მხედველობადაქვეითებული პირებისთვის შემოსავლების სამსახურის სპეციალური ხმოვანი ვებპორტალი voice.rs.ge შეიქმნა, ამიერიდან შშმ პირებს საშუალება ეძლევათ ონლაინ რეჟიმში ისარგებლონ სერვისებით. უნიკალური აუდიოსისტემის საშუალებით ეკრანზე ნებისმიერი ტექსტი გადადის. ხმოვანი ვებგვერდის ავტორებს, მხედველობა დაქვეითებულ ლადო ურდულაშვილსა და ბექა გოზალიშვილს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხარუდმა ღირსების ორდენები გადასცა.

ლადო ურდულაშვილი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ბექა გოზალიშვილი თბილისის მერიაში მუშაობს. “მათ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მთავარია ადამიანის მონდომება,” – განაცხადა გამოგონების ავტორთა დაჯილდოვებისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

ლადო და ბექა გამოგონებაზე უკვე სამი წელია მუშაობენ, მათ აალაპარაკეს საგადასახადო სისტემა, შეძლეს პოლიციის ვებ-გვერდის ამეტყველება… ლაპარაკობს მობილურზე მოსული მათი გზავნილებიც… შეუძლიათ აალაპარაკონ გაჩერება, ავტობუსი, ბანკომატი და კიდევ ბევრი სხვა რამ. უსინათლონი არიან და იციან ხმის ფასი…

როგორც თავად ლადო ურდულაშვილი აცხადებს, პროგრამა საკუთარი საჭიროების გამო შექმნეს, თუმცა კომპიუტერთან მუშაობის წესები მათთვის ახალი არ არის, ბევრი უსინათლოსთვის კი ეს ნამდვილად პრობლემაა. “ეს პროგრამა ყველა ქვეყანაშია, ქართულ ენაზე კი ძრავა არ იყო შექმნილი, პირველ რიგში, სწორედ ძრავა შევქმენით, რომელიც მივაბით ჩვენს უსინათლოების პროგრამას NVDA-ს, რაც შესაძლებლობას იძლევა გახმოვანდეს ყველაფერი. ამის შემდეგ, იგივე პროგრამა შევქმენით ტელეფონზეც, რომელსაც ქართული მხარდაჭერა აქვს,” – ამბობს ლადო ურდულაშვილი.‏

ლადოს და ბექას შექმნილია ასევე სერვისი voice.police.ge, რომელიც მათი თქმით, საკმაოდ მოხმარებადი პროდუქტი გამოვიდა. მათი პროგრამით სარგებლობა მხოლოდ უსინათლოებს როდი შეუძლიათ. დავუშვათ ადამიანი ცოტა ზარმაცია, კითვა ეზარება, ან სულაც არ სცალია, მაგრამ სურს ინფორმაცია მიიღოს. შევა ვებპორტალზე და ღილაკზე თითის დაჭერით, სმენით მიიღებს სასურველ ინფორმაციას რეალურ დროში. პროგრამა აგენერირებს ტექსტს და ინფორმაციას გაწვდით.

როდესაც ლადო მინსკში მუშაობდა, იქ ჩაატარეს კვლევა და მოსწავლეთა 40%-ს სმენითი მეხსიერება აღმოაჩნდა. ადამიანი შესაძლოა ხედავდეს, მაგრამ ინფორმაციას ამ მეთოდით უფრო ადვილად იღებდეს.

ლადო სხვა პროგრამებზეც მუშაობს. უსინათლოთათვის გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს, იდეებს უზიარებს – მერიას, კერძო პირებს, ბანკებს… ხშირად იდეა იდეად რჩება ხოლმე. გარდა ამისა, არის უსინათლო ფეხბურთელთა რიგებში და პარაოლიმპიადის მონაწილე, მღერის და უკრავს ქართულ ხალხურ საკრავებზე.

ცოტა ხნის წინათ სეულში იყო პარაოლიმპიადაზე და როგორც ამბობს, იქ შშმ პირთათვის ყველაფერი ადაპტირებულია, ყველაფერი ლაპარაკობს და უსინათლოსთვის გადაადგილება პრობლემა არაა… საქართველოში კი უსინათლო ადამიანი ყოველთვის სხვაზეა დამოკიდებული. ლადოს სურს შშმ პირი ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილდებოდეს, ელემენტარულად მაღაზიაში ჩასვლა უნდა შეეძლოთ. სხვას არ უნდა სთხოვონ დახმარება, როცა რამის წაკითხვა სურთ.

ამბობს, რომ ბექასთან ერთად შეუძლია აალაპარაკოს ავტობუსი, გაჩერება, შესაძლებელია უსინათლოს გაჩერებაზე ტელეფონმა უთხრას, რამდენ წუთში მოვა ავტობუსი… იდეა თბილისის მერიასაც გაუზიარა, პასუხი ჯერ არ მიუღია.

როგორც ქართველი გამომგონებელი განმარტავს, ავტობუსის გაჩერებასთან ერთი ღილაკით შეძლებს უსინათლო ადამიანი ინფორმაციის მიღებას. ამას ტექნიკურად სჭირდება ბევრი რამ: ღილაკები, დინამიკები, ბევრი სხვა წვრილმანი, მაგრამ სოფტი მზადაა და გარემოს ადაპტირებისთვის ნაბიჯი გადადგმულია.

ბანკომატზე სურდათ გახმოვანების სისტემის დამონტაჟება, პროგრამის განხორციელებისთვის თანხაც მიზერული იყო… მაგრამ ბანკები ამით არ დაინტერესდნენ. არადა ქვეყანაში, როგორც ლადო ამბობს, 8 000-12 000 უსინათლო, ან მცირედ მხედველია, ბევრი ვინც ასაკის გამო კარგავს თვალის ჩინს, არც კი რეგისტრირდება ბაზაში. 60 წელი ჯერ კიდევ არ არის ის პერიოდი ადამიანისთვის, რომ უარი თქვას დამოუკიდებლად მოქმედებებზე, თუმცა სამწუხაროდ, ბევრს ხელი აქვს ჩაქნეული. შესაძლებლობების არ არსებობის გამო მათი უმრავლესობა დეპრესიულია და ცხოვრება მათთვის გაუსაძლისი ხდება. ვერც საზოგადოების მხრიდან გრძნობს დიდად მხარდაჭერას.

“უსინათლო ჩვეულებრივი ადამიანია, ვერ ვხედავ? რა მოხდა მერე? ვისზე ნაკლები ვარ? უსინათლოს ინტელექტიც აქვს და სხვაზე უფრო მეტის აღქმაც შეუძლია, ხალხთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ ვერ ხედავს და მეტი არაფერი,” – ამბობს ლადო ურდულაშვილი და დასძენს, რომ ქართულ საზოგადოებაში სხვისი პრობლემებისთვის არ სცალიათ და ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დღეს ხარ ჯანმრთელი და ხვალ არ იცი რა იქნება… 20 წლამდე ისიც ყველაფერს ხედავდა, უბედური შემთხვევის შემდეგ კი გარემოს სხვა თვალით უყურებს.