ზამთრის პირველი თვის, პირველი დღე თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალის დატვირთული კვირეულით დაიწყო. რიგით მეთქვსმეტე კინოფესტივალმა წელს 60-მდე უცხოელ სტუმარსა და 40-მდე ქვეყნის 120-მდე ფილმს უმასპინძლა. დედაქალაქის კინოთეატრებში მსოფლიო კინოშედევრების ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა გვითხრეს, ბილეთების დიდი ნაწილი წინასწარ გაიყიდა.

წლევანდელი კინოფესტივალი მრავალფეროვანი იყო თემატურადაც. მართალია წელს იგი ქალთა პრობლემებზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ სხვა თემებიც გაიშალა, კერძოდ, კინო და სოციალური ცვლილებები, სპეციალური ჩვენებები და რაც მთავარია გერმანელი პროდიუსერის მარჯორი ბენდეკის, ამერიკელი რეჟისორი მაიკლ ჰოფმანის, ფესტივალების დირექტორი აშშ-დან რიჩარდ პენიას, მაღალტირაჟანი პოლონური გაზეთის “ვიბორჩას” მთავარი რედაქტორის ადამ მიხნიკისა და სხვების მასტერკლასები.

საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში წელს მეორედ გაიმართა “ქართული ფორუმი”, სადაც მაყურებელის სამსჯავროზე, ქართული კინემატოგრაფიის მთელი წლის ჭირნახული გამოიტანეს. 19 ფილმს შორის იყვნენ სადებიუტო ნამუშევრებიც და ისეთებიც, რომლებმაც უკვე მოიპოვეს გარკვეული წარმატება მსოფლიოს სხვა დიდ, თუ პატარა კინოფესტივალებზე.

როგორც Dalma News-ს ფესტივალის პიარმენეჯერმა სოფო ჩხაიძემ განუცხადა, თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალი დიდი ყურადღებით ეკიდება ქართული კინოს სიახლეებს და ყოველწლიურად მაყურებელს წარუდგნენ უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ, ფილმებს. თბილისის კინოფესტივალმა ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

თბილისის 13-14 ივნისის ტრაგედია, როდესაც მდინარე ვერეს ადიდებამ დედაქალაქს დამანგრეველი მატერიალური ზარალი მოუტანა, გაანადგურა თბილისის ზოოპარკი და ადამიანების სიცოცლე შეიწირა, ახალგაზრდა რეჟისორის ლევან შუბაშვილის ობიექტივის მიღმა ვერ დარჩებოდა. თავად ლევანი 2013 წელს ვიდეო ასისტენტად მუშაობდა რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან მხატვრულ ფილმზე “სიმინდის კუნძული”.

ფილმის მწარმოებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფილმის მწარმოებელია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოკლემატრაჟიან ფილმში “დახშული სივრცე” რეჟისორი მოგვითხრობს 13 წლის ლუკა ტატიშვილის შესახებ, რომელიც ზოოპარკში მოხალისედ მუშაობდა, სკოლის შემდეგ თითქმის ყოველდღე დადიოდა ზოოპარკში, უვლიდა ფრინველებს, ცხოველებსაც ხშირად აკითხავდა. ზოოპარკი იყო ის ადგილი, რომელიც ლუკას საცხოვრებელი კორპუსების დახშული სივრციდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდა. და აი, 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქს უბედურება დაატყდა. სტიქიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ზოოპარკი განადგურდა. უამრავი ცხოველი და ფრინველი დაიხრჩო. ზოოპარკის ბინადართათვის საბედისწერო აღმოჩნდა ის დახშული სივრცე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

რეჟისორმა ვანო ბურდულმა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი ორწლიანი კურსები 2006 წელს მოსკოვში გაიაგა. ფესტივალის “ქართულ პანორამაში” შესულია მისი ფილმი “გაყინული შადრევნების წლიწადი”, რომლის სცენარის ავტორიც თავად არის. ფილმში ირლანდიელი უცხოელი ფოტოჟურნალისტის თვალით დანახული თბილისური ისტორიები ვითარდება. მის როლს ცნობილი ლიტველი მსახიობი ანდრიუს პაულავიტიუსი ასრულებს.

ფილმის მთავარი გმირები სხვადასხვა ასაკის რამდენიმე წყვილი და მარტოხელა ადამიანები არიან. ყოველი მათგანი ეძებს სიყვარულს. ისინი ცხოვრობენ თბილისში და მათი ცხოვრება მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან, მაგრამ ხანდახან არც კი იციან ამის შესახებ. სხვადასხვა დროს, ყოველ მათგანს აგონდება განუმეორებელი მოვლენა, როდესაც ზამთრის ერთ ღამეს ქალაქის ყველა შადრევანი ერთდროულად გაიყინა. ეს ლამაზი სანახაობა დიდი ხნით ჩაიბეჭდა მათ მეხსიერებაში.

16 წლის სომეხი ბიჭისა და მისი თანატოლი რუსი გოგონას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს ახალგაზრდა რეჟისორი, 28 წლის ტატო კოტეტიშვილი თავის 15 წუთიან ფილმში “ოგასავარა”. ტატომ თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 2007 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა პოლონეთის ნაციონალურ კინოსკოლაში განაგრძო.

სოფელი გორელოვკა ქართული, რუსული და სომხური ეთნიკური ჯგუფებით არის დასახლებული. იქ მაცხოვრებლებს კი სხვადასხვა ენა, რელიგია და ტრადიცია აქვთ. ფილმი მოგვითხრობს სომეხი ბიჭის – მურატისა და რუსი გოგოს – მაშას სიყვარულის ისტორიას.

ოჯახური ძალადობის თემაა განხილული რეჟისორ ზურაბ ინაშვილის ფილმში “ხმა ამოიღეთ!”. ფილმის მასალად გამოყენებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების ნაამბობი, რათა უკეთ გამოვლინდეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.

სცენარის ავტორი თავად ზურაბ ინაშვილია. მისი აზრით, ადამიანებმა უნდა აღიარონ, რომ ოჯახური ძალადობა პირველ რიგში დანაშაულია და მას არანაირი გამართლება არ აქვს. ის ეხება ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა თუ მრწამსისა. “ეს არ არის კერძო ხასიათის, არამედ სოციალური პრობლემაა და მას უნდა ვებრძოლოთ, როგორც ეპიდემიას”, – აცხადებს 67 წლის, პროფესიით ჟურნალისტი, კინორეჟისორი ზურაბ ინაშვილი.

ფილმი საავტორო ფილმების სტუდიის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროდუქციაა.

პირველი საფესტივალო დღე დაიწყო გერმანელი რეჟისორის ფოლკერ შლონდორფის ფილმით “ბაალი”, რომელიც გვთავაზობს ბერტოლტ ბრეჰტის გვიანდელი ექსპრესიონიტული პერიოდის ნამუშევრის ეკრანიზაციას და მოქმედება უფრო ახალ დროში გადმოაქვს. როდესაც ფილმი დასავლეთ გერმანიის ტელევიზიით აჩვენეს, ბრეჰტის ქვრივმა ჰელენ ვაიგერმა მისი ჩვენების აკრძალვა მოითხოვა და იმ მოტივით, რომ ფილმში არაადექვატურადაა ასახული იმ ეპოქის სოციალური ვითარება.

ანარქისტი პოეტი ბაალი სხვენში ცხოვრობს და თავის ლექსებს ტაქსის მძღოლებს უკითხავს. ბურჟუაზიული საზოგადოება ჯერ აღფრთოვანდება მისით, მაგრამ შემდეგ უარყოფს. ბაალი დაეხეტება ტყეებში, მაგისტრალებზე და სასმელს, სიგარეტს, ქალებსა და მამაკაცებს დაუოკებლად ეძებს. ის ზედმეტ ტვირთად მიიჩნევს, მისგან დაფეხმძიმებულ ახალგაზრდა მსახიობ ქალს და მას კლავს. თვითონაც მარტოობაში კვდება.

ფილმის თემაა ახალგაზრდული იმპულსურობა და ჩაგვრის მიმართ სიძულვილი, ასევე, გენიოსის კულტი და სექსუალური მორალი. ამ ფილმში რაინერ ფასბინდერი ბაალის როლსაც ასახიერებს და საკუთარ თავსაც. მას თავს ეხვევიან მსახიობები, რომლებიც შემდგომში მის ფილმებში მიიღებენ მონაწილეობას.

სექციაში “ევროპული კინოს ფორუმი” 22 ფილმი იყო წარმოდგენილი. მათ შორის გამოვყოფ რუსეთ- გერმანია- შვეიცარიის ერთობლივ ნამუშევარს “მარიონეტის სინდრომს”, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

პეტიას ბავშვობიდან ხიბლავდა მარიონეტების სამყარო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იტაცებდა გოგონა, სახელად ლიზა. ის მისგან სრულყოფილ ქალს ქმნის. მაგრამ ლიზა რეალური ქალია და ბოლომდე ვერასდროს დაემორჩილება პეტიას. მათი სიყვარული უსასტიკესი გამოცდის წინაშეა – დაეღულებათ შვილი, რომელიც მძიმე გენეტიკური სნეულება აქვს. ლიზა განცდებშია, პეტია კი ახალ მუზას – დახვეწილ თოჯინა ალისას ქმნის. პეტიამ უნდა აირჩიოს – ლიზა ან ალისა, ცხოვრება ან ხელოვნება. ის ერთმანეთს უპირისპირებს თავის ნიჭს და ბედისწერას.

თბილისის კინოფესტივალი ცდილობს, პატივი მიაგოს დამსახურებულ ქართველ კინომოღვაწეებს. “სპეციალურ ჩვენებაში” წარმოდგენილი პროგრამით სხვადასხვა დროს აღინიშნა ნატო ვაჩნაძისა და მიხეილ კალატოზიშვილის 100 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის 80 წლის იუბილე, მიხეილ კობახიძისა და ირაკლი კვირიკაძის 70 წლის იუბილე.

პრომეთე მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ჰარუთიუნ ხაჩატრიანი და ლანა ღოღობერიძე
პრომეთე მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ჰარუთიუნ ხაჩატრიანი და ლანა ღოღობერიძე

წელს ეს სექცია გახსნა სომეხი რეჟისორის ჰარუთინ ხაჩატრიანის ფილმმა “დაუსრულებელი გაქცევა, მარადიული დაბრუნება”. მასთან ერთად სექციაში წარმოდგენილი იყო ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, მარტა ფაინსის “ონეგინი”, თურქი რეჟისორის ოსპან ალპერის “ქარის მოგონებები” და ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერა”.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში იმართებოდა და ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. 2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა. რამდენიმე თანამოაზრემ კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსეს, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს “პრომეთემ” ფესტივალი დამოუკიდებლად ჩაატარა. დროთა განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებიც დაინტერესდნენ და 2004 წელს კერძო სპონსორებთან ერთად, კინოფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას. ორგანიზატორებს სურთ, კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ადგილად იქცეს. მატულობს ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც.

შორენა პაპაშვილი