პოლიტიკური კრიზისით, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ევროპაც დაიღალა. ბოლო დღეებში, ევროპარლამენტარები ღიად გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას და მმართველ პარტიასაც და 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იან ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს დიალოგის, კომპრომისასა და, რაც მთავარია, კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სულელური თამაშებიც კი უწოდა, იმ ფონზე, როცა, სულ ახლახანს დასრულდა რეგიონში ყარაბაღის ომი. როგორც გერმანელმა დიპლომატმა ერთ-ერთი ქართული ტელეარხის ეთერში განაცხადა, ევროპას საქართველო სჭირდება, როგორც აქტორი, კავკასიის რეგიონის ლიდერი სახელმწიფო და არა ქვეყანა, რომელიც საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული. ევროპარლამენტის დეპუტატმა ღიად განაცხადა, რომ თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, შესაბამისად უნდა მოიქცეთ – თავის ადგილზე იდგეს კანონის უზენაესობის პრინციპი და დემოკრატიზაციის პროცესი არ ფერხდებოდეს. ამ პროცესში კრამონი პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც აკისრებს.

ვიოლა ფონ კრამონ

“ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება, საჭირო ისაა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან “ახალი არჩევნები ან არაფერი” პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია. პარლამენტშია საჭირო ხელსაწყოების გამოყენება”, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა.

5-თვიანი პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში საქართველოში ერთი პრემიერ-მინისტრი მეორეთი შეცვალა, ხოლო მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სისხლის სამართლის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასული 9 პარტიიდან 7 კვლავ ბოიკოტს განაგრძობს და საკუთარი მხარდამჭერების ქუჩის აქციებზე მობილიზებას უშედეგოდ ცდილობს.

ამასობაში საქართველო მომლაპარაკებლის რანგში ეწვია ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. შემდეგში კი პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს გაგზავნა. ამ უკანასკნელმა თბილისში 6-დღიანი ვიზიტი გაახანგრძლივა იმ იმედით, რომ შეძლებდა დაპირისპირებულ ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევას. რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა, ხან მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან”, ხან კიდევ ოპოზიცია მიიწვია ევროკავშირის საელჩოში.

როგორც დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, დროა, დაინტერესებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა, ყველა ძალა იხმარონ და კომპრომისის სახით ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ.

კრისტიან დანიელსონ

“ჩემი როლი, არის ის, რომ ხელი შევუწყო და დავეხმარო ამ პროცესს, რომ პარტიებმა იპოვონ გამოსავალი, გაუმკლავდნენ ვითარებას, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან”, – განაცხადა დანიელსონმა.

მხარეებს შორის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს არჩევნებისა და ე.წ პოლიტპატიმრების თემაზე. ოპოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და მელიასა და “ტვ პირველის” დამფუძნებლის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.  “ქართული ოცნების” ლიდერები კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტპატიმრები, არამედ პოლიტიკაში არიან კრიმინალები.

სანამ დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა და ახლა ევროპიდან შემოუთვალა ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება და საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს 2024 წელს აირჩევს. ღარიბაშვილის თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი.

Ираклий Гарибашвили и Шарль Мишель

“ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპოზიციის ლიდერები კი კვლავ აცხადებენ, რომ “ვადამდელი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხის გარეშე, ეს კრიზისი ვერ გადაწყდება”. თუმცა იქვე, ოპოზიციის ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ მზად არიან პლებისციტის ჩატარებას დასთანხმდნენ, რაც ამ ვითარებაში იქნება კომპრომისული წინადადება.

“ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, კომპრომისებზე წავედით, მზად ვართ, კიდევ წავიდეთ. ეს იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, მათ ეს დაინახეს და არის მესამე ფაქტორი, რაც იმედს მაძლევს, რომ შეთანხმებამდე მივალთ – ჩვენი ოპოზიციური შეთანხმებული კოორდინაცია”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ლევან ალაფიშვილი

ანალიტიკოსი, ლევან ალაფიშვილი კრიზისის მონაწილე მხარეებს ურჩევს, დაასრულონ კუნთების თამაში და მონახონ გამოსავალი, რადგან არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა საკმაოდ შეულახა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი. გარდა ამისა, არჩევნები დიდი ხანია დამთავრდა,  პოლიტიკური ძალები კი წინასაარჩევნო ვითარების მძევლებად იქცნენ.

“საქართველო, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანი იყო მთელს რეგიონში, ისტორიაში ჩაიწერება იმით, რომ დემოკრატიული ძალები ერთმანეთთან მედიატორის გარეშე ვერ ლაპარაკობენ. კიდევ უფრო მოვიჭერით მოვჭერით თავი, როცა დანიელსონმა თქვა, – არსად წავალ, სანამ არ შეგარიგებთო. ნურც ერთი პოლიტიკური ძალა ნუ წარმოიდგენს, რომ მათ უჭერს ევროპა მხარს. ევროპა საქართველოს მოქალაქეებს უჭერს მხარს, საქართველო არის მათთვის მნიშვნელოვანი და არა, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, ნებისმიერი გონიერი ადამიანი, მით უმეტეს, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი დაფიქრდებოდა იმ საგარეო თუ საშინაო ვითარებაზე, რომელშიც დღეს იმყოფება საქართველო. ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო სამარცხვინო და მძიმე შედეგები არ მიიღოს.

“ამ პროცესში ჩართული თითოეული მხარე, საჯარო განცხადებებში კუნთებს ათამაშებს, თავის ამომრჩეველს უფრთხილდება და არ სურს სუსტად გამოჩნდეს. ამომრჩეველმა ყველა მათგანს უნდა ვუთხრათ, რომ მოლაპარაკება, დათმობა და კონსენსუსი, პირიქით სიძლიერეს ნიშნავს და არა სისუსტეს. დამთავრდა არჩევნები, სხვა ეტაპზე ვართ, ახლა სხვა გამოსავალია მოსაძებნი, სხვა მიდგომებითა და პასუხისმგებლობით”, – განუცხადა Dalma News-ს ლევან ალაფიშვილმა.

როგორც ალაფიშვილი ამბობს, ვადამდელ არჩევნებზე მეტად, დღეს, მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები. მისივე მოსაზრებით, ქვეყანაში არის არა, მხოლოდ ინსტიტუციური და საჯარო ხელისუფლების, არამედ პარტიული სისტემის კრიზისიც. საჭიროა მისი დემოკრატიულობის ხარისხის გაუმჯობესება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა. მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, ეს არის სერიოზული გამოწვევა, მაგრამ, არც ერთი ხელისუფლება ამ სისტემას არ ცვლის და არ აჯანსაღებს მას.

რაც შეეხება პლებისციტის საკითხს და იქნება თუ არა ის კრიზისიდან გამოსავალი, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ესეც პოლიტიკური მხარეების პასუხისმგებლობის საკითხია. სიტყვასიტვით თუ გავიგებთ პლებისციტის მნიშვნელობას, ეს არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელსაც არ აქვს სავალდებულო შედეგი. ხელისუფლებას შეუძლია ის გაითვალისწინო, ან არ გაითვალისწინოს. პლებისციტის ჩატარებას მაშინ აქვს აზრი, თუ პოლიტიკური მოთამაშეები პლებისციტის შედეგს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგნად გაიხდიან და იკისრებენ ვალდებულებას რომ შეასრულებენ ამომრჩევლის ნებას.

ვლადიმერ ბოჟაძე

ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე მიუღებლად მიიჩნევს, ქვეყანამ იცხოვროს იმ რეჟიმით, თუ დღეს რას მოიმოქმედებს ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, არჩეული დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ისხდებიან თუ კარავში, მთავრობამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რა საჭიროებებიც აქვს ქვეყნის მოსახლეობას. მისივე თქმით, კრიზისის მონაწილე მხარეებს შორის კომპრომისი, მხოლოდ იმისთვის არ არის საჭირო, რომ შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი არ წავიდნენ საქართველოდან ხელცარიელები, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარების პროცესი.

“შარლ მიშელმა თქვა, – საქართველოში ჩამოსვლით უფრო მეტად ამეხილა თვალი, მეტი ინფორმაცია მიიღო აქ არსებულ მდგომარეობაზეო. მაინც ვფიქრობ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს გარკვეული შედეგი იქნება. თუმცა ოპოზიცია კვლავ ჯიუტად ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნებია მათი მოთხოვნა, რა თქმა უნდა ეს მოთხოვნა ვერ შესრულდება, იმიტომ, რომ იგივე დასავლეთისთვის, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა არსებობს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე იყო ხარვეზები, თუმცა არა მასშტაბური გაყალბება. ოპოზიციის სიჯიუტის გამო, რომ ვიღაც უკმაყოფილოა, ბევრი ფული დახარჯა და ცოტა მანდატი მიიღო, რა თქმა უნდა დასავლეთი რეკომენდაციას ვერ მისცემს ხელისუფლებას, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს”, – განუცხადა Dalma News-ს ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების თემა არ არის მარტო არჩევნები, მნიშვნელოვანია, ასევე, ოპოზიციის პარლამენტში უპირობო შესვლა, მათი საგამოძიებო კომისიაში მუშაობა, სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება და ა.შ. რაც მთავარია, საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წლის არჩევნებისთვის ვერ მოესწრება, თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში და 113 ხმა არ შეგროვდება. ბოჟაძის თქმით, ბევრი ისეთი საკითხია, რომლის მოგვარება ადვილი არ არის და ოპოზიციის მტკიცება, რომ პასუხისმგებლობა უფრო მეტად ხელისუფლებაზეა და ნაკლებად მათზე, არ არის სამართლიანი.

“როცა ორ მხარეზეა საუბარი, თანაბრად უნდა განაწილდეს პასუხისმგებლობა”, – ამბობს ანალიტიკოსი.

დათანხმდება, თუ არა ოპოზიცია პლებისციტის ჩატარებას, ხოლო შემდეგ აღიარებენ, თუ არა პლებისციტის შედეგს, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობას ურჩევნია არჩეული ოპოზიცია პარლამენტში იხილონ და იქ იმუშაონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. მაგრამ ოპოზიცია, კვლავ “კუნთების თამაშის” რეჟიმში რჩება და მათთვის, სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ევროპელი კეთილმოსურნეები.

შორენა პაპაშვილი