საქართველოში უმუშევართა არმიას უკვე ბენზინგასამართი სადგურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ემატებიან. ეს იმ ფონზე, როდესაც, ქვეყანაში 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობას საწვავსა და წამლებზე ფასების კლებას დაჰპირდა, თუმცა ეს არც თუ მარტივი პროცესი გამოდგა.

საქართველოში მართლაც ფიქსირდება საწვავზე ფასების ვარდნა, თუმცა ეს ნაკლებად აისახება პროდუქტების ფასების კლებაზე.

ექსპერტები საწვავზე ფასების კლების 3 მიზეზს ასახელებენ:

  1. ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირება;
  2. ლარის გამყარება;
  3. პრემიერ-მინისტრის დავალებით კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზრის კვლევის შედეგი;

საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, ბოლო დროს ბენზინგასამართ სადგურებზე თანამშრომლების თვითმომსახურების აპარატებით ჩანაცვლება აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით რეგიონებში. Dalma News-მა ამის შესახებ ინფორმაცია, სწორედ ამ სფეროში დასაქმებული და უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისგან მიიღო. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება და ეს ადამიანები უმუშევართა არმიას ემატებიან.

ნიკა შენგელია

როგორც ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, თანამშრომლების გათავისუფლება და ავტოგასამართი სადგურის თვითმომსახურებაზე გადასვლა იმის ნიშანია, რომ ბრენდული ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს არ სურთ შეიმცირონ მოგების მარჟა და ხარჯების შემცირებას ნელ-ნელა თანამშრომლების გათავისუფლებით იწყებენ.

საწვავის ფასებს რაც შეეხება, ნიკა შენგელიას განმარტებით, ბრენდულსა და არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებს შორის შეიქმნა სერიოზული კონკურენცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ საწვავის ფასებს შორის სხვაობა 50-80 თეთრს შორის არის დიფერენცირებული.

“არადა საწვავის ხარისხი თითქმის იდენტურია, დომინირებს იაფი რუსული საწვავი. საწვავი ბაზარზე მალე ვიქნებით შემდეგი სურათის თვითმხილველები, გაიხსნება აზერბაიჯანის ქარხანა, საწვავზე დააგდებს ფასებს იმისთვის რომ დღეს უკვე რუსული საწვავის იმპორტიორები ჩააგდონ მძიმე სიტუაციაში, განდევნონ ისინი ბაზრიდან და როცა მოიცილებენ კონკურენტებს, კვლავ გვიკარნახებენ ფასებს”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკა შენგელიამ.

რაც შეეხება პროდუქტის გაძვირებას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საკვები პროდუქტების 70-80 % იმპორტირებულია, ინფლაციის შემცირებით და ლარის გამყარებით ფასები დიდად არ შემცირდება. ნიკა შენგელიას განმარტებით, ერთადერთი, ფასების დაკლება ხდება ბუნებრივი პროცესით, როდესაც გაიზარდა იმპორტი რუსეთიდან და შედარებით იაფფასიანი პროდუქცია შემოდის, თუმცა ესეც დროებითია.

უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი გახდა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. აქამდე თურქეთი და ჩინეთი იყვნენ. როგორც კი, რუსეთში შემოვა ელექტრონული ფული, მაქსიმუმ 3 თვის შემდეგ ეს აუცილებლად იმოქმედებს ინფლაციურ პროცესებზე, შესაბამისად საქართველოში უნდა ველოდოთ უკვე რუსეთიდან შემოსული პროდუქციის გაძვირებასაც.

რაც შეეხება პურის ფასს და მოლოდინს, რომ ბენზინის ფასის დაწევით პურზე ფასები დაიწევს, ნიკა შენგელიას პროგნოზით, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში პურზე არსებული ფასები შენარჩუნდება. მისივე თქმით, არც ლარის გამყარებაა ეროვნული ბანკის დამსახურება და არც ლარის ზედმეტად გამყარებაა კარგი, იმიტომ, რომ ქართული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი ხდება უცხოურ ბაზარზე და ექსპორტი ჩერდება.

ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე, როცა ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტები გამოჩნდება, ფასები შესაძლოა 10-20%-ით დაკორექტირდეს, ისიც დროებით. ინფლაციის მაჩვენებლის დაწევა არ ნიშნავს, რომ პროდუქტები გაიაფდება.

„მოსახლეობას ნუ შევიყვანთ შეცდომაში. კოვიდ პანდემია როცა დაიწყო, უკვე მაშინ ვთქვი, რომ მსოფლიო ეკონომიკაში დადგა ისეთი პერიოდი, როცა ინფლაცია ხელოვნურად დააჩქარეს. უცებ გაძვირდა გადაზიდვები ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებზე – 300-დან 500%-მდე. ხდებოდა საბოტაჟები დიდ პორტებში, ტვირთებს აცლიდნენ, რომ შექმნილიყო დეფიციტი და ფასების ზრდა. ის, რომ საქართველოში სადღაც ფასები იკლებს, ამის მიზეზი ის არის, რომ ფასებმა დაიწია და უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს. ჯერჯერობით ფასები დაკლებული არ არის სატრანსპორტო გადაზიდვებზე საწვავის სიძვირის გამო“, – აცხადებს ნიკა შენგელია.

მისივე თქმით, გვახსოვს პრემიერისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის გალაშქრება წამლების ფასებზე, გარკვეული რეგულაციებიც შემოიღეს. 3-4 თვის შემდეგ დაეტყო ბაზარს, გაიაფდა ბევრი პროდუქტი, მაგრამ ბოლო დროს, ისევ არის მატება.

ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს კარტელური გარიგებების არსებობის შედეგი?

“რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამის დამტკიცება ძალიან ბევრ ნიუანსთან არის დაკავშირებული. კარტელური გარიგების ნიშნები ასევე გვაქვს საწვავის ბაზარზე, აქ უფრო შესამჩნევია რომ არსებობს გარკვეული ბრენდირებული კასტა, რომელსაც ჩვეულებრივ ავტოგასამართ სადგურებთან შედარებით მეტ ფასში ყიდიან საწვავს. სახელმწიფო ამას ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯებს ვერ უპირისპირებს”, – აცხადებს ექსპერტი.

გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე საავტომობილო საწვავზე ფასების კიდევ შემცირებას პროგნოზირებს. მისი თქმით, ბენზინი ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბოლო პერიოდში ფასი შემცირდა როგორც “პრემიუმის” ტიპის ბენზინზე, ასევე, “რეგულარზე”, რომლებიც ყველაზე უფრო მოხმარებადი მარკებია. ფასი 65–75 თეთრითაც კი არის შემცირებული, რაც მისი შეფასებით, პატარა მაჩვენებელი არაა.

საქართველოში ხშირად ხდება ისედაც, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასებზე შემცირების ტენდენცია ჩვენთან ნაკლებად ასახულა, ამას ძირითადად ლარის გაუფასურებით ამართლებენ. არის თუ არა ამ შემთხვევაში აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის გამყარება იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ საწვავის ფასმა დაიკლოს? ლარი გამყარებას კვლავაც განაგრძობს, თითქმის 20 %- ით არის გამყარებული.

“კონკურენციის სააგენტომ ბაზარი გამოიკვლია და წინასწარი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ აქ კომპანიები გაცილებით მაღალი მარჟით, მაღალი ფასნამატით ოპერირებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენთან მაინც ოლიგოპოლიური ბაზარია, რომლის მახასიათებელი ნიშანი კარტელური გარიგებაა. ოლიგოპოლიური ბაზრის ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, როდესაც საწვავის შემომტანიც, დისტრიბუტორიც და საცალო ქსელში გამყიდველიც ერთი და იგივე ჰოლდინგური ჯგუფია. ბაზრის ოლიგოპოლიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც კონკურენციის სააგენტოს დასკვნამაც დაადასტურა”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების გამო, იაფდება რუსული ნავთობიც. საქართველოში ბენზინი შემოდის, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ისე რუსეთიდანაც. ყველგან ფასის კლების ტენდენციაა.

“საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი, ბევრი საერთაშორისო პროგნოზით, კიდევ უფრო დაიწევს.ბუნებრივია, ეს პოზიტიურად აისახება ინფლაციაზე, თითოეული ადამიანის ხარჯებზე. ასევე, ეკონომიკაზე ექნება ძალიან პოზიტიური ასახვა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

შორენა პაპაშვილი