ქართველი მეღვინეები ღვინის წარმოების ტექნოლოგიას სისტემატურად არღვევენ, შესაბამისი ორგანოები კი, ღვინის პროდუქციას არასათანადოდ აკონტროლებენ. ამის შესახებ რუსეთის “როსპოტრებნადზორის” ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულ განცხადებას აპროტესტებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომლის ცნობითაც, შესაბამისი სამსახურების მიერ, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში მოწმდება.

“ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით”, – აცხადებენ უწყებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ “როსპოტრებნადზორის” განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით, დაიწყეს საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი.

2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ – 20%, გერმანია – 17%, კანადა – 100%, იაპონია – 10%; პოლონეთი 2%, ლატვია – 9%, ესტონეთი – 19%, და სხვა.