ახლახან ცნობილმა აზერბაიჯანელმა მხატვარმა, TOILE D’OR (ოქროს ტილო) პრემიის ლაურეატმა ნიგარ ნარიმანბეკოვამ თავისი ნამუშევრები პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Art En Capital 2023-ზე წარადგინა. იგი მრავალი წელია საფრანგეთში ცხოვრობს და იქ აზერბაიჯანის ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა.

ფუნჯის ოსტატი დაიბადა ბაქოში, დაამთავრა აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლა, შემდეგ მოსკოვში გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის გაერთიანების ინსტიტუტის ხელოვნების განყოფილება, “ანიმაციური ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელის” სპეციალობით.

იგი ყოველთვის ოცნებობდა თავი მხატვრობისთვის მიეძღვნა და ოცნება აისრულა. მხატვარი ცდილობს სამშობლოში ხშირად ჩავიდეს და დაეხმაროს თანამემამულეებს თავიანთი ნამუშევრების პარიზის ყველაზე ცნობილ საგამოფენო სალონებში წარმოადგინონ.

თავისი შემოქმედების შესახებ ნიგარ ნარიმანბეკოვამ Dalma News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

— როგორ აფასებთ აზერბაიჯანული ხელოვნების განვითარებას?

— მრავალი წელია პარიზში ვცხოვრობ. აქ ძალიან პოპულარული ვარ, წელიწადში 5-6 გამოფენა და მხატვრული პროექტი მაქვს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ვარ, ყოველწლიურად რამდენიმეჯერ ჩავდივარ ჩემს მშობლიურ და საყვარელ ბაქოში. ვიკვებები და „ვიმუხტები“ აფშერონის მზით, ქარით, ზღვით, თოლიების ყვირილით, ჩვენი სტუმართმოყვარე თანამემამულეების ლამაზი სახეებით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ პარიზში ვბრუნდები და მთელი ეს ენერგიას ტილოებზე გადამაქვს. ასე იბადებიან ჩემი ზღაპრული ნახატები, რომლებიც აღმოსავლურ ლეგენდებსა და ჩემს ფანტაზიებს ეფუძნება.

ხელოვნების განვითარებას აზერბაიჯანში დიდი ყურადღება ეთმობა. თითქმის მთელი კორონავირუსული პანდემიის განმავლობაში, ოჯახთან ერთად ბაქოში ვცხოვრობდი. ხატვის შესწავლის მსურველთათვის პატარა სკოლა გავხსენი. მათთან ერთად მოვაწყვე გამოფენები არა მხოლოდ აზერბაიჯანის , არამედ საფრანგეთის დედაქალაქში. ამ ყველაფრის გარდა, გავხსენი საკუთარი ექსპოზიცია, მოვინახულე კოლეგების არტ-პროექტები. ხელოვანების განვითარების ყველა პირობაა შექმნილი და ეს ძალიან მახარებს.

— რომელ სამხატვრო სკოლას მიაკუთვნებთ თქვენს შემოქმედებას: ფრანგულს თუ აზერბაიჯანულს?

— ბაბუაჩემი ფარმან იაგუბ ნარიმანბეკოვი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში აზერბაიჯანელი დიდგვაროვანი, ბაქოს გენერალ-გუბერნატორის ვაჟი იყო. ბებიაჩემი კი წარმოშობით ფრანგი ირმა ლარუდეა, სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პოდან. ჩემში ორი დიდი სისხლი ჩქეფს, ორი დიდი კულტურა აირია და ეს ჩემს ნახატებშიც ჩანს – მათში აფშერონის არომატი პარიზის ქუჩების სურნელს შეერია. ჩემს ნამუშევრებში აზერბაიჯანულ ვნებას და ფრანგულ ხიბლს და დახვეწილობას ვაერთიანებ.

— ძირითადად რა სტილში ხატავთ?

— ჩემი მუშაობის სტილი არის სიმბოლიზმზე დაფუძნებული ექსპრესიონიზმი. ჩემი ნახატების სიუჟეტები ძირითადად, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, რომლებიც ძველ ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა, ისევე როგორც ჩემი ბავშვობის ოცნებები, როგორც ეს ნამუშევართა სერიაში “ბავშვობის სიზმრები” იყო.

ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი საყვარელი სერია ქალებს ეძღვნება, მას „სიყვარულის სათამაშოები“ ჰქვია. ეს არის ყველაზე დიდი სერია, რომელიც შედგება ათი ნახატისაგან. მასზე მუშაობა დღემდე გრძელდება. ჩემს ყველა ნახატში არის ქალები ზურგს უკან თეთრი ფრთებით, ისინი ჰგვანან ანგელოზებს, რომლებიც ღმერთმა დედამიწაზე, ამ სამყაროს გადასარჩენად გამოგზავნა.

საერთოდ, ხელოვნებას ეროვნება არ აქვს. თუ იგი გლობალური და დიდია, საუბრობს პლანეტის ნებისმიერი მკვიდრისთვის გასაგებ ენაზე და ასახავს თითოეული მაყურებლის მისწრაფებებს და ოცნებებს, ტკივილებს და ტანჯვას. ჩემი ნახატები ყოველთვის მაგიური და ჯადოსნური ზღაპარია, ალბათ, ამიტომაც ვუყვარვარ და პატივს მცემს ჩემი მაყურებელი.

— თქვენი ნახატები თავისებურობით გამოირჩევა. რისი თქმა გსურთ მათი მეშვეობით?

— როგორც ჩემი ნამუშევრების თაყვანისმცემლები ამბობენ: “შენს ნახატებს აქვს მაგია, რომლითაც მაგნიტივით გვიზიდავენ და კვლავ დაბრუნება და მათი ყურება გვსურს”.

მინდა მაყურებელს ზღაპარი დავაჯერო. თითოეულ მათგანს ხელს ვკიდებ და ილუზიების და ჯადოსნობის მოჩვენებით სამყაროში მიმყავს. ადამიანებს სასწაულებისადმი რწმენას ვუნერგავ, რათა სწამდეთ, რომ არსებობს გარკვეული ღვთაებრივი არსი, მფარველი ანგელოზები, რომლებიც გვიცავენ, პატარა ელფები და ფერიები, რომლებიც გვაძლევენ ტკბილ სიზმრებს და იცავენ ჩვენს შვილებს. ჩემი, როგორც ხელოვანის და მხატვრის მისია ზღაპრისადმი რწმენაა.

— რატომ არ გიყვართ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა?

— ჩემი ნახატები ჩემი შვილებია, ჩემი გრძნობები, ჩემი გამოცდილება. როგორ შეიძლება საკუთარი გრძნობების, სიყვარულის, სინაზის გაყიდვა? ეს ჩემთვის მიუღებელია. თუმცა ჩემი ნიჭის ბევრი თაყვანისმცემელი მეკითხება ამის შესახებ. ასეთი ნაბიჯისთვის, ჩემს ტილოებთან განშორებისთვის, ჯერ მზად არ ვარ. ისინი ჩემთან უნდა იყვნენ, მრავალ გამოფენაზე მიიღონ მონაწილეობა და გაახარონ მაყურებელი. მაგრამ პანდემიის დროს, იძულებული გავხდი ჩემი ნამუშევრებს დავმშვიდობებოდი, რადგან მათი პარიზში დაბრუნება ვერ შევძელი.

— რაზე ოცნებობთ? რომელი იდეების განხორციელება გსურთ?

— ნებისმიერი მხატვარი თავისი ნახატების გამოფენაზე ოცნებობს. ბაქოში დიდი გამოფენის მოწყობა მინდა. ეს მომხიბვლელი და დიდი დღესასწაული უნდა იყოს, რომელიც ბაქოელების ცხოვრებაში დაუვიწყარ ემოციებს დატოვებს.

კამილა სეიდოვ