კრიზისმა და ენერგორესურსების გაიაფებამ აზერბაიჯანის ეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული კვალი დააჩნია. ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია ეკონომიკური განვითარების თავიანთ შეხედულებებს გადახედონ.

ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება უცხოური ვალუტა. აზერბაიჯანის შემოსავლების 95%-ს ნახშირწყალბადები უზრუნველყოფდა. ცნობილი მიზეზების გამო, ეს მონაცემი მკვეთრად შეიცავლა. ქვეყნის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად საუბრობს ტურიზმის განვითარებაზე, ქვეყანაში ინვესტორების მიზიდვაზე, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაზე და ა.შ.

ტურიზმის განვითარება

ბოლო ხანებში აზერბაიჯანში ერთ-ერთი აქტუალური თემაა “აზერბაიჯანული ავიახაზებისთვის” საკუთარი ლოუკოსტერის შექმნა ახალი სავაჭრო მარკით AZALJET, რომელიც ავიაგადაზიდვების დაბალბიუჯეტიანი მიმართულებაა. AZALJET-ი ფრენებს 2016 წლის 28 მარტიდან დაიწყებს.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ავიაბილეთების სიძვირის გამო ბევრი ტურისტი უარს ამბობს, ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობაზე, AZAL-ის გადაწყვეტილება დიდწილად შეუწყობს ხელს აზერბაიჯანში ტურისტების მიზიდვას.

კომპანია-ლოუკოსტერები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან და თანდათან ავიწროებენ ბაზარზე კლასიკურ ავიაკომპანიებს.

ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული ლოუკოსტერი Pegasus-ი საკურორტო ქალაქ გაბალიდან ყველა ძირითადი ევროპული მიმართულებით განახორციელებს ავაირეისებს. ბილეთის ფასი, როგორც ეს ლოუკოსტერისთვის არის მიღებული, ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება.

გაბალზე არჩევანი შემთხვევით არ შეუჩერებიათ. პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს საკურორტო ქალაქში უცხოელი ტურისტების მოზიდვას, რომელსაც შესანიშნავი მთიანი ბუნების გარდა, ყველა საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს. მეორეს მხრივ, აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით მოსარგებლე ტურისტებს, არც ისე ბევრი ფული დაეხარჯებათ ქვეყანაში, რადგანაც დედაქალაქამდე სულ რაღაც ორი საათის სავალია.

იმავდროულად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა “აზერბაიჯანის მიგრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის” შესახებ კანონის მიღების განკარგულებას. კანონის თანახმად, უცხოელებს, რომლებსაც აზერბაიჯანში მოგზაურობა სურთ, შეეძლებათ ხუთ დღეში მიიღონ ელექტრონული ტურისტული ვიზა. მანამდე ეს მხოლოდ ათ დღეში იყო შესაძლებელი.

ეს გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში ტურისტების მიზიდვას და შედეგიც სახეზეა: ქალაქში სულ უფრო მეტი ტურისტი გამოჩნდა, თუმცა ჯერ-ჯეორბით მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

ბიზნესის წახალისება

ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ბიზნესის წახალისებისა და ქვეყანაში მონოპოლიის შესამცირებლად გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია “საბაჟო ტარიფების შესახებ” კანონის შესწორება. ეს ითვალისწინებს ტექნიკის, ტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების, რომლებიც ქვეყანაში იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ საწარმოებს შეაქვთ, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებისგან განთავისუფლებას. კანონის თანახმად, ბიზნესმენები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციების ხელშეწყობის დოკუმენტს მიიღებენ, აღნიშნული საბაჟო შეღავათებით ისარგებლებენ. საჭირო დოკუმენტის მიღების შემდეგ მეწარმეები 6 წლით განთავისუფლდებიან დღგ-სა და საბაჟო გადასახადებისგან. მეორე საკითხია, რამდენად გამჭვირვალე იქნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ამ დოკუმენტის გაცემა. მეორეს მხრივ, გადაწყვეტილება სტიმული იქნება ტექნიკის იმპორტისთვის, რაც ეკონომიკური კანონების მიხედვით, გამოიწვევს ბიზნესის სფეროში კონკურენციის გაძლიერებასა და ტექნიკის გაიაფებას.

კანონის მიღება აუცილებელი იყო. ბაზრის მონოპოლიზაციის გამო, აზერბაიჯანში ელექტროტექნიკის შეტანა ძალზედ გართულდა და ახლა ბაზარზე ფასების ვარდნაა მოსალოდნელი.

ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ექსპორტიორ-ბიზნესმენებს დახმარება სჭირდებათ. მისივე თქმით, მალე აზერბაიჯანში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტიორებთან დაკავშირებით წამახალისებელი სისტემა ამოქმედდება.

მეწარმე, რომელიც პროდუქციას საზღვარგარეთ გაყიდის, სახელმწიფოსგან მიიღებს სახსრებს იმისთვის, რომ უკეთ იმუშაოს და შედარებით უფრო ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს. შედეგად ქვეყანაში შემოედინება უცხოური ვალუტა, რადგანაც ვალუტის ჩვენი ძირითადი წყარო – ნავთობი და გაზი, შემცირდა. ამიტომ ქვეყანაში ვალუტის შემოდინება სულ სხვა სფეროთი უნდა ვუზრუნველყოთ. ასეთ შემთხვევაში კი პირველ ადგილზე სოფლის მეურნეობა დგას“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა ფუად ალიზადემ Dalma News-სთან საუბარში განაცხადა, რომ მანათის პირველი დევალვაციიდან ერთი წელი გავიდა და ახლა უკვე შესაძლებელია წინასწარი შედეგების დანახვა.

ფუად ალიზადე

“შეუძლებელი იყო ნავთობის გაიაფების წინასწარ განჭვრეტა. ხელისუფლება ეკონომიაზე გადავიდა. საკმარისია აღინიშნოს SOCAR-ის პროექტი. საერთო ჯამში, რეფორმები რთულად მიმდინარეობს, რადგან ნავთობის გარდა სხვა სექტორის განვითარება ადვილი არ არის. აზერბაიჯანული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გასვლა გართულდა, თუმცა იმავდროულად საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს სატრანსპორტო პროექტები – არა მხოლოდ “დასავლეთი-აღმოსავლეთი”, არამედ “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, – ამბობს ექსპერტი.

ეკონომისტის თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შექმნის გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ტურისტული სფეროს განვითარებაზე, გარდა ამისა, ავიაბილეთებზე დაბალი ფასების დაწესება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების მიზიდვას.

“ისღა დარჩა, მოვაწესრიგოთ ე.წ. ჰოსტელები რეგიონებში, ასევე შევინარჩუნოთ დაბალი ფასები საკვებ პროდუქტებზე. გასაგებია, რომ დოლარებში უცხოელებისთვის ფასები უფრო ხელმისაწვდომია”, – განაცხადა მან.

ექსპერტის აზრით, ტექნიკის იმპორტირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების გადაწყვეტილება ძალზედ დაგვიანდა.

„თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნასთან დაკავშირებული პროექტები და წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობამ ჯერ კიდევ 10 წლის წინათ განიხილა. მაგრამ ხელისუფლება, მხოლოდ კრიზისმა აიძულა შედარებით აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყო“.

შესაძლოა, მეწარმეებისთვის გადასახადების მოხსნის გადაწყვეტილება დროებითი ზომაა, – მიაჩნია ალიზადეს. “არ შეიძლება გადასახადებისგან ყველა გაანთავისუფლონ, რადგან სახელმწიფო სახსრებს დაკარგავს. ანუ, ტაქტიკური თვალსაზრისით, ეს შესაძლებელია და სწორი ნაბიჯიც არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეღავათებს თავი უნდა დავანებოთ: პირველ რიგში, უარი უნდა ვთქვათ სოფლის მეურნეობაში გადასახადების მოხსნაზე. შეიძლებოდა, თუნდაც სიმბოლური 1%-ის დატოვება, რათა რეალური სურათი ვიცოდეთ. ახლა კი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესი თავისუფალია გადასახადებისგან”, – ამბობს ანალიტიკოსი.

სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ციფრები

თებერვალში მიიღეს კანონი “აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის” შესახებ. განახლებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2016 წელს გათვალისწინებულია 16 მილიარდ 822 მილიონი მანათის დონეზე, ხოლო ხარჯები – 18 მილიარდ 495 მილიონი მანათის (1 აშშ.დოლარი – 1,56 მანათი).

სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული შემოსავლები 2016 წლისთვის დამტკიცებულ პროგნოზებთან შედარებით 15,5%-ზე მეტია. 2016 წლის დაზუსტებული ხარჯები დამტკიცებულ პროგნოზებთან შედარებით 13,7%-ს აჭარბებს. 2016 წლის დაზუსტებული სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზღვარი მილიარდ 673 მილიონ მანათს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ პროექტში ნედლი ნავთობის ფასი, ორჯერაა შემცირებული და ბარელის ფასი 25 აშშ დოლარის დონეზეა გაჩერებული.

კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლები 15 738,6 მილიონი მანათის დონეზეა გათვალისწინებული, რაც 5,9%-ით ნაკლებია დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. შემცირება ძირითადად სახელმწიფოს ნავთობის ფონდის შემოსავლების 3 მილიარდ 230,3 მილიონი მანათით შემცირების ხარჯზე განხორციელდა. ეს იმის შედეგია, რომ ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი დაზუსტებულ კონსოლიდირებული ბიუჯეტის ანგარიშში 2-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დამტკიცებულ პროგნოზში.

გათვალისწინებულია კონსოლიდირებული ბიუჯეტის ხარჯების დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 23,1%-ით – 24 მილიარდ 566,6 მილიონ მანათამდე გაზრდა. კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის გადახედვა შეადგენს 8 მილიარდ 828 მილიონ მანათს, კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტი SOCAR-ის შემოსავლების გარეშე – 12 მილიარდ 309,3 მილიონი მანათია.

2016 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ვერსიის შემოსავლები გათვალისწინებული იყო 14,566 მილიარდი მანათის დონეზე, ხოლო ხარჯები – 16,264 მილიარდი მანათით. ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე წლის 28 იანვარს განაცხადა, რომ მიმდინარე წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხედა და საშემოსავლო და გასავალი ნაწილი 2 მილიარდი მანათით გაიზარდა.

2016 წლის იანვრის განმავლობაში აზერბაიჯანმა 68 356,38 ათასი აშშ.დოლარის საკვები პროდუქტების იმპორტი მოახდინა, რაც 8,44%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი თანდათან გადადის ადგილობრივ პროდუქციაზე, რაც ბევრად იაფია. საანგარიშო წლის განმავლობაში ხორცის იმპორტი 21,93%-ით შემცირდა და მიაღწია 1 535,91 ათას აშშ.დოლარს, რძე – 23,3%-ით და 452,18 ათასი დოლარი შეადგინა, ნაღების კარაქი – 53,83%-ით და მიაღწია 1 228,03 ათას დოლარს, ხორბალი 63,15% -ით და 9 235,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში შაქრის იმპორტი 70,63%-ით გაიზარდა და შეადგინა 8 984,09 მილიონი დოლარი, ხილი და ბოსტნეული – 2,4-ჯერ და შეადგინა 12 410,71 ათასი აშშ დოლარი.

კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში იმპორტის საერთო მოცულობა შეადგენს 442 808,17 ათას აშშ.დოლარს. აქედან 15,44% საკვებ პროდუქტებზე მოდის, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,52 პროცენტული პუნქტით მეტია.

ნიჯატ გაჯიევი