საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ თავის ტკივილად მისსავე ავტორებს ექცა. ერთი მხრივ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები შეშფოთებული სახეებით იმეორებენ, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზაზე შეაფერხებს, მეორე მხრივ კი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლის საშუალება აღარ ექნებათ და იძულებულნი გახდებიან სასწავლებლად არა ევროპაში ან ამერიკაში, არამედ მოსკოვში წავიდნენ. ასეთი აპოკალიფსური სურათის ფონზე „ქართული ოცნება“ ბოლო სიტყვას ვენეციის კომისიისგან ელოდება, სადაც კანონპროექტის ტექსტი განსახილველად გაგზავნეს.

„ქართული ოცნება“ ამაოდ ითხოვს კანონპროექტის შინაარსის პუნქტობრივ განხილვას, როგორც საპარლამენტო ოპოზიციისგან და მთლიანად ქართული საზოგადოებისგან, ისე ევროპელი დიპლომატებისგან. შინაარსობრივი განხილვა არ აინტერესებთ არც მანიფესტანტებს, რომლებიც ამერიკული FARA-დან გადმოქართულებულ, შერბილებულ ვერსიას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და აპროტესტებენ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი მანიფესტანტებს ჰპირდება, რომ კანონს ვეტოს დაადებს. „ოცნებაში“ გეგმავენ, ვეტოს დაძლევის 2-კვირიანი პერიოდი ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოიყენონ, რომ ამ კანონით საქართველო უარს კი არ ამბობს ევროკავშირზე, არამედ სურს ქვეყნის დაცვა გარედან დაფინანსებული ფერადი რევოლუციებისგან.

პრობლემა, რომელიც „გამჭვირვალობის კანონპროექტმა“ მართლაც გამოავლინა არის ის, რომ ახალგაზრდა თაობასთან „ოცნებას“ ხიდები არა თუ არ აქვს, არც კი ჰქონია გადებული, მაშინ, როდესაც პატიმარი სააკაშვილის ხელისუფლების იდეოლოგები დღემდე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობენ.

… და აი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიმართლეს თვალი გაუსწორა და აღიარა, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალების გარდა, ქუჩის აქციებზე გულწრფელი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი დგას, ამიტომ ღია წერილით იმ გულწრფელ ნაწილს მიმართა, რომელთა ასაკი თავადვე განსაზღვრა – 25-27 წელი.

მთელი წერილი პირობითად ერთი ახალგაზრდის ფეისბუქ აქტივობის განხილვაა, თუ როგორ მიჰყვება იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, მოქცეულია რადიკალების იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ და არაფრად აგდებს „ქართული ოცნების“ კონტრარგუმენტებსა და მიღწევებს ევროკავშირის გზაზე.

„იმდენჯერ დაწერა ფეისბუკში, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, 2020 წელს „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი – „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა. ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკო-მ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა „ნაცების“ აქციაზე, რომელიც ცესკო-ში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკო-ში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა“, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის წერილში.

ასევე პრემიერი აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებში, რომლებიც თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან იმართება, სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, ძირითადად არიან „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც, კობახიძის თქმით, ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს.

პრემიერის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზის”. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები – „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს.

წერილში პრემიერ-მინისტრი შეეხო შარლ მიშელის შეთანხმებასაც და „გულწრფელ ახალგაზრდას“ უსაყვედურა ის, რომ 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას, მაგრამ საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.

„მოკლედ, გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს – ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა“, – წერს კობახიძე.

მისივე წერილის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე „გულწრფელი ახალგაზრდის“ ფეისბუქ აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. თუმცა, მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა სიმულანტობა შეწყვიტა.

ამის შემდეგ „გულწრფელმა ახალგაზრდამ“ უკრაინაში ომის პირველივე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს არის, თუმცა შეცდომის აღიარება არ სურს.

„ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა”, – წერს ირაკლი კობახიძე.

მისი აზრით, გულწრფელობას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. “ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი კი რუსულ ტანკზე უარესია”, – წერს კობახიძე.

ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრის რამდენიმეგვერდიანი წერილის ერთგვარი შეჯამებაა 1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. თუმცა თავად პრემიერ-მინისტრი ვის მოიაზრებს ილიას ადგილას დღეს, უცნობია.

„როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“, – ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის წერილში.

უფრო გონივრული ხომ არ იქნებოდა, ვრცელი წერილის დაწერის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი იმ გულწრფელი ახალგაზრდების წარმომადგენლებს შეხვედროდა, რომლებიც არც ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის გამო არ დგანან აქციებზე, ასეთები კი მართლაც ბევრნი არიან.

Рамаз Сакварелидзе

როგორც Dalma News-თან საუბრისას ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, როდესაც ადამიანი ავად ხდება, მიდის ექიმთან, შესაბამისად, როცა ქვეყანაში პრობლემა ჩნდება, საჭიროა სპეციალისტების აზრის მოსმენა.

“თუ არსებობს პრობლემა, უნდა გადაწყდეს ასე, პრემიერმა შეკრიბოს სპეციალისტების ჯგუფი: ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები, ახალგაზრდებთან მომუშავე ლექტორები და მათი დახმარებით დასვას დიაგნოზი, რა მდგომარეობაა და რა ნაბიჯებია გადასადგმელი. ასე პირდაპირ შუბლით შეჯახებამ შეიძლება უარესი შედეგი მოიტანოს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ახალგაზრდის ბუნებას წინააღდეგობა ბიოლოგიურად ახასიათებს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ ახალ თაობას “ნაციონალები” მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე “ქართული ოცნება”, რომ მთელი რიგ უმაღლეს სასწავლებლებში ნაციონალები ცდილობენ სტუდენტებთან თავისი პოზიციის გატარებას. არის კიდევ ერთი თავისებურება. თვითონ ახალგაზრდებს ოპოზიციისკენ უფრო მიუწევთ გული. ახალგაზრდული ბუნებაც ხომ თავისთავად ოპოზიციურია? თვით ევროპაშიც, ნებისმიერი მემარცხენე ტიპის განწყობა გამოძახილს პოულობს ახალგაზრდებში.

როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, მემარცხენეობა ცუდი არ არის, მაგრამ ბოლშევიკების ტიპის მემარცხენეობა უკვე, შესაძლოა ცუდი აღმოჩნდეს.

“ხელისუფლება ახსენებს აკერმანის სცენარს, რომელში ახალგაზრდებიც ფიგურირებენ. აკერმანის სცენარები ინერპარტიული ბრძოლის ინსტრუმენტია. იქამდე იყო შარპი, რომელიც იმავე ამოცანის გადაწყვეტას ისახავდა მიზნად. 2003 წელს რევოლუცია საქართველოში, უკრაინაში და არაბეთში შარპის სცენარებით მოხდა. ორივე სცენარი ერთნაირია. ფაქტია, რომ უკვე ამ იარაღით იბრძვიან პოლიტიკური ჯგუფები. ამას ემატება უცხოეთი, როგორც იარაღი. აღიარებს უცხოეთი შენს არჩევნებს? ხომ კარგი. არ აღიარებს და გარანტირებულია რევოლუცია შენს ქვეყანაში”, – განუცხადა Dalma News-ს რამაზ საყვარელიძემ.

ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ამბობს, რომ ისინი “ნაცხელისუფლების” დროს პატარები იყვნენ და მათი დანაშაულების შესახებ არაფერი იციან. რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს არცოდნაც არა ახალი თაობის, არამედ ძველგაზრდების ბრალია, რომელმაც ახალგაზრდას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.

“მომეჩვენა, რომ ხელისუფლება ფიქრობს გამოსავალზე. ისე, რომ ჩართო ამ გამოსავლის შექმნაში უცხოეთი. ამას დაემატა ევროკავშირის ელჩის რეპლიკა, რომ რამდენიმე კვირაში ვიპოვით გამოსავალს ამ კანონის ნორმალურად ჩამოყალიბებაშიო, ფიქრობს რომ შეთანხმდებიან ისეთ ვარიანტზე, სადაც იქნება როგორც ოცნების, ისე დასავლეთის თანხმობა”, – ამბობს საყვარელიძე.

არჩილ სიხარულიძე

ანალიტიკოს არჩილ სიხარულიძის აზრით, “ქართული ოცნების” პრობლემა ბოლო წლებში არის ის, რომ სრულად დაკარგეს საკუთარი ამომრჩევლის ნდობა და იქცევიან, არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ, როგორც მევახშეები.

“ვაჭრობა პოლიტიკის ნაწილია და არა მთლიანი პოლიტიკა. “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა ნდობა და ახლა ცდილობენ ხალხს შეახსენონ ის, თუ რატომ არიან ხელისუფლებაში, რომ ათწლიანი მშვიდობა, რომელიც გვაქვს, მათი დამსახურებაა. მაგრამ სამწუხაროდ, ამ 10 წლის განმავლობაში მათ არ იმუშავეს უნივერსიტეტებში, ახალგაზრდებთან, აკადემიურ წრეებთან, რაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა დააბანდა, ამას გამოაქვს შედეგი. “ქართული ოცნება” არის მძიმე მდგომარეობაში, თუმცა მაინც მგონია, რომ არჩევნებში მოიგებს, თუ ოპოზიცია იქნება იმ სახით წარმოდგენილი, როგორც დღეს არის“, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, ერთი მხრივ “ქართულ ოცნებას” აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა, თუმცა მეორე მხრივ მძიმე მდგომარეობა აქვთ ახალ თაობაში. ამ მიმართულებით კი მუშაობა არ მიდის. ანალიტიკოსის რეკომენდაციაა, მმართველმა პარტიამ საზოგადოებას იდეოლოგიური პლატფორმა შესთავაზოს.

შორენა პაპაშვილი