სექტემბერი ძალიან სწრაფად გავიდა აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის. თვალის დახამხამებაში კარზე ოქტომბერიც მოგვადგა. ახლა ის დროია, გავიხსენოთ სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები.

თუ აგვისტო დასამახსოვრებელი იყო დეპუტატ ხავიზ გაჯიევის გამონათქვამით შორტებიანი მამაკაცების შესახებ, სექტემბერი ყოფილმა პარლამენტარმა ნაზიმ მამედოვმა “გახსნა”. კოლეგისგან განსხვავებით, მან კონკრეტული მიზანი დაისახა და კონკრეტულად – ყურის მოჭრით დაიმუქრა. კომპანია «Baku Steel Company»-ის ხელმძღვანელი რასიმ მამედოვი მონოპოლიზმში დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყურის მოჭრით უნდა დაისაჯოს. ამ მოწოდებაზე რეაგირება მხოლოდ გენერალურმა პროკურატურამ მოახდინა და დაიწყო სამართალწარმოება იმ მუხლით,რომელიც ითვალისწინებს მსგავსი სახით მუქარას.

სანამ პროკურატურა არკვევდა, თუ რამდენად ეთიკურია სხვისი სხეულის ორგანოზე თავდასხმა, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა საშუალო სკოლის პროგრამიდან ასტრონომია ამოიღოს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჯასარატ ვალეხოვმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: “დღესდღეისობით ამ საკითხზე ინტერნეტით ამომწურავი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ასე, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც აინტერესებთ ასტრონომია, მიუსხდნენ კომპიუტერებს და გაიგონ ყველაფერი რისი ცოდნაც სურთ”.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება სამინისტროში იმით ახსნეს, რომ შემცირდება მოსწავლეების სასკოლო დატვირთვა და ამიერიდან ასტრონომიას “საზოგადოებათმცოდნეობის” საგნის ფარგლებში შეისწავლიან.

სანამ სახელმწიფო მოხელეები ზეცისთვის ზურგის შექცევით იყვნენ დაკავებულნი, რაღაც ძალიან შემაშფოთებელი ხდებოდა მიწაზე, უფრო სწორედ მიწის ქვეშ. ჩრდილოეთ აზერბაიჯანში, ქალაქ შეკში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრის ადგილას 7 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებებამდე 6,5 და 4 ბალიანმა ბიძგებმა მიაღწიეს. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა ბიძგებს სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია, სახლებს სერიოზული  ბზარები გაუჩნდა.

მიწისძვრაზე მეტად აზერბაიჯანის საზოგადოება ბაქოში ცნობილი ყავის სახლის ქსელის Starbucks-ის გახსნამ შეძრა. ამ მოვლენის მოლოდინში დედაქალაქში რამოდენიმეწლიანი ჭორები დადიოდა. ბოლოს კი , აღსრულდა… სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ყავის ერთჯერადი ჭიქებით ხელში გადაღებული ფოტოებითა და სელფებით.

სექტემბრის საინფორმაციო გვერდში თავისი წვლილი სომხეთმაც შეიტანა… საქმე ეხებოდა ფეხბურთელ ჰენრიხ მხითარიანს. ის თამაშობს გუნდ “ბორუსიაში”, რომელიც  ევროპის ლიგის გუნდურ ეტაპზე აზერბაიჯანის “გაბალას” წინააღმდეგ გამოდის. “ბორუსიასა” და “გაბალას” შეხვედრა ბაქოში, 22 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. ეს ერთგვარი პრობლემაა “ბორუსიის” ვარსკვლავ მხითარიანისთვის, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთის მოქალაქეები ვერ იღებენ აზერბაიჯანის ვიზას. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი სომეხი სპორტსმენებისთვის ამ ზაფხულს, ბაქოში პირველ ევროთამაშებზე მოხვედრილიყვნენ. ასეა, თუ ისე, მხითარიანის გვარი პრესაში იმდენხანს მოიხსენიებოდა, რომ საზოგადოების ყველაზე არასპორტულმა ნაწილმაც კი გაიცნო.

შემოდგომის ერთ დილით ბაქოში გაისმა განგაში: “ომი დაიწყო!” მანამდე ამის შესახებ ასჯერ მაინც გავრცელდა ხმა, ამიტომ ეს განგაში სერიოზულად არავინ აღიქვა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულად იყო, რადგანაც რეზერვის სამხედრო ნაწილებში გაწვევა დაიწყეს. როდესაც 6 ათას სამხედროს ერთბაშად შეკრებენ მსახურებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცაში სჭირდება?… ჰაერში დენთის სუნი დადგა. მაგრამ ეს სუნი მალე გაქრა და გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო, უფრო ზუსტად – სასწავლო. როგორც სჩანს, სამხედროები საბრძოლველად კი არა – საწრთვნელად გაიწვიეს.

მეორე ფრონტზე კი ვითარება ცოტათი დაიძაბა. საუბარია აზერბაიჯანის ეუთოსთან ურთიერთობაზე. პირველ ნოემბერს აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომელზეც ეუთომ თავისი დამკვირვებლები უნდა მიავლონოს, აზერბაიჯანმა კი მათთვის სამუშაო პირობები უნდა უზრუნველყოს. თუმცა, ეუთოს მიერ წინასაარჩევნო მზადების შესამოწმებლად წარმომადგენლების გამოგზავნის საპასუხოდ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა დამკვირვებლების რიცხვის შეამციროს.

სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ბაქოში წიგნის მეოთხე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა უნდა ყოფილიყო. საერთო ჯამში კი, ეს მოვლენა იმით დაამახსოვრდება საზოგადოებას, რომ მედიამ ეს ღონისძიება ერთხმად უგულვებელყო.

პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი ზუსტად იმ დროს სხვა საკითხით იყო დაკავებული. კერძოდ, Meydan TV-ის საიტის ჟურნალისტებს სამართალდამცავ ორგანოებთან შეექმნათ პრობლემები. ისინი საზღვარგარეთიდან დაბრუნებისთანავე პირდაპირ აეროპორტში აიყვანეს. საქმე მალევე გაირკვა და ჟურნალისტი გოგონები გაათავისუფლეს.

და ბოლოს, სექტემბერში ბაქოში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი სტივენ სიგალი ჩავიდა. იგი პირადად სახელმწიფო მეთაურმა ილჰამ ალიევმა მიიღო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე აზერბაიჯანის დედაქალაქს კიდევ ერთი ლეგენდარული მსახიობი ჩაკ ნორისი ესტუმრება. თუმცა, ეს “მალე” ჯერ შორს არის, ასე, რომ მის თაყვანისმცემლებს ცოტათი მოცდა მოუწევთ.

ასეთი იყო სექტემბერი აზერბაიჯანში. თუმცა, ის ჯერ არ დასრულებულა.

ნარმინ ნიოგტე