სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” რიგები 6-მა დეპუტატმა დატოვა. მიზეზი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაა. 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ “ოცნების” რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება და საკუთარ პარტიას ქმნის. მას შემდეგ, რაც გახარია პოლიტიკური პოლარიზაციისა და პროცესების რადიკალიზაციის შეჩერების მოტივით საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გახარია ახალი ძალებით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში და როგორც საზოგადოებას დაჰპირდა, – კი არ მიდის, არამედ მოდის.

ქართულ სოციალურ ქსელებში არაერთხელ გადამოწმდა გიორგი გახარიას რეიტინგები ე.წ. ლაიქების მეშვეობით. 14 აპრილამდე, რამდენიმე დღით ადრე კი, ფეისბუქში გავრცელდა შემდეგი შინაარსის სტატუსი – ვინ გსურთ იხილოთ მესამე ძალის ლიდერად? – სადაც გიორგი გახარიას ფოტოს გვერდით წარმოდგენილი იყო გიორგი კვირიკაშვილის (ექსპრემიერი), გიორგი მარგველაშვილის (ექსპრეზიდენტი) და კახა კალაძის (თბილისი მერი) ფოტოები. როგორც ჩანს, თაყვანისმცემლებმა გახარიას არც ამჯერადაც გაუცრუეს იმედები და სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ წარმოდგენილ 4-კანდიდატს შორის უპირატესობა  გახარიას მიანიჭეს.

გიორგი გახარია

გიორგი გახარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. ერთნი ამბობენ, რომ “ოცნებამ” ამ არჩევნებში სწორედ გახარიას რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა, თუმცა მეორენი გახარიას ბიძინა ივანიშვილის (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე და დამფუძნებელი) მორიგ პროექტს უწოდებენ. გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა და ამ დრომდე ქართულ მედიასივრცეში არ გამოჩენილა. მისი პარტიის გეგმების შესახებ კი, ჯერჯერობით მხოლოდ ის დეპუტატები ლაპარაკობენ, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს. მათ უმრავლესობას საზოგადოების დიდი ნაწილი აქამდე არ იცნობდა.

ვინ ვინ არის

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარი და 3 პროპორციული წესით არის არჩეული. მათგან სამი ყოფილი გუბერნატორია: გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ექსგუბერნატორი; ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის ექსგუბერნატორი; შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი. დარჩენილი სამი დეპუტატიდან – ანა ბუჩუკური გახარიას პრემიერობისას მისი აპარატის უფროსის მოადგილე იყო, ბექა ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი ბიზნეს-ომბუდსმენი.

გიორგი გახარიას გუნდი

როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრები ამბობენ, ახალი პარტიის მიზანია ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზაციის შემცირება და გამკლავება პანდემიასთან, ეკონომიკურ კრიზისთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან. პარტია მოემზადება თვითმმართველობის და შემდგომი არჩევნებისთვის. არ მოერიდებიან “ქართული ოცნებისა” და თვით ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებასაც კი, თუმცა არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ შექმნიან ალიანსს, ოპოზიციის მწვავე რადიკალური ნაწილთან კი ყველანაირი თანამშრომლობა გამორიცხულია. ასეთებად სახელდება პარტიები “ენმ” და “ევროპული საქართველო”.

მათივე შეფასებით, რადიკალიზაციის პირობებში „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ შეესაბამება  ხალხის საჭიროებებს და მას აღარაფერი აქვს საერთო ხალხის დაკვეთასთან.

“ჩვენი პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის. ვისი პროექტია გამოჩნდება მაშინ, როცა პარტია პოზიციონირებას დაიწყებს”, – აცხადებს დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.

“ჩვენ ვიყავით “ქართული ოცნების” წევრები და შესაბამისად ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობას, რაც ამ პერიოდში იყო. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს”, – აცხადებს დეპუტატი გიორგი ხოჯავანიშვილი.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი არის მოლოდინის რეიტინგი, რადგან მის გარდა სხვა არავინ არ მოსჩანს მესამე ძალისთვის დარჩენილ ცარიელ სივრცეში. ის სარგებლობს მაღალი ნდობით, მაგრამ ეს ნდობა ძალიან მყიფეა, რადგან პოლიტიკაში შემოსვლის შემდე შესაძლოა პროცესები ძალიან სწრაფად წავიდეს დეგრადაციისკენ. ექსპერტების მეორე ნაწილი კი იმედოვნებს, რომ გახარია, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ქართულ პოლიტიკაში საქმიან სტილს შემოიტანს, რადგან ის პოლიტიკური იწილო-ბიწილოს მოყვარული არ არის.

გიორგი გახარია

მთავარი კითხვებ ექსპრემიერთან

რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის ნეიტრალურად განწყობილი და გაბრაზებული ნაწილი? მათი ხმებისთვის დღეს, ნამდვილი ნადირობაა გაჩაღებული. გაბრაზებულთა შორის ძალიან ბევრი, სწორედ “ქართული ოცნების” ამომრჩეველია, რომლებიც საკუთარი არჩევანით გამოწვეულ იმედგაცრუება აღარ მალავენ. გახარიას მიმართ ძალიან ბევრი მწვავე კითხვა აქვს, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერ, ისე ნეიტრალურ ამომრჩეველს.

“გახარიას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. საქართველოს ტერიტორიების გაყიდვა, კერძოდ რიონის ხეობა;

20 ივნისის მომიტინგეთა უსასტიკესი დარბევა და მათთვის თვალების დათხრა;

ია კერზაიას,  აჩალიკაშვილის და ა.შ საქმეები. ჯერ აღიარონ ყველა უმსგავსობა, რაც ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, მოინანიონ…

ისინი შეიძლება მოიაზრებოდნენ, როგორც ივანიშვილის პროექტი-2″, – წერენ ფეისბუქის მომხმარებლები.

გიორგი გახარია და მისი ოჯახი

ხელსაყრელი სტარტი

ახალი პოლიტიკური პარტიისთვის გახარიამ შესანიშნავი სტარტი აიღო. მაშინ, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასული პარტიების უმრავლესობა არ ცნობს ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და პარლამენტს გარეთ პროტესტის რეჟიმში რჩებიან, გიორგი გახარიას ახალბედა პარტიას უკვე დღეს ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ის შეძლებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ნეიტრალური ამომრჩევლის ხმებიც მიიღოს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მშვიდად მოემზადოს.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, გახდება თუ არა გახარიას პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მესამე ძალა, ამაზე საუბარი ნაადრევია. მან ჯერ პარტიის პროგრამა, პლატფორმა, იდეოლოგია უნდა წარმოადგინოს; ვინ იქნებიან ის ლიდერები, რომლებიც შემოიკრებს; ასევე, უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ მწვავე კითხვებს. ამის შემდეგ, საზოგადოების დამოკიდებულება გამოაჩენს, იქნება თუ არა ის მესამე ძალა.

ექსპერტის თქმით, საზოგადოების ერთ ნაწილს მანამდეც ჰქონდა მოლოდინი, რომ მესამე ძალად პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ის “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ სატელიტ ორგანიზაციად იქცა.

“გახარიას გუნდში „ქართული ოცნებიდან“ გადასული დეპუტატები თუ ფიქრობენ, რომ “ოცნებამ ვერ შეასრულა ხალხის დაკვეთა, ამ სიტყვებში საკუთარი თავიც უნდა იგულისხმონ, რადგან ეს ადამიანები “ოცნების” ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, მათ შორის, გუბერნატორია. თუ “ოცნებამ” ხალხის დაკვეთა ვერ შეასრულა, ვერც მათ შეასრულეს ეს დაკვეთა”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში არშესვლა საკმარისი გამართლება არ იქნება ახალი პოლიტიკური ძალისთვის. ოპონირება დამოკიდებულია პოლიტიკურ გარემოსა და კონიუქტურაზე. შესაძლოა პარტია იყოს ზომიერი, მაგრამ თუ საჭირო გახდა ხისტ ოპონირებაზე გადავიდეს.

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა 6 დეპუტატმა პარლამენტში ფრაქცია შექმნან, საჭირო ერთ დეპუტატსაც თუ დაიმატებენ. მაშინ უკვე მათ გაცილებით მეტი ბერკეტები ექნებათ იმისთვის, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ, საერთაშორისო კავშირები გაიმყარონ.

“საპარლამენტო ცხოვრება გაცილებით მეტ საშუალებას იძლევა პარტიისთვის გაძლიერდეს, თავისი დღის წესრიგი განავითაროს, ვიდრე ქუჩიდან. თუ გახარია შეძლებს პარლამენტში შექმნას ფრაქცია, ეს ძალიან სერიოზული ბერკეტი და დამხმარე საშუალებაა იმისთვის, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, შემდეგ კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში”, – აცხადებს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტიკა რადიკალიზმის გარეშე

შეძლებს თუ არა გახარია და მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ გულწრფელ ოპონირებას, ამ გადასახედიდან რთულად წარმოსადგენია. დასაწყისშივე აცხადებენ, რომ რადიკალიზმის წინააღმდეგ იქნებიან.

რამაზ საყვარელიძე

როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, ივანიშვილის პროექტის იარლიყის მოშორებას გახარია ჯერჯერობით არ იჩქარებს. ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ აქვს. ისევე, როგორც სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის სამეული 9 წლის განმავლობაში არ ამბობდა უარს შევარდნაძის (საქართველოს მესამე პრეზიდენტი) მფარველობაზე, სანამ ხედავდნენ, რომ შევარდნაძე მყარად იდგა ფეხზე და სანამ არ დაინახეს დასავლეთისგან შევარდნაძის მიმართ შერყეული მხარდაჭერა.

მისივე თქმით, დროზე ადრე ასეთი საყრდენის მოშორება პოლიტიკაში წახალისებული არ არის, პოლიტიკაში მთავარია გაიმარჯვო.

“რომც არ იყოს ივანიშვილის ფაქტორი გახარიას მოღვაწეობაში, გახარიამ თავად უნდა შექმნა განწყობა, რომ ივანიშვილი მის მხარეზეა, იმიტომ, რომ ივანიშვილის ფიგურა ძალიან ბევრისთვის არის მისაღები, საყრდენი, ძლიერი ფიგურა. პოლიტიკაში ყველაფერს აკეთებს იმიჯი”, – აცხადებს საყვარელიძე.

მისივე განმარტებით, რადიკალური დამოკიდებულებები პოლიტიკისთვის ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა არ უნდა გადაიჭრას სისხლის ღვრით.

“კოჰაბიტაციაც იმავე მოტივით შემოგვთავაზა დასავლეთმა, რომ რადიკალიზმი არ იყოსო. კოჰაბიტაცია დღემდე საგინებელი სიტყვაა საქართველოში. კოჰაბიტაციის ნაბიჯების გადადგმა გახარიას მხრიდან ერთ-ერთ წამგებიანი ნაბიჯი იქნება”, – მიაჩნია ექსპერტს.

მისივე თქმით, სწორი გზა არის არა რადიკალიზმის შემცირება, არამედ დამაჯერებლად სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაა. პოლიტიკურ პარტიებს შორის დღეს მიმდინარე იწილო-ბიწილო კი, რადიკალიზმიც არ არის, არამედ უზნეობაა.

მართალია მწვავე კითხვები დღეს ყველა პარტიის მიმართ არსებობს, მაგრამ ახალ პოლიტიკურ ძალას სუფთა ბეგრაუნდის ლიდერები განსაკუთრებულად სჭირდება. შეძლებს გახარია გახდეს მესამე პოლიტიკური ძალა? ხალხის მის მიმართ დამოკიდებულება ამ ეტაპზე, ძირითადად, ოპტიმისტურია.

შორენა პაპაშვილი