მწვავე საშინაო პოლიტიკური პროცესების ფონზე, 15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვასა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა და როგორ ირკვევა, ოფიციალურ თბილისთან ეს ვიზიტი არ შეუთანხმებიათ. შესაბამისი ინფორმაცია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებია.

საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ამ ფაქტს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, მათი აზრით, საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, კოლექტიური შემოტევაა.

“ჩამოდიან მიტინგის გასამხნევებლად, ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ. საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება ეს არის და ჰგონიათ, რომ ფერადი რევოლუციები უნდა მოუწყონ სახელმწიფოს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად ეწვევიან საქართველოს. ისინი მოდიან, როგორც საქართველოს და მისი ევროპული მომავლის უახლოესი და ერთგული მეგობრები.

“ოფიციალურ პირებთან და საზოგადოებასთან განვიხილავთ შეშფოთებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერს ბრაჟე.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იტყობინება, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, თავის ესტონელ, ისლანდიელ და ლიეტუველ კოლეგებთან – მარგუს ცაჰკნასთან, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად.

ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივად შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე, გეგმავენ შეხვდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

მათი მიზანია, საქართველოს საშინაო პოლიტიკური მოვლენების განხილვა, როგორიც არის “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მის საწინააღმდეგოდ დედაქალაქში მიმდინარე ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები.

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გვატყობინებს, ზემოთ აღნიშნული ოფიციალური პირები ასევე აპირებენ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ რეფორმების პროცესებზე.

“ასევე რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერებიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტია “ხალხის ძალის” ლიდერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლის მიზანია რადიკალიზმის მხარდაჭერა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა, ამიტომ მოუწოდებენ ხელისუფლებას იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას.

როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. რამდენიმე დღის წინ კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი.

“ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს “ნაციონალურ მოძრაობას” და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება”, – აღნიშნულია “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Депутат Бундестага Махаель Рот на акции протеста в Тбилиси

მათივე შეფასებით, ეს პოლიტიკოსები სრულიად არაევროპულ თავდასხმებს ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლებაზე. განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ “გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ პავილიონისმა ჯერ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო.

“ხალხის ძალაში” მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები არ უნდა შეხვდნენ ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებს.

“როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას”, – აცხადებენ „ხალხის ძალაში”.

ირაკლი კობახიძე

ამის საპასუხოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ინტერესების დაცვას.

რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა სადავო კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიესალმება „ხალხის ძალის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კი საერთაშორისო დიპლომატიურ ეტიკეტს გასცდება ამა თუ იმ ქვეყნის დიპლომატიური მისიის პირველი პირების განცხადებები და მიიღებს თავხედურ სახეს, შელახავს ქვეყნის სუვერენიტეტს, ასეთი პირების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოშვების საკითხი უნდა შეფასდეს შესაბამისი ინსტიტუტების – საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებს ურჩევს საკუთარი ქვეყნების პრობლემებით დაინტერესდნენ და არა საქართველოს საშინაო საკითხებით.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

„საქართველოში კოლექტიური ვიზიტების ნაცვლად მათ ვურჩევ, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნებით დაკავდნენ. ლიეტუვას მთავრობამ გადახედოს რას დაამსგავსეს ქვეყანა. 5-ჯერ ვარ ნამყოფი ამ ქვეყანაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში და ყოველ ვიზიტზე ვხედავდი, თუ როგორ ღრმავდებოდა დემოგრაფიული ზამთარი ლიეტუვაში. დამეთანხმება ნებისმიერი სტატისტიკური ლიეტუველი, რომ ქვეყნის ახალგაზრდობის 35% დღეის მდგომარეობით არის ემიგრირებული ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. ბერდება მოსახლეობა, გარდაცვალება სჭარბობს შობადობას. ძალიან სავალალო სურათია ბალტიისპირეთში, ამიტომ მიხედონ საკუთარ თავს და იმ პრობლემებს, რომლებიც დაატეხეს თავს თავიანთ ქვეყნებს”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე საქართველომ 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხი სულ კნინობით ფორმაში იყო. საქართველოს ყველაფერზე თითის აწევით უნდა ესაუბრა.

“საბოლოო ჯამში საქართველო გახდა კოლონია იმ მეტროპოლიის ხელში, რომელსაც ჩვენი ქვეყნიდან გაჰქონდა 10 მლრდ-ი აშშ დოლარის მომსახურება და სასაქონლო ოპერაციების შედეგად მიღებული სიკეთე. აქ საუბარია იაფ მუშა ხელზე – ჩვენი მომვლელი ქალბატონები, რომლებიც მიდიან სხვისი მოხუცების მოსავლელად; სატრანსპორტო პრეფერენციებზე, როდესაც ტრანზიტის მოსაკრებელს საქართველო მნიშვნელოვნად უმცირებს ან საერთოდ არ ახდევინებს პარტნიორ სახელმწიფოებს; ბუნებრივ წიაღისეულზე, რაზედაც დაუბრკოლებელი წვდომა აქვთ”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, დღესაც რომ ჰკითხოთ გეოლოგიის დეპარტამენტს, რა ბუნებრივი წიაღისეული გადის საქართველოდან და უცხოელ პარტნიორებზე რა ლიცენზიები გაიცემა, ძალიან გაუჭირდებათ პირდაპირი პასუხის გაცემა, იმდენად ბურუსით არის მოცული ეს თემა.

ლორთქიფანიძის აზრით, სუვერენიტეტისათვის ბრძოლის საკითხში პირველი მაგალითი აზერბაიჯანმა აჩვენა. ამ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხი დღეს 70%-ს უტოლდება. საქართველოს სუვერენიტეტი კი დღეს 30%-ის ნიშნულზეა.

ირაკლი გოგავა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ანალიტიკოსი ირაკლი გოგავაც. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება დღეს მყარად დგას, ფორმაშია, სახელმწიფო სისტემები აქტიურად მუშაობენ პრევენციაზე. უცხოელების გეგმა ჩავარდება, რადგან ყველაფერი ტყუილზე და მანიპულაციაზე აქვთ დაფუძნებული. ხელისუფლება მონოლითურობას ინარჩუნებს.

მისი შეფასებით, პროტესტზე გამოსულთა მოტივაცია სხვადასხვაა: ნაციონალებს ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეპიკურად გაძარცვონ; ენჯეოებს საკუთარი კეთილდღეობა და მაღალი ხელფასები ადარდებთ; ცრუ ელიტა უცხოურ ჰონორარებზე და გრანტებზეა სრულად დამოკიდებული და გაწვრთნილი პუდელებივით იქცევიან; 7-8 ათასი სტუდენტი კი გრანტებით სხვადასხვა ქსელურ ორგანიზაციებსა და რამდენიმე უნივერსიტეტში გაწვრთნეს, მოამზადეს, ტვინი გამოურეცხეს და “მასოვკისთვის” იყენებენ; იქვე არიან ხელისუფლებაზე პირადად განაწყენებული ხალხიც. სახელმწიფო გადატრიალების დონორების და შემკვეთების მოტივაცია კი სულ სხვაა – საქართველო დააბრუნონ კოლონიალურ სრულ გარე მართვაზე და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩააბან.

“ვხედავთ, მიმდინარეობს ადამიანებზე წნეხი, დაშინება, დარცხვენა, შეურაცხყოფა, გინება, ლანძღვა – ეს ყველაფერი არის სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგიის აუცილებელი ნაწილი. გადატრიალების ტექნოლოგიების ავტორმა, ამერიკელმა პროფესორმა ჯინ შარპმა ამას “დუმილის სპირალი” უწოდა, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის. “დუმილის სპირალის” მიზანია უმრავლესობა დაადუმონ და საინფორმაციო სივრცეში შექმნან დომინაციის ილუზია. სახელმწიფო გადატრიალების მთავარი კანონია: გადატრიალებას ახდენს აქტიური უმცირესობა, როცა უმრავლესობა დუმს”, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

მისივე თქმით, სტატისტიკით, მხოლოდ ყოველი მეხუთე გადატრიალების გეგმა არის წარმატებული.

გიორგი ქართველი