სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, ამ დღეებში რუსეთის დედაქალაქს საქმიანი ვიზიტით ეწვია. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გარდა, ვიზიტი სპორტული და კულტურული ღონისძიებებით იყო დატვირთული.

04420fab4eabfcefa3b8c0f6f591cb1eსერჟ სარგსიანმა, რომელიც იმავდროულად სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტია, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრის სპონსორია სომხეთის ფედერაცია, ხოლო რვა მონაწილიდან ერთ-ერთი სომხეთის ნაკრების ლიდერი ლევონ არონიანია.

სხვათა შორის, გახსნის ცერემონიალის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელს კირსან ილიუმჯინოვს ჭადრაკის პარტია მოუგო. როგორც ჩანს, გარდა იმისა, რომ ფედერაციას წარმატებით ხელმძღვანელობს, ასევე, შესანშნავად თამაშობს ჭადრაკს.

ვიზიტის კულტურული ნაწილის ფარგლებში, მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა “სომხეთი – არსებობის ლეგენდა”, რომელიც სომხეთისა და რუსეთის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. წარმოდგენილი იყო სომხეთის ისტორიის მუზუმის, წმინდა ეჩმიაძინის მუზეუმისა და მესროპ მაშტოცის სახელობის უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტ-მუზეუმ “მატენადარანის” 160-ზე მეტი ექსპონატი. გამოფენაზე გაიმართა ალბომის პრეზენტაციაც, რომელშიც წარმოდგენილია სომეხი ხალხის კულტურა და ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. გამოცემის სპეციალური ქვეთავი ოსმალოს იმპერიაში სომხების გენოციდის თემას ეძღვნება.

იმავე დღეს, სომხეთის პრეზიდენტმა რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი მოხელე მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სომხეთის სალეჩოში გაიმართა. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი, რუსულ-სომხური მეგობრობის განვითარება-განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე საკონსტიტუციო იუსტიციის სფეროში მრავაწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

15932_bსომხეთის პრეზიდენტისგან ეს უმაღლესი ჯილდო, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინმაც მიიღეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და რუსულ-სომხური მეგობრობის განვითარება-განტკიცების საქმეში, მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

ყურადღების ცენტრში იყო სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, იგეგმებოდა სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და ა.შ. სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ასევე ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციული პროცესების განვითარების პერსპექტივების განხილვა; მთიანი ყარაბაღის პრობლემის რეგულირებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარე ეტაპზე მხარეების აზრთა გაცვლა-გამოცვლა და აქტუალური საკითხებისა და აღნიშნული პროცესის წინსვლის შესაძლებლობებზე საუბარი.

ორი სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს სწორედ ასეთი საერთო ინფორმაცია მიაწოდეს. ოფიციალური მისასალმებელი მოხსენების მიხევდითაც ადვილი მისახვედრია, თუ რაზე ისაუბრეს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა. მათი მოლაპარაკებების შემდეგ, არც ხმამაღალი განცხადებები გაკეთებულა და არც რაიმე დოკუმენტი გაუფორმებიათ.

შესაძლოა პრეზიდენტებმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ერთობლივი მოქმედებები განიხილეს. მოსკოვი, რომელიც ორივე გაერთიანების ლიდერია, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ მის პოლიტიკას მხარს არც მინსკი უჭერს და არც – ასტანა, რაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გამწვავების დროს გამოვლინდა.

ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოსკოვი დაეყრდნობა, სომხეთია, მით უფრო, რომ მისი როლი ამ გაერთიანებებში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავმჯდომარეობისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სომხეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ტიგრან სარქისიანის დანიშვნის გათვალისწინებით, გაიზარდა.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სომეხი მაღალჩინოსანი მოხელის კულუარული საუბარი: “ჩვენი პრეზიდენტი, ზოგიერთებისგან განსხვავებით, მოსკოვში რაიმეს სათხოვნელად არ მიდის. ჩვენ რამეს თუ დავპირდებით, ვასრულებთ”.

“წელს სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებას შევძლებ, რადგანაც სწორედ ის არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხებში და იმაზე, რომ ჩვენს საზღვრებთან სიმშვიდე იყოს. გარდა ამისა, სომხეთის წარმომადგენელი, არა როგორც ეროვნული, არამედ როგორც საერთაშორისო მოხელე და თქვენი კოლეგა – ახლა უკვე ჩვენს წამყვან ინტეგრაციულ ეკონომიკურ გაერთიანებას – ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს ხელმძღვანელობს. ამიტომ სასაუბრო მართლაც გვაქვს და თქვენთან შეხვედრით მოხარულნი ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ სარგსიანთან შეხვედრისას.

მან არც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთქმედების პრობლემურ საკითხებს აუარა გვერდი. პრობლემები კი საკმაოდ სერიოზულია. ამგვარად, 2015 წლის შედეგების მიხედვით, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სასაქონლო ბრუნვა 18%-ით ნაკლები დაფიქსირდა. რუსეთიდან სომხეთში ფულადი გზავნილები, რაც რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შარშან 36,1%-ით შემცირდა.

“ცხადია, ობიექტური პრობლემებიც არსებობს, ვგულისხმობ მთელს ეკონომიკურ ურთიერთქმედებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გვესმის, რომ საერთო ჯამში კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმით, როგორც არის აგებული ჩვენი ურთიერთობების ბაზა. ეჭვი არ მეპარება, რომ წინა წლებში ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, ამ მიმართულებითაც განვითარდებით”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდნეტმა დასძინა, რომ სომხურ-რუსული ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება და ყოველი წლის დასაწყისში შეხვედრების კარგ ტრადიციას ეყრება საფუძველი, რათა შეჯამდეს გასული წლის მუშაობა და დაიგეგმოს მომავალი წელი.

“ჩვენ სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ჰუმანიტარულ სფეროებში ვთანამშრომლობთ. ჩვენ შორის სრული ურთიერთგაგებაა და ურთიერთობებიც ძალიან კარგად ვითარდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ შეთანხმებების განხორციელებისთვის, რომლებსაც წინა შეხვედრაზე მივაღწიეთ”, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

თავის გამოსვლაში სომხეთის სახელმწიფოს მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. მისი თქმით, სომხეთი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, დიდ ყურადღებას უთმობს იმ გადაწყვეტილებების რეალიზებას, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სექტემბრისა და დეკემბრის სესიებზე მიიღეს.

სერჟ სარგსიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა სირიაში რუსეთის მოქმედებებისა და თურქეთთან კონფლიქტში მისი პოზიციის მიმართ. “რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის საზღვრებთან არსებული ვითარების გამო. როგორც დეკემბრის სესიაზე და ჩვენს სხვა გამოსვლებში განვაცხადე, ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს რუსეთის პოზიციებს სირიის საკითხში და რა თქმა უნდა, მივესალმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ იმ შეთანხმებას, რომელსაც თქვენ აშშ-თან მიაღწიეთ. ეს შესაძლოა ამ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტად იქცეს”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

როგორც სჩანს, ამ შეხვედრამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს სინქრონულად სვლის დაწყების საშუალება მისცა. მოკავშირეები შეძლებენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ერთობლივი მოქმედებების გეგმის მომზადებას, რაც ორივე გაერთიანების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას მოემსახურება. ეს ორგანიზაციები ახლა სერიოზულ პრობლემებს უმკლავდებიან ერთიანობის უზრუნველყოფისა და ამ სტრუქტურების ყველა მონაწილის საკეთილდღეოდ შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელების მიზნით.

გარდა ამისა, რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტის შედეგად, სამხრეთ კავკასიაში ძალთა გადანაწილების მკვეთრი ცვლილება, ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ახალი გამოწვევების წარმოქმნა, ორ მოკავშირე სახელმწიფოს აიძულებს, უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ.

მოამზადა აიკ ხალათიანმა