კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის, ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსებული მეორე ტალღის მოლოდინში, ბევრმა ქვეყანამ, სასურსათო უსაფრთხოების ბუნებრივი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, თადარიგი დაიჭირა და იმაზე მეტი ხორბალი მოიმარაგეს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, თუნდაც ერთი წლის წინ მოიხმარდნენ. რუსეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ერთ-ერთი დიდი იმპორტიორია გასაყიდ ხორბალზე კვლავ ინარჩუნებს კვოტირებას. საქართველოს შემთხვევაში პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ლარის კურსის ვარდნა, თუმცა სფეროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ხორბლის საჭირო მარაგი ქვეყანას აქვს და ამ მიმართულებით კრიზისი მოსალოდნელი არ არის. პრობლემაა პურის ფქვილის მზარდი ფასი.

იმპორტირებულ ხორბალს საქართველო აშშ დოლარში ყიდულობს. თუ კი სექტემბერში ერთი ტონა ხორბლის ფასი 200 აშშ დოლარი იყო, სულ რაღაც ორ თვეში, უკვე 270 დოლარი გახდა, შესაბამისად ძვირდება ფქვილი. ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 50 ლარიდან 63 ლარამდე გაზარდა. იმისათვის, რომ პურის ფასი შენარჩუნებულიყო და ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მოთხოვნად პროდუქტზე მოსახლეობისთვის ტვირთი შეამსუბუქოს, საქართველოს მთავრობამ პურის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ტომარა ფქვილი, პურის მცხობელ კომპანიებს 10 ლარით ნაკლებად მიეწოდებათ. მანამდე კი, შედგება იმ კომპანიების სია, რომლებიც ე.წ სოციალურ პურს აცხობენ.

ტენდერის პირობის თანახმად, პურის მრეწველთა კავშირი, რომელიც პურის მწარმოებელ კომპანიებს აერთიანებს, ადგენს იმ საცხობებისა და ქარხნების სიას, რომლებიც ე.წ მასობრივი მოხმარების პურს აცხობენ. ასეთ კომპანიებს შორის არის “იფქლი”, “დიღმის პური”, “ლოტკინის პური”, “ვასაძის პური”, “ბათუმის ქარხანა” და ა.შ. აღნიშნული სია მიეწოდება ტენდერში გამარჯვებულ წისქვილებს, რომლებიც სუბსიდირებულ ფქვილს კონკრეტულ ქარხნებს მიაწვდიან. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ 53 ლარად მიწოდებული ფქვილით გამომცხვარი პური არ გაძვირდება.

სუბსიდირება არ შეეხება უმაღლესი ხარისხის ფქვილს, რომელსაც იყენებენ თონის პურის, ხაჭაპურის, ნამცხვრების, თუ სხვა საკონდიტრო პროდუქტების დასამზადებლად. ამ სექტორში ფასი თავისუფალია და მთლიანად ბიზნესის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებს პურზე ფასის სუბსიდირების, რამდენიმე სქემა შესთავაზა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, წისქვილკომბინატების, ფქვილის მწარმოებელი კომპანიებისა და პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთობლივი კონსულტაციის შედეგად მიიღეს.

“როდესაც დიდი წნეხია ეკონომიკაზე, შეზღუდვების პერიოდში, ბიუჯეტიდან თითოეული ლარი მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა დავხარჯოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც Dalma News-ს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განუცხადა, საქართველოში პურის 2700-მდე ქარხანა და საცხობია, მათ შორის, ბევრი წვრილი ინდმეწარმეა. უფრო დიდი კომპანია კი, 57 -მდეა, რომლებმაც მთავრობის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

“ბევრი ისეთი კომპანია გამოჩნდა, რომლების შესახებაც პირველად გავიგე. დამირეკეს პურის საცხობების მფლობელებმა ზესტაფონიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, რომლებთან ადრე არ გვქონია კავშირი. მათ გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ სუბსიდირების პროგრამაში”, – გვითხრა მალხაზ დოლიძემ.

მისივე თქმით, სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის არსებობს სახელმწიფო კონტროლი და გარკვეული პირობები. კერძოდ, შემოსავლების სამსახური შეამოწმებს კომპანიებს, ბოლო 3 თვის განმავლობაში რა რაოდენობის ფქვილი გახარჯეს, თუ დადასტურდება, რომ თვეში დაახლოებით 30 ტ, ანუ დღეში ერთ ტონა პურის ფქვილს მოიხმარენ, მაშინ ისინი ჩაერთვებიან პროგრამაში.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პანდემიის გამო, ბიზნესის ეს სფერო არ დაზარალდება. მათ არც ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა შეეხებათ, რადგან ამის გამო არ მოიმატოს პურის ფასმა. თუმცა, მალხაზ დოლიძე არ გამორიცხავს არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასაც. ამისთვის საჭიროა მკაცრი კონტროლი.

მალხაზ დოლიძე

„მოხდა ფასების ლიბერალიზაცია, ანუ გათავისუფლება. მაგალითად „ლიტვური პური“, რომელიც ღირს 2 – 2,50 ლარი, ან კიდევ, არის საცხობები, რომლებიც აცხობენ ე.წ ელიტარულ პურს. მათ შეუძლიათ, თავიანთ პროდუქტზე ფასები გაზარდონ, არავინ აიძულებთ ძველი ფასის შენარჩუნებას. მათ თავიანთი კლიენტი ჰყავთ. სხვათა შორის, ევროპაშიც არსებობს “სოციალური პური” და ამაში გასაკვირი არაფერია,” – ამბობს მალხაზ დოლიძე.

მისი შეფასებით, სუბსიდირება გაჭირვებისაა.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე უკმაყოფილოა ქსელური მაღაზიების საქციელით, რომლებიც ხშირად, პურის ფასს 20-40 თეთრით ზრდიან. ამ პრობლემას თავის დროზე “ვაჭრობის შესახებ კანონი” არეგულირებდა. მალხაზ დოლიძის მოსაზრებით, კარგი იქნება, თუ ამ სფეროს ქალაქის საკრებულო და მერია გააკონტროლებენ.

“როდესაც საქართველო ფასების ლიბერალიზაციისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ამერიკელებმა ხორბალსა და ფქვილზე ფასების მარეგულირებელი ორგანო შექმნეს. ეს ორგანო დღეს გაუქმებულია. განვითარებულ ქვეყნებში პურზე დღგ 10%-ს (10-15 თეთრი) არ აღემატება. ჩვენთან 18%-ია. აზერბაიჯანმა დღგ საერთოდ შეაჩერა, რადგან პურის გაძვირების საფრთხე დაინახეს. ყაზახეთმა და უკრაინამ კი, საკუთარი სასურსათო უსაფრთხოებისთვის ხორბალი აღარ გაყიდეს”, – განუცხადა Dalma News-ს მალხაზ დოლიძემ.

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მთავარი ექსპორტიორებია: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუმინეთი, საფრანგეთი, არგენტინა, ამერიკა, კანადა და ავსტრალია. როგორც მალხაზ დოლიძემ განგვიმარტა, ხორბლის მსოფლიო ფასები ყალიბდება ნიუ-იორკისა და პარიზის ბირჟებზე. მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის დროს ხორბალზე ფასები სწრაფად იზრდება, თუმცა იყო პერიოდი, როცა 1 ტონა ხორბალი 130 აშშ დოლარი ღირდა, ახლა – 240 აშშ დოლარია.

საქართველოს აქვს ერთი სიკეთე, სტავროპოლის და კრასნოდარის რაიონებიდან ყაზბეგის გავლით ხორბალი საავტომობილო გზით შემოტანა. იქაური კერძო მეურნეობები ხორბალს შედარებით დაბალ ფასში ყიდიან.

“ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ტრაილერებს იქიდან, შედარებით იაფად მოაქვთ ხორბალი. ეს კარგია, ამას ხელის შეწყობა უნდა. თავის დროზე ამას ბრძოლა გამოუცხადეს. მთავარია აღრიცხვის სისტემა იყოს მოწესრიგებული. წამოიღე, პურია, შენი ბეღელი გაავსე”, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

საქართველოში, როგორც მცირემიწიან ქვეყანაში, ხორბლისთვის გამოყოფილი ფართობი 44 000-მდე ჰექტარს შეადგენს და იქაც, ძალიან ცოტა ხორბალი მოგვყავს. სოციალიზმის ეპოქაში საქართველოს სხვა მიმართულების განვითარება განესაზღვრა, აქ უნდა მოეყვანათ ჩაი, ციტრუსი, ვაზი. მალხაზ დოლიძის შეფასებით, იმ დროისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩაი, ციტრუსი და ღვინო უფრო რენტაბელურია. თუმცა, პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი ელევატორები – მარცვლეულის შესანახი დიდი ნაგებობები აშენდა. საქართველოდნ ხორბლით აზერბაიჯანსა და შუა აზიას ამარაგებდნენ. დღეს კი, ქართული ელევატორები და ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოები აზერბაიჯანული კომპანია „კარმენის“ საკუთრებაა.

“დღეს, იტალია, ევროპის ერთგვარი ბეღელია, იქ ხორბალი გემებით შედის, ხოლო იტალია სხვადასხვა ქვეყნებს აწვდის ფქვილსა და ფქვილიპროდუქტებს, მათ შორის იტალიურ მაკარონს. ჩვენთანაც იყო შესაძლებელი ეს მიმართულება განვითარებულიყო, მაგრამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში, წისქვილები გაყიდეს. ამ საქმეს შს ექსმინისტრი მერაბიშვილი შუაკაცობდა. დღეს კი, ქართული წისქვილები უკვე ცოტაა ბაზარზე”, – გულის ტკივილით გვითხრა პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ.

ლევან სილაგავა

როცა საქმე ხორბალს შეეხება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, უნდა იზრუნოს თუ არა საქართველომ ამ სფეროს დივერსიფიკაციაზე? როგორც Dalma News-ს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავამ განუცხადა, რუსული ხორბალი მაღალხარისხიანი და იაფია. ის მსოფლიოს 124 ქვეყნის სტანდარტს აკმაყოფილებს. ჩვენს რეგიონში, რუსეთიდან ხორბლის ყველაზე დიდი მყიდველია თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

“არასწორი იქნებოდა ჩვენ არ გვესარგებლა ამით, საერთო საზღვარი გვაქვს ლარსზე, ასევე შემოდის რკინიგზით გარდაბნის მხრიდან, ორი პორტით ფოთიდან და ბათუმიდან. იაფია. თუმცა შარშან ნოემბერში ჩვენ ყაზახეთიდან შემოვიტანეთ 40 000 ტონა და აშშ-დან 30 000 ტონა. კიდევ შემოვა 2 გემი 30 – 30 ათასი ტონა აშშ-დან. ხორბლის გარეშე არ ვრჩებით არც ერთ შემთხვევაში”, – აცხადებს ლევან სილაგავა.

ამ დროისთვის საქართველოში რუსული ხორბალი დაახლოებით 109 კომპანიას შემოაქვს. როგორც ლევან სილაგავა გვარწმუნებს, პურის ფასის მატებაზე წესით, არც გაზის ტარიფის ზრდა უნდა აისახოს, რადგან წისქვილები დენზე მუშაობენ. ცალკეულმა საცხობებმა კი უკვე დააანონსეს პურის 15-20 თეთრით გაძვირება. ამბობენ, რომ ესმით პანდემიის გამო, რამდენად რთული ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი, მაგრამ იძულებულები არიან ფასი მოუმატონ.

შორენა პაპაშვილი