და პოზიტიური შედეგები მიიღწევა.
„სკოლა იმუშავებს სომხეთის სახ. უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსულ კვლევით ცენტრთან ერთად, რომელსაც ექსპერტების ძალიან მაღალი პოტენციალი გააჩნია”, – განაცხადა მან.
Dalma News-თან ინტერვიუში ქალბატონმა კომლევამ აღნიშნა, რომ ინსტიტუტი მსგავს სკოლებს სხვადასხვა ქვეყანაშიც ხსნის. მათი მთავარი მიზანია განავითარონ საერთაშორისო სამეცნიერო, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდული კონტაქტები, რათა რუსმა ახალგაზრდა მეცნიერებმა გაიგონ, რა სახის კვლევები ტარდება სომხეთში, როგორი შეხედულება არსებობს სომხეთში არსებულ ზოგიერთ საერთო პრობლემაზე და ახალგაზრდა სომეხი მეცნიერებიც, თავის მხრივ, გაეცნონ, თუ რას იკვლევენ და აანალიზებენ რუსეთში.
„ამ სკოლის მთავარი ამოცანა ის არის, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ, დაამყარონ კონტაქტები და შემდეგ შეძლონ ნამუშევრების სომხეთში გამოქვეყნება, ხოლო სომხური გამოცემების – რუსეთში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ერევანში სკოლის გახსნაზე ჩავიდნენ წამყვანი რუსი მეცნიერები და ექსპერტები სამხრეთ კავკასიის საკითხებში, რაც ახალგაზრდებს რუსი სპიკერების მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
„მთავარი მიზანია სამეცნიერო მონაცემების გაცვლა, თანამედროვე ახალგაზრდა მეცნიერების გაცნობა და კონტაქტების დამყარება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული და ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისთვის, კერძოდ, დღევანდელი ახალგაზრდობა განსაზღვრავს სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მომავალს“, – განაცხადა ვალენტინა კომლევამ.
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორმა არამ საფარიანმა Dalma News-თან საუბარში განაცხადა, რომ NIIRK-თან ერთად ახალგაზრდა ანალიტიკოსთა სკოლის შექმნის გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ის მიზნად ისახავს სომხური პოტენციური ახალგაზრდული ძალების გაერთიანებას, რომლებმაც კვლევისა და ანალიტიკის სფეროში თავი გამოიჩინეს, და მომავალში იმ ანალიტიკოსებად და პოლიტოლოგებად ჩამოყალიბდებიან, რომლებიც კომპეტენტურად განიხილავენ საერთაშორისო ნაციონალურ საკითხებს და დაწერენ ანალიტიკურ სტატიებს, მოხსენებებს და ანგარიშებს.
„ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტრადიციულად, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალური კურსი „პოლიტიკური ანალიზი“ ისწავლება. ამ კურსის სტუდენტებს ჩვენს სკოლაში მოვიზიდავთ. ვფიქრობ, NIIRK-ის მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება მათი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის მეგობარი ქვეყნების ახალგაზრდა მეცნიერებისა და ანალიტიკოსების სკოლებთან. ამგვარად, ეს საერთაშორისო საზოგადოება გაიცნობს და მხარს დაუჭერს ერთმანეთს და ეს, ჩვენი მხრიდან, საერთო ცივილიზაციური სივრცის განვითარებასა და გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილი იქნება”, – განაცხადა არამ საფარიანმა.
თავის მხრივ, ჰუმანიტარული განვითარების საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა არმან გუკასიანმა Dalma News-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის კულტურულ და ჰუმანიტარულ კომპონენტში ახალგაზრდული დღის წესრიგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„იმიტომ, რომ ახალგაზრდობა ნამდვილად არის მომავალი. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დღევანდელი პოზიცია, რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ სამყაროს, როგორ ხედავენ სომხეთის ადგილს ამ სამყაროში და მთლიანად რეგიონში, როგორ წარმოუდგენიათ რუსეთის როლი, სომხურ-რუსული ურთიერთობების როლი და, რა თქმა უნდა, რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებაში, – განაცხადა მან. – დღესდღეისობით სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების სრულ პოტენციალს ვიყენებთ და განსახილველ ძირითად თემებში ახალგაზრდების მონაწილეობა ძალიან სწორია. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შედგა პროდუქტიული დიალოგი გამოცდილ ექსპერტებს, მეცნიერებს, მასწავლებლებსა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ყველა ამ პროცესში“.
NIIRK-ის ახალგაზრდა ანალიტიკოსთა სკოლა VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები-2023. მიზნები და ღირებულებები”-ის ფარგლებში გაიხსნა. NIIRK-ის ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კლუბის კოორდინატორის სოფია ტიულიაკოვას თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეებისთვის, რათა ექსპერტთა მოხსენებების მეშვეობით ისინი გაეცნონ ანალიტიკური კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიას და შემდეგ შეძენილი თეორიული უნარები პრაქტიკაში გამოიყენონ.
„NIIRK-ის მკვლევართა საერთაშორისო კლუბის მიერ ჩატარებული კვლევისას, რომელიც ეხებოდა უცხოური საზოგადოების აღქმაში რუსეთის მიმზიდველობის ფაქტორებს, სომხეთის სტუდენტებმა განაცხადეს, რომ რუსეთს მეცნიერულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ვაფასებთ და პატივს ვცემთ ჩვენი სომეხი კოლეგების კვლევას, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ NIIRK-ის ახალგაზრდა მკვლევართა სკოლის ფორმატი საშუალებას მოგვცემს გავცვალოთ მეთოდები და ცოდნა, განვავითაროთ ახალგაზრდული და სამეცნიერო კომუნიკაციები“, – განაცხადა მან Dalma News-თან ინტერვიუში.
ღონისძიების მონაწილეებს რუსეთის მთავარი ანალიტიკური ცენტრებიც გააცნეს, რომლებიც ევრაზიულ სივრცეს შეისწავლიან. ასეთი ცენტრი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის თეორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის კათედრის პროფესორმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინე კურილევმა ისაუბრა. სკოლის გახსნის ფარგლებში, “ვალდაის” საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ექსპერტმა, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ექსპერტმა, იმპერატორული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების სრულუფლებიანმა წევრმა, იგორ მატვეევმა საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზის მეთოდებზე მასტერკლასი ჩაატარა.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის რუსული კვლევით ცენტრში ხორციელდება. ახალგაზრდა ანალიტიკოსთა სკოლა ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი გახდება.
ლინა მაკარიანი