კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს საავტომობილო საწვავის ბაზარზე მომუშავე რამდენიმე კომპანია მაღალი ფასების ხელოვნურად შენარჩუნებაში ამხილა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია – 4 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მარტ-აგვისტოში საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების გამოძიება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეკომენდაციით განახორციელა. 2023 წლის 16 აგვისტოს სააგენტომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე, 5-მა ეკონომიკურმა აგენტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი დაარღვიეს. ესენი არიან: შპს „ლუკოილ-ჯორჯია“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ და შპს “რომპეტროლ საქართველო“.

ყველაზე მეტი ჯარიმა 1 073 859 ლარი და 987 886 ლარი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ და “რომპეტროლ საქართველოს“ დაეკისრა, ყველაზე ცოტა – 450 590 ლარით „ლუკოილ-ჯორჯია“ დაჯარიმდა. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ – 693 576 ლარის, ხოლო “სოკარს” – 718 986 ლარის გადახდა მოუწევთ.

“დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს”, – აცხადებენ სააგენტოში.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუძლიათ. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას კომპანია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ მათი კომპანიისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, არ იზიარებენ და არ ეთანხმებიან სააგენტოს გადაწყვეტილებას. მათივე განმარტებით, 2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც, რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად.

ნიკა შენგელიას

კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა, განსაკუთრებით კომპანიების დახურული ფინანსური მდგომარეობის ფონზე სანდო და ობიექტურია ანალიტიკოსებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის გარიგებები, მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესებზე უარყოფითად მოქმედებს „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ნიკა შენგელიას შეფასებით, ჯარიმა არ ნიშნავს იმას, რომ საწვავზე ფასები დაიკლებს. კონკურენციის სააგენტომ, უბრალოდ, დაადგინა, რომ არსებობს კარტელური გარიგებები, რაზედაც აქამდეც საუბრობდნენ ამ სფეროს ექსპერტები.

ნიკა შენგელაიას აზრით, იმისთვის, რომ საქართველოში რეალური კონკურენცია იყოს, ხოლო ფასები დაბალი, ამ საკითხს კონკურენციის სააგენტო ვერ გადაწყვეტს. ამისთვის საჭიროა შეიქმნას ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სააგენტო, სადაც იქნებიან მცოდნე ადამიანები. მისივე პროგნოზით, აგვისტოდან უნდა ველოდოთ ფასების ზრდას. 15 სექტემბრიდან ნახტომისებურად გაიზრდება ფასები საწვავზე.

რა მექანიზმით შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

ნიკა შენგელიას მოსაზრებით, ამისთვის საჭიროა შეიქმნას სააგენტო.

„არსებობს ამის პროექტი, არსებობს ამის გეგმა. თუ იქნება მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან დაინტერესება, დავუდებთ მზა პროექტს. „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრს“ გვაქვს მომზადებული ეს პროექტი, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ქვეყანაში ფასები ნავთობპროდუქტებს“, – აცხადებს შენგელია.

თავისუფალი კონკურენციის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიებმა მომხმარებელი დაბალი ფასებით მიიზიდონ, კარტელური გარიგებების დროს კი, ვხედავთ იმას, რომ რამდენიმე დიდი კომპანია თანხმდება საერთო ფასზე და საშუალებას არ აძლევენ ახალ კომპანიებს თავი დაიმკვიდრონ ბაზარზე. ასეთ შემთხვევაში, უნდა გააკონტროლოს თუ ფასები მთავრობამ?

„დღეს, როცა ფასები კონტროლს არ ექვემდებარება და არის კარტელური გარიგებები, ამას რა დავარქვათ? ზოგან 2,60 ლარია დიზელის საწვავი, ზოგან უკვე 3 ლარიც არის და 2,98 ლარიც. ამას ნიშნავს კარტელური გარიგება, რომ გარკვეულ ფასზე ქვემოთ აღარ უნდა გაყიდონ საწვავი. თითქოს ქვეყანაში კონკურენცია არსებობს. დღეს, დიზელის საწვავი, ავტოგასამართ სადგურზე, არ უნდა ღირდეს 2,45 ლარს მაღლა. ფასებმა რუსეთშიც მოიმატა, ექსპორტი შეზღუდეს. ამაზე 8 თვის წინ ვწერდი”, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ძირითადი შემომტანებია „სოკარი“ და „გალფი“, რომლებიც არეგულირებენ ფასებს საქართველოში.

საწვავის გაძვირება უმალვე აისახება საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებაზე. როგორც ნიკა შენგელაიამ Dalma News-ს განუცხადა, წლის ბოლოს საქართველოში დაფიქსირდება ძალიან მაღალი ფასები ყველაფერზე. ამაში დიდი იქნება საწვავის გაძვირების წვლილიც.

გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის სფეროში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე დადებითად აფასებს კონკურენციის სააგენტოს მუშაობას და აცხადებს,რომ საქართველოში ბენზინი სხვადასხვა არხებით და სხვადასხვა ფასით შემოდის. როცა ერთდროულად იზრდება ფასები, (20-30 თეთრით გაიზარდა), ეს ყოველთვის წარმოქმნის გარკვეულ საფუძველს და ეჭვსაც, რომ შეიძლება ეს იყოს შეთანხმებული ქმედება.

მისივე შეფასებით, საქართველოში საწვავის გაძვირება მოსალოდნელი იყო, როდესაც აგვისტოს დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მორიგი ზრდა დაიწყო, რაც უკრაინის კრიზისთან ერთად აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებამ გამოიწვია, და რასაც მაღალი გაურკვევლობის და ნეგატიური მოლოდინების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე საბაზრო სპეკულაციამაც შეუწყო ხელი.

შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში ყველა ტიპის საწვავი, ივლისიდან მოყოლებული, 20-30 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 2.50-დან 2. 72 ლარამდე მერყეობს, დიზელის ფასი კი 2.85-დან 3.07 ლარამდე აღწევს.

“დაიწყო რა გაძვირება ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა, მიუხედავად ბოლო დღეებში გარკვეული შემცირებისა 84 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ნიუ-იორკში – 80 აშშ დოლარს. ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი კომპანიებმა ერთდროულად გაზარდეს, რაც ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის მთლიანად იმპორტირებულ საწვავზე ვართ დამოკიდებული. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისიდან ფასები მნიშვნელოვნად 30-40 თეთრით იყო შემცირებული, რაც გარდა დადებითი საერთაშორისო საბაზრო კონიუნქტურისა, მთავრობის ჩარევამაც უზრუნველყო”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე ინფორმაციით, იმ ქვეყნებში, სადაც საწვავის იმპორტი ხდება, ფასი გაზრდილია. მაგალითისათვის ნიდერლანდებსა და საფრანგეთში, ბოლო 6 თვეში საწვავზე ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება. იგივე შეიძლება ითქვას, იტალიაზე, ესპანეთსა და საბერძნეთზე.

“ნავთობზე ფასი გაიზარდა, რადგან საწვავის იმპორტიორთან დადებული ოფიციალური ხელშეკრულებები მიბმულია საერთაშორისო პლაცზე. ეს თანაბრად ეხება, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და თუნდაც ვენესუელიდან შემოტანილ საწვავსაც, რომლებიც თავადაც არიან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები, რადგან ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ ახდენენ. თუმცა სხვა საკითხია, ფასების ერთდროული ზრდა რამდენად ატარებს კარტელური გარიგებების ხასიათს, რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენს”, – აცხადებს ცუცქირიძე.

ექსპერტები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ საწვავზე ფასების ზრდა ნეგატიურად აისახება სურსათის ფასებსა და ინფლაციაზე.

შორენა ქარჩავა