«GALLUP International Association»-ის სომხურმა ოფისმა,საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით მოულოდნელად და დაუგეგმავად გამოკითხა სოხმეთის მოსახლეობა. ლოგიკურია, რომ საკონსტიტუციო რეფორმების საკითხი სომხეთში ნომერი პირველი სასაუბრო თემაა. რეფერენდუმამდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი და შედეგიც სახეზეა: მოსახლეობის 47% არ აპირებს რეფერენდუმში მონაწილეობას. ღირს  იმის ახსნა, რომ ეს სრული და  აბსოლუტური კრახია?

თუმცა, მაინც ავხსნით: დავიღალეთ სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ წერით. ეს პროცესი ქვეყნის ხელისუფლებამ გაურკვეველი და ბუნდოვანი მიზნით წამოიწყო. ამას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი წრეების გარდა მხარს არავინ უჭერს. ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ახალი კონსტიტუცია – სომხეთის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, ახალი ნათელი მომავლის დასაწყისია, ვერაფრით შეათანხმეს სავარაუდო საკონსტიტუციო  ტექსტთან. ის სულელური, გაუწონასწორებელი და ზოგადად კონსტიტუციების  მსოფლიო ისტორიაში  რაღაც საჭურისის მსგავსია.

მაგრამ ხელისუფლება, მთელი თავისი შესაძლებლობებით (ანუ ტყუილით, სიცრუით, ფარისევლობით, მანიპულაციითა და ა.შ.) ყველას ჯინაზე  ჯიუტად ცდილობს ამ უსარგებლო ტექსტის გატანას. თანაც გააქვს მისდამი კრიტიკულად დაბალი და  ნულოვანი ნდობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობის, მოუგვარებელი შიდა კონფლიქტის, ქრონიკული შიდაპოლიტიკური კრიზისისა და ეკონომიკის ქრონიკული დაავადების პირობებში. შედეგი კი ის არის, რომ ვის ჯინაზეც ეს კეთდება, მისთვის სულერთია  საკონსტიტუციო რეფორმები. თუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს არ აინტერესებს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის ნომერი პირველი საკითხი, მაშინ ამას თავად არ ვიცით, რა ვუწოდოთ?

ჯერ კიდევ «GALLUP International Аssociation»-ის გამოკითხვამდე სცადა Dalma News-მა გაერკვია საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით ახალგაზრდების პოზიცია. ამის გასარკვევად საჭირო იყო უმაღლეს სასწავლებლებში მათთან შეხვედრა – ახალგაზრდების თავშეყრის ტრადიციულ ადგილას. Dalma News-ის კორესპონდენტმა სცადა მინიგამოკითხა ჩაეტარებინა დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში. შედეგი ასეთია:  გამოიკითხა 10 ადამიანი, რომელთაგან საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ, რაღაც მხოლოდ ერთს სმენია. მეთერთმეტე რესპოდენტთან გასაუბრების მცდელობისას ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონა მიიწვიეს უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილში და გასაგები ენით („გოგო, აქ რა დაგიკარგავს, პრობლემებს ეძებ? დაახვიე…“) აუხსნეს, რომ იქიდან წასულიყო.

აი, სულ ეს არის, რაც სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმების – ხელისუფლების მორიგი არაპოპულარული ინიციატივის  შესახებ უნდა ვიცოდეთ. ამას მხარს არავინ უჭერს თავად სომხეთის ხელისუფლების გარდა. სხვათაშორის, ამ მოვლენას „თვითნებობა“  ჰქვია. თუ მკითხველს უშუალოდ ახალი კონსტიტუციის ტექსტი აინტერესებს, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია, გარწმუნებთ – არ ღირს დროის დაკარგვად. გასაყიდი წვენის კოლოფებზე ეტიკეტები უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია. მაგრამ, თუ მკითხველი მაინც დაინტერესდება, ტექსტის დეტალური ანალიზი მოცემულია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საიტზე.

მკითხველს ვუსურვებთ არასოდეს მოუწიოს ცხოვრება იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელსაც დღეს სომხეთის ხელისუფლება გვთავაზობს.