აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა დიპლომატიური მისია დაასრულა. ბოლო შემაჯამებელი პრესკონფერენციაც გამართა, სადაც თავისი ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

მანამდე, დეგნანმა თავის ბოლო ინტერვიუში საქართველოს ელჩის რანგში, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მისცა, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის, შეგვახსენა ამერიკის ფინანსური დახმარებები თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ ველზე უხვად დატოვა ნელი მოქმედების ნაღმები. ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების საკითხი. ხოლო პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს დაუძლეველ პრობლემად დაასახელა. ისაუბრა პრორუსულ დეზინფორმაციაზე, რაც მისი შეფასებით, ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.

ანალიტიკოსების ნაწილი კელი დეგნანის საქართველოში ოთხწლიან მოღვაწეობას ქართულ საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობების გაღვივებით გამოარჩევს. ამის მტკიცებულებად კი, მისი ბოლო ინტერვიუ მოჰყავთ, სადაც ღიად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო პრიორიტეტებს და ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს.

კელი დეგნანი, საქართველოში მოღვაწეობის ბოლო წლებში, ხშირად გამხდარა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, მმართველი პარტიის მხრიდანაც. უკვე ყოფილი ელჩის აზრით, ასეთი ადამიანები აბნევენ ქართულ საზოგადოებას და ისინი გვერდზე უნდა გასწიონ.

„არ შევხვედრილვარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს ჩემზე აკეთებს. არც ისინი შემხვედრიან. მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არიან ისინი, რომლებიც ცდილობენ დააბნიონ ქართველები, გაყონ საზოგადოება, შეინარჩუნონ ეს დაყოფა და პოლარიზაცია. ეს ადამიანები გვერდზე უნდა გავწიოთ, საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლეს უნდა მოუსმინონ. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება“, – ასეთია კელი დეგნანის ბოლო გზავნილი.

განხილვის საგნად იქცა კელი დეგნანის განცხადებები, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არ იძლევა გარანტიას, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება.

ელჩის ეს განცხადება მმართველ გუნდში ამ სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის ნაცვლად, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.

ცხადია დეგნანის ამ განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში აღფრთოვანება გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილი უკვე წინასწარ განიხილავს არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლო სქემებს, სადაც მთავარი მოქმედი პირი კულტურის მინისტრი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.

„ელექტრონული სისტემით შესაძლებლობა აქვს თეა წულუკიანს დაბეჭდოს რამდენიმე ათასი პირადობის მოწმობა და გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად და მანიპულაციისთვის. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში ცვლილებებს“, – განაცხადა „ენმ“-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა მანიპულაციისთვის სივრცეს რომ არ ტოვებს ამის ახსნა „ოცნებაში“ კიდევ ერთხელ მოუწიათ. მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებით, დეგნანი ცდილობს იმ სისტემის დისკრედიტაციას, რომლის დანერგვასაც თავადვე ითხოვდა. მათი აზრით, ნაცვლად იმისა, რომ ელჩის საქმიანობა დაკავშირებული იყოს იმასთან, თუ როგორ შეუწყოს ხელი სხვადასხვა დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, იმ პროცესებსაც, რომელსაც თვითონ ლობირებდა გარკვეული პერიოდის წინ, ახლა პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, არჩევნების ჩატარების ელექტრონული სისტემა არ არის ჩართული ინტერნეტქსელში, ის არის ლოკალური ხასიათის, ამიტომ მისი უსაფრთხოება სრულიად დაცული და გარანტირებულია.

გიორგი კალანდარიშვილი

მათივე თქმით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ დაასრულა მანიპულაციის შესაძლებლობა, მათ შორის, თეორიულიც კი, ვინაიდან მას აქვს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია.

კელი დეგნანის ინტერვიუს გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარეც. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ელჩის განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი და საფუძველი გახდა. იგი მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დააზიანებენ ისტორიულ საარჩევნო პროცესს.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე განმარტავს, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით უკვე 15 000-ზე მეტი მოხალისეა გადამზადებული, „პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს შეიძენს დარჩენილ წელიწად-ნახევრის განმავლობაში”, – ამბობს იგი.

არადიპლომატიური და არამეგობრული უწოდეს კელი დეგნანის უკანასკნელ გზავნილებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერებმა.

„მისი ბოლო ინტერვიუ, პრაქტიკულად, ნიშნავდა იმას, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ყოფილი ელჩი შეეცადა პოლიტიკური ნაღმების დატოვებას საქართველოში, იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ განაცხადა, დეზინფორმაციული ფრონტი გახსნა, რომ ერთი წლის შემდეგ, შეიძლება არჩევნები იყოს გაყალბებული“, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში, კელი დეგნანი ყველა მნიშვნელოვან და ძირეულ საკითხში რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ასეა თუ ისე, ავად თუ კარგად ეს არის მმართველი ძალა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით უკვე მესამედ აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ის განცხადებები, რაც კელი დეგნანმა გააკეთა ჯერ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში, შემდეგ კი, დასკვნის სახით გამოსათხოვარ კონფერენციაზე, აშკარად სცილდებოდა იმ ეტიკეტსა და ეთიკურ ჩარჩოებს, რომლის დაცვაც ელჩს ევალება მასპინძელ ქვეყანაში. მისივე თქმით, ელჩის მოვალეობა და ფუნქცია არ არის მასპინძელი ქვეყნის საარჩევნო სისტემის განკითხვა და განქიქება. მისი მოწოდება, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორია გვერდზე უნდა გავწიოთ, კიდევ უფრო აღმაშფოთებელია.

„როდესაც ელჩი მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას მიუღებლად თვლის, რომ ის ხედვები და ფასეულობები, რაც არ არის მისაღები დეგნანისთვის გვერდზე უნდა გაიწიოს, შემდეგ ამბობს, რომ თურმე საქართველოში, რაც მას აწუხებს ყველაზე მეტად – პოლარიზაციაა, გამოდის, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. როცა მოქალაქეების ანგარიშგასაწევი ნაწილი სურს გვერდზე გასწიოს, ეს არის პოლარიზაციის ხელშეწყობა“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ერთ აზრზე, არც აშშ-ში არიან მოქალაქეები, ვიღაცას ტრამპი მოსწონს, ვიღაცას ბაიდენი. ამის გამო, ტრამპის მომხრეები უნდა განიკვეთონ ამერიკული საზოგადოებისგან?

ანალიტიკოსის შეფასებით, კელი დეგნანმა სრულიად გამიზნული, პროვოკაციული განცხადება გააკეთა, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ელექტრონული საარჩევნო სისტემა და ფაქტობრივად შეეცადა ამომრჩეველში და საზოგადოებაში დაეთესა უნდობლობა და ეჭვი საარჩევნო სისტემის მიმართ. ეს იყო მისი მხრიდან ერთგვარად შენელებული მოქმედების ნაღმი.

„როცა ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – აშშ-ს ელჩი, რომელმაც უნდა აღიაროს 2024 წლის არჩევნები დემოკრატიულად, ამას უკვე აბსოლუტურად სხვა დატვირთვა ეძლევა. ფაქტობრივად ის, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, შეეცადა შეექმნა ისეთი ვითარება, რამაც სტიმული უნდა მისცეს ქუჩაში ხალხის გამოსვლას. იმიტომ, რომ როდესაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება და ოპოზიცია მისთვის არასასურველ შედეგებს აუცილებლად გააპროტესტებს, ისინი მოიშველიებენ კელი დეგნანის სიტყვებს“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

 იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ში გაცილებით საღად და პრაგმატულად აფასებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბოლოს და ბოლოს, მათივე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ ოპოზიციას გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. ამის მიუხედავად, მაინც ცდილობენ ოპოზიციას შეუქმნან ისეთი სასათბურე პირობები, რომ ამ არჩევნებზე შეძლონ, რაღაც შედეგის დადება.

ანალიტიკოსების აზრით, კელი დეგნანმა წასვლის წინ, საქართველოში დატოვა ის პატარ-პატარა ნაღმები, რომლებიც 2024 წლის არჩევნების წინ უნდა აფეთქდნენ.

გიორგი ქართველი