საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება იქამდე გამძაფრდა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს. ბოლო ხანებში, ეს დაპირისპირება მაღალი ტრიბუნიდან (განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან) გაკეთებული განცხადებებიდან ღიად ისმის.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის “დაუმორჩილებლობა” ამჯერად საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში გამოიხატა. მთავრობის უარის მიუხედავად მან უარი არ თქვა დაგეგმილ ტურნეზე და ევროპაში გაემგზავრა. როგორც თავად განმარტა, ევროპაში მისი ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდასაჭერი შეხვედრების გამართვა. ტურნე გერმანიიდან დაიწყო და სულ 10-ქვეყანაში ჩასვლას გეგმავს, მათ შორის, უკრაინაშიც.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ევროპული ტურნე გერმანიიდან დაიწყო, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ევროპული ტურნეს ამსახველ ფოტომასალას კი, პერიოდულად სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტის ევროპული ტურნე გარკვეულ რისკებს შეიცავს და ეს შესაძლოა უცხოელი კოლეგებისთვის მანიპულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზებაში გამოიხატოს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია, რომ საქართველო შარშან, არ იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზურაბიშვილის პოზიცია ერთი წლის შემდეგაც უცვლელია.

ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი “ქართულ ოცნებაში” კონტრპროდუქტიულად მიაჩნიათ.

“სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი, შესაძლო, განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი”, – აცხადებენ “ოცნებაში”.

ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მისივე თქმით, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს უფლებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია უფლებამოსილების განხორციელება. როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, დაახლოებით 1 თვის წინ გაუგზავნა მან პრეზიდენტს ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე. არგუმენტი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ვექტორის შეცვლაში ადანაშაულებდა.

“ბუნებრივია ჩვენ, მთავრობამ დავკარგეთ მის მიმართ ნდობა და არ გვქონდა მოტივაცია, ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არღვევს კანონს, მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ამ მხრივ საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემები. არც საქართველოს პრეზიდენტს და არც ქართულ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია, ბოლო 10 წელიწადში, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

სალომე ზურაბიშვილი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად მაინც დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო. ამგვარად, თავადვე მისცეს ზურაბიშვილს პოლიტიკური ველი დამოუკიდებელი თამაშისთვის. მას არ გააჩნია პარტიული კუთვნილება, არც პოლიტიკური ვალდებულებები რომელიმე პარტიის მიმართ, თუმცა გააჩნია ვალდებულება ამომრჩევლის მიმართ, რომელთა ნდობას დღითი დღე კარგავს. სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია რეიტინგით საქართველოს საშინაო პოლიტიკაშიც აღარ სარგებლობს.

ადამიანები, რომლებმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იძულებითი არჩევანი გააკეთეს ზურაბიშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” ექს-თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს შორის, დღეს ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში ისინი არჩევანის გარეშე დარჩნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” და იძულებულნი იყვნენ ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ.

„სალომე ზურაბიშვილი ხალხს აღიზიანებდა და არ უნდოდათ მისი ხილვა პრეზიდენტად. გავიდა წლები და სამწუხაროდ ჩემი შიში გამართლდა. მას ვიცნობ 2009 წლიდან. გამართლდა ჩემი მოლოდინი, რომ ეს ქალი დადგებოდა სხვა მხარეს და არა იმ ხალხის გვერდით, ვინც ის პრეზიდენტად მოიყვანა. მან შეიწყალა გვარამია, ოქრუაშვილი, უგულავა. ამით დაიწყო მისი ღალატის პოლიტიკა ამომრჩევლის მიმართ“, – აცხადებს უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი.

მისი აზრით, ზურაბიშვილი გარიგებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათი პოლიტიკის გამტარებელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ის მის ფარგლებს გარეთ.

რამაზ საყვარელიძე

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოუნდა ზურაბიშვილს ევროპული ტურნეს ასე მოულოდნელად ჩატარება.

„ევროპელ პოლიტიკოსებს უნდა მოვუწოდო დაგვიჭირონ მხარი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაშიო, – მაგრამ, ამისთვის, ეს ტურნე და ამის გამო, გამძაფრებული ბრძოლა მთავრობასთან იყო კი აუცილებელი? ანუ იმისთვის, თუ რას იტყოდა ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე დახურულ კარს მიღმა? იმ ფონზე, როდესაც ტრიბუნიდან დასდო ბრალი ზურაბიშვილმა მთავრობას რუსეთისკენ იხედებითო და დახურულ კარს მიღმა კიდევ უფრო ადვილია ასეთი ფრაზების სროლა“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

საინტერესოა, პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა რომ ყველას პრეზიდენტი იქნებოდა, ამ დროის განმავლობაში ვინმეს პრეზიდენტად ჩამოყალიბდა? მისი ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები, სულ უფრო ზრდის მის მიმართ საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილებას.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ზურაბიშვილის ნაბიჯები არ არის ყოველთვის თანმიმდევრული. ის ასევე, არ არის კოლეგიალური. ხან დგამს ნაბიჯებს, რომელსაც უწონებს „ოცნება“, ხან მისი ნაბიჯები მოსწონთ ოპოზიციაში.

“ის არაფერს პასუხობს უკრაინის ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული ბრალდებების გამო. მას შეუძლია ამის გაკეთება. შესაძლოა „ქართული ოცნების“ ბრალიც არის. მოიყვანეს პრეზიდენტად და დაუწყეს ყურება. ზურაბიშვილის შეცდომებზე “ოცნებაც” არის პასუხისმგებელი“, – ამბობს საყვარელიძე.

ვახტანგ ხმალაძე

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე Dalma News-თან საუბრისას განმარტავს, პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მოქმედებს არა, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ, შეხვედრების დროს გამოთქვამს თავის პირად დამოკიდებულებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვახტანგ ხმალაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ აქვს უფლება იმოქმედოს მთავრობის თანხმობის გარეშე, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, მაგრამ პირადი აზრის გამოხატვის უფლებას, მას ვერავინ შეუზღუდავს. რასაც კონსტიტუცია ზღუდავს, ეს არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება.

“კონსტიტუციის 78-ე მუხლის დებულება ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი, ერთ-ერთი ასეთია პრეზიდენტის ინსტიტუტი, ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირებისთვის“, – განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.

მისი თქმით, კონსტიტუცია პირდაპირ ავალდებულებს პრეზიდენტს იმოქმედოს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების ხელშესაწყობად. ამიტომ, ხმალაძის აზრით, პრეზიდენტს აქვს უფლება იმოქმედოს თავისი სახელით.

საერთო ჯამში კონსტიტუციონალისტები ადასტურებენ, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია იმ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელი ქვეყნის პრეზიდენტის რანგშიც მართავს ევროპაში შეხვედრებს. პრეზიდენტის მიმართ მმართველი პარტიის იმპიჩმენტს, უკვე მოჰყვა შეფასებები, რომ მთავრობის ასეთი ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმებს.

გადამწყვეტი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის, რომლის გადაწყვეტილებასაც შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, შეწყდება იმპიჩმენტის პროცესი. მაგრამ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, პარლამენტში უნდა გაგრძელდეს იმპიჩმენტის პროცესი, დეპუტატებმა უნდა განიხილონ პრეზიდენტის მოქმედება და ამის შემდეგ გაიმართოს კენჭისყრა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას, სულ ცოტა, 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოსთვის დღეს, პოლიტიკურად არა ხელსაყრელია პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადება, თანაც „ოცნებისვე“ ლიდერები ამბობენ, რომ ხმები შესაძლოა არ ეყოთ. იმპიჩმენტის გამოცხადება, ამ შემთხვევაში წამგებიანია საქართველოსთვის.

შორენა პაპაშვილი