საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის ყველაზე მეტი ვაშლი სომხეთში გადის და ექსპორტის 45%-ს შეადგენს, 29%-ით მას რუსეთი მოსდევს. 17% ყაზახეთზე, ხოლო 9% აზერბაიჯანზე მოდის.

2014 წლის მონაცემებით, საიმპორტო ბაზრებს შორის იმპორტის 47%-ს თურქეთი იკავებს, 26%-ს – ნიდერლანდები, 8-8%-ს ირანი და საბერძნეთი, დანარჩენი ქვეყნებს კი იმპორტის მთლიან მოცულობაში 11% უჭირავს.

როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ვაშლის ბაღების უმრავლესობაში წელს მოსავლიანობის მაჩვენებელი დაბალია. გარდა ამისა, ვაშლის წარმოებაში მთავარ გამოწვევად რჩება ვაშლის თანამედროვე ჯიშები, წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები, შეფუთვა, სასაწყობო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. საქართველოში ვაშლის 100-მდე ჯიშია გავრცელებული, სამრეწველო დანიშნულებით კი მხოლოდ 20-მდე ჯიში გამოიყენება.

მათივე თქმით, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ბაზარზე ვაშლის მიწოდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება, ხოლო პიკს სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში აღწევს. საერთო წარმოების 50 – 60 % ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ნედლი სახით გამოიყენება.

არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ვაშლი გადამამუშავებელ მრეწველობაში, ვაშლის კონცენტრატის მისაღებ ნედლეულს წარმოადგენს. საქართველოში ვაშლის ბაღების უმრავლესობა გასული საუკუნის 70- 80-იან წლებშია გაშენებული და დიდი ნაწილი ამორტიზებულია. აღნიშნულ ბაღებში ვაშლის მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი დაბალი.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2010 წელს 21 100 ტონა ვაშლი მოვიდა, 2011 წელს – 64 300 ტ, 2012 წელს – 45 000 ტ, ხოლო 2013 წელს 68 600 ტონა. ფასებს რაც შეეხება, შარშან 1კგ. ვაშლის საცალო ფასები ბაზარზე 1,5 ლარიდან 1,8 ლარამდე მერყეობდა, ყველაზე ხშირად 1.6 ლარი დაფიქსირდა.