საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ხელოვნების, კულტურის, საკონსტიტუციო და მედიის საკითხებში ფედერალურ მინისტრ იოსებ ოსტერმაიერთან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ავსტრია საქართველოს პროგრამა “შემოქმედებითი ევროპის” მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ქართულ მხარეს კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში დაეხმარება.
როგორც Dalma News-ს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა, თუ კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით.
ხელმოწერის ცერემონია ავსტრიის ფედერალურ კანცელარიაში შედგა.ცერემონიას წინ უძღოდა მინისტრებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრა, რომელზეც ავსტრიასა და საქართველოს შორის ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შემდგომი თანმშრომლობის საკითხები განხილეს.