უსეთ-უკრაინის კონფლიკტის დაწყების დღიდან საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია სულ უფრო ღრმავდება. რადიკალური ოპოზიცია ყველა ღონეს ხმარობს უკრაინის ომი საქართველოში რევოლუციისთვის გამოიყენოს და ამ გზით შეცვალოს “ქართული ოცნების” ხელისუფლება.

ოპოზიციამ ვერც 2020 წლის საპარლამენტო და ვერც 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დადო სასურველი შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწევდნენ. ოპოზიციის განლევადი საპროტესტო აქციები კი მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ ნაციონალებს საქართველოში არ აქვთ ფართო მხარდაჭერა.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ “ენმ” კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები საქართველოსა და უკრაინაში ერთობლივი ძალებით ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციას. უკრაინული მედიასაშუალებებით მოღალატეობრივ პროპაგანდას ეწევიან და ამკვიდრებენ განწყობას – “მრცხვენია ქართველი რომ ვარ”.

სინამდვილეში საქარველოს მოსახლეობამ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ერთსულოვნად გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. უკრაინის საელჩოს საქართველოში ასევე, ყურადღების მიღმა არ დარჩენია საქართველოს მთავრობის მონდომება და მხარდაჭერა, რისთვისაც მეგობარი ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადეს.

რადიკალურმა ოპოზიციამ კვლავ ორგანიზება გაუკეთა ქუჩის გამოსვლებს და ის უკრაინის მხარდამჭერ აქციად შეფუთეს. თბილისში რუსთაველის გამზირზე საქართველოს ათასობით მოქალაქე უკრაინელი ხალხისა და უკრაინისთვის სოლიდარობის ნიშნად გავიდა. მალევე გამოაშკარავდა ოპოზიციის რეალური ზრახვები და ლოზუნგს – “დიდება უკრაინას!” მალევე შეემატა ლოზუნგი “თავისუფლება მიშას!”.

7 მარტს, თბილისში გამართულ ოპოზიციის მორიგ აქცია მოქალაქეების დაკავება მოჰყვა. ე.წ უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართნენ, სადაც მდგარ პოლიციას ტუალეტის ქაღალდები დაუშინეს. აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, სამართალდამცველების მიმართ, არც უწმაწური და შეურაცხმყოფელი სიტყვები დაიშურეს. შენობას ესროდნენ კვერცხებს, რამდენიმე პოლიციელს კი სახეში ფქვილი შეაყარეს. ამის მიუხედავად სამართალდამცველებს აქციის დარბევის ბრძანება არ მიუღიათ, თუმცა ზღვარგადასული საქციელისა და პროვოკაციული ქმედებების გამო, აქციის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დღეს ყველა ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქართული ოპოზიციის მიზანი აქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევაა. ოპოზიცია მოითხოვს რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაიკეტოს, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და პრორუსული მედია-გამოცემები გაუქმდეს.

შალვა პაპუაშვილი

“არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის სულ მცირე რისკიც კი გაჩნდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მან ამ სიტყვებით მიმართა ნაციონალების დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელიც 2015-2016 წლებში უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობდა. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

“ქალბატონო ხატია, თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, საუბრობს ყველაფერზე, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს – თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის – თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ, ადამიანობის მიმართ. თქვენ ხართ დაკავებული ხალხის აჟიტირებით, ნაცვლად იმისა, რომ გამოავლინოთ ნამდვილი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

გამოწვევებისა და პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ცდლობს, რასაც ოპოზიცია ახალ-ახალი პროვოკაციებითა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით პასუხობს.
ღარიბაშვილი კი, ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანას საშიშროება არ ემუქრება. “ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“სანქციებით ვერ დავსჯით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას”, – ასეთია მმართველი გუნდის განწყობა.

ამასობაში რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მოხსენიებული არ არის. რუსეთმა ქართულ რძესა და სხვა სახის პროდუქტზე შეზღუდვა მოხსნა და ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუბრკოლებლად შევა. ყოველივე ამას ქართული ოპოზიციისა და უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიამ ამ ინფორმაციას უკრაინელებისთვის „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა და საქართველოს მოსახლეობას ვიდეო მიმართვის საშუალებით მოუწოდა, საკუთარ ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ.

“ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ქართულ რძეზე და ღვინოზე ეკონომიკური სანქციები მოხსნა, რათა უკრაინაში ომის დროს საქართველოს კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ და ვცხოვრობ უკრაინაში და აქაურ ხელისუფლებაში ვარ. დღეს ნამდვილად მრცხვენია“, – განაცხადა დავით არახამიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით მოლაპარაკებები არაერთ ქვეყანასთან იმართება. ერთი კვირის წინ, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასთანაც.

ლადო ბოჟაძე

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელმა ხალხმა იგრძნოს საქართველოს მხარდაჭერა. გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ჰააგაში ყველა დონეზე უკრაინას აქვს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერა. ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქე ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში გაგზავნაში. 140 ტონაზე მეტი ტვირთია უკვე გაგზავნილი და ეს პროცესი გრძელდება. მათ შორის, საქართველო უკრაინას სისხლითაც ეხმარება.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, როგორც ლადო ბოჟაძე ამბობს, უკრაინას ვერ ექნება საქართველოს სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნატოს წევრი ქვეყნებიც უარს ამბობენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერასა და უკრაინის ცის დაკეტვაზე.

“სანქციების საკითხზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი რეგიონიდან სანქციებს არ შეუერთდა, არც აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ასევე, მოლდოვა, ისრაელი და ბევრი სხვა სახელმწიფო, რომლებმაც პირველ პლანზე საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენეს და გაითვალისწინეს ის ეკონომიკური ზარალი, რაც მათ ქვეყნებს მიადგებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებით. ამავე დროს საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას შეუერთდა, მათ შორის, “ვითიბი ბანკთან” და ვიზა-ბარათებთან დაკავშირებით”, – განუცხადა Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოთაშორისი სანქციები არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებდა რუსეთს, მაგრამ დააზიანებდა საქართველოს ინტერესებს, ასი ათასობით ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და საქართველოში ინახავენ თავიანთ ოჯახებს. თუმცა არის ექსპორტის შეზღუდვა, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე.

“საქართველოს ორი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ომობს ერთმანეთთან და წარმოუდგენელია ეს არ აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე“, – ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, საქართველო არის იქ, სადაც არიან მისი დასავლეთელი პარტნიორები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს საქართველოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს.

რადიკალური ოპოზიციის მიზნებზე საუბრისას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ საზოგადოება დღეს 2 “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავს, ერთს – უკრაინაში, მეორეს – საქართველოში. უხვად მოედინება დეზინფორმაცია ოპოზიციური მედია-არხებიდანაც.

“ვანო მერაბიშვილიც შეუერთდა იქ ადეიშვილებსა და ლორთქიფანიძეებსა და სხვა დანარჩენებს, რომლებიც წლებია უკრაინას აფარებენ თავს და იქ გარკვეული თანამდებობები უკავიათ. იგივე არახამია, რომელმაც აღმოჩნდა, რომ “გამარჯობის” გარდა, არც ერთი ქართული სიტყვა არ იცის. მათი ამოცანა პირდაპირ არის ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური სცენარი განვითარდეს იმ მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია და მეორე მხრივ, მათი ამოცანაა საქართველო ღიად ჩაებას ცხელ ომში რუსეთთან”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

დიპლომატი და პოლიტიკოსი, ჰამლეტ ჭიპაშვილი “ქართული ოცნების” მმართველობის მიმართ ყოველთვის კრიტიკით გამოირჩევა, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა, ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკა თუ სხვა, თუმცა, ამბობს, რომ ამჯერად, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას დადებითად აფასებს. კერძოდ იმას, რომ საქართველო არ ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში.

“პრემიერის ამ განცხადებამ იმ ადამიანებში გამოიწვია აჟიოტაჟი, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყნის ეკონომიკა, არ აქვთ პასუხისმგებლობა ხალხზე და ა.შ. ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში პრემიერია და მას მოეთხოვება უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება. მეორეც, საქართველომ რა სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს? სასაცილოა უბრალოდ“, – ამბობს ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლა, თუმცა, აქვთ შანსი იმისა, რომ საქართველო პროვოკაციაში ჩაითრიონ. ჭიპაშვილის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების შეცვლით დასრულდება.

“უკრაინის ხელისუფლებას მაქსიმუმ ერთი კვირა აქვს დარჩენილი. რუსეთს ჯერ არ დაუწყია სანქციების დაწესება ევროპის ქვეყნების მიმართ. განცხადებებმა, – “არ გვინდა რუსული გაზი”, რა გამოიწვია? მოხდა ის, რომ გაზი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვის 280 ევრო ღირდა, დღეს 4000 ევროზე ზევით ავიდა, გაძვირდა ბენზინი, სპილენძის ფასი ერთი ტონა 40 ათასი აშშ. დოლარი გახდა, 3-ჯერ გაიზარდა ფასი ხორბალზე. ევროპის ეკონომიკა ფაქტობრივად მოისპო”, – განუცხადა Dalma News-ს ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

გიორგი ქართველი