საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მწვავდება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ოფიციალური თბილისის მიმართ მკვეთრად არამეგობრული პოზიციის მორიგი დემონსტრირება მოახდინა. მისი უმთავრესი პრობლემა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა. უკრაინის პრეზიდენტი მოურიდებლად ერევა ქართულ მართლმსაჯულებაში და სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გაგზავნას მოითხოვს.

უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუშაობა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირების არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია. მაშინაც კი, როდესაც ევროპის ქვეყნებმა, ომის გამო, საკუთარი მოქალაქეები და დიპლომატები გაიწვიეს, საქართველოს საელჩო ფუნქციონირებას არ წყვეტდა. პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე – გაერო-ში, ეუთო-ში, ევროსაბჭოში. ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, საქართველო იდგა უკრაინის გვერდით. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამიგზავნა, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთდა არაერთი ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად. სხვა თუ არაფერი, საქართველომ არაერთი უკრაინელი დევნილი მიიღო და სხვადასხვა უფასო სერვისით დღემდე ემსახურებიან ამ ადამიანებს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზელენსკის უკრაინის მხოლოდ ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღელვებს და ეს მიხეილ სააკაშვილია.

 გიორგი ზაქარაშვილი

საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი 4 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან დაიბარეს და ზელენკის მოთხოვნა აცნობეს. მას “გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო” და დიპლომატისგან 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება და საქართველოში კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს.

“ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა. თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა საქართველოს მხარის პოზიცია, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც არაერთხელ გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა თბილისში დაბრუნებულმა ელჩმა.

როგორც გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, ეს მოვლენა, ცხადია, ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ქმნის გარკვეულ პრობლემებს, კომუნიკაციისთვის.

როგორც თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება განმარტავენ, ისინი აღაშფოთა 3 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში დანახვამ. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც “7 ნოემბრის” საქმე განიხილებოდა, სააკაშვილი კლინიკიდან ვიდეოზარის ფორმატით ჩაერთო.

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინის ხელისუფლების განცხადებას საფუძველმოკლებულად აფასებს და ამბობს, რომ „მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ“.

მისივე თქმით, საქართველოს მისამართით უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა დროს ისმოდა უსამართლო განცხადებები, მაგრამ ამაზე მსჯელობის დრო მომავალში იქნება. მანამდე საქართველო განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შესაძლებლობების ფარგლებში.

„ეს არის ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით და ვერც ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გია აბაშიძე

ანალირიკოსი გია აბაშიძე ზელენკის ამ ნაბიჯს უკიდურესად არამეგობრულს უწოდებს. მისი აზრით, ზელენსკი აიგნორებს სტრასბურგის გადაწყვეტილებებს სააკაშვილზე, რაც არის უკიდურესი დაცინვა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების, არამედ, ევროპის სამართლის ერთ-ერთი უმაღლესი ინსტანციის.

“არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხდება გლობალური ომის პარტიის დაკვეთით, უნდა დასაჯონ საქართველო იმის გამო, რომ ის არ არის არავის პოლიტიკური ვასალი. დამთავრდა ის დრო, როდესაც საქართველოს ერქვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო“. ქვეყანას უწევს ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც გარეშე, ძლიერ მტრებთან, ასევე შიდა მეხუთე კოლონასთან, რომელიც მზად არის ნებისმიერ ფასად, ძალისმიერი გზით შეცვალონ ხელისუფლება, ოღონდ თვითონ დაბრუნდნენ სათავეში“, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, სწორია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ მშვიდად, აუღელვებლად განაგრძონ ცალმხრივად, ოფიციალური ურთიერთობის რეჟიმი და უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელების ინტერესები არ დააზიანონ.

გია აბაშიძის შეფასებით, სახეზეა ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებულნი არიან საქართველოდან გაქცეული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც საომარი ვითარების მიუხედავად, იცლიან და ტელეინტერვიუებს არიგებენ სააკაშვილის მომხრე პროპაგანდისტულ ტელევიზიებში საქართველოში.

“ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს უნდათ დააზიანონ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები“, – აცხადებს აბაშიძე.

გიგლა ბარამიძე

საქართველოს ყოფილი ელჩი სომხეთში, პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე ოფიციალური კიევის ამ საქციელს პროვოკაციას უწოდებს, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უემოციო და გაწონასწორებული რეაქციით უპასუხა.

“ანჩხლი ქალივით არ გამოუვარდა ზელენსკის და არ დაუბრუნა შესაბამისი პასუხი”, – ამბობს ბარამიძე.

მისივე შეფასებით, დიდი ხანია კიევის მხრიდან ვუყურებთ საქართველოსადმი არაკეთილ მეგობრულ განწყობას. ყველაფერი დაიწყო ომამდე, როცა “სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის” წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში გადაბარგდნენ.

„იმაზე დიდი ცინიზმი რა არის, როცა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგი ადეიშვილი არის მეგობარი სახელმწიფოს გენერალურ პროკურატურაში საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი. ასევე არიან იქ ნაცბანდის წარმომადგენლები გუბერნატორებად, მინისტრებად, მინისტრის მოადგილეებად. ისინი, ვინც სააკაშვილი აქ შემოგვიგზავნე „ტროას ცხენივით“ კონტეინერით, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ამას არ ჰქვია მეგობრობა. ხალხთა შორის უკრაინელებსა და ქართველებს შორის მეგობრობა არის, მაგრამ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის ნაცბანდის გაგრძელება“, – განუცხადა Dalma News-ს გიგლა ბარამიძემ.

მისივე შეფასებით, როგორც კოჰაბიტაცია იყო შეცდომა, ასევე, გაქცეული დამნაშავე ხელისუფლების მაღალჩინოსნების ექსტრადიციის არ მოთხოვნა იყო „ოცნების“ ხელისუფლების შეცდომა. სექტანტურად მიდრეკილი ძალების მიმართ საჭიროა კანონის სახელით უმკაცრესი მოქმედება.

„არაფერი ვალდებულება არ გვაქვს უკრაინის მიმართ ისეთ, რომ დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეგობრები. არანაკლები მეგობარია საქართველოსი ისტორიულად სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, მაშინ უკრაინა, როგორც ეთნოსი, ჯერ კიდევ არ არსებობდა. არასწორია, როდესაც ზრდი ახალგაზრდებს იმ იდეოლოგიით, რომ მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს საქართველოს და ეს არის უკრაინა. იმიტომაც არის, რომ მათი ხელისუფლება ჩვენს სიკეთეს არ აფასებს და გვაფურთხებენ სახეში“, – აცხადებს ყოფილი ელჩი გიგლა ბარამიძე.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების სწორი ნაბიჯია ის, რომ დიპლომატიურად მიუთითეს კიევს, რომ სამარცხვინოა მათი პრეზიდენტისა და მათი ელიტის ეს განცხადება, მაგრამ საქართველო არ წამოეგება ამ პროვოკაციას.

„საერთოდ პრეზიდენტები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. წინა განცხადება, თითქოს სააკაშვილს აქ აწამებდნენ, ხომ გამოუვიდა ტყუილი? სტრასბურგის სასამართლოს როდის აქეთ აღარ ცნობენ უკრაინაში? ნუთუ ზელენსკიმ არ იცის, რომ სააკაშვილი სტრასბურგში უკრაინასაც უჩივის? ამის ფონზე, როდესაც აკეთებინებენ ზელენსკის ასეთ განცხადებას, მისი მთავარი მრჩეველი ადეიშვილის სახით, აღარაფერია გასაკვირი. ცალმხრივი მეგობრობა და უკრაინის დროშების ზღვარგადასული ფრიალი, არასწორია“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ჰამლეტ ჭიპაშვილის

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, დიპლომატ ჰამლეტ ჭიპაშვილის შეფასებით დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ უკრაინა გახდა წარმოუდგენლად კორუმპირებული ქვეყანა. ბიზნესმა ხელში ჩაიგდო უკრაინის მთელი ფული და სიმდიდრე. დღევანდელი უკრაინა კი, სასაკლაოდ იქცა, ამ ომში უკვე 250 ათასი ადამიანია დაღუპული, რასაც საქართველოს მასმედიაში არ ამბობენ. ჭიპაშვილის აზრით, სააკაშვილის ბედი არ ანაღვლებს ზელენსკის, მისი მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველო ჩაითრიონ ომში. ზელენსკის განცხადებები არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების დემონსტრირება და იმის გამო, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი, ყველანაირად ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ქვეყანას.

„როდესაც ელჩს ეუბნებიან, რომ 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვო ქვეყანაო, – ეს ნიშნავს, რომ მას აგდებენ. ეს არის ელჩის გამოდგება. ეს დიპლომატიაში მიღებული რამ არის, მაგრამ ელჩის გაგდება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანასთან არ უნდათ ურთიერთობები, ე.ი ზელენსკი ამწვავებს საქართველოსთან ურთიერთობებს. ასეთ შემთხვევაში ხდება სარკისებური მოქმედება. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დონე უნდა დაიყვანოს მდივნის დონეზე, დანარჩენი დიპლომატები უკან უნდა გამოითხოვოს“, – განუცხადა Dalma News-ს ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ზელენსკი გახდა უკრაინის პრეზიდენტი, კიევიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ლანძღვა-გინების მეტი, არაფერი ისმის.

გიორგი ქართველი