სომხეთის ხელისუფლებამ უკანონო გამდიდრებას ომი გამოუცხადა. შემოდგომით მინისტრთა კაბინეტმა ეროვნულ კრებაში შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი უნდა წარადგინოს, რომელიც უკანონოდ გამდიდრებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც ცოტა ხნის წინათ, პარლამენტში მთავრობის აპარატის ხელმძღვანელმა-დეპუტატმა დავით არუთიუნიანმა განაცხადა, ინიციატივას უდანაშაულობის პრეზუმციასთან დაკავშირებული მთელი რიგი წინააღმდეგობა შეხვდა. მინისტრის თქმით, მოქალაქეებმა დამოუკიდებლად არ უნდა დაამტკიცონ ის, თუ როგორ მიიღეს თავიანთი პირვანდელი შემოსავალი, თუმცა ყველა პროცედურა გამჭირვალე უნდა იყოს.

მისივე თქმით, ამ დროისათვის მთავრობა უდანაშაულობის პრეზუმციასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზას ეძებს.

მთავრობის ეს ინიციატივა, მათი ჩანაფიქრით, კორუფციის, მონოპოლიის და არაკეთილსინდისიერი ეკონომიკური კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგ ნაბიჯად უნდა იქცეს. მთავრობაში, ამჟამად კადრების და სახელმწიფო მოხელეების ავტომობილების რაოდენობის შემცირება მიმდინარეობს. ერთი სიტყვით, ოპტიმიზაცია სრული სვლით მიდის. თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს სოფლის მეურნეობის მინისტრის სამი მოადგილე. ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნეს. თანამდებობიდან გადადგა სომხეთის სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი არტიომ მოვსესიანი. მასმედიაში გავრცელდა ჭორები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით. თითქოს, ყოფილმა ხელმძღვანელმა გერმანულ საავიაციო კომპანია Lufthansa-ს სომხეთის ბაზარზე საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზიის სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვა.

ამ თვალსაზრისით, მოვსესიანის წასვლა შესანიშანვი შესაძლებლობაა საზოგადოებისათვის მთავრობის გადაწყვეტილების სრული სერიოზულობის საჩვენებლად. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ანტიკორუფციული კამპანია, მხოლოდ რამდენიმე, განსაზღვრული რანგისა და თანამდებობის სახელმწიფო მოხელით შემოიფარგლება. ამას არაპირდაპირად ადასტურებს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული ცოტა ხნის წინანდელი წმენდა. მთიანი ყარაბაღის აპრილის მოვლენების შემდეგ, რასაც სომხური საზომით უდიდესი დანაკარგი მოჰყვა, ადამიანებს მთელი რიგი უხერხული შეკითხვა გაუჩნდა. კერძოდ, სომხეთის სამხედრო აღჭურვილობის, მომზადების და მოსალოდნელი აგრესიის შესახებ, დროული გაფრთხილების თაობაზე. საზოგადოებაში წარმოქმნილი მღელვარების დაცხრომის მიზნით, თანამდებობებიდან მოხსნეს მატერიალუ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, დაზვერვის, კავშირისა და ავტომატიზირებული სისტემების მართვის ხელმძღვანელები. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ბრალი მიუძღვით, თუმცა, ცხადია, მთავარი დამნაშავეები კვლავაც თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან.

გამოცდილება აჩვენებს, რომ საკანონმდებლო მექანიზმები – ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და არჩევითობის პრინციპით იყენებს: ან არასასურველი მოხელეების და ბიზნესმენების “ასალაგმად” (ხშირად ეს პარალელურად ხდება), ან საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების შერბილების მიზნით ამა თუ იმ სამთავრობო დაწესებულებაში წმენდის ჩატარებით. ხშირ შემთვევაში, ასეთ დროს თანამდებობიდან განთავისუფლებული ადამიანები “ფარად” ემსახურებიან სხვებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა, უკანონოდ გამდიდრების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი მიზანი აქვს. ეს მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიხედვით ჩატარდება. ასეთ პირობებში სერჟ სარგსიანის ზეამოცანა არის თავისი რესპუბლიკური პარტიისათვის სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველყოფა, რათა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა, შემდეგ კი, 2018 წელს პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პრემიერის სავარძელში – სახელმწიფოს ფაქტობრივ ხელმძღვანელად აღმოჩნდეს.

ამ საკითხის მოსაგვარებლად ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებენ. როგორც სჩანს, უკანონო გამდიდრების წინააღმდეგ ბრძოლას სარჩულად სწორედ ეს უდევს და მითითებულ საკანონმდებლო ინიციატივას სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ელექტორატის ხმების მოპოვებისკენ არის მიმართული. ბოლო რეფერენდუმიდან გამომდინარე, ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია თავის სასარგებლოდ დამატებითი პროცენტები “დახატოს”. თუმცა, ახალ საარჩევნო კოდექსთან ერთად ფალსიფიკაციის მდელო შესაძლოა ოდნავ შევიწროვდეს. ამბობენ, რომ ახლად ამოქმედებული კოდექსი ბრიუსელის მოთხოვნით, კვლავ უნდა გადაიხედოს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის მთავრობას ევროკავშირის ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის სახელით, გაეგზავნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგზე არ წავა და ეს უკანასკნელი ახალი საარჩევნო კოდექსით უკმაყოფილო იქნება, სახელმწიფო ევროკავშირისაგან დახმარებას ვეღარ მიიღებს. როგორც ჩანს, ეს საკითხი ხელისუფლებისათვის ძალზედ მგრძნობიარეა.

არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის შეზღუდული შესაძლებლობების გამო სახელმწიფო მოხელეების, ასევე მათი სამსახურეობრივი ავტომობილების შემცირების და “გაკულაკების” მსგავსი პოპულისტური ზომები იჩენს თავს.

აშოტ საფარიანი სპეციალურად Dalma News-ისათვის