ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა – NDI-მ, რომელიც ქართულ პოლიტიკურ არენაზე მთავარი მოთამაშეების რეიტინგებს აქტიურად ადევნებს თვალს, მიმდინარე წლის სექტემბერში ერთობ საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა. კვლევიდან იკვეთება, რომ საქართველოში მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია; რომ ოპოზიცია არა თუ საკუთარი მხარდამჭერების, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეც არ მოქმედებს; რომ მოსახლეობაში იმედგაცრუების ხარისხი არ იკლებს, მაგრამ სამაგიეროდ იკლებს ნდობა, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების”, ისე ევროკავშირის მიმართ და სხვა.

NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია. 75% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატო-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 69% უჭერს; მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62%) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56%) არ არის.

უმრავლესობის რეიტინგები

NDI-იმ თვალსაჩინოებისთვის 2012 წლიდან დღემდე, მათი მიერ ჩატარებული რეიტინგების ცხრილი გამოაქვეყნა, სადაც მინიშნებაა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამომრჩევლის მხარდაჭერა, როდესაც პარტია “ქართული ოცნება” 10 წლის წინ ჭარბი ნდობით მოვიდა მთავრობაში, წლებთან ერთად შემცირდა.

თუ კი 2012 წლის ნოემბერში “ქართულ ოცნებას” 63%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, დღეს მას გამოკითხულთა 25% უცხადებს ნდობას. ხოლო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ენმ”-ს 2012 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 10%-იანი ნდობა 2022 წლის აგვისტოში მხოლოდ 8%-მდე შემცირდა.

NDI ასევე აღნიშნავს, რომ პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

შალვა პაპუაშვილი

“ვერც ვხვდები, რა მიზანი აქვს ამ კვლევებს, ყოველ ჯერზე, როცა ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც იწვევს არის პოლარიზაციის გაღრმავება, ყოველ ჯერზე ცდება NDI-ის კვლევა, მგონი, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, NDI-ის კვლევებს დიდი ხანია აღარავინ ენდობა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ჩატარებული კვლევების რეალური მიზანი, რომელიც ერთადერთი – მოსახლეობაში დაბნეულობასა და ნიჰილიზმს იწვევს.

NDI-ის კვლევა მიკერძოებულს უწოდებს მმართველი ძალის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი. მისი თქმით, მიკერძოებული კვლევითაც კი, “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობაზე” ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, არავითარი შანსი არ აქვს, პარლამენტში მეტად უკეთესი პროპორცია ჰქონდეს.

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა NDI-ის სისუსტეს სწორედ პოლიტიკურ ნაწილში ხედავს, თუმცა სხვა დანარჩენში ამ ორგანიზაციის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

“კვლევების პოლიტიკური ნაწილში NDI თავად შეჰყავს შეცდომაში იმ ორგანიზაციას”
რომელიც საქართველოში საველე გამოკითხვებს ატარებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება“, – აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, NDI საქართველოს ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის, გადამზადებასა და ტრენინგებში.

“რეალობას აქაც ვერ გაექცნენ. ეს კიდევ ერთი შემოლაწუნებაა ოპოზიციისთვის, რომ გონს მოეგოს, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას და ალტერნატიული სისულელეებზე არ იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიციის რეიტინგები

NDI-ს თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა – 80% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, „ოცნების“ მხარდამჭერებიდან – 78 პროცენტი ეთანხმება.

NDI-ის ბოლო კვლევასთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციის მხრიდანაც გაკეთდა. ზოგისთვის მხარდამჭერთა უკმაყოფილება იმან განაპირობა, რომ ოპოზიციამ საერთო ძალებითაც კი ვერ შეძლო ხელისუფლების ცვლილება. ასეთია პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მოსაზრება.

ჯაფარიძის აზრით, ოპოზიციამ ხალხის ნდობა რომ დაიბრუნოს, ამისთვის საჭიროა ხელისუფლება შეცვალოს.

“პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმით. პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა იმითაა გამოწვეული, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ მოსწონს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სალომე სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მეტი დრო უნდა დაუთმოს იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე პოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ადამიანები საკუთარი ცხოვრებისგან განყენებულად უყურებენ.

სამადაშვილის აზრით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესი საკუთარ თავში ჩაიკეტა.

“არ მიკვირს ეს შედეგი. ჩვენთვის პირადად, მათ შორის ჩემი პარტიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მონაცემი. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დავგეგმოთ სწორედ იმგვარად, რომ დავუთმოთ მეტი დრო იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს აწუხებთ“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

უფლებადამცველი და ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ NDI არის ამერიკული სამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მიზნები გააჩნია. ამ ორგანიზაციის უკან კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ქართული ორგანიზაციები, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები NDI-ის კვლევებს არ ენდობიან.

“ახლაც, როცა უკიდურესად პოლარიზებულია მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრი, NDI ძალიან ოსტატურად ახერხებს, საზოგადოებამდე მიიტანოს მოსაზრება, რომ ხელისუფლებასაც არ გააჩნია არავითარი საყრდენი და, არც მესამე პოლიტიკური ძალა არსებობს. გამოდის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ძალა, რომელსაც ხალხი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას ანდობდა. არ არსებობს ძალა რომელიც უპასუხებდა მის გემოვნებას”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი აზრით, ასეთ დროს ადამიანი მომავალს ვერ ხედავს და საზოგადოება ღრმა ნიჰილიზმში ვარდება. სხვა საკითხია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რომ ემუშავა ოპოზიციის მიმართ გამოხატულ უნდობლობას.

„ეს კვლევა გამომდინარეობს იმ მძიმე სოციალური ფონიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს: ინსტიტუტების არასრულყოფილი მუშაობა, გაზრდილი ფასები, სოციალური დაუცველობის შეგრძნება, რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები. ვხედავთ აშკარად, რომ ამ კვლევის საბოლოო შედეგების მიზანია არა ის, თუ რა მიმართულებით იმუშაოს ხელისუფლებამ რომ საზოგადოების მოლოდინი გაამართლოს, არამედ ის, რომ მოხდეს ჩიხური მდგომარეობის ლუსტრაცია, ყოველგვარი გამოსავლის ძიების გარეშე. ამიტომ მიმაჩნია, რომ საკმაოდ სახიფათო მიზანი აკავშირებს ამ კვლევებს NDI-სთან”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ NDI-ისა და IRI-ის კვლევები საგრძნობლად არის აცდენილი საქართველოში ჩატარებული ბოლო წლების არჩევნების შედეგებს, მაგრამ ამავე დროს, NDI-სა და IRI-ის კვლევები უკრაინაში არჩევნების შედეგების თითქმის იდენტურია. იქაც საველე სამუშაოებს ადგილობრივი – უკრაინული ორგანიზაციები ატარებენ.

გია აბაშიძის შეფასებით, NDI-ის კვლევით ჩანს, რომ მმართველ პარტიას აშკარად აქვს ლიდერის პოზიცია, თუმცა მაინც ჰგონია, რომ ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ “ოცნებას”  დააკლო პროცენტები და ურეიტინგო “ნაციონალურ მოძრაობას” დაუწერა, რომლის 8% მისთვის დაუჯერებელია.

“ამავე დროს გამოჩნდა ისიც, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური მაჯისცემა არ ესინჯებათ. ძალიან კომიკური იყო გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ქემოკლიძის განცხადება, რომ თურმე პარტია „საქართველოსთვის“ იმიტომ არ ჩანს საერთო რეიტინგებში, რომ მათი ლიდერი გიორგი გახარია საჯარო სივრცეში დიდი ხანია არ გამოჩენილა. ამით ქემოკლიძემ თქვა, რომ მათი პაერტია ერთ ლიდერზეა ჩამოკიდებული“, – ამბობს გია აბაშიძე.

მისივე შეფასებით, NDI-ის ეს კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ლიდერის ფუნქცია და ხალხი დაიღალა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური არღნის ტრიალით. ეს ოპოზიციისთვისაც კატასტროფული შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, როდესაც ამომრჩეველს ფაქტობრივად არ აქვს არჩევანი.

“არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ ერთი პარტია იყოს მონოპოლისტურ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში. პოლიტიკური კონკურენცია აუცილებელია იმისთვის, რომ, რეალური პროექტების პაექრობით გააკეთოს მოქალაქემ არჩევანი. დღეს რას ვხედავთ. წლიდან წლამდე არ იცვლება რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა, მათი რევოლუციური განწყობები. საგნობრივი პაექრობის ნაცვლად გვესმის, – ჩამოვაგდებთ! დავანგრევთ! და ა.შ.  დესტრუქციაზე ორიენტირებული პოლიტიკოსი ყოველთვის წაგებულ პოზიციაში იქნება“, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

შ. ქარჩავა