სექტემბრის დასაწყისში საქართველოში ტრადიციად ქცეული საერთაშორისო მედია ფორუმი – “მასმედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში” ჩატარდა, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან და რუსეთიდან ჩამოსული ჟურნალისტები და ბლოგერები მონაწილეობდნენ. როგორც ცნობილია, იმაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა, რომელიც მედია ფორუმის ორგანიზატორებმა წარადგინეს, რთული წარმოსადგენია.

სამწუხაროდ, სწორედ სამხრეთ კავკასია იქცა ფეთქებადსაშიშ რეგიონად, სადაც რამდენიმე გაყინული კონფლიქტის ერთდროულად აალების საფრთხე არსებობს. ამ ყველაფრის მასშტაბის და შედეგების წინასწარ განსაზღვრა კი შეუძლებელია. სამხედრო მოქმედებების ესკალაციას ნებისმიერი მონაწილე მხარისთვის კატასტროფული შედეგი ექნება. იმის იმედად ყოფნა, რომ რომელიმე მხარე თავისი საბრძოლო ტექნიკით, თუ ცოცხალი ძალით წარმატებას მიაღწევს, ნამდვილი ილუზიაა. მსგავსი რამ არაერთხელ დადასტურდა ჩვენს რეგიონში.

განსაკუთრებული საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებს შორის ერთმანეთისადმი ნდობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ასეთ პირობებში ნებისმიერი დეტალი, ან მიზეზი შეიძლება საერთო ტრაგედიად იქცეს. თითქოს, ეს ყველასათვის ცხადი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის.

მედია ფორუმის მიმდინარეობისას ჩატარდა სემინარები და შეხვედრები მრგვალ მაგიდასთან, სადაც განიხილებოდა პოლიტიკასა და მედიაში არსებული ვითარებები. ანუ, ადამიანები, ამ შემთხვევაში ჟურნალისტები ერთმანეთს ტყვიებს კი არ ესვრიან, არამედ საუბრობენ, მსჯელობენ, მოჰყავთ არგუმენტები, ურთიერთობენ ადამიანურად და  ნდობის უფრო მაღალ დონეზე აყვანას ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სახელმწიფო ამაში მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის.

რიგით მეოთხე მედია ფორუმს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა სამ რუს ჟურნალისტს და ერთ პოლიტოლოგს აეკრძალა, რომლებიც იძულებულები გახდნენ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ. საუბარია ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველ ვიქტორ ლიტოვკინზე, რუსული საზოგადოების კვლევითი ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვზე, გაზეთ “ჩრდილოეთ ოსეთის” გენერალურ დირექტორზე ალან კასაევზე და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტის МГИМО-ოს უფროს მეცნიერ-მუშაკზე ალექსეი ტოკარევზე. მათი ქვეყანაში არ შეშვების გადაწყვეტილების საფუძვლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” დაასახელა.

სხვათა შორის, ეს კანონი ითვალისწინებს, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს “სახელმწიფო საზღვრების უკანონოდ გადალახვის” გამო. ამ შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია, ეს კანონი როგორ მოქმედებს, თანაც იგი შერჩევითობით გამოიყენება. ერთ-ერთმა ექსპერტმა, ვიქტორ ლიტოვკინმა, სამხედრო კორესპონდენტის რანგში აფხაზეთიც მოინახულა და სამხრეთ ოსეთიც, მაგრამ ეს მანამდე მოხდა, სანამ საქართველოში ზემოთ აღნიშნული კანონი ამოქმედდებოდა.

ალექსეი ტოკარევი დეპორტაციამდე საქართველოში ცხრაჯერ იმყოფებოდა. იგი არის საქართველოს შესახებ მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ტოკარევი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეშია ნამყოფი. შეხვედრია ძალიან ბევრ ოფიციალურ პირს და საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს. მას ასევე ბევრი ადამიანი იცნობს საქართველოს აკადემიურ და სამოქალაქო სფეროში.

“არ მესმის რატომ არ შემიშვეს. ქართული კანონმდებლობის მიმართ ყოველთვის ლოიალური ვიყავი. საავტომობილო ჯარიმებიც კი სრულად მაქვს გადახდილი. ქართული ხელისუფლების ეს უსაფუძვლო და არაკონსტრუქციული გადაწყვეტილება ამ ქვეყნისადმი ჩემს დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. მაინც ვნახავ ჩემს ქართველ მეგობრებს და მათ რუსული საჩუქრებით გავახარებ. უბრალოდ, ეს შემდგომში მოხდება. ახლა კი – უბრალოდ სამწუხაროა. ნახვამდის, საქართველო”, – დაწერა ალექსეი ტოკარევმა თავის ფეისბუქგვერდზე.

ზემოთ აღნიშნული ექსპერტების დეპორტირების გარდა, იმ სასტუმროს წინ, სადაც მედია ფორუმი იყო დაგეგმილი, აქცია-წარმოდგენა მოაწყვეს: გაშლილი ქართული სუფრა, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე შესრულებული მელოდიები. ეს სურათი ძალიან წააგავდა ნიკო ფიროსმანის ცნობილ ტილოს.

პროტესტანტების მიერ ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა. მათ შორის იყო ისიც, რომ მედია ფორუმი საპრეზიდენტო გრანტების რუსული ფონდიდან ფინანსდებოდა. უშუალო ორგანიზატორები იყვნენ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია – პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი – სამხრეთი” და ქართული გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. ამას არც არავინ მალავს. თუმცა, საინტერესოა პროტესტანტების მიერ მოწყობილი კლოუნადა ვინ დააფინანსა? იქნებ, თავად აქციის მონაწილეებმა ფული საკუთარი ჯიბიდან დადეს?!

ყველასთვის ცხადი რომ იყოს, განვმარტავთ დაფინანსების მიზანს. პირველ შემთხვევაში ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა, მეორე შემთხვევაში კი – დაპირისპირების მაქსიმალურად მოახლოვება. ბუნებრივია, განზე ვერც საქართველოს ხელისუფლება გადგებოდა.

“ყველა ფონდი და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჟურნალისტი რუსული ხელისუფლების ფულით ფინანსდება. მაგრამ არა მგონია, რომ ისინი რაიმე რესურსს ფლობდნენ, რითაც ჩვენს საზოგადოებას ტვინს გამოურეცხავენ. ერთადერთი, ვისაც ამ ვიზიტიდან, სკანდალური შეკითხვებიდან და პასუხებიდან პოლიტიკური სარგებელის მიღება სურს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. თუმცა, ვფიქრობ ვერც ისინი მოიგებენ რამეს. მათი თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ძალიან კარგად ვიცით მათი პოზიციებისა და რესურსების შესახებ. ის, რაც მოხდა, რუსეთის აგრესია და ოკუპაციაა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ცხადია, ეს სიტყვები იმას მიანიშნებს, რომ ქართულ საზოგადოებას ტვინი ისე აქვს გამორეცხილი საფრთხე აღარ დაემუქრება. საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მსგავსი განცხადებები “ქართულ ოცნებას” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რომ გაეკეთებინა? ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს ძალიან გაუჭირდებოდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” შორის განსხვავების დანახვა, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ეცოდინებოდა, რომ მათ შორის ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად იმართებოდა.

ტფილისი, სხვათა შორის თბილისიც, ამიერკავკასიის ცენტრი იყო და არის. მას მულტიკულტურულ დედაქალაქს უწოდებდნენ და ამას არც არავინ აპროტესტებდა. ეს ქალაქი ნებისმიერი ეროვნების მქონე ადამიანისთვის მშობლიური, დემოკრატიული და სტუმართმოყვარე იყო. ახლა “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დუეტი მთელი ძალით ცდილობს ამ ქალაქს ისტორიული სტატუსი ჩამოაცილოს. თბილისში დაგეგმილ მედია ფორუმზე ჟურნალისტების არ დაშვება ხომ დემოკრატიის აპოგეაა! ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ საერთაშორისო ფორუმები სხვა ქალაქებში და სხვა ტერიტორიაზე ჩატარდეს. ამის მიღწევა გვსურს? როგორც ქართული კრიმინალური სფეროს ერთ-ერთმა კოლორიტულმა პიროვნებამ და ყოფილმა პოლიტიკოსმა, ჯაბა იოსელიანმა თქვა: “დემოკრატია – არ არის ლობიოობა”.

დავით კუპატაძე (თბილისი)

ფოტოები: “კავკასიის ექო”