თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო The Biltmore hotel Tbilisi-ში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა. სემინარი სამ დღეს გაგრძელდა და 12 თემატური სესია გააერთიანა: “გონიერი ქალაქები”, “მწვანე ქალაქები”, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები.
ფორუმში მონაწილეობდნენ სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.
როგორც ფორუმის პირველ დღეს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური განვითარების ფორუმზე არაერთი საერთაშორისო ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებმიც ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქალაქების გამოცდილებას “გონიერი ქალაქის“ განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის თანამედროვე მიდგომები ფორუმის მთავარი თემაა, საერთაშორისო ექსპერტები კი საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის გარემო და სხვა.
“ერთობლივად ვცდილობთ, ვიპოვნოთ პრობლემების გადაჭრის გზები. ექსპერტები გაგვიზიარებენ თავიანთ რეკომენდაციებს. მომავალში თანამშრომლობის მიზნით, დავამყარებთ კონტაქტებს”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიებას თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი უნიკალურ რეგიონალურ პლატფორმად იქცა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. ის კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დამყარებისთვის.
“ეს ფორუმი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და თვითმმართველობის სიახლეებსა და ინოვაციურ მიმართულებებზე აქტიური დისკუსიის საშუალებას აძლევს, წლევანდელ ფორუმზე აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ელექტრონულ მმართველობაზე გაკეთდა. ასევე, ვისაუბრეთ ტურიზმის ხელშეწყობაზე, იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც “თვითმმართველობებმა” ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის უნდა გამოიყენონ”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფორუმის გახსნის დღეს.
თბილისის მე-9 საერთაშორისო ფორუმი მასპინძელი ქალაქის მთავრობამ, უცხოელი კოლეგებისთვის ადგილობრივი სიახლეების გასაცნობადაც გამოიყენა და მათი რჩევებიც მოისმინა, რაც თბილისისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქალაქი მთავარი არქიტექტორის გარეშე…
უკვე წელიწადზე მეტია, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველო” თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობს, რის აუცილებლობაც მას შემდეგ
დადგა, რაც ქვეყნის დედაქალაქი ქაოსურმა მშენებლობებმა და საავტომობილო კოლაფსმა მოიცვა. ქალაქი მწვანე საფარის ხელაღებით განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თბილისის მთავრობის წარმომადგენლებმა, უცხოელ კოლეგებთან გენერალური გეგმის საკითხებზე ისაუბრეს; თბილისის, როგორც მომავლის ქალაქის კონცეფციაზე; სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით უკვე გაწეულ სამუშაოებზე და ყველა იმ სიახლეზე, რაც ქალაქის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ხორციელდება.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორ დღეზე განაწილდა. ფორუმს მოდერაცია გაუწია 13-მა მოდერატორმა, 100-მა პრეზენტატორმა, მათ შორის 52 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი იყო ტრანსპორტის, სტრატეგიების შემუშავების, ფონდების მოძიების, ინვესტიციების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ელექტრონული მმართველობის მიმართულებებით.
“2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხია და საფუძველს ქმნის “გონიერი” და მოქალაქეების ჩართულობით ფორმირებული ქალაქების ჩამოყალიბების მიმართულებით. ფორუმი იძლევა საქმიანი შეხვედრების და დისკუსიების წარმართვის მრავალმხრივ შესაძლებლობას. ფორუმის დასასრულს თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის, დამატებითი ფონდების მოძიების სტრატეგიებს”, – განუცხადეს Dalma News-ს მერიაში.
Smart City – “გონიერი ქალაქი”…
თანამედროვე ქალაქთმშენებლობის აქტუალურ და გადაუდებელ პრობლემად იქცა ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება, მისი ადამიანის ზემოქმედებისაგან დაცვა, ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. ამ კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის გარემოს მდგომარეობის კომპლექსური შეფასების, ანალიზისა და მონიტორინგის გამართული სისტემის შექმნა, რადგან არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა უშუალოდაა დაკავშირებული ბუნებრივ გარემოსთან და ფაქტობრივად მისი ხელოვნური გაგრძელებაა.
“გონიერი ქალაქი” თავის თავში ასევე მოიაზრებს გზების განტვირთვას, ქალაქის, როგორც საცხოვრებლად, ასევე ვიზიტისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო, მიმზიდველ სივრცედ გარდაქმნას, სადაც ხალხს ექნება საშუალება ღირსეულად იცხოვროს და დაისვენოს.
როგორც Dalma News-ს თბილისის საკრებულოს წევრმა, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ განუცხადა, ის აქტიურად მონაწილეობას თბილისის ეკონომიკურ ფორუმებში და ეცნობა უცხოელი კოლეგების გამოცდილებას და რეკომენდაციებს.
მისი თქმით, “გონიერი ქალაქის” კონცეფცია ნიშნავს იმას, რომ საჯარო სივრცის განვითარება არ უნდა ხდებოდეს მწვანე საფარის განადგურების ხარჯზე.
ოგბაიძის შეფასებით, ფორუმი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და პრაქტიკულად მასტერ კლასი გამართეს ტორონტოს, სიეტლის, სან ფრანცისკოში მომუშავე ინსტიტუტებმა, თუ როგორ შეძლეს ამ ქალაქებმა ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიც არის ურბანული შემოტევა, მწვანე საფარის გადარჩენა, ავტოტრანსპორტისთვის ქუჩის გარკვეული ნაწილის წართმევა და მისი ადამიანებისთვის დაბრუნება, ისე, რომ მეტი საცობები არ წარმოქმნილიყო. მათ შორის საინტერესო იყო პარკირების დაგეგმვა დიდ ქალაქებში.
შალვა ოგბაიძის აზრით, თბილისის შუქნიშნები ვეღარ უმკლავდებიან დედაქალაქის საცობებს და დროთა განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი თბილისში თავმოყრილი. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღეს, გზები მიუხედავია და ქალაქს სჭირდება საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი, ანუ ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ცხელ წერტილებში, ოპერატიულად განმუხტავს იმ მომენტისთვის შექმნილ საცობს.
“შუქნიშნები უკვე ვეღარ უმკლავდებიან თბილისის საცობებს, დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება ქალაქში, სადაც ნახევარი საქართველოს მოსახლეობაა თავმოყრილი. უნდა აღდგეს მარეგულირებლის შტატი, რომელიც პატრულის შემოღების შემდეგ გააუქმეს, როგორც კორუმპირებული სისტემა. არ მახსოვს მარეგულირებელს მძღოლისთვის ფული გამოერთმია. ფორუმზე მოწვეულმა უცხოელმა სტუმრებმა, ქართველ კოლეგებს წარმატებული ქალაქების გამოცდილება გააცნეს, თუ როგორ დააღწიეს მათ თავი საცობებს. რამდენად გავიზიარებთ მათ რჩევებს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ისინი გვირჩევენ, არ გავუშვათ შანსი ხელიდან, რომ ჩვენი ქალაქი დიდ ქაოსად არ გადაიქცეს, ამისთვის საჭიროა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება”, – მიაჩნია შალვა ოგბაიძეს.
ფორუმზე ინდონეზიელმა სტუმარმა წარმოადგინა მაგალითი, თუ როგორ გაართვა საცობის პრობლემას თავი ადამიანმა, როდესაც ეს ვერ შეძლო თანამედროვე შუქნიშანმა.
გზაჯვარედინზე, ზემგრძნობიარე სენსორებით აღჭურვილი შუქნიშნები დაამონტაჟეს, რომლებიც ავტომობილების გავლის ინტენსივობას ითვლიან. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიჭედა. ამ დროს ზეზუსტი ხელსაწყოები ადამიანებით შეცვალეს და 10 მარეგულირებელი დააყენეს. მარეგულირებლის ჩარევის შედეგად წესრიგი დამყარდა და საცობი განიმუხტა.
ინდონეზიის ამ გამოცდილების გათვალისწინებით შალვა ოგბაიძის აზრით, საქართველომ თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გზებზე მოძრაობის მარეგულირებლის შტატის გაუქმება და ეს ფუნქცია პატრულს “აჰკიდა”, რომელსაც ისედაც თავის სამოქმედო კვადრატში უწევს უბნის ინსპექტირებაც, კრიმინალის აღკვეთაც, საოჯახო თუ სამეზობლო დავების მოგვარებაც და საგზაო მოძრაობის ზედამხედველობა.
მისი აზრით, შსს-სთან დაქვემდებარებაში უნდა შეიქმნა “მარეგულირებლის სწრაფი რეაგირების ჯგუფი”, რომელიც საცობების შემთხვევაში ოპერატიულად განმუხტავს ვითარებას.
საინტერესოა მეზობელი ქვეყნების გამოცდილება.
“ჩვენს მეზობელ თურქებს, ავტობუსში WIFI აქვთ. გარდა ამისა, კაფეებში, სადაც ადამიანი დილით ყავას დალევს, არის ტაბლო, რომელიც უჩვენებს, თუ სასურველი ნომერი ავტობუსი, რამდენ წუთში მივა გაჩერებაზე. ეს კი ადამიანის ქუჩაში უქმად დგომის დროს ზოგავს. საფრანგეთში კი, არის მუნიციპალური ველოსიპედები, ჩააგდებ ერთ ევროს, დაჯდები და მიხვალ სამსახურთან მერე სხვა მოქალაქე გამოვა და ისიც ასევე ისარგებლებს ტრანსპორტის ამ სახეობით. ევროპა ცდილობს ორ ადგილიანი მუნიციპალური ელექტრომობილების დანერგვას, რომელსაც იმავე მეთოდით გამოიყენებენ მოქალაქეები,” – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას შალვა ოგბაიძემ.
იგი უკმაყოფილოა მერიის მუშაობით, რომლის ეფექტიანობის შედეგი ის იქნებოდა, რომ მოქალაქეები პირად ავტომობილს გააჩერებდნენ და ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას ამჯობინებდნენ.
“დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, რომელსაც მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს, რომელ ხედვაზეა საუბარი. ვის შევჩივლოთ, რატომ შენდება ასათიანის ქუჩაზე 8, 116 მეტრიანი შენობა? გადაწყვეტილების მიღების სერიოზული დეფიციტია”, – აცხადებს იგი.
რა ცვლილებებს გეგმავს თბილისი?…
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმის შეჯამებისას ფორუმზე მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ფორუმის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
მისივე თქმით, მომავალი წლიდან თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება, ანუ ანგარიშსწორება ყველა ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე, თბილისში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. ახალი სისტემა მისცემთ ანალიზის საშუალებას და ზუსტად განსაზღრონ, როდის და რომელი მარშრუტებია გადატვირთული, სად არის საჭირო ტრანსპორტის დამატება და სხვა. ამასთან თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახალი ავტობუსებისთვის სამარშრუტო სქემების კვლევას განახორციელებს.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, თბილისის მთავრობამ ასევე წარმოადგინა “მწვანე ინიციატივა”, გამოვიდა სხვადასხვა ქალაქში მწვანე პროექტების მხარდაჭერის წინადადებით. ამ თვალსაზრისით თბილისსა და კანადურ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომავალ წელს თბილისი მიიღებს ხარისხის სერტიფიკატს, რომელიც მოიცავს, დაახლოებით, 12 კრიტერიუმის მიხედვით, 100-მდე მაჩვენებლის შეფასებას, თუ როგორი საცხოვრებელი პირობებია თბილისში მოსახლეობისთვის და რა უნდა გაკეთდეს მათ გასაუმჯობესებლად.
მისივე თქმით, გარდა ამისა, მომავალ წელს აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყებენ საგანმანათლებლო ჰაბის შექმნას თბილისში მათთვის, ვისაც სურს ცოდნა გაიღრმავოს ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო თემატიკის მიმართულებით. ამავე ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდება ავტობუსის ახალი ხაზების კვლევა და მეტროს მიმართულებით, საინვესტიციო გეგმა განხორციელდება.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” შევთანხმდით, რომ მომავალ წელს გვექნება “მწვანე ქალაქის” სამოქმედო გეგმა, ანუ, როგორი უნდა იყოს თბილისი 2030 წელს სამოქმედო გეგმით გაწერილი ღონისძიებების გათვალისწინებით.
“გონიერ ქალაქს” რაც შეეხება, ეს გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ადამიანებისათვის ქალაქში უფრო ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოს შექმნის. ამ მიმართულებით გარკვეული პროექტები უკვე განახორციელეს, მაგრამ ეს უფრო სისტემური უნდა იყოს. სწორედ ამიტომ აკეთებენ “მწვანე ქალაქის” სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს გარემოსთვის კიდევ უფრო ნაკლებად დაბინძურებული სატრანსპორტო სისტემისა და მეტი სარეკრეაციო სივრცეების შექმნას, ასევე, შენობების ენერგოეფექტურობას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში თბილისმა მიიღო რეკომენდაციები, კონსულტაციები და ქალაქის განვითარების კონკრეტული პროექტები, დამატებითი ფონდების მოძიების სტრატეგიები. ამასთან, გაფორმდა ხელშეკრულება დედაქალაქის მერიასა და World Council on City Data-ს (WCCD) შორის, თბილისისათვის ISO სტანდარტის და შემდეგ SMART CITY-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე, ხელი მოეწერა კიოლნის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.
შ. ქარჩავა