ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეთანხმების ფარგლებში, ევროკომისიამ დღეს რვა ქვეყნის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეეხება ევროკავშირთან დადებული ორმხრივი შეთანხმებების მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საქართველოა. ევროკომისიის ანგარიშში ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წინაშე არალეგალუი მიგრაციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო გადაადგილების და ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები “სტაბილურ დონეზეა”.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ ზემოთ აღნიშნული დონე რამდენად “სტაბილურია”, გადავხედოთ სტატისტიკას. ამგვარად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, 2017 წლის 28 მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ, რომლებმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის დაშვებულ ვადებს გადააცილეს, ათი ათასს ადამიანს მიაღწია. თუმცა, აღნიშნულ სტატისტიკაზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებული ვითარება საგანგაშო არ არის და ამ მხრივ რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს.

ბრიუსელთან ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიებზე უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღეს. ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეები, ამიერიდან საქმიანი, ტურისტული, ან ოჯახური მიზნებით, თითოეულ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში თავისუფლად იმოგზაურებენ, ევროკავშირის და შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში, ასევე 4 ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; შენგენის ზონის წევრობის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.

საქართველოს მოსახლეობისთვის შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის გამარტივებას თითქმის ფეხდაფეხ მოჰყვა ევროპარლამენტის ახალი ინიციატივა. 2020 წლიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და შენგენის ზონაში გასამგზავრებლად, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის წინასწარი ავტორიზაციის გავლა გახდება საჭირო.

საქართველოს საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ახალი ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის გართულებას არ გულისხმობს, არამედ, ერთგვარად უმარტივებს მას მდგომარეობას კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტულ საზღვრამდე.  უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში თუ მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემენ და სამშობლოში დაბრუნება მოუწევს. მათივე შეფასებით, ევროკავშირი ამგვარად საკუთარი საშინაო უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს. მათივე თქმით, ამგვარი პრაქტიკა უკვე არსებობს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. როდესაც ევროკავშირის მოქალაქე მიემგზავრება ამერიკაში, მას არ სთხოვენ ვიზას, მაგრამ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე კითხვარს ავსებს და ელოდება პასუხს.

781102ვიზალიბერალიზაციის შედეგი…

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეორეა – რა მიზნით მიდიან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში და ხომ არ ნანობენ ევროპელი ლიდერები საქართველოსთვის კარის ფართოდ გაღებას? სოსო ცინცაძის აზრით, ევროპაში წასული ყოველი 1000 ქართველიდან 999 იქ დარჩენაზე ფიქრობს. ათასში მხოლოდ ერთი მიდის ლუვრის, ვერსალის, ელისეს მინდვრების სანახავად. ეს ის ერთეულებია არიან, რომლებიც, ევროპაში მუზეუმების სანახავად მანამდეც რომ დადიოდნენ. ახლა კი ევროპას საქართველოდან დამშეული მასა მიაწყდა და ყველა მათგანი იქ დარჩენას ცდილობს.

“ევროპაში დააკვირდნენ, გააანალიზეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ჯერ ადრეა კარის ფართოდ გაღება, ამიტომ, ავტორიზაცია მოიფიქრეს. ეს არის არც თუ სერიოზული, მაგრამ მაინც ბარიერი, რასაც უნდა მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასევე ადეკვატური რეაქცია”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.

მისი აზრით, შეიქმნა ყალბი მოლოდინი, რომ მსურველები თავისუფლად შევლენ ევროპაში და დარჩებიან კიდეც. ხელისუფლება თავს იწონებს ამ მიღწევით და საკუთარ მოსახლეობას აიმედებს, რომ ხვალ თუ ზეგ, საქართველოს ევროკავშირში და ნატოშიც მიიღებენ. თავად პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის ვიზალიბერალიზაცია არ არის სენსაცია, ან პრივილეგია, არამედ ერთგვარი ტესტია ევროპელობაზე.

“ჩვენსა და არაბებს, სირიელებს, ერაყელებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ისინიც ცუდ ცხოვრებას გაურბიან. ეს სოციალური მიგრაცია ევროპისთვის მიუღებელია. თუ პოლიტიკური დევნილი ხარ, გღებულობს ევროპა. მაგრამ იმის გამო, რომ შენი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს შენ ღირსეულ ცხოვრებას, ეს უკვე არ არის ევროპის საზრუნავი. ევროპამ ისედაც ბევრი პოლიტიკური დევნილი მიიღო, აძლევდნენ თავშესაფარს, მაგრამ ჩვენ სიკეთე ბოროტად გამოვიყენეთ”, – მიაჩნია სოსო ცინცაძეს.

იმ ვითარებაში, როდესაც ევროპა ისედაც შეწუხებულია აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მიგრანტების დიდი ნაკადით, ვიზალიბერალიაცია საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია, თუ როგორ წარმოაჩენდს ის თავს ამ ვითარებაში. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 9 თვის განმავლობაში, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 494 მოქალაქეს უთხრეს, მათ შორის, ყველაზე მეტი უარი იტალიისგან მიიღეს. მას მოსდევს საბერძნეთი, პოლონეთი, კვიპროსი, უნგრეთი, გერმანია, ლიტვა, ნიდერლანდები, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, ესტონეთი და ეპანეთი.

იმის გათვალისწინებით, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 174100-მა მოქალაქემ ისარგებლა, 494 ადამიანი (0,3%), ალბათ, უმნიშვნელო ციფრია. ამის მიუხედავად, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ იმიჯის თვალსაზრისით საქართველომ წააგო და აღმოჩნდა რისკის წინაშე, რომ ევროპელი პოლიტიკოსების თვალში ახლო აღმოსავლეთიდან შესეულ ბრბოს გაუთანაბრდეს, ერთი განსხვავებით, – საქართველოდან წასული ქალებისგან ევროპას ტერორიზმის საფრთხე არ ემუქრება.

“ევროპაში სამუშაოს საძებნელად ჩადის კვალიფიციური მუშახელი. ჩვენგან ვინ ჩადის? ძირითადად ქალები, არაკვალიფიციური მუშახელი. ჩვენმა რეალობამ და ხელისუფლების დაუდევრობამ, რომ თავის დროზე არ იყოს საკმარისი განმარტებითი სამუშაო ჩატარებული, უკუეფექტი მოგვცა. თუ ევრობიუროკრატები ზრდილობის გამო გვეუბნებიან, რომ ევროპას დიდი ნაბიჯით ვუახლოვდებით, ჩვენ ხომ არ ვიცით დახურულ კარს მიღმა რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შედეგის მიხედვით ვისაუბროთ”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.

ვიზალიბერალიზაცია და დემოგრაფიული მდგომარეობა…

ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მომისვლით საქართველოს უკვე 174100-მა მოქალაქემ ისარგებლა, ამათგან 90-დღიანი ვადა, 5,7%-მა, დაახლოებით 10000-მა დაარღვია.

news_26611დემოგრაფი ანზორ თოთაძე საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებას უმძიმესს უწოდებს და მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობაზე ვიზალიბერალიზაცია უარყოფითად იმოქმედებს.

მისი ინფორმაციით, უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში საქართველოდან ემიგრაციაში გავიდა თითქმის მილიონ 700 ათასამდე ადამიანი. ე.ი თუ 1989 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა 5 მლნ 400 ათასი ადამიანი, 2014 წლის აღწერისას საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 მლნ 713 ათასი შეადგინა.

როგორც Dalma News-ს ანზორ თოთაძემ განუცხადა, მოსახლეობის შემცირების 2 გზა არსებობს, ემიგრაცია, როცა მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა იკლებს და ამავე დროს, მეტად საგანგაშოა, რომ საქართველოში შემოდიან სხვა ქვეყნებიდან.

“იმიგრაცია ძალიან ინტენსიურია და თუ ასე გაგრძელდა, არც თუ შორეულ პერსპექტივაში ერს, იმიგრაციული და ემიგრაციული პროცესების შედეგად სიკვდილი ემუქრება. შობადობა გარკვეულ პერიოდში გაიზარდა, მაგრამ ეს არის წარსულის საჩუქარი, დემოგრაფიული ექო. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ამაღლდა ცხოვრების დონე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დაიბადება. 1987 წელს კიდევ მეტი დაიბადა და ამან მოუწია 2011 წელს. არასწორია მოსაზრება, თითქოს შობადობის ზრდა, მაშინდელი ხელისუფლების დამსახურება ყოფილიყოს. 2010-12 წლებში საქართველოდან ძირითადად გავიდნენ ქართველები”, – აცხადებს ანზორ თოთაძე.

მისივე ინფორმაციით, ქართველები ისტორიულად ყველაზე მეტი ცხოვრობდა მთელს კავკასიაში და ამიერკავკასიაში. მაგალითად 1926 წელს კავკასიაში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი იყო ქართველი. მაგალითად აზერბაიჯანზე შედარებით საქართველოს მოსახლეობა 300-400 ათასი კაცით მეტი იყო, შემდგომ ეს შემცირდა. 1965 წელს გათანაბრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა.

“ჩვენმა მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფომ, უკვე მიაღწია 10 მლნ-ს, ჩვენ კი 3 მლნ 713 ათასი დავრჩით. ასეთივე ვითარებაა მეზობელ სომხეთშიც, იქაც ძალიან დიდია მიგრაციული პროცესები. სამხრეთ კავკასიაში იცვლება მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი, ეს უპირველეს ყოვლისა ხდება საქართველოს ფონზე. ჯერჯერობით უცნობია ზემოთ აღნიშნული ავტორიზაციის ზუსტი დეტალები, მაგრამ მოქალაქეებმა ერთი რამ უნდა იცოდნენ. სასაზღვრო ოფიცერმა შესაძლოა იგივე დოკუმენტები მოითხოვოს, რაც ვიზის აღებისას არის საჭირო და შეუძლია ადამიანი უკანვე გააბრუნოს. მართალი ვიზისთვის საჭირო აღარ არის რიგში დგომა, მაგრამ საზღვარზე ინტერესდებიან ჩასვლის მიზნით, რომელ სასტუმროში აპირებს მოქალაქე ცხოვრებას, აქვს თუ არა უკან დასაბრუნებელი ფული და სხვა, – აცხადებს თოთაძე.

პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი აქვს სატრაბახო და ამიტომ, ხელისუფლება იწყებს საუბარს საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებაზე. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნების დროს, არც ერთ კანდიდატს არ უხსენებია დემოგრაფიული პრობლემა და მისი მოგვარების პერსპექტივა.

გიორგი ქართველი