სომხეთში დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში 9 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ პაშინიანის ბლოკის “ჩემი ნაბიჯი”-ს გამარჯვებას პროგნოზირებენ. ბლოკის მთავარ ბირთვს წარმოადგენს პრემიერის პარტია “სამოქალაქო შეთანხმება”. არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური ძალები “ღირსეული მეორე ადგილისთვის” და მომავალ პარლამენტში ხელისუფლების მთავარი ოპონენტის როლისთვის იბრძვიან.

თავად “სამოქალაქო შეთანხმება” ნებისმიერი პოსტსაბჭოური ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ გზას ეტაპობრივად გადის. ამ გზის საბოლოო შედეგი, თავის დროზე, ვიატორ ჩერნომირდინმა შემდეგნაირად შეაფასა: “რომელი პარტიის შენებასაც არ უნდა მოჰკიდო ხელი – ბოლოს მაინც სკკპ გამოდის”. საარჩევნო სიებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, “სამოქალაქო შეთანხმება” თავიდან ვერ აირიდებს სომხეთის საერთო ნაციონალური მოძრაობის(სსმ), ან სომხეთის რესპუბლიკური პარტიის (სრპ) ბედის განმეორებას. ამაზე მეტყველებს პარტიის საკადრო რიგებში პარტნიორი-პარტიებიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე ძველი ხელისუფლებიდან ადამიანების აქტიური  გადასვლა. ეს ძალიან ჰგავს იმ მოვლენებს, როდესაც სსმ აქტიურად იღებდა თავის რიგებში კომპარტიიდან წასულ დეპუტატებს, ხოლო სომხეთის რესპუბლიკური პარტია – სსმ-დან წასულ წევრებს.

კიდევ უფრო საინტერესო ვითარებაა ოპოზიციური ძალების ველზე, სადაც მუდმივ მოთამაშეებს დაემატათ სომხეთის რესპუბლიკური პარტია და ძველ ხელისუფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე ცნობილი ძალა.

გარდა ამისა, 2017 წლის პარლამენტის არჩევნებზე სომხეთის ეროვნული კონგრესის (1,65%) და “მემკვიდრეობის” (2,07%) ოპოზიციონერმა ლიდერებმა სერიოზული მარცხი იგემეს, ამიტომ გადაწყვიტეს, ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ. სხვათა შორის, 2017 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციურ ველზე თაობა იცვლება “მოხუცებული” ლევონ ტერ-პეტროსიანის და რაფი ოვანისიანის ნაცვლად, პირველ ხაზზე პაშინიანთან ერთად, ახალი ოპოზიციონერი ლიდერები გამოდიან.

პარლამენტის არჩევნებმა საბოლოოდ დაშალა ბლოკი “ელკ”. თუ ერევნის უხუცესთა საბჭოში პაშინიანი ბლოკ “ჩემი ნაბიჯი”-სთან ერთად მონაწილეობდა, ხოლო ფრაქცია “ელკ”-იდან  მისი პარტნიორები – ბლოკ “ლუის”-ის შემადგენლობაში იყვნენ, დეკემბრის არჩევნებში პარტიები „განათლებული სომხეთი“ და “რესპუბლიკა” ცალ-ცალკე იყრიან კენჭს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამ აიძულა პარტიის ლიდერები – ედმონ მარუკიანი და არამ სარქისიანი, მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს განხეთქილება არჩევნების საბოლოო შედეგზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი ერთად უფრო ჰქონდათ, ვიდრე ცალ-ცალკე. გარდა ამისა, ძალიან დაბალია პარლამენტში “რესპუბლიკის” მოხვედრის ალბათობა პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად, რომლებიც ბლოკში “ჩვენ” გაერთიანდნენ.

Illustration: civilnet.am

აღნიშნული ბლოკი მკვეთრად გამოხატული ანტირუსული გეოპოლიტიკური ორიენტაციისაა და ამ საკითხში მასთან შეკამათება მხოლოდ პარტიას “სასნა ცრერ” შეუძლია. პარტიის ბევრი წევრი, მათ შორის საარჩევნო სიის პირველ ნომრად წარდგენილი ვარუჟან ავეტისიანი, 2016 წელს, პოლიციის ნაწილზე თავდასხმაში მონაწილეობდა, შედეგადაც სამი პოლიციელი დაიღუპა. ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიის წყალობით, ჯგუფის წევრები განსასჯელის სავარძლის ნაცვლად, პარლამენტში სავარძლების დასაკავებლად ემზადებიან. აქედანვე აშკარაა, რომ “სასნა ცრერ”-ის რადიკალები პაშინიანისთვის თავის ტკივილად იქცევიან და მალე ინანებს, რომ თავის დროზე მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დაეხმარა.

რაც შეეხება პარტიის წარმომადგენლების წინასაარჩევნო განცხადებებს, მათ მიერ დაგეგმილი საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად სომხეთს, მხოლოდ ბირთვული იარაღი აკლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ქვეყანა ვერ იქნება დაცული ამგვარი “დამოუკიდებელი” და რადიკალური საგარეო პოლიტიკით მიღებული შედეგებისგან.

აღსანიშნავია, რომ “სასნა ცრერ”-ის სიაში მეორე ადგილი ცნობილ სომეხ პოლიტოლოგს, სტეფან გრიგორიანს უკავია, რომელმაც მანამდე, საკუთარი თავი ზომიერ და დაბალანსებულ ექსპერტად წარადგინა. ხავერდოვანი რევოლუციიდან რამდენიმე თვეში მან დაწერა წიგნი, რომელიც ამ რევოლუციას მიუძღვნა, თუმცა მისთვის “ჩემი ნაბიჯის” სიაში ადგილი ვერ მოიძებნა და “სასნა ცრერ”-ის რადიკალებთან ალიანსის შეკვრა გადაწყვიტა.

საეჭვოა მომავალ პარლამენტში სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ძველი პარტნიორი “ორინაც ერკირი” ვიხილოთ, რომლის სიაშიც ტრადიციულად არტურ ბაღდასარიანი ლიდერობს. ჯერ კიდევ პარლამენტის წინა არჩევნებში, როდესაც სახელისუფლებო პარტიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საჭირო საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, საეჭვოა, არსებულ ვითარებაში ხმათა 5% მოაგროვოს, მიუხედავად იმისა, რომ “ხავერდოვანი” რევოლუციის მხარდაჭერად ასაღებს თავს.

საეჭვოა სომხეთის რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტიუნის” გამარჯვებაც. პარტიის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა ძველ ხელისუფლებასთან თანამშრომლობამ. შემდეგში კი, ვითომდა პაშინიანისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, ამ პარტიის ნაბიჯები ახალმა პარტნიორებმა “საბოტაჟად” და “კონტრევოლუციად” შეაფასეს. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტის სკანდალური შესწორებების შემდეგ, დედაქალაქის არჩევნებში სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ – “დაშნაკცუტიუნი”, ხმების მხოლოდ 1,62% მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ “დაშნაკცუტიუნი” სომხეთში ერთ-ერთი განვითარებული პარტიული ტრადიციებისა და მთელს რესპუბლიკაში სტრუქტურების მქონე პარტიაა. მათ შორის იგულისხმება დიასპორაზე ძლიერი გავლენაც, რომელიც მხოლოდ პარტიის ლიდერის იმიჯსა და რესურსებზე არ არის დამოკიდებული. ჯერჯერობით არ იგეგმება პარტიის ხელმძღვანელობის შეცვლა. თუმცა, ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა, რამაც სერიოზული გავლენა იქონია, როგორც პარტიის იმიჯზე, ისე მისადმი საზოგადოებრის მხარდაჭერაზე.

პარტია “აყვავებულ სომხეთში” ყველაფერი სტანდარტულადაა. მისი სიის პირველ ნორმად წარდგენილია პარტიის ლიდერი გაგიკ ცარუკიანი, რომელიც პაშინიანის მხარდაჭერის შემდეგ ოლიგარქიდან  “მსხვილ მესაკუთრედ“ იქცა. ცარუკიანი მეორე ადგილის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია, თუმცა მის წინააღმდეგ გაურკვეველი შიდაპოლიტიკური ორიენტაცია თამაშობს: არც “რევოლუციონერი”, არც “კონტრრევოლუციონერი”. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  მას  ამომრჩევლების მოსყიდვის და  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალებას  არ მისცემენ, ანტიპაშინიანური კანონპროექტისთვის მხარის დაჭერის გამო, იგი ვეღარ გაიმეორებს იმ შედეგს, რომელიც 2017 წლის პარლამენტის არჩევნებში მიიღო (27,32%). ამაზე მეტყველებს ერევანში, სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ხმათა 6,95%.

რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, მომხდართან დაკავშირებით მან ორგანიზაციული დასკვნები ვერ გააკეთა.  ვარაუდობდნენ, რომ თუ არ მოხდებოდა პარტიის რებრენდინგი, ლიდერი მაინც უნდა შეცვლილიყო, რომელიც მომხდარზე სრულად იქნებოდა  პასუხისმგებელი  და რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა  წარსული  ცოდვების და დანაშაულების გადაბრალება. თავად სერჟ სარგსიანს  შეეძლო პარტიულ თანამოაზრეებს დახმარებოდა და  პარტიის თავმჯდომარეობიდან, “ახალგაზრდებისთვის გზის დათმობის” საბაბით გადამდგარიყო.

თუმცა, გულუბრყვილობაა ამგვარი ნაბიჯის მოლოდინი ადამიანისგან, რომელმაც  საკუთარი პარტია ამჟამინდელ მძიმე ვითარებაში თავისი უცოდინარობით ჩააგდო. იქნებ, თავად სომხეთის რესპუბლიკურ პარტიაში არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარისკავენ და სარგსიანს პარტიის  სახელით მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ გამოჩენილი რესპუბლიკელები პაშინიანსა და მისი გუნდის წევრებს მოუწოდებენ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის შეცდომები არ გაიმეორონ, თავად იმეორებენ. ამას ადასტურებს პარტიის საარჩევნო სია. “ხავერდოვანი” რევოლუციის შემდეგ პარტიიდან დეპუტატების მასობრივად წასვლის და საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ვერაფერი ისწავლა და პარტიის საარჩევნო სიაში, ისეთი ადამიანები  წარადგინა, რომლებიც საზოგადოების თვალში სრულიად დისკრედიტირებულნი არიან. ესენია არტაშეს გეგამიანი და მენუა არუთიუნიანი.

რაც  ყველაზე მთავარია – რით  დაიმსახურა სიაში მესამე ადგილი, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის და სერჟ სარგსიანი მრავალწლიანმა კრიტიკოსმა და მოწინააღმდეგე დავით შახნაზარიანმა? ექსპრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის მრავალწლიან მხარდამჭერს, არც პოპულარობა, არც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი არ გააჩნია. გაურკვეველია, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ არსებული კრიტიკის მიუხედავად, სიაში ჩამოიტოვა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პოზიციების დამცველები: ედუარდ შარმაზანოვი, არმენ აშორიანი და პარტიის ერთგული სხვა ცნობილი რესპუბლიკელი.

ამასთანავე, რესპუბლიკელების მიერ რეგულარულად იმის გაცხადება, რომ აღშფოთებულები არიან სომხურ-რუსული ურთიერთობებით და ამის გამო პაშინიანს აკრიტიკებენ, ეს კი იმის ფონზე ხდება, როდესაც შახნაზარიანი პარტიის სიით მესამე ადგილზეა წარდგენილი, ფარისევლური და სასაცილოა.

ცხადია, რომ პარტიის სია ძირითადად სერჟ სარგსიანის შედგენილია და არა – ვიგენ სარქისიანის.  თუ პარტიას, რომელიც თავის თავს პაშინიანის ძირითად ოპოზიციურ ძალად ასახელებდა და აქცენტს პარტიის პოლიტიკურ ფრთაზე აკეთებდა, რომელიც ხმაურიან კორუფციულ სკანდალებში არ არის გახვეული, მეორე ადგილზე გასვლის შანსი, ჯერ კიდევ ჰქონდა, სერჟ სარგსიანის ამ სიამ მისი წარმატება საბოლოოდ დაასამარა და პარტიაში დაწყებული განხეთქილება დაასრულა.

სერჟ სარგსიანი მიზანმიმართულად იქცევა, თუ რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარი დაკარგა, ამას დროთა განმავლობაში შევიტყობთ. მანამდე კი სომხეთი ძალიან ცხელი საარჩევნო რბოლის მოლოდინშია, რომლის შედეგადაც სომხურ პოლიტიკაში თაობები შეიცვლება.

აიკ ხალათიანი