“თბილისის აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმი უკვე მეოთხედ ჩატარდა. 26-27 ოქტომბერს თბილისმა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 25 წლის წინ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა და რეალობად იქცა „აბრეშუმის გზის“ იდეა, რომლის ერთ–ერთი სულისჩამდგმელი და ინიციატორი საქართველოს მეორე პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე იყო. მან ამ პროექტისთვის ევროკავშირისა თუ აშშ–ს მხარდაჭერაც მოიპოვა. 25 წლის წინ იდეას ჰყავდა კრიტიკოსები, რომლებიც “აბრეშუმის გზის” პროექტის განხორციელებას ზღაპარს უწოდებდნენ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ამ თემამ აქტუალობაც დაკარგა, დღეს კი, საქართველოს მეზობელი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები კონკრეტული პროექტებითა და გეგმებით ჩამოდიან თბილისში. ფორუმის ორგანიზატორი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
როგორი გზავნილები გაისმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” და როგორ გამოიყურება საერთო სურათში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, ამის შესახებ Dalma News–ს ორგანიზაცია “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი ესაუბრა.
– ამ ფორუმზე გამოჩნდა, რომ არის ძალიან დიდი მზადება და ჰაერზე არ არის საუბარი იმაზე, რომ ტვირთები „შუა დერეფნისკენ“ შემოტრიალდეს. ამ ტვირთების საპირწონე ინფრასტრუქტურა ჯერ ცენტრალურ აზიაში უნდა აშენდეს. ფულს დებენ, შეკვეთილი აქვთ საკონტეინერო გემები, ბაზები ნავთობისთვის და ა.შ. ჩვენ ვერ დავრჩებით განზე, უცხოური ინვესტიციებით თუ ჩვენი ფულით, ყველა ვარიანტში ჩავებმები გადაზიდვების ჯაჭვში.
ყაზახეთის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ „შუა დერეფნისკენ“ 20 მლნ ტონა ნავთობი უნდა გადმორთოს – იგულისხმება მილსადენიც და რკინიგზაც. იმავე დროს საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 5-7 მლნ მშრალი და ნაყარი ტვირთები უნდა წამოვიდეს. მაგრამ ციფრის დასახელება არ არის მნიშვნელოვანი. თანხვდენილად ხორციელდება ყაზახეთის 2 დიდი ნავსადგურის – აქტაუს და კურიკის ტექნიკური გადაიარაღება, ნავმისადგომების მშენებლობა, ახალი ტერმინალებისა და უფრო მეტიც, ახალი ფლოტის მშენებლობა. ეს თვისობრივად ახალი მიდგომაა. ახალი ფლოტის შეძენა ცოტა რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ტვირთის შემობრუნებას გარკვეული დრო სჭირდება.
ეს ყველა მილსადენი და ყველა სატრანსპორტო არტერია, მაინც რუსეთთან არის დაკავშირებული. ასე არ ხდება, რომ ერთ დღეს თქვან ამ ქვეყნებმა, – “შუა დერეფნისკენ” უნდა გადავრთოთ ჩვენი ტვირთებიო, – ამისთვის გრძელვადიანი კონტრაქტებია საჭირო. მაგრამ ეს მიდგომა, მათ პოლიტიკურ განცხადებებში იგრძნობოდა. ბოლო 20 წელიწადი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებაში იყვნენ კასპიის ზღვაზე. ყველას უნდოდა მონოპოლია, მაგრამ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ერთობლივად მილსადენში აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის გარკვეული მოცულობები გაატარონ. ამ 2 ქვეყნის ფლოტის ბორნებისთვის 50/50 პარიტეტი გამოიყენონ, ანუ ძალიან ბევრი ფაქტი იყო იმის მანიშნებელი, რომ მეზობელი ქვეყნები დიდ ინვესტიციებს დებენ, თუ არ ვცდები 6 მლრდ ევროზეა საუბარი, რათა დერეფნის თანმხლები ინფრასტრუქტურა მოეწყოს.
– რას აკეთებს ამ დრო საქართველო?
– ამ ეტაპზე საქართველო გაჩერებულია, პრაქტიკულად საქართველოში არც ერთი დიდი პროექტი არ ხორციელდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გადაგორება-გადმოგორების პოზიციაშია, 2 წელია ტენდერი ვერ ტარდება. ხელშესახები ძვრები, რომ ფინანსურად ტევადი რომელიმე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დაგვეწყო, არ გვაქვს. მეზობელი ქვეყნები, რომლებიც დიდ თანხებს დებენ თავიანთ ინფრასტრუქტურაში, ჯერ თავიანთი პრობლემების გადაწყვეტის ეტაპზე არიან. ტვირთების ჩახსნას და ინფრასტრუქტურის გადაწყობას 5-10 წელი შეიძლება დასჭირდეს. უნდა გამართონ ინფრასტრუქტურა, მათი ქმედებები ქართულ მხარეს აფიქრებინებს ერთ რაღაცას, რომ საქართველო ვერ გაჩერდება ერთ ადგილზე, სტაგნაციაში ვერ წავა, ასეთ შემთხვევაში ეს ქვეყნები გაიჭედებიან. ამოქმედდება პრინციპი, რომ თუ შენ არ ავითარებ ინფრასტრუქტურას, ვზარალდებით ცენტრალური აზიის ქვეყნები. ამიტომ, რაც არ უნდა საქართველო ინერტულად იყოს, ეს ქვეყნები მოდუნების საშუალებას არ მოგვცემენ.
მაგალითად, ყაზახეთი ბალტიისპირეთში თავისი თანხებით აშენებს ტერმინალებს. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოშიც ყაზახები შემოვიდნენ და თავიანთ კუთვნილ ბათუმის ნავსადგურში დაიწყონ მშენებლობა. როცა ცენტრალური აზიის ქვეყნები ტერმინალების მშენებლობას დაიწყებენ, ჩვენ უკვე წინმსწრებად გვეცოდინება რას აშენებენ, რომ ანალოგიური ბათუმში და ფოთში განვავითაროთ, რომ სინქრონულად მოხდეს შესაბამისი ტვირთის მიღება. ბუნებრივია, თუ ქიმიურ ტვირთებს წამოიღებენ, ქიმიური ტვირთების ტერმინალი დაგვჭირდება, თუ ხორბალი იქნება – ხორბლის ტერმინალი.
– ერთია, როდესაც სიტუაცია „გვაიძულებს“ და მეორეა – ჩვენ გვქონდეს გაწერილი საკუთარი გეგმა. საქართველო სანაოსნო ქვეყანაა და საკუთარი ფლოტი არ უნდა ჰქონდეს?
– ფლოტი ცოტა სენსიტიური საკითხია. 2 სიტყვით გეტყვით. საქართველოს შველის ერთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში განვითარდა ინფრასტრუქტურა, ყველაფერი მაინც პოლიტიკურ ვერტიკალშია მოქცეული, ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკურ დონეზე წყდება. ეს გვიადვილებს ამოცანას, ჩვენი ქვეყნის მთავრობას მარტივად შეუძლია იმ მთავრობასთან დაიწყოს მუშაობა. ყველა ამ ქვეყანაში ფლოტი არის სახელმწიფო საკუთრებაში. ფლოტის განვითარებაში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ბანკები და უცხოური ფინანსური მაგნატები. მათი დახმარებით შევიძინოთ გემები. ანაკლიის ნავსადგური რომ გვქონდეს, უცხოური ბანკების საშუალებით შეძენილ გემებს (არ არის აუცილებელი ქართველმა იყიდოს გემი) ქართული დროშის ქვეშ დაარეგისტრირებდნენ და შემოსავალს ყველა მიიღებდა. ჩვენ ნიადაგი უნდა შევქმნათ, რომ რაც შეიძლება მეტი გემი დარეგისტრირდეს აქ და საქართველოს დროშით იცურაონ. გზებს თუ ვაშენებთ დონორების ფულით, ხომ შეგვეძლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც აგვეშენებინა? ყველა დიდ პროექტში ჩარეულია უხილავი ხელი და დამუხრუჭებულია პროექტები. შედეგად, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას კარგავს. ხვალ და ზეგ მშპ-ს 10%-იანი ზრდა აღარ იქნება, რუსეთიდან ტურისტული ბუმიც ჩამოიშლება და დავრჩებით 4%-იან ზრდაზე. ამით ქვეყანა ვერ განვითარდება.
– „ჩრდილოეთ–სამხრეთის“ მარშრუტზე რუსეთი აქტიურად მუშაობს, როგორი უნდა იყოს ამ მარშრუტში საქართველოს ფუნქცია?
– „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მარშრუტი საავტომობილოც არის და სარკინიგზოც. თუ ქვეყანას გააჩნია, როგორც განედური, ისე გრძივი სატრანსპორტო არტერიები, ის მდიდარ ქვეყნად ითვლება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი, ალბათ, 2025 წელს დასრულდება. ინდოეთიდან წამოსული რუსეთის ტვირთნაკადი, რომელიც მოდის კასპიის ზღვით და შემდეგ რუსეთში მიდის, ხვდება რუსეთის ცენტრალურ რეგიონში, მაგრამ რუსეთი დაინტერესებულია ევროპულ ნაწილში მოახვედროს ტვირთი, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, თუ აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ინტერესი იქნება, აფხაზეთის რკინიგზის დახმარებით ეს ტვირთნაკადი წავიდეს ჩრდილოეთით. ბუნებრივია ამუშავდება ეს დერეფანი და ტვირთები ჩრდილოეთით, ევროპულ ნაწილში შევა. რუსეთისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, მით უმეტეს, უკრაინასთან დაპირისპირების ფონზე. აქ საპირწონეზე არის აფხაზეთის საკითხი. რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. კასპიის ზღვა არ არის გათვლილი დიდი მოცულობის გემებზე, დაბალი გემებით კი ტვირთის გადატანა წამგებიანია. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ფონზე ტვირთების უფრო მეტ ნაკადს მოველოდით. საუბარი იყო 8-10 მლნ ტონაზე. რეალურად 4 მლნ ტონა მივიღეთ. წინასწარი გათვლები გვქონდა და ვიმედოვნებდით, რომ დამატებით 10 მლნ ტონას მივიღებდით.
– შეგვეძლო ამხელა ნაკადის გატარება?
– 2011 წელს 23 მლნ ტონა გავატარეთ, მერე იწყო კლება.
– სომხეთის პრემიერმა ფორუმზე “მშვიდობის გზაჯვარედინის” ინიციატივა და შესაბამისი რუკა წარმოადგინა. როგორ შეაფასებთ სომხური მხარის ამ ინიციატივას და ხომ არ დაკარგავს საქართველო ტვირთებს?
– თავიდან საუბარი იყო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთი დერეფანი – ლაჩინის დერეფანი უნდა გახსნილიყო. სომხეთი ვა-ბანკზე მიდის, – რადგან დაგთანხმდით და ვაწერ ხელს, რომ ყარაბაღი თქვენია, მაშინ მთლიანად უნდა განიბლოკოს ჩემი საავტომობილო მარშრუტებიო. ჯერ არ შემისწავლია, ჩვენ რა ტვირთნაკადს დავკარგავთ. დღესდღეობით ძალიან დიდი ნაკადი სომხეთის რაც არის, ჩვენი რკინიგზით გადის. მე ასე აღვიქვი, რომ ამ ფორუმზე სომხეთის პრემიერი ამ რუკის საჩვენებლად ჩამოვიდა.
– საუბარია საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის სამმხრივი საბჭოს შექმნაზეც. პოლიტიკურის გარდა, რამდენად ეფექტიანი იქნება ის ეკონომიკური თვალსაზრისით?
– რას გვაძლევს ასეთი საბჭო? 5 წლის წინ მუსირებდა „3+3“ ფორმატის შექმნის იდეა. რას გვაძლევს ასეთი გაერთიანება? განბაჟებას ვერ ვაკეთებთ? ტვირთებს ვერ ვატარებთ? რა დამატებით შემოსავალს მოიტანს ეს? აბსოლუტურად ყველა საჭირო ხელშეკრულება გვაქვს ამ ქვეყნებთან, ახალი რა უნდა დაიბადოს? ვაგონი რომ გაგვიფუჭდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ვალდებულები არიან შეგვიკეთონ. შეგვიძლია აზერბაიჯანის ვაგონი გამოვიყენოთ. თურქეთთან და ირანთან დარეგულირებული გვაქვს ურთიერთობა, გზების მშენებლობისთვის მაზუთი შემოგვაქვს, ერთობლივი ლოჯისტიკური ცენტრების გაკეთებას ვცდილობთ. ყველანაირად ჩავუკვირდი, გავაანალიზე, მაგრამ არაფერს გვაძლევს „3+3“ ფორმატი.
– პირველი და აუცილებელი რაც საქართველოს სჭირდება დერეფნების თემაში, არის თუ არა განათლებული კადრების მომზადება?
– ანაკლიის ნავსადგური რომ აგვეშენებინა, წარმოიდგინეთ, რამდენი ქართველი სპეციალისტი ჩამოყალიბდებოდა: მეზღვაური, ინჟინერი, ლოგისტიკის სპეციალისტი, გადაზიდვების არქიტექტორი. ამას ახალგაზრდა ენერგია სჭირდება. განათლება არის ის, რაზედაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი