სერბი ტრენერები საქართველოში სკანდალში გაეხვივნენ. 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით 3 სერბი ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებმაც 26-29 სექტემბრის პერიოდში თბილისში, სასტუმრო „იბისიში“ ჩაატარეს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა მომზადდეს ქვეყანაში რევოლუცია.

ლექციის ამსახველი ვიდეო მასალა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ისმის შემდეგი ფრაზა:

“რასაც გელაპარაკებით თქვენ, იგივე ველაპარაკე მოლდოველებს, ეგვიპტელებს, უკრაინელებს და მათ დაგეგმეს რევოლუცია. ჩვენი სიმბოლო არის მუშტის მოღერება. შენი ქმედებით შეგიძლია გარდაქმნა და ასევე, გაანადგურო”.

სერბი ტრენერები საუბრობენ სამოქალაქო წინააღმდეგობების სხვა ქვეყნების მაგალითებზე, თუ როგორ უნდა დაიკავონ სატელევიზიო სადგური, შეაჩერონ მაუწყებლობა. როგორ შეიჭრან პარლამენტში, შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელებს, დაუძახონ მათ ძაღლები და პროტესტანტები ძაღლებივით აყეფდნენ.

ტრენინგის მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოში ხელისუფლების ჩამოშლაზე. შედარებითი ანალიზისთვის გაუშვეს ვიდეო, სადაც ასახულია სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი.

“შეხედეთ სტუდენტებს, ისინი ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ, ყოველთვის ეწინააღმდეგებიან მთავრობას. რა აკლიათ სტუდენტებს? აკლიათ ლოიალურობა. მათ აქვს გარისკვის სურვილი, არიან უფრო მამაცები, იმიტომ, რომ ნაკლები აქვთ დასაკარგი”, – ამბობს სლობოდა ჯინოვიჩი.

ტრენინგის მონაწილე პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების –  ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

სერბი ტრენერების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო, კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება “სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის” საკითხებში, თუმცა, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. კერძოდ, გადაამზადონ ერთ-ერთი დიდი ჯგუფი,  რომელმაც  გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში.

სერბეთის მოქალაქეები – სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. ამის შემდეგ, 30 სექტემბერს, მათ  საქართველო დატოვეს და ბელგრადის მიმართულებით გაემგზავრნენ. საქმეზე დაიწყო სასამართლო განხილვა.

“სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეები – სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს “ვარდების რევოლუციის” სახელით ცნობილ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში მათ, ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას საქართველოში ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე წინმსწრებად ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჯერ კიდევ, 18 სექტემბერს გაავრცელა. მათი ვერსიით, საქართველოში, ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება რევოლუციური სცენარის განხორციელება ახალგაზრდული ჯგუფების ხელით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ოქტომბერს, „კანვას“ ქართველი ხელმძღვანელი დაკითხეს. პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც მან და არც მისმა ადვოკატმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს. მელაძეს ჟურნალისტებთან არც იმ შეკითხვების შინაარსზე უსაუბრია, რაც გამომძიებლებმა დაუსვეს.

როგორც გიორგი მელაძე ამბობს, ის არის შეურაცხყოფილი და გეგმავს სახელმწიფოს მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას. მისი აზრით, დაწყებული გამოძიება არის უსაფუძვლო და ამას დესტაბილიზაციის საქმესთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, სერბ ტრენერებთან მთელი წლის განმავლობაში უკვე 4 ლექცია აქვთ ჩატარებული და ეს ლექციები ატვირთულია ორგანიზაციის იუთუბის გვერდზე.

გიორგი მელაძე

„ეს ლექციები არის არაძალადობრივი სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა როგორ ხდება, რა არის გასათვალისწინებელი ამ პროცესში, რომ იყოს ეფექტიანი ეს ყველაფერი“, – აცხადებს „კანვას“ დირექტორი.

ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარდაჭერას უცხადებს აღნიშნულ ორგანიზაციას. მათი შეფასებით სუს-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, თუმცა ვერ ასაბუთებს იმას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ორგანიზება მიდიოდა.

“როდესაც 18 სექტემბერს გაკეთდა სუს-ის განცხადება ოპოზიციამ დაიწყო ქილიკი“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოპარვაც ამ გეგმის ნაწილი იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაგეგმილი მიტინგი ქვეყანაში ქაოსის დასაწყისი გამხდხარიყო. მაგრამ ეს გეგმა მაშინ ვერ განხორციელდა.

“ჩვენი ვალდებულებაა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. პროტესტანტები უნდა იყვნენ მშვიდობიანად ორგანიზებულნი”, – აცხადებენ მმართველ პარტიაში და დასძენენ, რომ ოპოზიციის განცხადება, თითქოს გამოძიებას არ აქვს არგუმენტები, არის მცდელობა გადაფარონ ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესები.

ამირან სალუქვაძე

სამხედრო სფეროს ექსპერტ ამირან სალუქვაძის აზრით, ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს დინამიკაში უნდა შევხედოთ – რადიკალური ოპოზიციის რევანშისტული მუქარები, ხელისუფლების დამხობის მოწოდებები, პროვოკაციული ქმედებები და სხვა. სააკაშვილი ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე იმუქრებოდა რევოლუციით. „გირჩი“ ჯაფარიძის სიტყვებია, ასევე, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა შანსი არ აქვთ.

“ყველას შეუძლია გადახედოს „კანვას“ საქმიანობას პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაწყებული მათივე სამშობლოდან – სერბეთიდან და სხვაგანაც, სადაც კი რევოლუციები მოუწყვიათ. ფაქტის შეფუთვა, თითქოს ეს ჯგუფი ჩამოვიდა, რაღაც კულტურულ სფეროში ტრენინგების ჩასატარებლად, არის შეფურთხება პირველ რიგში მათივე დამფინანსებლის მხრიდან. ეს არის სრული უპატივცემულობა ქვეყნის და ხალხის. ტრენინგის მონაწილე ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ სატრენინგო ობიექტები არიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – განაცხადა Dalma News-თან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

მისივე აზრით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, რაც მოისმინა საზოგადოებამ, სიტყვა “კულტურა” არც კი იყო ნახსენები.

“USAID-ის მიმართ გულუბრყვილო წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თავად უნდა გაარკვიონ რა დააფინანსეს. ჩვენი საერთაშორისო დონორები ხომ ამბობენ, რომ საქართველოს მილიონებს ვახარჯავთო, – გვითხრან რა მისცეს ქართულ საზოგადოებას, რას ასწავლიან ახალგაზრდებს, პოლიციას როგორ არ დაემორჩილონ? კანონმდებლობა, კონსტიტუციური წყობა როგორც ამოაყირაონ? ასეთ ცხოვრებას გვასწავლიან”, – ამბობს სალუქვაძე.

მისივე თქმით, მოქალაქემ თავისი პოლიტიკური პოზიცია და პროტესტი ხელისუფლების მიმართ საარჩევნო ყუთთან უნდა დააფიქსიროს. როდესაც უცხო ქვეყნის ორგანიზაციები საქართველოში საზოგადოების ნაწილს ასწავლიან კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას და იმას, თუ როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, საჭიროა საზოგადოების დანარჩენ უმრავლესობას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ აიცილონ თავიდან რევოლუციები, როგორ დაიცვან დედაქალაქი მერამდენედ გადაწვისგან.

რევოლუციისა და სამოქალაქო ომის გამოცდილება საქართველოს უახლოეს ისტორიაში საკმაოდ დაუგროვდა და მეტად ახლო პერიოდებში. „ვარდების რევოლუციის“ დროს, სწორედ ამგვარად ფინანსდებოდა გარედან შემოსული ფულით რადიკალური მოძრაობები და ორგანიზაციები. ქართულ საზოგადოებას საამსო გამოცდილება აქვს, თუმცა ამირან სალუქვაძის აზრით, წინა წლების მძიმე გამოცდილება არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რომ დღესაც მსგავსი არ განმეორდება. საზოგადოების ნებისმიერ საკითხში შეცდომაში შეყვანა და ნებისმიერი გადაცდომა არის საკმარისი იმისთვის, რომ რევოლუციური ტალღა აგორდეს.

ექსპერტის შეფასებით, 2003 წელს საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაანალიზა მიმდინარე მოვლენები და ის მართლა რევოლუცია ეგონათ. მაშინ, ქუჩაში მდგარი ადამიანები გულწრფელები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში მივიღეთ გადატრიალება შევარდნაძის კლანებს შორის. რეალურად სააკაშვილი და მისი ფრთა „მოქალაქეთა კავშირის“ წიაღიდან მოდიან. მაღალი თანამდებობები ეკავათ შევარდნაძის ხელისუფლებაშიც და მის პარტიაშიც.

სალუქვაძის შეფასებით, რევოლუციით ვიღებთ მახინჯ პოლიტიკურ პროცესებს და ხელისუფლების უზურპაციას.

„მივეჩვიოთ პრობლემების საარჩევნო ციკლში გადაწყვეტას. პოლიტიკოსები უნდა მიეჩვიონ ხალხთან საუბარს და უკეთესი დღის წესრიგის შეთავაზებას“, – ამბობს სალუქვაძე.

შორენა პაპაშვილი