“ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს”, – ამ განწყობით დაიწყო მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ქვეყნის რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.

“ოცნების” რიგებში ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წევრებიც გამოჩნდნენ, კერძოდ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” დღეებში, ბოლომდე დარჩა პრეზიდენტის გვერდით და გამოჩენილი ერთგულებისთვის, ნეგატიურზე მეტად, პროტესტანტი საზოგადოების პოზიტიური განწყობა დაიმსახურა. ქალაქ ქუთაისიდან დაწყებული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართულმა ოცნებამ” ნარჩემაშვილის გარდა, ამომრჩეველს დეპუტატობის კიდევ 10 კანდიდატი წარუდგინა.

gia_volski_17152“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ოთხწლიანი მმართველობის უმთავრეს მონაპოვრად, თავად პარტიის ლიდერები იმას მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტი ჟანგბადი აქვს, უფრო მეტად სუნთქავს თავისუფლად. როგორია სახელისუფლებო გუნდის წინასაარჩევნო პლატფორმა, რის გაკეთება ვერ შეძლეს განვლილი 4 წლის განმავლობაში და რას ცვლილებებს ჰპირდებიან ამომრჩეველს, ამის შესახებ Dalma News-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გიორგი ვოლსკი ესაუბრა.

– რა წინასაარჩევნო დაპირებები აქვს მმართველ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”? 

– უპირველეს ყოვლისა, არ შემცირდება სოციალური დახმარებები და შემწეობები, პირიქით, შესაძლოა გარკვეული მიმართულებით გაიზარდოს კიდეც. ასე, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება, ადამიანების ფიზიკური გადარჩენის თემა, ჩვენი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგში რჩება.

გარდა ამისა, მალე დაიწყება აქტიური მუშაობა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან დღეს არსებული პენსია არ არის საკმარისი. სოციალური შემწეობის თემა ბევრი პარტიის პროგრამაში აისახა და უამრავი დაპირებები გასცეს, მაგრამ იმავდროულად, აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ, რომ სოციალური დახმარების თუ სხვადასხვა შემწეობების – C ჰეპატიტის მკურნალობა იქნება, უფასო სწავლება თუ ბევრი სხვა სოციალური პროგრამა, არის იმ საბიუჯეტო თანხის შემადგენელი ნაწილი, რომლებიც ფულის სახით გაიცემა მოსახლეობაზე.

კვლავ დღის წესრიგში დგას დევნილების პრობლემების მოგვარება, მაგრამ ამასთანავე საგანგებო მნიშვნელობა ექნება სტაბილურობის შენარჩუნებას. სტაბილურობა განვითარებისთვის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულება იქნება. თქვენ იცით, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციები და ეს მიმართულება კიდევ უფრო გაიზრდება არჩევნების შემდეგ, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით კვლავ იქნება საქართველოში. ჩვენი მიზანია სტაბილურობა, საგარეო პოლიტიკური ვექტორების საერთაშორისო პარტნიორებთან შერჯერება, საფრთხეებისა და გამოწვევების დროული პრევენცია.

– რა სიახლეა მოსალოდნელი თქვენს წინასაარჩევნო სიაში? კობა ნარჩემაშვილის გარდა შევარდნაძის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებიც გამოჩნდებიან “ოცნების” რიგებში?

– არა მგონია რომ ნარჩემაშვილია მხოლოდ, ის კანდიდატი ვისზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს. საკმაოდ ბევრი ადამიანი დასახელდა ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებად. მაგრამ ნარჩემაშვილის გვარზე, ზოგიერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ სკანდალური თემის მიბმა გადაწყვიტა. სხვა კანდიდატებსაც დავასახელებთ. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ამაზე საუბარი დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის უშიშროების საბჭოში საკმაოდ ავტორიტეტული თანამშრომელი იყო და მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მიუწვდებოდა ხელი. იმ დროს სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან ბევრ ადამიანი მუშაობდა, რომლებიც შემდგომ “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში გადანაწილდნენ. მათ შორის რომან გოცირიძეც. წამოძახება იმისა, რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი შევარდნაძის მმართველობის დროინდელი ადამიანია, არასწორია. ჩემის აზრით ადამიანი უნდა შეაფასო თავისი მმართველობის მიმართულების მიხედვით, პროფესიული და ადამიანური თვისებებით, რითაც კობა ნარჩემაშვილისგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობა” ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

– რის გაკეთება ვერ შეძლო “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის ოთხწლიან პერიოდში და ამჯერად თუ გაქვთ მოზომილი წინასაარჩევნო დაპირებები? შეგახსენებთ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ფრაზას, – “ქართული ოცნების” დაპირებები ცოტა გადამეტებული იყოო?

– მიმაჩნია, რომ ჩვენი დაპირებების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებულია. გარკვეულწილად ეს ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახა კიდეც, მაგრამ დაპირებები ვერ იქნებოდა გათვლილი 4 წლის პერსპექტივაში იმ მდგომარეობაზე, რაც ჩვენს გარშემო ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ლამის მსოფლიო ომის მასშტაბის შეიარაღებული დაპირისპირებები, რამაც სერიოზულად შეარყია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები და ეს რასაკვირველია აისახა ვალუტის კურსზე, ამან არ მოგვცა საშუალება ისეთი სწრაფი ტემპით განვითარებულიყო ზოგიერთი მიმართულება.

ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის პროცესის ინტენსიფიკაცია, ვინაიდან მხოლოდ 15-20 მლნ-მდე ქონების დაბრუნებაზეა ჯერ მხოლოდ საუბარი, რაც საკმაოდ ცოტაა იმ ათასობით განცხადების ფონზე, რომლებიც პროკურატურაში თავის რიგს ელიან. ჩემის აზრით ამ მიმართულებით მუშაობა უფრო სწრაფი ტემპით უნდა წარიმართოს და ამისთვის საკანონმდებლო ბაზა თუ არის საჭირო, პარლამენტი, ჩვენი უმრავლესობით, მზად იქნება ამას ყველანაირად ხელი შეუწყოს.

გაკეთებული საქმეების ჩამონათვალი, ათეული წლების განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე დასახლებული პუნქტების პრობლემის მოგვარება და უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით დაწყებული, ღირსების და ბიზნესის ძარცვისგან გადარჩენით დასრულებული, მემგონი საკმაოდ მნიშვნელოვანი შენატანია ჩვენი ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე. ასე, რომ 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ მოესწრო, მაგრამ 4 წელი საკმარისი არ არის, მოაგვარო მემკვიდრეობით მიღებული ყველა მძიმე ვითარება, უმუშევრობა. მართალია დასაქმებულთა რიცხვი ბიზნესის ზრდასთან ერთად 100 ათასით გაიზარდა, მაგრამ 4 წელი ამისთვის საკმარისი არ არის და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით.

– როგორია პარტიის საკადრო პოტენციალი? მეორე ვადით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მთავრობის არსებული შემადგენლობაშიც უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს?

– სამთავრობო გუნდის ცვლილებასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ პარლამენტისა წევრმა ამაზე კომენტარები ვაკეთო. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს, საკმაოდ მკაფიოდ გაწერილი სტრატეგიული გეგმა აქვს ყველა მიმართულებით და ხმის მიცემის დროს, პირველი რაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა საზოგადოებამ, იქნება ის, რომ რეგიონში და მსოფლიოში არსებულ ამ ურთულეს ვითარებაში, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი “ქართული ოცნებაა”. 4 წლის განმავლობაში საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა წინსვლა, რაც იმას მოწმობს, რომ “ქართული ოცნების” მიმართულებები, სტრატეგიული გეგმები, სტრატეგიული ხედვები საკმაოდ მართებულია. თუ ამას საკადრო ცვლილებები დასჭირდება, არც ზედა ეშელონებში და არც შუაში, თუ ნებისმიერ ადგილას, მთავრობის ხელმძღვანელი ამაზე რასაკვირველია თავს არ შეიკავებს. სოფლის მეურნეობა იქნება, თუ სხვა ეკონომიკური დარგი, საკმაოდ მკაფიო პოზიტივებია სახეზე.

– ეროვნულ უმცირესობებთან, მათ პრობლემებზე მუშაობას თუ გეგმავთ?

– არ მიყვარს გამოთქმა – ეროვნული უმცირესობები, მე ეთნიკურ ჯგუფებს ვიტყოდი. როგორ შეიძლება ეს საკითხი არ გქონდეს მხედველობაში. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაცია, მხოლოდ ახლა დაემჩნა ჩვენს პოლიტიკას. იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, განსაკუთრებით აუცილებელი და საჭიროა განვითარდეს ინტეგრაციული პროცესები, რომელიც შეუძლებელია განათლების სპეციალური და ეკონომიკური პროგრამების გარეშე, განსაკუთრებით სოფლად.

ასე, რომ ეს თემა იქნება დღის წესრიგში და საშინაო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება. ქვეყნის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი, საკვანძო საკითხია მათთვის ქართული ენის სწავლება. ამიტომ აზერბაიჯანელებმაც, სომხებმაც, სხვა ერების წარმომადგენლებმა, ებრაელებმა, რუსებმა, ვინც ცხოვრობს საქართველოში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მათთვის სულ ერთი არ არის, უნდა იგრძნონ, რომ ამ პროცესის სრულუფლებიანი მონაწილენი არიან.

ჩემის აზრით, ქართული შიდა პოლიტიკა ამ მიმართულებით ძალიან მოისაკლისებდა. ძალიან სერიოზული ჩამორჩენა იყო, ამიტომ განათლება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა იქნება მთავარი პრიორიტეტი, რაც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

– თქვენი შეფასებით, როგორია სხვა პოლიტიკური ძალების შანსები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თუ განიხილება კოალიციური გაერთიანების შექმნა?

– ქართველმა ამომრჩეველმა პოლიტიკურ სასწორზე უნდა დააყენოს ყველა პოლიტიკური ძალა და იმის მიხედვით, ვინ რა რაოდენობის და რა წონის მანდატს მიიღებს, გადავწყვიტოთ, ვისთან რა საკითხზე შეიძლება თანამშრომლობა. თემატურად ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდთან, ვისაც საზოგადოება ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ კოალიციაზე საუბარი ნაადრევია. მოუხედავად “რებრედინგისა”, არა მგონია “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობა შესაძლებელი იყოს. ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევთ წარსული ე.წ. ახალ სახეებს, თუმცა ახალ სახეებს მე იქ ვერ ვხედავ. ბევრი ძველი მათი ლიდერი კვლავ ძველი რიტორიკით საუბრობს. რასაკვირველია საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მხარს უჭერს, მაგრამ ამ არჩევნებში იმ მასშტაბის წარმატება, რაზედაც ისინი საუბრობენ არ უნდა ჰქონდეთ. ძალიან დაახლოებულია მათთან პაატა ბურჭულაძის პარტიის პოზიციები და წინასწარ ისე სურათი იქმნება, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” რაღაც სეგმენტს შეადგენენ. მაგრამ ჩვენი დონე, პროფესიონალიზმის და საქმის ცოდნის, პრობლემების ხედვის თვალსაზრისით, საკმაოდ ახლოა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ხედვასთან. ასე, რონ ვნახოთ, წინასწარ პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, თუ ვისთან შეიძლება შემდგომ თანამშრომლობა.

– ხელისუფლებაში მეორე ვადით დარჩენის შემთხვევაში თუ იგეგმება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და რუსეთთან ურთიერთოების გადახედვა?

– გარკვეული ცვლილებები ნაკარნახევია იმ სწრაფი ტემპით, როგორც ვითარდება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აქ ცვლილებებზე თუ შეიძლება იყოს საუბარი, მხოლოდ იმ გაგებით, რომ ეს ინტენსიფიკაცია უფრო აქტუალური გახდება. რუსეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობის არსებული რეჟიმი, კონსულტაციები, მოლაპარაკებები. გარკვეული, შეზღუდული რაოდენობის საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ, ვინაიდან სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი მოლაპარაკებების პროცესია. სამომავლოდ ამ მიმართულებით უნდა გავიხედოთ, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ურთიერთობების განვითარება, არა მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უფრო ღრმად ჩაერთონ ამ პროცესში, უფრო დაინტერესდნენ. ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება.

ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და საკმაოდ მყარად დავიმკვიდრებთ ადგილს უახლოეს პერიოდში ევროპულ ბაზარზე. რათა ევროკავშირთან, ყოვლისმომცველი სავაჭრო ეკონომიკური შეთანხმება გაცილებით ქმედითი გახდეს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. ეს არის “აბრეშუმის გზის” პროექტის განვითარება. რა თქმა უნდა აქ ერთმანეთთან პირდაპირ არის გადაჯაჭვული ეკონომიკა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები. საქართველოს მთავრობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ საქართველო საერთო გეოპოლიტიკურ ბაზარზე გამოჩნდა და ძალიან მკაფიო კონტურები შეიძინა. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სატრანზიტო კავშირებში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, კასპიის რეგიონსა და დასავლეთის ბაზრებს შორის.

– როგორ შეაფასებთ საქართველოს რეგიონული ფუნქციას?

– საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია და გაფართოება არის “ქართული ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, მაგრამ ეს ნიშანი უფრო მკაფიო კონტურებში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოექცევა. საქართველო საჭიროა მსოფლიოსთვის, როგორც მშვიდობის კუნძული სამხრეთ კავკასიაში; როგორც დამაკავშირებელი აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის; როგორც გარანტი დემოკრატიის განვითარებისა ამ რეგიონში და დემოკრატიული პროცესების წარმმართველი ერთ-ერთი ძალა. ეს საკითხი, გარკვეული გარემოების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას. ასევე საფრთხე შეექმნა ადამიანის უფლებებს, ხოლო უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების დაძლევის მიმართულებები, საერთოდ გაქრა მათი დღის წესრიგიდან. იყო რიტორიკა, იყო ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ საქმე აჩვენებდა იმას, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. უამრავი კონკრეტული ადამიანი განადგურდა. ეს საკითხი დიდი ხნის წინ ჩავაბარეთ წარსულს და ვფიქრობ ამ მიმართულებით ჩვენი მომავალი მთავრობა გამორჩეული იქნება.

– როგორი იქნება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სამეზობლო პოლიტიკა?

– ეს მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი, რათა რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდეს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ამ საკითხს საკმაოდ პრაგმატულად ვუყურებთ და მიგვაჩნია, რომ მთლიანად რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა. ძალიან მყიფე მშვიდობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე საქართველოს საგარეო კურსი, მოკავშირეებთან ურთიერთობის განვითარებისკენ არის მიმართული. მაგრამ ამავე დროს მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს რუსეთთან. ჩემის აზრით, ადრე თუ გვიან გარკვეულ საკითხებს, დასავლეთისა და რუსეთის შეთანხმებებმა უნდა უპასუხოს. საქართველოს თემა, ამ შეთანხმებებში უნდა ფიგურირებდეს იმ გაგებით, რომ საქართველოს ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული, უსაფრთხოებით დამთავრებული, თავიდან ბოლომდე გათვალისწინებული იყოს. მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე დიდი მოთამაშეები, როგორიც არის ევროკავშირი, აშშ და რუსეთი, ამ გამოწვევების საშიშროების წინაშე მდგომნი, რაღაც თემებთან დაკავშირებით უნდა შეთანხმდნენ, რათა მსოფლიო დააბრუნონ უსაფრთხოების ზონაში. დღეს სამწუხაროდ ასეთი უსაფრთხოება არავისთვის გარანტირებული არ არის.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი