ერევანში 4 დეკემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ამიერკავკასიის ევრაზიული გზა: ინტეგრაცია განვითარებისათვის”, რომელშიც სომეხი და რუსი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მთავარი მიწვეული სტუმარი პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინი იყო. საკუთარი წიგნის ” ევრაზიული ინტეგრაციის გამართლების” პრეზენტაციის შემდეგ, EADaily-ის კორესპონდენტებთან სომხეთის ევრაზიული ინტეგრაციის მომავალი და მთლიანად პროექტი განიხილა. მუხინმა ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა. ექსპერტთან ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.

– პირდაპირი და მერკანტილური შეკითხვა: მოკლედ რომ გვითხრათ, ევრაზიულ კავშირში სომხეთს რა დივიდენდები ელის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?

– მოკლევადიან პერსპექტივაზე თუ ვისაუბრებთ, თვალსაჩინო დივიდენდები არ იქნება. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე ევრაზიული პროექტი თავად ახდენს კონფიგურირებას. თითოეული მონაწილე თავის ადგილს ეძებს: ცდილობენ მონახონ ის უპირატესობა, რომელიც შეუძლიათ მიიღონ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისგან. თითოეული მონაწილის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება მეორეს თავისუფლება. ეს ყველას ეხება, მათ შორის რუსეთსაც. რუსეთი არც ხელმძღვანელია და არც დირიჟორი. ამ ეტაპზე რუსეთი სტაბილურობის გარანტია, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით. მომავალში, ბელორუსის, სომხეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების განვითარების თვალსაზრისით, ეს არაფორმალური სტატუსიც გათანაბრდება.

მოკლევადიან პერსპექტივაში სერიოზული წინსვლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგანაც ახლა ჩვენ ავტოკონფიგურაციის ეტაპზე ვიმყოფებით. მაგრამ თუ ვისაუბრებთ საშუალოვადიან პერსპექტივაზე, მაშინ სურათი ძალიან შეიცვლება – სომხეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მონაწილე სხვა ქვეყნების ახალ საფეხურზე სწორედ ასეთი გადასვლის მომსწრენი გავხდებით. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით სომხეთის წინაშე უნდა გახსნილიყო სულ მცირე სამას მილიონიანი ბაზარი – ასეც მოხდა, კარი ფართოდ გაიღო. ამ საბაზრო სივრცის ათვისებას დრო სჭირდება, რადგანაც ჯადოსნური ჯოხის აქნევით არაფერი გამოდის. რაც მთავარია პროცესი დაიწყო. უკვე დღესვე ვხედავთ, რომ რუსი მომხმარებლისთვის დღემდე უცნობი სომხური პროდუქტი არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ მთლიანად რუსეთის მაღაზიების დახლებზე გაჩნდა. ეს დიდი გზის მხოლოდ დასაწყისი და პირველი აღმონაცენია, რომელიც ზედაპირზე ამოვიდა და ძალიან სურს შემდგომი ზრდაც.

გარდა ამისა, საკვებ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესებით რუსეთის პოლიტიკას ევროპელებთან, ახლა კი უკვე თურქულ საქონელთან მიმართებაში, საერთოდ უნიკალურ უპირატესობას ქმნის სოხმეთის იმავე საქონლისთვის. მთავარია ამ მომენტით სარგებლობა და შანსის გამოყენება. მეტიც, დასავლეთის მხრიდან განხორციელებული სანქციები აიძულებს რუსეთს უფრო ყურადღებით მოისმინოს იმ ქვეყნების სურვილები და საჭიროებები, რომლებიც მართლაც მის მიმართ მეგობრულები არიან. ამ თვალსაზრისით, სანქციებმა დადებითი როლი შეასრულეს.

შორეულ მომავალში თუ გავიხედავთ და გრძელვადიან პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, ცხადია, საუბარი შეეხება ეროვნული უშიშროების ერთიანი სისტემის გარდაუვალობას. ეს მუდმივია და ამიტომაც ეკონომიკური უპირატესობაც კი მეორე პლანზე გადადის. გარდა ამისა, როგორც სჩანს, შეიქმნება გარკვეული ფინანსური სისტემა, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საქონელზე ფასების ზედმეტად ზრდისგან დაგვიცავს. ახლა ამგვარი ზრდა სახეზეა, რადგანაც ვაჭრობისას ჯერ ვრიცხავთ საქონლის ფასს დოლარებში, ხელშეკრულებების გაფორმებისას, ეს ყველაფერი ისევ ეროვნულ ვალუტებში გადაგვაქვს და ა.შ. ელექტრონული ანგარიშების შემოღება ( რაც უკვე განიხილება ტექნიკურ ვარიანტში), ძალიან გაამარტივებს მთელ ვითარებას, მათ შორის ეროვნული ვალუტისთვის.

– ევრაზიული კავშირის საერთო ვალუტის შექმნის შესახებ უკვე გაისმა წინადადება, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კულუარებიდან. მისი სახელწოდება -ალტიც კი დასახელდა, ხოლო შემოღების ვადად – 22/23 წელი.

– ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სივრცეში ერთიანი ემისიის ცენტრის შექმნა ამ მომენტისთვის არ განიხილება. ევროკავშირის გამოცდილება, ქაღალდისა და ლითონის ფულის გამოჩენა პრობლემებს გამოიწვევს, რომელიც რუსეთსა და ბელორუსს შორის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოში არსებობს. საკავშირო სახელმწიფო ეს არის რუსეთისა და ბელორუსის კავშირის სამდივნო. გაჩნდა ემისიის ცენტრის მდებარეობის საკითხი. როგორც ვიცი, დღეს საუბარია არა საერთო ფულის, ან ელექტრონული ვალუტის შექმნაზე, არამედ ელექტრონული ანგარიშების საერთო სისტემაზე, რომელიც შეამცირებს ევრაზიის სახელმწიფოების დამოკიდებულებას გარეშე ფაქტორებზე, კერძოდ, დოლარის ექსპანსიაზე.

ერთიანი ვალუტის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან შესაძლოა მასაც ევროს ბედი ერგოს. დოლარსა და ევროს შორის ომი არ დასრულებულა. ევროპის სავალუტო ბაზარს “მწვანე” ვალუტა ყლაპავს. ასე რომ, რაში გვჭირდება საკუთარ თავს წინასწარ შევუქმნათ რისკი და იმ გზაზე დავყაროთ ქვები, სადაც უნდა გავიაროთ. უმჯობესია ქვები გვერდზე ეყაროს, რომ ჩანდეს, გასავლელი გზა კი თავისუფალი იყოს. ელექტრონული ანგარიშების საერთო სისტემის შექმნა – ამ პრინციპის განხორციელების ფორმაა, რომელიც ერთის მხრივ, არასასურველი რისკების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს, მეორეს მხრივ კი, მესამე პირებს ევრაზიული პროექტის შიგნით სავაჭრო ოპერაციებზე ზემოქმედების საშუალებას არ მისცემს.

– ამას ზედმეტი შუმავლებისაგან გასუფთავება ჰქვია?

– აბსოლუტურად მართალია. სხვათაშორის, ამას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიგნით წარმოებული საქონელი აკეთებს, რომელიც შედარებით უფრო კონკურენტუნარია საგარეო ბაზრებზე.

ევრაზიის კავშირს ოფიციალურად ეკონომიკური ჰქვია. მაგრამ თქვენ არაპირდაპირად მოიხსენიეთ ევრაზიული კავშირის სხვა ასპექტების მოსალოდნელი მატერიალიზაცია. მაგალითად, სამხედროდან ავტომატურად წარმოიქმნება პოლიტიკური. შორეული მომავლის პროგნოზს დღეს თითქმის არავინ აკეთებს. როგორ გესახებათ მომავალში ამ მრავალშრიანი საინტეგრაციო წარმონაქმნის კონსტრუქცია.

დავიწყოთ იქიდან, რომ ევრაზიული კავშირის პოლიტიკური ასპექტის განხილვაზე დღეს შეზღუდვებია და ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა. ეს განპირობებულია ძირითადად საგარეო მიზეზებით. ჯერ არ დაგვიწყებია, თავად ევრაზიულმა პროექტმა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი “კოლეგების” როგორი მწვავე გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა ისინი კოლეგები კი არა, მწარე კონკურენტები არიან. ისინი ყველანაირ ინტრიგას დახლართავენ და ძალღონეს არ დაიშურებენ, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტი არ შედგეს. არსებობს ასევე შიდა მიზეზებიც, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი გასაგები ვითარებით, თითოეული ახლადწარმოქმნილი რესპუბლიკა ახლა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. ამ ნიუანსის გათვალისწინება აუცილებელია.

არსებოს ერთი მნიშვნელოვანი “მაგრამ”. რაკი საბჭოთა კავშირის დაშის შემდეგ საპასუხისმგებლო ვალდებულები თავის თავზე რუსეთმა აიღო და ვალები მან გაისტუმრა, ცხადია მას გარკვეული პრივილეგია აქვს. ეს კარგად ესმით რუსეთში და ამიტომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პოლიტიკური კომპონენტი ამ ეტაპზე საერთოდ არ განიხილება. უფრო მეტიც, მგონია, რომ ეს საკითხი არც მომავალში განიხილება და სწორედ ამაშია ახალი მოდელის უნიკალურობა: ის იქნება რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა; დსთ-სთვის უჩვეულო, ნორმალური, ცოცხალი, მოქმედი თანამეგობრობა.

მას გააკონტროლებს პარლამენტი – ასამბლეა და ჩვენ ადრე, თუ გვიან ამ აზრამდე მივალთ.

– რა პრინციპით მოხდება ამ ასამბლეის ფორმირება?

– თუ ტერიტორიის პრინციპით “წრეებს შემოვხაზავთ”, რუსეთი ბუნებრივი მიზეზებით სრულად ჩაყლაპავს ამ ორგანოს. იგივეა მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მონაწილე ქვეყნების მოსახლეობაზე ორიენტირება. ამიტომ ეს ორი ვარიანტი განზე გადის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ტკივილების ატანა მოგვიწევს, რაც ევროკავშირმა განიცადა. როგორც სჩანს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემთხვევაში ეს იქნება მონაწილე-სახელმწიფოების სპეც.წარმომადგენლობები, რომლის რაოდენობაც ეკკ-ს ძირითადი პრინციპის პროპორციული იქნება: ერთი ქვეყანა – ერთი ხმა. ეს სამართლიანია, რადგანაც საუბარია თანამეგობრობაზე, დამოუკიდებელი სახელმწიფოების ბლოკზე.

გარდა ამისა, საჭირო იქნება ევრაზიული ეკონომიკური კომისიის რეფორმირება. მისი ამჟამინდელი სახით დატოვება ოპტიმალურ ვარიანტად არ მესახება. უნდა შეიქმნას უფრო სამუშაო განწყობა. თუმცა, ისევ უნდა გავითვალისწინოთ ბრიუსელის ბიუროკრატიიის ფორმირების გამოცდილება და არ გავიმეოროთ ეს გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება ვითრება, როდესაც რუსეთი ბუნებრივი სახით ეცდება სხვებზე დომინირებასა და ზემოქმედებას. რუსეთში ეს შესანიშნავად ესმით და ცდილობენ მოვლენების ამგვარად განვითარებას თავი აარიდონ.

– სხვის შეცდომებზე ჭკუის სწავლა საკმაოდ რთულია…

– კი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. საერთოდაც, ამ მოდელის შექმნით ჩვენ აბსოლუტურად ახალი გზით მივდივართ. ამიტომაც, სხვათა შორის, ისე სწრაფად ვერ მივდივართ, როგორც გვსურს. ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა ევრაზიული კავშირის შექმნის სახელმძღვანელო რომ გვქონდეს და მის მიხედვით შეგვეძლოს დაბალანსებული სამუშაო მოდელის სიჩქარეზე აგება, მაგრამ ასეთი რამ არ გვაქვს და ეს კარგიც არის, რადგანაც ჩვენ გარკვეულწილად ვიმეორებთ რუსეთის იმპერიის განვითარების გზას, თუმცა სულ სხვა ხარისხით. ეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტს საშუალებას მისცემს არ დაიშალოს რაიმე გარე და შიდა წინააღმდეგობრიობის გამო, პირიქით საჭიროების შემთხვევაში მობილიზების, ან “დასვენების” საშუალებას მისცემს.

– უახლოეს მომავალში ევრაზიული კავშირის პოლიტიკურ კომპონენტზე აქცენტი არ გაკეთდება?

– აქცენტი სამხედრო კომპონენტზე გაკეთდება, რომელიც პოლიტიკურს შეცვლის. მაგალითად, აუცილებლად შეიქმნება ერთიანი მთავარსარდლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს. ევრაზიის სამხედრო ორგანიზაციის პროტოტიპად შესაძლოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ჩაითვალოს, რომელიც ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ არ “განლაგებულა”. ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმი იმით არის ფასეული, რომ გამორიცხავს განსხვავებულად მოაზროვნეების ჩახშობას და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაკეტი, რომელიც სადღაც იქ დევს და რომელიც პედაგოგიური მიზნებით რამდენჯერმე გამოვიყენეთ. როგორც ნატო. დღეს, მაგალითად, რუსეთსა და თურქეთს შორის ომი შეუძლებელია, რადგანაც თურქეთი ნატოს წევრია. სწორედ ასევე თითქმის არავინ მოისურვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ-ქვეყანას, იმიტომ რომ იციან: ყველა დაირაზმება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია – აი, ასეთი ანალოგია, სამწუხაროდ, გზების გლობალური გადაკვეთის (რომელიც, სხვათა შორის ნატოშიც არის) გამო რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აღიქვამენ პანაცეად და რუსეთი ნატოში აშშ-ს ბედის გამეორებას რისკავს – ყოველმხრივი დომინირების მცდელობით.

– რუსეთი და სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შემადგენლობაში არიან, ისევე, როგორც აშშ და ლატვია ნატო-ში.

– ვითარების ამგვარად განვითარებას თავი უნდა ავარიდოთ, რადგანაც ნატოსა და ევროკავშირის სახით კარგი მაგალითები გვაქვს.

– ანუ, თქვენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიკვიდაციასა და მის ადგილზე ახალი, ევრაზიული პროექტისთვის შედარებით შესაფერისი ორგანიზაციის შექმნას პროგნოზირებთ?

– ვერ ვიტყვი, რომ საუბარია ლიკვიდაციაზე. პოლიტიკური კავშირის ნაცვლად მივიღებთ სამხედროს, რომელიც შედარებით მწვავე, ევრაზიული სივრცის წინაშე არსებულ პრობლემებს გადაჭრის.

– გამოსავლად მივიღებთ “ეკონომიკურ ნატოს”?

– აბსოლუტურად მართალია.

– არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ რუსეთი, რომელიც ევრაზიული პროცესების ლოკომოტივის როლს ასრულებს, დასავლეთს უთმობს ადგილს იგივე ევრაზიულ სივრცეში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მტკიცება უკვე ცნობილია და პირადად მე მიმაჩნია, რომ ამის უკან დგას ევრაზიელი ფუნქციონერების სურვილი, არ ისაუბრონ ევრაზიული კავშირის პრობლემებზე. ისინი კი ბევრნი არიან – რუსეთ-ყაზახეთის ელექტრონული რყევები, რუსეთში სანქცირებული საქონლის ბელორუსული რეექსპორტი და ა.შ. როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში, რამ გამოიწვია ეს პრობლემები და მეორე – როგორ უნდა მოგვარდეს? ისინი სისტემურია, თუ უბრალოდ ასეთი ეტაპია?

– ჯერ ვისაუბრებ ინფორმაციული ომისა და მასში რუსეთის პოზიციების შესახებ. დიახ, ეს ოდესღაც იყო. მაგრამ ინერტული აზროვნება არ აძლევს უფლებას ადამიანებს გვერდი აუარონ ამ სტერეოტიპს. გაიხსენეთ 2008 წელი, როდესაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს ჩვენ მართლაც ვიდექით და არაფერი გაგვიკეთებია (ინფორმაციული თვალსაზრისით – რედ.). გაიხსენეთ 2009-2010 წლები, როდესაც დასავლეთი, იგივე ევროპელები, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ მიხვდნენ იმავეს, რასაც ჩვენ. ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ ამას 2-3 წელი დასჭირდა. ახლა მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად ბევრად უფრო ნაკლები დროა საჭირო. ცხადია, ვითარებას ამწვავებს ის, რომ მსოფლიო მასშტაბის მედიარესურსების მნიშვნელოვან ნაწილს აშშ აკონტროლებს. ეს ფაქტია. მარტო რუსეთში ასეთი რესურსების თითქმის მესამედსაც აშშ აკონტროლებს. ამასთანავე, შტატებში მასმედიაზე აბსოლუტური კონტროლია და ის სრულად ემორჩილება სახელმწიფო სტრუქტურებს.

რუსეთის დადანაშაულება ყოველთვის შეიძლება იმაში, რომ ის ინფორმაციულ ომს აგებს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საბჭოთა კავშირის გამოცდილება. ასეთ ბრალდებებს ყოველთვის ვპასუხობთ: “დიახ,ზოგჯერ ვაგებთ, ზოგჯერ ვიგებთ”. მაგალითად, სირიასთან დაკავშირებულ ვითარებაში ჩვენ არც ისე ცუდად ვაწარმოებთ ომს, თანაც ისე, რომ ევროპასა და ამერიკაში ზარებს რეკენ და ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ ინფორმაციულ ომს აგებენ.

– რაც შეეხება პრობლემებსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა რყევებს…

– ასეთი რყევები და კონფლიქტები ყველგან იქნება. უფრო მეტიც, ისინი შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც. ეს საშიში არ არის, რადგანაც საშუალებას იძლევა ევრაზიული კავშირი მომავალში შედარებით უფრო ადაპტირებული გახადოს. ასეთი კონფლიქტები მოცემულ ეტაპზე არ გამოიწვევენ ერვაზიის ეკონომიკური კავშირის დაშლას. პირიქით – გაამყარებს, რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნები ერთად ცხოვრებას სწავლობენ.

რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესეს. ბელორუსი და ყაზახეთი ამბობენ: “ეს როგორ, ჩვენ ხომ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ ხომ ამას და იმას ვკარგავთ”. ამის პასუხად რუსეთში მოთმინებისაკენ მოუწოდეს. გავიდა გარკვეული დრო და ბელორუსმა და ყაზახეთმა რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვეს მიყენებული დისკომფორტისთვის. მაგრამ ცოტა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ თავად შეუძლიათ საკუთარი ზარალის ანაზღაურება. უბრალოდ მათ ეს ჰიპერთროპირებული ფორმით გააკეთეს, რაც ცხადია რუსეთის ეკონომიკაზე აისახებოდა. პრობლემების მეორე ტალღა წარმოიქმნა მაშინ,როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: ” ბიჭებო, მოდით შევამციროთ ზემოქმედება”. ეს უკვე მორალურ-ეთიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ნორმებს სცდებოდა. ამგვარი რამ საშიში არ არის და კარგია, რომ მათი გამოჩენისას ევრაზიული კავშირი დაშლისკენ არ მიდის. პირიქით, ის ტრანსფორმირებას განიცდის და ადამიანები, ქვეყნები, სახელმწიფოები იწყებენ ახალი ვითარებიდან შედარებით უფრო ინტენსიური გამოსავალის ძიებას. კავშირი ჯანსაღდება და შედარებით ხარისხიან, ახალ დონეზე გადადის.

– რის თქმა შეგიძლიათ შედარებით უფრო აქტუალური საგარეო გამოწვევებზე? დამკვირვებლები ძირითადად მიანიშნებენ “ისლამურ სახელმწიფოზე” (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო – რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია – რედ.), დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ ეკონომიკურ ექსპანსიაზე, რესურსების ამოწურვაზე და ა.შ.

– დავიწყოთ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოთი – ის ისეთივე საფრთხეა, როგორიც ებოლას ვირუსი იყო. ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ძირითადად ვირტუალურად არსებობს. ჩემი ინტუიცია მკარნახობს, რომ როგორც კი დაასრულებს ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო იმ როლის შესრულებას, რომელიც მას მისცეს ( აღარ იქნება საჭირო მიგრაციული ტალღა ევროპაში, როდესაც კოლექციონერები აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში თავიანთ კოლექციას რეგიონიდან მიღებული სასურველი შედეგით შეავსებენ, როდესაც საჭირო აღარ იქნება ტურბულენტობა ნავთობის ბაზარზე, როდესაც განადგურდება გარკვეული სახელმწიფოებრივი სისტემები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და ყველა მიხვდება, რომ ბრძოლას ვაჭრობა სჯობია.) მაშინვე გაქრება ის. მას იგივე ბედი ეწევა, რომელიც ოდესღაც “მრისხანე” ალ-ქაიდას, რომელიც რაღაც მომენტში გაქრა მსოფლიო არენადან და გადაიქცა ლოკალურ, უინტერესო ორგანიზაციად.

ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო პროცესების სტიმულატორია და როდესაც პროცესი სრულდება სტიმულატორის საჭიროებაც ქრება. ამით აიხსნება ფაქტი, რომ ე.წ. ფართო კოალიცია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მთელი წლის განამვლობაში ბომბავდა, ის კი თავის გავლენის ზონას ზრდიდა. მაგრამ მოვიდა რუსეთი, რომელსაც ეს სტიმულატორი არაფერში სჭირდება და ვითარება საპირისპიროდ შეატრიალა. ყველა იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების მოქმედებებმა მნიშვნელოვნად მოაწესრიგეს ვითარება სირიაში, დაიწყო გამოჯანმრთელების პროცესი. მაგრამ მაშინვე იჩინა თავი ჩამოგდებული სუ-24-ის შედეგებმა, რუსეთის მიმართ ისლამური სახელმწიფოს მუქარამ და ა.შ.

– თუ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ვირტუალური ფეიკია, მაშინ მისი რატომ ეშინია ყველას?

– მისი ძირითადად ამერიკისა და ევროპის მკვიდრთ ეშინიათ, რადგანაც არ იციან რას წააწყდნენ და რა არის ეს. ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო არის იდეა, დასავლეთში კი ახლა იდეა არ არსებობს. საზოგადოების ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არის იდეის კრიზისი. სად არის “ამერიკული ოცნება”? ის არ არსებობს. მან საკუთარი თავი გადასანსლა და ამას თავად ამერიკელებიც აღიარებენ.

– რუსეთში არ არის იდეების კრიზისი?

– რუსეთის იდეა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში, გენერალურ ასმბლეაში და ყველგან სთავაზობს, არის სამართლიანობისა და საერთაშორისო ნორმების დაცვის იდეა. ეს მოქმედებს, რადგანაც თუ შევადარებთ გაეროს ხუთი წლის წინანდელ გენერალურ ასამბლეას დღევანდელთან, ორ დიდ განსხვავებას დავინახავთ. თუ ადრე აშშ მას თავის ჭკუაზე ატრიალებდა და მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს მიაღებინებდა, დღეს ასე არ არის.

მაგრამ აქაც, ისევე, როგორც ყველგან, ყველაფერი იდეალურად არ არის. აქაც არის დადებითი და უარყოფითი მხარეები: უარყოფითია ის, რომ არსებობს ჰეგემონიზმის გაზრდის საშიშროება, რომლისკენაც რუსეთს აშშ ძალიან აქტიურად და წარმატებით უბიძგებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი შტატების “მეორე გამოცემა” გახდება, რაც მართლაც სერიოზულ პრობლემად იქცევა, მით უფრო რომ რუსეთის საზოგადოების პრივილეგირებულ წრეებში მსგავსი სიმპტომები უკვე შეინიშნება: გარკვეული შოვინიზმი, უფროსი ძმის მიერ “უმცროსებზე” ზემოდან ყურება და ა.შ. ეს ცუდი და საშიშია. საჭიროა დროულად შეჩერება, რათა გავლენის მეორე ცენტრად არ გადაიქცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვებს ჩვენ დაგვიშენენ, როგორც ეს საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მოხდა.

დადებითი მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი მსოფლიო სისტემა აგებულია ორცენტრიანობაზე. კაპიტალისტური სისტემაც არსებობდა და კომუნისტურიც, რომლებიც ბრძოლაში განვითარდნენ. კომუნისტური განადგურდა, იმიტომ რომ მასში დეფექტები დასაწყისიდანვე არსებობდა, ხოლო კაპიტალისტურმა სპარინგ-პარტნიორის დაკარგვის შემდეგ განვითარება შეწყვიტა და გადაგვარების ფაზაში გადავიდა. სწორედ ამიტომ ჩნდება “ისლამური სახელმწიფოები”, ხდება “უკრაინა”, აფურთხებენ საერთაშორისო უფლებებს, წარმოიშვება სამართლებრივი ნიჰილიზმი, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ყველა წესების გარეშე იწყებს თამაშს. ბოლოს კი იგებს ის, ვინც სხვებზე ძლიერია. იწყება ქაოსი და ეს ქაოსი სისტემის შეცვლის, მისი ხელახლა დაბადების მიზეზი ხდება.

– ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებით გასაგებია. კიდევ რა საფრთხეები არსებობს?

– ყველაზე სერიოზულ საფრთხედ სწორედ ამოწურული რესურსები მიმაჩნია. ეს სერიოზული საფრთხეა, მაგრამ განსაკუთრებული პესიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ. გასაგებია, რომ საჭიროა ტექნოლოგიური წყობის სრულად შეცვლა ევრაზიის სივრცეში. ის შედარებით უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს, რათა ბუნებრვი რესურსების ნაკლები მოხმარებისას სასაქონლო წარმოების სასარგებლო მოქმედებების კოეფიციენტი გაიზარდოს. მაგრამ ამ საფრთხეს დადებითი მხარეც აქვს – ზრდის ტექნოლოგიურობას და რესურსების წყაროების დაკარგვის პერსპექტივების კონტექსტში თავად რესურსი უფრო ძვირფასი ხდება. ამ შემთხვევაში ნავთობის მაღალ ფასს ვუბრუნდებით.

არსებობს ასევე დეზინტეგრაციის საფრთხე, რომელიც მთელ ევრაზიულ სივრცეშია აქტუალური. უძველეს რომაულ პრინციპს: “დაყავი და იბატონე” აქტიურად და ეფექტიანად იყენებენ პოსტაბჭოთა სივრცეში. ეს უნდა დავინახოთ და ამას ვებრძოლოთ. მაგალითად, უნდა აიკრძალოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დესტრუქციული ხასიათისაა. ხომ ვკრძალავთ დესტრუქციულ სექტებს? რატომ არ შეიძლება დესტრუქციული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა? ამის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა ძალზედ მარტივია და განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური ნება.

– თქვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში დეზინტეგრაციის საფრთხეზე საუბრობდით. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ სივრცეში, საქართველოს ნატო-ში სურს, სადაც უკვე არიან ბალტიისპირელები, თურქმენეთი რუკაზე დაიკარგა, აზერბაიჯანი შტორმს უმკლავდება და ა.შ. როგორია ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა?

– როდესაც ვიღაც სადღაც მიხოხავს, იმდენს ხოხავს, რამდენიც შეუძლია. სამწუხაროდ, ყველაზე შორს უკრაინა გახოხდა, რადგანაც საკმაოდ ბევრი რესურსი ჰქონდა. იგი დიდხანს წვავდა ამ რესურსებს მაიდანზე. მაგრამ რაც უფრო მეტ რესურს წვავ “სადღაც არასწორი მიმართულებით ხოხვაში”, მით უფრო მტკივნეული იქნება გამოღვიძება. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ფერადი რევოლუციების ვირუსმა დაამარცხა. ეს არ არის პოლიტიკური წითელი სიტყვა, არამედ რეალური ტერმინი, რომელიც აღწერს პოლიტიკური სისტემის ტექნოლოგიურ დაავადებას, რომელიც მას სრულიად უსაგებლოდ აქცევს. ზუსტად ასეთივე რევოლუციები მოხდა ლიბიაში, ერაყში, ავღანეთში და ვხედავთ, როგორ განადგურდნენ ეროვნული სახელმწიფოები. გარდა ამისა, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რაღაც დონით ყირგიზეთშიც ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა. ინტენსიურობა სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ პროცესები ერთგვარი მოდელით მიმდინარეობდა და ეს გასაოცრად წააგავს იმას, რაც საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების ბოლოს მოხდა. ეს პოლიტიკური დაშლა იყო.

ამ ქვეყნებმა იგივე გამოსცადეს, ოღონდ თავიანთი ლოკალური სისტემის ფარგლები. გასაოცარია, მაგრამ პირველი ყირგიზეთი გამოფხიზლდა, რომელიც ახლა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირშია. არ ვიცი, იქნებ ადგილობრივ ელიტას წინათგრძნობა დაეხმარა, ან სიამაყემ გონიერებას დაუთმო ადგილი, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ ის გზა არსად მიდიოდა. ამგვარად, ფერადი რევოლუციის შედეგების სრული ხიბლის შეგრძნობით ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა. ჩემის აზრით, “ყირგიზული ეპიზოდი” – კარგი მაგალითია ფერადი რევოლუციის პრობლემატიკისა და დეზინტეგრაციული პროცესების განსახილველად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და სხვა, რომლებსაც ეს ვირუსი შეეყარათ. ისინი თავადაც მივლენ სწორ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ჯერ-ჯერობით გვერდზე ხოხავენ და რაც უფრო შორს გახოხდებიან, მით უფრო გაუჭირდებათ უკან დაბრუნება.