ტურიზმის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ტურისტებიც სხვადასხვაგვარი არსებობენ. ტურისტის უპირველესი სურვილია დაათვალიეროს ახალი ქვეყნები და ქალაქები. თუმცა შესაძლებელია კონკრეტული ადამიანის ინტერესის გათალისწინებაც. სპორტით დაკავება, ეკოლოგიურად სუფთა ადგილების მონახულება, ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებებით დაინტერესება. შესაძლებელია ასევე მკურნალობაც, მით უფრო, რომ შეთავაზებული მომსახურეობა სასურველი ხარისხის და ხელმისაწვდომია.
დაუფასებელი ადგილობრივი პოტენციალი
ისრაელი სამედიცინო ტურიზმს დიდი ხანია მიზანმიმართულად ავითარებს და შედეგად, ქვეყანა ამ სექტორში ლიდერობს. ბოლო წლებში სომხეთშიც გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა საერთო გამოცოცხლება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ამ თვალსაზრისით, სომხეთი ჯერ-ჯერობით აშკარად დაუფასებელ ქვეყნად რჩება.
ორიოდე წლის წინ უცხოური ტუროპერატორები განცვიფრებულები იყვნენ იმ პირობებით, რისი შეთავაზებაც ამ ქვეყანას შეუძლია. ეროვნული ტრადიციები, ნორმალური ეკოლოგია, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონი და ჯანსაღი საკვები. “აქ “მაკდონალდსი” არ არის, ეს შესანიშნავია”, – განაცხადა ტურისტული სააგენტო “ჯაფკასის” ხელმძღვანელმა.
დღესდღეისობით ზოგიერთი ადგილობრივი ტუროპერატორი მსურველებს სპეციალიზირებულ ტურებს სთავაზობს. ეს შეიძლება იყოს, როგორც საერთო გამაჯანსაღებელი – ეკო-ტურიზმი და სპა-მომსახურეობები, ისე ვიწრო მიმართულების – სტომატოლოგია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგია, მათ შორის ლაზერული. თუმცა, ამ სფეროს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა, პატარა ქვეყნის შესაძლებლობები კი გასაოცრად ფართოა. ცახკაძორი და ჯერმუკი, არზნი და ანკავანი, დილიჟანი და სტეპანავანი შეიძლება სამედიცინო ტურიზმის ძლიერად ცენტრად იქცეს.
სუფთა ჰაერი და ნატურალური საკვები, მრავალფეროვანი მინერალური წყლები და ხარისხიან სამედიცინო მომსახურება – სერიოზული პერსპექტივაა. მით უფრო, რომ კარგი პროფილური ექიმებითა და პროფესიონალი სპეციალისტებით სომხეთი ყოველთვის იწონებდა თავს.
რა არის საჭირო – ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება, სანატორიუმებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა, დასასვენებელი სახლები და სასტუმროები, ასევე ამ პრობლემური, მაგრამ მომგებიანი საქმის წარმოება.
თუმცა, დადებითი ტენდენციები ამ მიმართულებით უკვე შესამჩნევია.
პრობლემები და პერსპექტივები
სომხეთის “ტურიზმის შესახებ კანონში” წერია, რომ “ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსები და კულტურული მემკვიდრეობა ,ვერ განიხილება ქვეყანაში ტურიზმის წარმატებით განვითარების ერთადერთ და საკმარის პირობად, რადგან წარმოადგენენ ტურისტული შეთავაზების ერთ-ერთ ელემენტს”, – აბსოლუტურად სამართლიანი სიტყვებია.
სომხეთში შემავალი და თუნდაც შიდა – სამედიცინო ტურიზმის აქტუალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ხელმისაწვდომი ორ, ან სამვარსკვლავიანი სასტუმრო. უფრო მეტიც, ამ სასტუმროებში მომსახურეობასა და კომფორტს გაუმართლებლად მაღალ ფასად სთავაზობენ.
ჯერმუკში სანატორიუმ “ოლიმპიას” დაჯავშნისა და მიღების სამსახურის ხელმძღანელის კრისტინა ივანიანის ინფორმაციით, შარშან 1800 უცხოელი სტუმრიდან დაახლოებით მესამედი რუსეთიდან იყო. გასაგებია, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა შესაძლოა და საჭროც არის გაიზარდოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებებს მივაწეროთ – გასათვალისწინებელია ეკონომიკური კრიზისი და რუსული რუბლის კურსის ვარდნა.
რაც შეეხება პერსპექტივებს, ცნობილი რუსი ბიზნესმენი და ქველმოქმედი რუბენ ვარდანიანი დარწმუნებულია, რომ ის არსებობს. მან დილიჟანში ასობით მილიონი დოლარი ჩადო, რათა კურორტი საგანმანათლებლო, კულტურულ, ტურისტულ და სამედიცინო ცენტრად ექცია, რომელიც მთელი მსოფლიოდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლებს. პირველ რიგში, აუცილებელია ინფრასტრუქტურა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ.
ვარდანიანის აზრით, საქმე მხოლოდ ამით როდი სრულდება. კაცი საქმეს ხელს თუ მოჰკიდებს, სრული სერიოზულობით უნდა გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში კი თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. თავად ექიმებმაც კარგად უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს სამედიცინო ტურიზმი და შეეძლოთ მკურნალობის მაქსიმალურად მოკლე დროში ჩატარება, ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურსა და სხვა უცხო ენებს. უფრო მეტიც, სამედიცინო ტურიზმის წარმატებული განვითარება შეუძლებელია შესაბამისი, კარგად შემუშავებული და დამოწმებული სამართლებრივი ბაზის გარეშე.
სასარგებლო იქნება დიასპორის მედიკოსებთან თანამშრომლობა, მით უფრო, რომ ბევრია თავის დროზე, სომხეთიდან წასული ექიმი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან სომხეთში არსებული პირობები, სწრაფად შეძლებენ ორიენტირებას, რათა კოლეგებს გაუზიარონ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ეს კი უზრუნველყოფს მათ ეფექტიან ჩართულობას. გარდა ამისა, მოსალოდნელია ამ სფეროში სერიოზული ინვესტიციების გახორციელება, რაც სწორი მენეჯმენტის წყალობით ინვესტორებს სერიოზულ სარგებელს მოუტანს.
არც თუ დიდი ხნის წინათ, მოსკოვში გაიხსნა “სომხეთის ეროვნული ტურისტული ოფისი”. ეს ორგანიზაცია აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ ღონისძიებებს რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სოხმეთში შემომავალი ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.
ეროვნული ტურისტული ოფისის დირექტორს მარია ატაიანს მიაჩნია, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება სწორედ სამედიცინო სფეროა და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მომსახურეობის ფასები მოსახლეობის საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. გარდა ამისა, მიზნად თუ დავისახავთ სასტუმროების ფასების თანდათანობით შემცირებას, მაშინ სამკურნალოდ ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი ულამაზესი ქვეყნის დათვალიერების სურვილიც გაუჩნდებათ.
რისი განკურნება შეიძლება სომხეთში
ამ ეტაპზე “სამედიცინო” ტურისტების უმრავლესობა სტომატოლოგიის სფერო იზიდავს. ბევრი თანამემამულე, როგორც სომხეთიდან წასული, ისე საზღვარგარეთ დაბადებულნი, სპეციალურად ჩადიან სამშობლოში სტომატოლოგიური – თერაპევტის, ქირურგის, იმპლანტატორისა და ორთოდონტის მომსახურეობის მისაღებად. ეს მართლაც საამაყოა, რადგანაც ბევრი სომეხი სტომატოლოგი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების სტომატოლოგებს თანამედროვე მოწყობილობებით, ფასებითა და პროცედურებით. მაგალითად, რომ შევადაროთ მოსკოვის ანალოგიურ კლინიკას, სომხეთში მკურნალობა 300-400 %-ით ნაკლებია. ეს სერიოზული სხვაობაა.
საინტერესო ის არის, რომ სოხმეთში მოგზაურობის ორგანიზებით მხოლოდ ტუროპერატორები არ არიან დაკავებულები. ამას ერევნის ზოგიერთი კლინიკა, სხვათა შორის, მაღალ დონეზე აკეთებს. გათალისწინებულია დედაქალაქისა და რეგიონების ღირსშესანიშნაობების მარშრუტით მგზავრობა თარჯიმან-გიდთან ერთდ, სასტუმროებში ადგილის დაჯავშნა, გადარიცხვები აეროპორტიდან და პირიქით. ცხადია, კლინიკა, რომელმაც საკუთარი პაციენტებისთვის თარჯიმანზეც კი იფიქრა, აუცილებლად ეცდება გაასრულყოფილოს თავისი სტომატოლოგიური მომსახურეობები ესთეტიკისა და კბილების მხატვრული რესტავრაციის ჩათვლით, რაც ერთგვარი პლასტიკური ქირურგიაა.
კარდიოლოგია. სომხეთში მედიცინის ეს სფეროც განვითარებულია. ბოლო წლებში მარტო ერევანში რვა კარდიოლოგიური ცენტრი გაიხსნა, თითო-თითო გიუმრსა და გორისეში. რაც შეეხება გულის ოპერაციებსა და მის ხარისხს, ადვილად შეიძლება ის, თუნდაც ისრაელის დონეს შევადაროთ. სხვათა შორის ებრაელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება – ამ ქვეყნის სამედიცინო ინდუსტრია სპეციალური პროგრამების მიხედვით ვითარდება და სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს.
ისევე, როგორც სომხეთის სტომატოლოგიური კლინიკები, მთელი რიგი პლასტიკური ქირურგიის ცენტრიც მსგავსად იქცევა. გარდა ამისა, მათ შორის საუკეთესოები არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ გარეგნობის კორექციითა და პაციენტს მიკრო და სისხლძარღვთა ქირურგიულ ოპერაციებსაც სთავაზობენ.
სომეხმა პლასტიკურმა ქირურგებმა განსაკუთრებულ წარმატებას რინოპლასტიკაში – ცხვირის პლასტიკაში მიაღწიეს. შესაძლოა, ეს წარმატებები ეროვნული სომხური ცხვირის განსაკუთრებულობის დამსახურებაა. თუმცა, მთავარი მაინც ის არის,რომ ქვეყანაში შესანიშნავი სპეციალისტები არიან და წარმატებით მუშაობენ, როგორც შიდა, ისე საგარეო მოთხოვნაზე. ქირურგები უცხოელ პაციენტებს ურჩევენ, სომხეთში ჩასვლამდე პროფილისა და ანფასის ფოტოები გაუგზავნონ, რათა გაითვალისწინონ, რომ მსგავს ოპერაციებს მთელი რიგი სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს. ასე, რომ ქირურგის მიერ ოპერაციაზე უარი, სულაც არ ნიშავს მის დაბალ კვალიფიკაციას.
გარკვეული დაავადებების თემატური სამკურნალო ზოგადი გამაჯანსაღებელი, ან სპა-პროცედურების მიღება შესაძლებელია ჯერმუკში, არზნისა და სხვა ადგილებში. ოდესღაც მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილ სანატორიუმებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ გამაჯანსაღებელ კომპლექსებს, თერმომინერალური წყლების თანხლებით, (რითაც მდიდარია სომხეთი), არც ახლა დაუკარგავთ ცოდნა და კვალიფიკაცია.
ერევანში ავანის მარილის საბადოა, რომელიც თითოეული ერევნელისთვის ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაც. სპელეოთერაპია – ასე ეწოდება პროცედურას, რომლის დროსაც ადამიანი სამკურნალო, 235 მეტრის სიღრმის მარილიანი მიწისქვეშეთიდან მომდინარე ჰაერს სუნთქავს. იქ მკურნალობენ სასუნთქ გზებსა და ფილტვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებებს – ასთმას, ბრონქიტს, ხშირად განმეორებულ რესპირატორულ ინფექციებს და ა.შ. შესანიშნავი შედეგები მიიღწევა ასევე სხვადასხვა სახის ალერგიული და კანის დაავადებების მკურნალობისას.
მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 20 დღეს გრძელდება. პაციენტები მიწისქვეშეთში დილით ადრე ჩადიან და საღამოს ამოდიან. იქ გატარებული 8 საათი სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის, ძილიანობის გასაუმჯობესებლად და დაძაბულობის მოსახსნელად. შესაძლოა, ასეთი 20 დღიანი დასვენების შემდეგ, ადამიანი ბევრად უფრო ადექვატურად აღიქვამს მიწის ზემოთ დარჩენილ პრობლემებს. იქ ყველაფრით შეიძლება დაკავდეს ადამიანი – იკითხოს, წეროს, იოცნებოს, ითამაშოს ბილიარდი, ან მაგიდის ჩოგბურთი. სპელეოთერაპიაში მთავარია უნიკალური მიკროკლიმატის პირობებში ხანგრძლივი დროის გატარება. საბჭოთა კავშირში მსგავსი ცენტრი სომხეთის გარდა მხოლოდ უკრაინაში იყო.
ერთი სიტყვით, სომხეთის ტურიზმის სამედიცინო მიმართულების განვითარების შესაძლებლობები არსებობს, პერსპექტივები კი საკმაოდ სასიხარულო და დამაჯერებელია. ცხადია, განსახილველი საგნისადმი შესაბამისი და პროფესიული დამოკიდებულების შემთხვევაში.
რუბენ გიულმისარიანი სპეციალურად Dalma News-ისთვის