2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასულ და პარლამენტში არშესულ პარტიებს ბოიკოტი ძვირად უჯდება. ნაწილი პოპულარულ სახეებს კარგავს, ნაწილი კი რეიტინგს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, მეხუთე თვეა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტის გადაწყვეტილებას არ ცვლის და განმეორებითი არჩევნების მოთხოვნით ქუჩაში რჩება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრთის ქვეშ გაერთიანებული პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს ვერ ადგენენ იმის შიშით, რომ მთავარი ოპოზიციური ძალისგან (ასე უწოდებენ საკუთარ თავს ნაციონალები) არასასურველი იარლიყები არ მიეკეროთ.

ამასობაში დიდი ამბები ხდება “ევროპულ საქართველოში”. მას შემდეგ, რაც მათი რიგები პარტიის ყველაზე ენერგიულმა წევრმა და შედარებით რეიტინგულმა სახემ, “გავრილოვის ღამის” ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა, 3-თვეში მის კვალს პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მიყვნენ. არადა, როცა პარტიიდან ხოშტარია წავიდა, დავით ბაქრაძემ საზოგადოება დაამშვიდა, – ეს ის არ არის, რაც იფიქრეთო, ანუ “ევროპული საქართველოდან” გადინების პროცესი არ დაწყებულა, პარტიაში არანაირი უთანხმოება და განხეთქილება არ არისო.

დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა

ამ განცხადებიდან 3 თვისა და 2 კვირის თავზე პარტიის თავმჯდომარეც შეიცვალა, დავით ბაქრაძე გიგა ბოკერიამ ჩაანაცვლა. თანამდებობიდან გადადგომისა და პარტიიდან საერთოდ წასვლის შესახებ ინფორმაცია დავით ბაქრაძემ “ევროპული საქართველოს” ყრილობამდე, რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ პარტიას ფუნდამენტური განახლება სჭირდება, რასაც ვერ მიაღწია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით “ევროპული საქართველოს” ძალიან შორს აღმოჩნდა მათთვის სასურველი შედეგიდან. დავით ბაქრაძის აზრით, ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებს და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევას და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას.

“სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ბაქრაძე. იგი პარტიულ პაუზას იღებს.

დავით ბაქრაძის მსგავსად, “ევროპული საქართველოდან” წასვლის შესახებ გიგი უგულავამაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, მასაც და ბაქრაძესაც სურდათ, პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს მოსაზრება გიგა ბოკერიამ არ გაიზიარა.

“პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. გიგა ბოკერიას არგუმენტია რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ”, – წერს გიგი უგულავას.

იგი არ მალავს, რომ მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად მისი და ბოკერიას ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს გივი თარგამაძემ, გოკა გაბაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა.

გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ახალმა თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებას მცდარი უწოდა და განმარტა, რომ პარტიის ამჟამინდელი გუნდი “შეუცვლელია” ბიძინა ივანიშვილის დამარცხების, ლიბერალური დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში.

“ევროპული საქართველოს” ყრილობის შემდეგ პარტიის ახალი შემადგენლობა გახდა ცნობილი. თავმჯდომარესთან ერთად შეიცვალნენ გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეც. ამ პოზიციაზე გიგი წერეთელი იმუშავებს. გენერალური მდივანი კი, აკაკი ბობოხიძე იქნება, პარტიის საგარეო პოლიტიკას გიორგი კანდელაკი წარუძღვება.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია 1999 წელს დარეგისტრირდა და თავმჯდომარეობდა გიგი წერეთლის მამა, ნუგზარ წერეთელი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია გამოეყო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 10,4%, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 10.97% -ის მიღება შეძლო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერა 3,78%-მდე დაეცა.

პარტიის თავმჯდომარის პოზიციის დაკავებისთანავე გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მკვეთრი წითელი ხაზი გაავლო. ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არასრულფასოვანი უწოდა იმის გამო, რომ მასში არ იყო ნახსენები ვადამდელ არჩევნები და პოლიტპატიმრებზეც მკაფიოდ არაფერი ეწერა. როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა, ისინი ​კომპრომისზე წამსვლელები არიან, მაგრამ გააჩნია კომპრომისსო.

ექსპერტების მოსაზრებით, “ევროპულ საქართველოში” ლიდერების გადინების პროცესი, სწორედ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამოძახილია. იმასაც ამბობენ, რომ 2020-ის არჩევნებში პარლამენტში გამსვლელი მანდატები თავად ბოკერიას და უგულავას რომ რგებოდათ (ანუ პარტიას 3%-ზე გაცილებით მეტი ხმა მიეღო), ისინი დღეს პარლამენტში ისხდებოდნენ და არად დაგიდევდნენ დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტს. არადა ელემენტარულია ის, რომ ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ყოფნა, ეს არის ძალაუფლების წილი, რომელიც პოლიტიკოსებს ამომრჩეველმა მიანიჭა.

ლადო ბოჟაძე

როგორც ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს, ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, რადგან ამ არჩევნებს აღიარებს მთელი მსოფლიო. მისივე თქმით, სრულებით განსხვავებული დღის წესრიგი დადო დანიელსონმა, რომელმაც ცალ-ცალკე მოუსმინა ოპოზიციის ლიდერებსაც და ხელისუფლებასაც და ჩამოწერა ყველა ის საკითხები, რაც საჭირო იყო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისთვის, მაგრამ დანიელსონის გეგმას ხელი არ მოაწერა ოპოზიციამ.

როგორც Dalma News-ს ლადო ბოჟაძემ განუცხადა, დანიელსონის ფორმულიდან გამომდინარე მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მზად არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაწიოს, თავად დანიელსონი კი მხარეებს 0%-იან ბარიერს სთავაზობს 2024 წლის არეჩევნებისთვის.

“ამ პარტიამ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, რამაც გამოიწვია პარტიის დაშლა. როცა ამომრჩეველმა ხმა მისცა შალვა შავგულიძეს, არმაზ ახვლედიანს, ელენე ხოშტარიას, რომელიც საერთოდ წავიდა პარტიიდან, დავით ბაქრაძეს, რომელსაც მანდატი იმიტომ მისცეს, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო და დღეს აღარც პარტიის თავმჯდომარეა და, აღარც მისი წევრი, ეს ამომრჩევლისთვის სულ სხვა მოცემულობას ქმნის. საბოლოო ჯამში “ევროპული საქართველო” ყოველთვის იყო გიგა ბოკერიას პარტია, უბრალოდ აიფარა დავით ბაქრაძე და სხვა ლიდერები. დღეს გიგა ბოკერიამ უკან დაიბრუნა თავისი პარტია და ბოკერიას თავმჯდომარეობით მოუწევს ამ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩეველი გადაწყვეტს 2024 წელს, ეს პარტია უნდა იყოს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობაში”, – აცხადებს ლევან ბოჟაძე.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველოს” ლიდერები ერთი მხრივ არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, მეორე მხრივ ამბობენ, რომ დაბალი შედეგი აქვთ არჩევნებში, ამიტომ უნდა გადაახალისონ პარტიაში ლიდერები, შეცვალონ სტრუქტურები.

ამირან სალუქვაძე

ექსპერტ ამირან სალუქვაძის შეფასებით, “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესები შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობაზე მეტყველებს. მისი აზრით, დავით ბაქრაძეც იმავე მიზეზით წავიდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რა მიზეზითაც გადააყენეს გრიგოლ ვაშაძე “ენმ”-ს თავმჯდომარეობიდან. დიდი ალბათობით, ორივე პარტიის ყოფილი ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ არსებულ პოლიტიკურ კრიზისში საჭირო იყო კონსტრუქციული დიალოგი და კომპრომისი.

“ჩაფლავებული 2020 წლის არჩევნები შემდეგ, თითქოს ლოგიკური უნდა იყოს საზოგადოებაში ახალი ძალების ძიება, ამიტომ ვარ წინააღმდეგი ვადამდელი არჩევნების. საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, გამოკვეთოს რესურსი. მუდმივად ვერ ვიქნებით ამ 2 პოლუსის დაპირისპირების ფონზე, რომელთაგან ერთი მარგინალიზებული პოლიტიკური ძალების ერთობლიობას წარმოადგენს. მინიმუმ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამას უნდა შეეგუონ”, – აცხადებს ამირან სალუქვაძ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი კიდევ უფრო გართულდება, რადგან 2-წამყვან ოპოზიციურ პარტიაში მივიღეთ ხისტი თავმჯდომარეები – მელია და ბოკერია.

“არჩევნებში ხმების ნახევარი – 48% „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, დანარჩენი ხმები, ბათილი ბიულეტენებიანად – 48 პარტიამ. ეს არის კატასტროფა ოპოზიციურ ფლანგზე. ნორმალური განახლება არის შიდაპარტიული დემოკრატია და შიდაპარტიული სტრუქტურის ზრდა. „ევროპულ საქართველოს“ , რომლის ლიდერებიც დემოკრატიაზე და დასავლურ ღირებულებებზე გველაპარაკებიან, სინამდვილეში შიდაპარტიული დემოკრატია არ აქვს”, – ამბობს სალუქვაძე.

მისივე თქმით, ბოკერია-წერეთელი-ბობოხიძის წინ წამოწევა, არც პარტიას და არც ამომრჩეველს არაფერს მისცემს და 2024 წლის არჩევნები გაცილებით უარესი იქნება მათთვის. რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს, ექსპერტი მესამე რაუნდის პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავს და ამბობს, რომ პარტიების უმეტესი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პოზიციების შეცვლას არ აპირებენ.

შორენა პაპაშვილი