XXI საუკუნის მეთხუთმეტე წლის მიწურულს საქართველოს ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე სამწლიანი ანგარიშით წარსდგა. ამ დროის განმავლობაში საქართველომ სამი ხელისუფლება გამოიცვალა. 2012 წლიდან ქვეყანას კოალიცია “ქართული ოცნება“ მართავს. მომავალი 2016 წელი კი მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება.

ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში უკანაკსნელ სამ წელიწადში, თბილისის საკრებულოს შენობაში შეკრებილ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოისმინეს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა. განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეებმა, ბიზნესმენებმა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სპორტსმენებმა, სტუდენტებმა, ჯანდაცვის სფეროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა.

რამდენიმე დღის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ანგარიში პრემიერ ღარიბაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა. მისი შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ხმები კულუარულად ბოლო დროს იმდენად ხშირად ვრცელდებოდა, რომ საპირველაპრილო ხუმრობას დაემსგავსა. და აი, 23 დეკემბერს მან თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, თან დასძინა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადი მოტივით მიიღო და თანამდებობაზე ყოფნა მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ამის მაგალითი კი მისი წინამორბედი, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან აიღო, რომელმაც დროულად იცის, როდის მოვიდეს პოლიტიკაში და როდის წავიდესო.

უდაოდ სიმბოლური გამოდგა უკვე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თბილისის საკრებულოში გამოსვლა. მან ერთგვარად ანგარიში ჩააბარა ამომრჩეველს და მისი პრემიერობის დროს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. 21 დეკემბრის გამოსვლა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშზე საუბრით დაიწყო და ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევა. მისი შეფასებით, ეს ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლების მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა, რომელმაც 2012 წლიდან აირჩია განვითარების ახალი გეზი, ააშენოს თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობები იარსებებს.

ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ სამი წლის წინათ კოალიცია “ქართული ოცნების“ გამარჯვება განაპირობა იმან, რომ მათი ფასეულობები განსხვავდებოდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ფასეულობებისგან და მას შემდეგ “ქართული ოცნება“ ქვეყანაში ამკვიდრებს ახალ პოლიტიკურ კულტურას, სადაც მთავარი არის ადამიანი. ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანაში შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან, დეპოლიტიზირებულია პოლიცია, ყველა პირობაა შექმნილი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის, საქართველოში ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ და აღარ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოიალობას, “ამ სამი წლის განმავლობაში გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჩამოვაყალიბეთ,“- განაცხადა პრემიერმა და სამი წლის წინანდელი მდგომარეობაც გაიხსენა.

“ჩვენ მოვედით მანდატით აგვეშენებინა ისეთი საქართველო, რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი დიდი წინაპრების მუდმივი მისწრაფებები, ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მსოფლიოს მოწინავე ქვეყანათა მრავალფეროვნების თვითმმყოფადი და გამორჩეული წევრი. მას შემდეგ თავდაუზოგავად ვშრომობთ, რომ ვიყოთ ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. ამავდროულად ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რა გვაძლევს იმედსა და თავდაჯერებულობის საფუძველს, რომ სწორად ვმართავთ ქვეყანას, რომ სწორ გზას ვადგავართ,“ – განაცხადა ექსპრემიერმა.

“ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიღწევებზე საუბრისას, ჯერ კიდევ პრემიერმა ღარიბაშვილმა “ახალ აბრეშუმის გზაზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ხდება “ახალი აბრეშუმის გზის“ საკვანძო ნაწილი, დამაკავშირებელი დერეფანი მსოფლიოს ორ უდიდეს ბაზარს – ჩინეთსა და ევროპას შორის, “აბრეშუმის გზის” ამოქმედებით საქართველო ისტორიულ მისიას იბრუნებს.

“საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რგიონული ჰაბი და ვფიქრობ, “აბრეშუმის გზის” პროექტი ამაში დაგვეხმარება. ჩემი ვიზიტისას ჩინეთში გადაწყდა, რომ ჩინეთი და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ეს უნიკალური შესაძლებლლობაა ჩვენი მეწარმეებისთვის. ჩვენ გვეხსნება მილიარდ 400-მილიონიანი ბაზარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა წელს 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა. ერთი კვირის წინ თბილისში შემოვიდა პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს. პრემიერის თქმით, „აბრეშუმის რკინიგზა“ ბევრად უფრო დააჩქარებს და გააიაფებს ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვებს. აქამდე გადაზიდვები ძირითადად ზღვით ხდებოდა, რასაც საშუალოდ 40 დღე მიაქვს, დღეს კი შესაძლებელია, ტვირთი საქართველოში 8-10 დღეში მოხვდეს და შემდეგ, 3-5 დღეში – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნოს.

ღარიბაშვილმა ანაკლიას “აბრეშუმის პორტი“ უწოდა და დარწმუნებულია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე, რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრი გახდება.

“ახალი აბრეშუმის გზის” საქართველოში შემობრძანებას ხელისუფლების ხანგრძლივ პოზიტივად მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის ეკონომიკური და პოლიტიკური სიკეთეც სამი წლის შემდეგ ყველასთვის თვალსაჩინო უნდა გახდეს. ექსპერტი ასევე დადებითად აფასებს მთავრობის შემადგენლობის ნაწილობრივ გაჯანსაღება-გააქტიურებას, თუმცა მიაჩნია, რომ სამი წლის განმავლობაში პრობლემები უფრო მეტი დაგროვდა, ვიდრე მიღწევები.

“თავისთავად, პოზიტივია იმ საშინაო დავალების პირნათლად შესრულებაც, რომელსაც წლების განმავლობაში მკაცრად გვიმოწმებდა ევროკავშირი. ევროპულ სივრცეში უვიზო მოგზაურობის რეალური პერსპექტივა მყარი ნაბიჯია ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებისთვის,“ – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი აზრით, მოსახლეობაში იმატა გულგატეხილობამ და ლუკმაპურის მაძიებელ უმრავლესობას ვერ აკადრებს ქვეყნის წარმატებად შეაჩეჩოს შემოდგომაზე პენსიის 10 ლარით გაზრდა.

პენსიების თემა არც ყოფილ პრემიერს დარჩენია ყურადღების მიღმა და მმართველი კოალიციის სახელით დაჰპირდა მოსახლეობას, რომ 2016 წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება, ხოლო მთაში – 216 ლარი იქნება. ჯამში, პენსიის ზრდისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 600 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ეს პენსიის 80 ლარიანი მატებაა, მაგრამ იგი ვერაფრით აკომპენსირებს ეროვნული ვალუტის საგარეო კურსის კატასტროფული ვარდნის გამო ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობას. ამას ღარიბაშვილიც აღიარებს და ამბობს, ამ ეტაპზე მთავრობას მეტის გაკეთება არ შეუძლია და საკითხის საბოლოოდ მოსაწესრიგებლად პენსიის დაგროვებითი სისტემის დანერგვაზე მუშაობენ.

ხელისუფლების წარმატებებზე საუბრისას უყურადღებოდ ვერც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დარჩებოდა, რომელიც “ქართული ოცნების“ ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა, მაგრამ პრობლემები აქაც მრავლად არის და ზოგი ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის სრულად დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით ჯერაც ვერ ხერხდება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს.

“ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს რეფორმის წარმატებას. მედიცინა ბიზნესიდან – საზოგადოებრივ სიკეთედ იქცა,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და ჯანდაცვის ხარჯები ციფრებში გამოსახა.

კერძოდ, აქამდე ეს ხარჯები შეადგენდა მილიარდ რვაას მილიონ ლარს, 2016 წელს კი 3 მილიარდს გადააჭარბებსო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 006-ზე მეტი შემთხვევა, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 026-ზე მეტი შემთხვევა, 182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია, 6 ათასზე მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა, 113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა, 76 ათასზე მეტი ქიმიო-, ჰორმონო-და სხივური თერაპია.

“გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, რამაც შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. ეს ფული ხმარდება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვას, სოფლის ამბულატორიების მშენებლობასა და აღჭურვას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლიტიკური თავისუფლებისა და სტაბილურობის განმტკიცებასთან ერთად უმთავრეს პრობლემად რჩება ადამიანების უმძიმესი სოციალური მდგომარეობა. სამწლიან ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში არაერთი რთული ეკონომიკური ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურმა კრიზისებმა ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა იქონია. ამის მიუხედავად, მისივე თქმით, 2014 წელს მშპ-ს 4.8 %-იანი, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში – 2.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს რაც შეეხება, ექსპრემიერის ინფორმაციით, 2014 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ $1,7 მილიარდს გადააჭარბა, რაც 2007 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მისივე შეფასებით, ინვესტიციებისთვის მიმზიდველ დარგებად რჩება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა.

ექსპრემიერის თანამდებობის დატოვებამდე სამი დღით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობა დაამშვიდა, რომ საქართველოს მთავრობა სწორ კურსზე დგას და ამაზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს, სადაც ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა:

“მათ შორის Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2015 წლის შეფასებით, საქართველომ მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 22-ე პოზიცია დაიკავა “უმეტესად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსით, ხოლო ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის საქართველო მე-11 ადგილზე დაწინაურდა“, – განაცხადა ექსპრემიერმა.

ღარიბაშვილის გამოსვლას რეალობას აცდენილი უწოდეს საპარლამენტო უმცირესობაში. “ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით უმრავლეობაში მიაჩნიათ, რომ საკმაოდ რთული ორი წელი მთავრობამ წარმატებით გავნლო. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების აზრით საქართველოს მთავრობა პარალელურ რეალობაში იმყოფება, არ აღიარებს კრიზის, მაშინ, როდესაც მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა დაეცა და 80 ლარით გაზრდილი პენსია შვებას ვერავის მოუტანს.

21 დეკემბრის ანგარიშში ღარიბაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბარა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ მთავრობა განაგრძობს რაციონალურ, პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფორმატად კვლავ ჟენევის მოლაპარაკებები რჩება. ასევე გრძელდება ქართულ-რუსული დიალოგი ე.წ. პრაღის ფორმატში. ექს-პრემიერის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებების მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული წინსვლა მოხერხდა.

“ხალხთა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით, არასოდეს შეიცვლება მშვიდობიანი გზა“, – ასეთი იყო პრემიერის თანამდებობიდან გაკეთებული ღარიბაშვილის უკანაკნელი შეფასებები, რომელიც “ქართული ოცნების“ დამოძღვრას უფრო ჰგავდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ანგარიშში აქცენტი გააკეთა რელიგიური ექსტრემიზმის შეუწყნარებილობაზეც და დასძინა, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის დიალოგსა და თანამშრომლობას. ამ მიზნით შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე უწყება, სარეკომენდაციო უფლებამოსილების მქონე “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”.

მისი შეფასებით, საქართველოს სიმდიდრეა ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება, რელიგიური განსხვავებები კი ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთი ბუნებრივი მახასიათებელია.

შორენა პაპაშვილი