რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე მოსკოვში აცხადებენ, რომ აფასებენ “რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობიან პოლიტიკას” და ფიქრობენ სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ამ შინაარსის განცხადება არა თუ ექსპერტების დონეზე გაკეთდა, არამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვს ეკუთვნის, რომელიც მოსკოვში გამართულ სხდომას – “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: მათი განვითარების პერსპექტივები”, ესწრებოდა.

“საქართველოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა არსებულ რთულ ვითარებაში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უკავშირდება სპეცოპერაციის ჩატარების გამო ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს, შესაძლებელს ხდის გადავდგათ ნაბიჯები ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხში”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

ამის შემდეგ, 10 დეკემბერს, მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმაც. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღონ, თუ “აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება”. მისივე თქმით, ეს პირობები თბილისისთვის კარგად არის ცნობილი.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტი და მასთან დაკავშირებით ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები უძღოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ერთ-ერთ პირობად “საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების დასრულებას და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების გაქრობას” ასახელებდა.

ირაკლი კობახიძე

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და მტრის ცნების სხვადასხვა გაგებაზე გაგებაზე გაამახვილა ყურადღება.

კობახიძის აზრით, არსებობს კითხვები, რომელთა დასმაც ჟურნალისტებისთვის ადვილია, მაგრამ რომლებზეც არასწორი პასუხი ქვეყანას მეორე ფრონტამდე მიიყვანს. კობახიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ომიც არის, ხოლო მათ, ვინც ამას იტყვის, უნდათ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად საქართველოს ომი გახდეს და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობენ.

“ომი სანახევროდ არ იქნება… ომი ან შენი უნდა იყოს, ან არ იყოს შენი. ეს მარტივი საკითხი არ არის. ანალიზი არის მთავარი. …მტრის სხვადასხვა გაგება არსებობს. მტრის ერთ-ერთი განმარტებაა, როცა ვინმესთან ომობ. მეორეა – როცა ორგანული წინააღმდეგობა გაქვს. მესამე სხვა რამეა და ა.შ. ეს მარტივი კითხვა არ არის”, – განუცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

კახა კალაძე

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემაც და განაცხადა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, რომლებსაც გაუმარტივდებათ სამშობლოში ჩამოსვლა.

“ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ არ ვცდები, მილიონამდე ქართველია და თუ მათი მხრიდან იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, ამაში ცუდს მე ვერაფერს ვხედავ. პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არა მარტო რუსეთის მოქალაქეები შემოდიან, იგივე ბელორუსებიც”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზუსტებს, რუსეთის ფედერაციას პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს. მეორე მხრივ, სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსულ ავიაკომპანიებთან მიმართებაში, ამდენად ეს საკითხი მარტივად, დღეს და ხვალ ვერ გადაწყდება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც რუსეთის ქალაქებში გამართულ ქართულ-რუსულ ფორუმში მონაწილეობდა Dalma News-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ უნდა გაჩნდეს სულსწრაფი მოლოდინი იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ხვალ და ზეგ მოგვარდება, თუმცა “მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები გვაფიქრებინებს, რომ ეს პროცესი ძალიან დაჩქარდება”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე პროგნოზით, 2024 წლისთვის, ქართულ-რუსული ურთიერთობები მაქსიმალურად მიაღწევს ფირნიშს იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ რუსეთის ფედერაციის ისტორიულ ინტერესებს შეეხება მთლიანად კავკასიის რეგიონში და რაც ამავე დროს თანხვედრაში მოვა ქართულ ეროვნულ ინტერესებთან.

“ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი პოლიტიკური ფასის განსაზღვრა, უკლებლივ ყველა დევნილის დაბრუნება და სოციალური სიდუხჭირის ფონზე მოსახლეობისთვის იმ საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც ემიგრანტებს სამშობლოში ნებაყოფლობით ჩამოყვანას შევძლებთ, გარკვეული ეკონომიკური პრეფერენციების გათვალისწინებით”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ოთარ ანგურიძე

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ოთარ ანგურიძე აღნიშნულს “კარგ ფაქტს” უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ გასათვალისწინებელია ყველა რისკი, მათ შორის ის, რაც ხდება რუსეთის გარშემო მთელს მსოფლიოში. მისივე თქმით, რუსეთის პოზიტიურ ნაბიჯებზე ქართული მხარის მიერ ერთი ხელის მოსმით უარის თქმა სწორი არ იქნება. ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს ხისტი პოლიტიკა არ გამოადგება, უფრო დინჯი და გაწონასწორებული ნაბიჯებია გადასადგმელი.

“უარის თქმა არის მარტივი, მაგრამ უარით მიღებული შედეგების გამოსწორებას ასწლეულები სჭირდება. სავიზო რეჟიმის გამარტივება და ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთის ინტერესში რომ არ იყოს, ასეთი მაღალი განაცხადი არ წამოვიდოდა. ამ კონკრეტულ მოცემულობაში არის რისკები ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, გეოპოლიტიკურიც. თუმცა საქართველოს ამ მომენტისათვის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ აქვს უარის თქმის დრო”, – განუცხადა Dalma News-ს ოთარ ანგურიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალია საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნოს იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი.

“არის მოსაზრება, რომ არ უნდა აღდგეს ავიამიმოსვლა და უარი უნდა ვთქვათ ამ თემებზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს გვაძლევს კარგ ეკონომიკურ პერსპექტივას, იმიტომ, რომ ეს ძალიან შეუწყობს ხელს ტურისტების გადაადგილებას პირველ რიგში და მეორე – რუსეთში გვყავს ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე და მათაც ექნებათ შესაძლებლობა თავისუფლად, მესამე ქვეყნის გარეშე ჩამოვიდნენ საქართველოში ნებისმიერ დროს. მათი ჩამოსვლაც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ექსპერტი.

მოსალოდნელ რისკებს რაც შეეხება, ოთარ ანგურიძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე საქართველოში გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი, შესაბამისად იზრდება საფრთხეებიც, რადგან არ ვიცით, ამ პერიოდში ბევრი ადამიანი რა მიზნით ჩამოდის. თავისუფალი გადაადგილებები ზრდის რისკებს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

არჩილ სიხარულიძე

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი, საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში წლებია დგას. ქართველი ექსპერტები თუ რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ დროა აღდგეს ავიამიმოსვლა. პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, ეს აწყობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს რუსეთში, მაგრამ ზოგადად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს რუსეთისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, რუსეთის შევიდა გლობალურ დაპირისპირებაში და საქართველოს თემას ემოციების დონეზე არ მიუდგება.

“რუსულ საექსპერტო წრეებში ამაზე შეთანხმება უკვე დიდი ხანია არსებობს, რომ უვიზო რეჟიმი არა მხოლოდ უნდა გამარტივდეს, უნდა გაუქმდეს საერთოდ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან შეინარჩუნოს დადებითი ურთიერთობები, ახლა დროა რუსეთის მხრიდანაც გამოჩნდეს საპირწონე ნაბიჯები, რომ ის რეაგირებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად ცდილობს გააკეთოს ყველაფერი და დაანახოს რუსეთს თავისი პოლიტიკის შედეგი.

რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ქართული რადიკალური ოპოზიციის შესაძლო რეაქციას რაც შეეხება, სიხარულიძის აზრით, ოპოზიციას საკითხის დადებითი, თუ უარყოფითი მხარეები ნაკლებად აინტერესებს. ოპოზიციის ლიდერები იტყვიან, – სავიზო რეჟიმი მოიხსნა იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” არის პრორუსული. მეორე მხრივ, პოლიტოლოგის აზრით, რუსეთს ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა, მაგრამ ახლა, როცა ეს ხდება რუსეთ-უკრაინის ფონზე, “ქართულ ოცნებას” კიდევ უფრო ურთულდება საქმე.

“ქართულ-რუსული დიალოგი არსებობს მხოლოდ საექსპორტო დონეზე – “აბაშიძე-კარასინისა” და ჟენევის ფორმატში. ამის იქით მოლაპარაკებების წასვლა, სანამ უკრაინაში ომია, პოლიტიკურად გააზრებული არ იქნება. საქართველო არ არის აშშ, რომელსაც შეუძლია ჩუმად ატაროს ნებისმიერი მოლაპარაკებები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც იძულებულია დაემორჩილოს დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას”, – აცხადებს სიხარულიძე.

პოლიტოლოგისთვის გაუგებარია რა მიმართულებით უნდა წარიმართოს ქართულ-რუსული მოლაპარაკებები, რადგან ეკონომიკური და ტურიზმის თვალსაზრისით ამ ორ ქვეყანას შორის მაქსიმუმი მიღწეულია, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ერთადერთი საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მეცნიერებს შორის კონფერენციების გამართვას შეუწყოს ხელი, რაშიც არაფერია განსაკუთრებული.

გიორგი ქართველი