ბათუმში, სასტუმრო ჰილტონის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია “არგუს კასპიის – შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2015” გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში 14 ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებისა და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ერთმანეთს გამოცდილებასა და თავიანთ კომპანიებში დანერგილ სიახლეებს გააცნობენ.

კონფერენციაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით ტარდება, საუბარი შეეხება სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში, სატრანზიტო რეგიონული ვალუტის დევალვაციისა და ბიზნესაქტიურობის დაქვეითებას, ასევე სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობ პროდუქტების მოზიდვას.

როგორც Dalma News-ს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ნავთობისა და მსხვილი სატრანსპორტო – ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 120-ზე მეტი დელეგატი და აგრეთვე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ამერიკიდადნ, ესპანეთიდან, ვენესუელადან, სინგაპურიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან, პანამადან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ხვალ, 17 სექტემბერს, კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ “ყაზტრანსოილის”კომპანიის ბათუმის ნავთობ ჩამოსასხმელ ტერმინალს, ასევე კომპანიის “პეტროცას ენერგი გრუპ”-ის ფოთის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალს, სადაც ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების უმეტესი ნაწილი იტვირთება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინსპექტირების სფეროში ერთ ერთი უმსხვილესი კომპანიის ლაბორატორიის და ექსპერტიზის მიღწევები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ნავთობისა დანავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლს.