ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში, მსოფლიოს 53 ქვეყნიდან დაახლოებით 300 დელეგატთან ერთად 16 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. იგი ბაქოს, რამდენიმეკაციანი დელეგაციით ესტუმრა და ფორუმის დაწყებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მისსავე რეზიდენციაში შეხვდა.

17264423_723652224469720_8961938717171935617_nმხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტები და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავების პერსპექტივები. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელი, ასევე საიმედო გამტარი და დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით და უსაფრთხოებით.

მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობაც. პრეზიდენტებს შორის საუბარი შეეხო ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის წარმატებულ და ნაყოფიერ განვითარებასაც.

პოსტ საბჭოთა ქვეყნების ლიდერებმა “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტის განხორციელებაზეც ისაუბრეს. მარგველაშვილის შეფასებით, ეს პროექტი საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელ ევროპაში.

“ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასა და გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ალიევთან შეხვედრის ბოლოს.

ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

ფორუმის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთისა და მონტენეგროს პრეზიდენტებს, ბუიარ ნიშანს და ფილიპ ვუჟანოვიჩსაც შეხვდა და საქართველოში დაპატიჟა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილი ბაქოს V გლობალურ ფორუმზე

პირისპირ შეხვედრების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით, უკვე ბაქოს ფორუმის ფარგლებში მიმართა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

“სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, მუდმივად ვდგავართ ისეთი გლობალური საფრთხეების წინაშე, როგორებიცაა ტერორიზმი და ექსტრემიზმი, შეიარაღებული კონფლიქტები და ჰიბრიდული ომები. გლობალიზაცია ხელსაყრელ გარემოს ქმნის თითოეული სახელმწიფოსათვის, რათა მიიღოს სარგებელი საერთო თანამშრომლობისგან”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი, ამიტომ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ქვეყანას ეკისრება და ყველა მათგანმა, ზომის, თუ პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, მეზობელი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინონ.

საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. ამის ნათელ მაგალთად კი საქართველო-აზერბაიჯანის მტკიცე პარტნიორობა მოიყვანა.

“გავაძლიეროთ რეგიონი და შევქმნათ თანამშრომლობის საერთო სივრცე”, – დასძინა მან.

ექსპერტების შეფასებები…

საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის თითქმის 25 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის წიაღისეული საქართველოსაც აძლიერებს და ეს არავისთვის არის სიახლე. მისივე თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პოზიტიური ურთიერთობები სათავეს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქიდან იღებს.

“რასაკვირველია საქართველოსთვის აზერბაიჯანი უახლოესი მეზობელი და ბიზნესის სფეროში ყველაზე აქტიური პარტნიორია. საბჭოთა კავშირში ერთად არსებობის პერიოდში ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ყოველთვის პოზიტიური იყო. არის მოლოდინი, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან არსებობს საერთო პროექტების განხორციელებისთვის სურვილი. “სამხრეთის გაზის პროექტი”, ეს იქნება კიდევ ერთი შემადგენელი იმ უსაფრთხოების აუცილებლობისა, რომლის მიმართაც იზრდება შესაბამისი სტრუქტურების ინტერესიც და ვალდებულებანიც”, – აცხადებს ექსპერტი.

როგორც Dalma News-ს სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, თბილისი და ბაქო, ისევე, როგორც ზოგადად ქართული და აზერბაიჯანული საზოგადოება, ურთიერთპატივისცემით ეკიდებიან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას და ეს განწყობა, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პირადად არაერთხელ უგრძვნია და დარწმუნებულა, აზერბაიჯანელების მხრიდან ქართველების მიმართ განსაკუთრებული სითბოს არსებობაში.

ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, პრეზიდენტ მარგველაშვილს რა საკონსტიტუციო უფლებამოსილება აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ის მთავარი პირია და შესაბამისად ილჰამ ალიევის უშუალო კოლეგა. ხოლო ის სამწუხარო ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ექსპერტის აზრით, არ უნდა აისახებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

“საქართველო-აზერბაიჯანს შორის, “ბაქო-თბილისი-ერზრუმის” და “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენების პროექტების გარდა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ექსპლუატაციაშია შესული, განიხილება ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტიც, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპის მიმართულებით. მისმა გამტარუნარიანობამ დაახლოებით 16 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა შეადგინოს”,- აცხადებს ექსპერტი.

ნიკა ჩიტაძის აზრით აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შედეგია.

გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, მალე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს “ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის” რკინიგზა, რომლის გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე შეადგენს 5 მლნ ტონას ხოლო, მეორე ეტაპზე უკვე 17 მლნ ტონას, რაც რა თქმა უნდა ასევე გაზრდის, როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს. აღნიშნული რკინიგზა წარმოადგენს ტრასეკას, ევრაზიული დერეფნის შემადგენელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და ინფრასტრუქტურულ პროექტს.

რეგიონში უსაფრთხოებას რაც შეეხება, ქართველი ექსპერტის აზრით, ეს აღარ არის ცალკეული ქვეყნების საზრუნავი, არამედ საერთო მიზანი, რომ ტრანზიტულმა პროექტებმა მშვიდობიანად იარსებოს.

P.S. უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში, რამდენიმე შეხვედრა შედგა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, სწორედ სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული სტრატეგიული ობიექტების ერთობლივი ძალისხმევით დაცვა და ამ მიმართულებით კოორდინირებული მუშაობა განიხილებოდა. იქნება ეს გაზსადენი, თუ რკინიგზა, ისინი აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, არამედ, ევროპისა და აზიის ბევრი სახელმწიფოსთვის.

მოემზადა შორენა პაპაშვილი