ღია წყაროების ერთკვირიანი შესწავლის შედეგად, პოლიტოლოგმა, გია აბაშიძემ საზოგადოებას სამაგიდო კვლევა წარუდგინა. მისი მიზანია საზოგადოებას აჩვენოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში, როგორი კონფიგურაციით არიან წარმოდგენილნი, რომელი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლად თუ სიტუაციურ მოკავშირეებად გვევლინებიან. ექსპერტი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას გამოყოფს, რომელთა ნარატივები  ერთი-ერთში ემთხვევა ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებებს.

ენმ-ს მხარდამჭერი “დასავლური პლატფორმის” აქტიური წევრები არიან: 1. INCD (სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი); 2. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება; 3. მწვანე ინტერნეტი; 4. ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება “ლაზარე”; 5. აფხაზეთის ხმა; 6. საქართველოს ახალგაზრდობა ევროპული მომავლისთვის; 7. ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა; 8. თავისუფალი ზონა; 9. ახალი ხედვა საქართველო; 10. მოძრაობა “ძალა ერთობაშია”; 11. ივერია; 12. Healthy Government-ი; 13. მოძრაობა “ლაზიკა”; 14. დავიბრუნოთ აფხაზეთი; 15. საქართველო ოკუპაციის გარეშე; 16. ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა; 17. ტომას ჯეფერსონის ცენტრი/საქართველო; 18. სამოქალაქო განვითარების ქსელი; 19. სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი; 20. სამოქალაქო საზოგადოების ტრანსფორმაციის ცენტრი.

როგორც გია აბაშიძემ Dalma News-ს განუცხადა, სიტუაციური მოკავშირეობა თანაშრომლობის მიღებული ფორმაა პოლიტოლოგიაში და ამაში ცუდი არაფერია. ის სტრატეგიული მოკავშირეობისგან განსხვავდება და დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე, ორივე მხარის ინტერესებსა და მისწრაფებებზე, საშუალო და მოკლევადიან მიზნებზე, კონკრეტულ ამოცანებზე. მეორე მხრივ, კვლევის პროცესში მან ვერ იპოვა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” სიტუაციურ მოკავშირეებად შეიძლება განვიხილოთ.

ექსპერტის შეფასებით, ამ მხრივ “ოცნება” შიშველია, თუმცა ეს ერთდროულად კარგიც არის და ცუდიც.

“სახელისუფლებო პოლიტიკური ძალისთვის ასეთი სიშიშვლე უდაოდ დადებითია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია. ვინ ვისი სიტუაციური მოკავშირე იქნება, ეს მათი გადასაწყვეტია და ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ მე, საზოგადოებას დავანახე რედგენული რუსათი იმისა, თუ ვინ ვინ არის და ვინ ვისთან არის. სიტუაციური მოკავშირეები აშშ-ს დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს ჰყავთ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ ანალიტიკური ცენტრებისა და მედიასაშუალებების სახითაც. მაგრამ აქ პრობლემა მიკერძოებულობაშია. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას ქალთა უფლებები, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, არ რეაგირებდა ნაცმოძრაობის მხრიდან წამოსულ ზღვარგადასულ, დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, ქალი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ”, – აცხადებს გია აბაშიძე.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან ექსპერტს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს, იმისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაციონალებთან მოკავშირეობამ, როგორ შეიძლება დააზარალოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, უცხოური მედიასაშუალებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფართოდ გაშუქდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დემარში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ყალბი
პირადობის მოწმობების სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დაბეჭვდასთან დაკავშირებით.

ამ ორგანიზაციებმა ფაქტობრივად ეჭვქვეშ დააყენეს 2018 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა. მათი ინფორმაცია აისახა დამკვირვებელთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებში და შედეგად “ქართულ ოცნებას” გარკვეული პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიადგა. მხოლოდ სერვისების განვითარების სააგენტოს პასუხის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ ზიანის მინიმალიზაცია.

გია აბაშიძე იხსენებს, კოპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განხორციელებულ კიდევ ერთ დემარშს, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი შეეცადა საერთაშორისო აუდიტორიის თვალში საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და ქვეყნის ხელისუფლებისათვის რეპუტაციის შელახვას. მან ხელისუფლება ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესის
ჩავარდნაში, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის და სახელმწიფოს მიტაცებაში დაადანაშაულა.

ანალიტიკოსის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა, საქართველოში დემოკრატიის შევიწროვებად აღიქმება, რასაც ის არ ეთანხმება. ხშირ შემთხვევაში ასეთი ორგანიზაციების უკან ან პარტიული ლიდერები ან ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურად იყენებენ საზოგადოებრივი აზრის, მათთვის სასურველი მიმართულებით ფორმირებისთვის. ამისთვის ფულის გაღებაც არ ენანებათ.

გია აბაშიძის კვლევას მაშინვე მოჰყვა კრიტიკა. ის “ქართული ოცნების” დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს. თავად მას კი მიაჩნია, რომ ამ მათრახის გამო უკმაყოფილო ხელისუფლება უნდა დარჩენილიყო, რადგან მან ვერ უზრუნველყო სამოქალაქო სექტორთან სტრატეგიული მოკავშირეობა, ქვეყნის იმიჯის დაცვა და რეალურად კონკურენტული გარემოს შექმნა.

ანალიტიკოსის თქმით, თავისუფალ დემოკრატიულ სივრცეში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ტაბუდადებული სექტორი საქართველოში აღარ არსებობს, არც საეკლესიო  და აღარს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში. ამდენად მისი სუვერენული უფლებაა, სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას, თუნდაც არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლის მისამართით. მათი მხრიდან ამ უფლების შეზღუდვის სურვილი და მცდელობა კი, ექსპერტის გაოცებას და პროტესტს იწვევს.

“თავისი ყალიბით ზომავენ ყველას. წესით “ქართული ოცნება” უნდა მემდუროდეს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ასოცირებული ენჯეოები, რომლებიც ეს დღეები, სოციალურ ქსელში ჩემი ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები. ქვეყანაში ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია გვყავს, რომლებიც პოლიტიკურ წრეებში ვერ ხედავენ თავიანთ სიტუაციურ მოკავშირეებს, ან დაფინანსება არ აქვთ. ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც აქ მყოფ უცხოელებთან კავშირები და გავლენა აქვთ, ყოველთვის ადვილად შეუძლიათ გავიდნენ დაფინანსების წყაროზე, ვიდრე იმ არასამთავრობოებს, რომლებსაც რეალურად უნდათ პრობლემებს მიხედონ, მაგრამ არ შეუძლიათ დაწერონ საგრანტო განაცხადი. ამ დროს შესაძლოა უკარგესი პროექტი ჰქონდეთ. ამაში მე ვადანაშაულებ “ქართულ ოცნებას”, რომ ვერ შექმნეს ჯანსაღი სივრცე, სადაც მიუკერძოებელი არასამთავრობო სექტორი შეძლებდა არსებობას და კონკურენციის გაწევას მათთვის, ვინც ნაციონალებისგან უხვად ფინანსდებიან. რომ თავისუფლად იმოღვაწეოს ყველა ადამიანმა და არც ერთი ენჯეო არ იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში”, – განუცხადა გია აბაშიძემ Dalma News-ს.

მისივე თქმით, ეს კვლევა მათრახია “ქართული ოცნებისთვის”. როცა ხელისუფლების წარმომადგენლები პიარისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემებზე საუბრობენ, ავიწყდებათ მთავარი, რომ პიარი არ არის მხოლოდ პარტიული პრესსამსახური, ეს არის ფართო და ინტენსიური კომუნიკაცია სამოქალაქო სექტორთან, რომ თვითონ გაიჩინონ სიტუაციური მოკავშირეები, რომ ერთად ებრძოლონ პრობლემებს, კონსტრუქციულად და არგუმენტირებულად.

როგორც გია აბაშიძის სამაგიდო კვლევაშია აღნიშნული, ზემოთ ჩამოთვლილი 20 ორგანიზაციიდან რამდენიმემ, 2019 წლის თებერვალში, სოროსის ფონდის დაფინანსებით გამოაქვეყნეს საქართველო – ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების საკმაოდ კრიტიკული ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ რეფორმები დაყვანილია ფორმალურ ცვლილებებამდე, რაც პრაქტიკაში არ აისახება და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი საჯარო უწყებებში მომუშავე ადამიანების არაკვალიფიციურობაა. ადვილი წარმოსადგენია რა ზეგავლენას მოახდენს ეს ანგარიში ევროკავშირის ინსტიტუტებზე. ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მთავრობა წარმოჩენილია, როგორც არაკომპეტენტური ხალხით დაკომპლექტებული და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების სათანადო ნების არმქონე.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვით ადრე, გია აბაშიძემ ანალოგიური კვლევა ე.წ ფეიკნიუსებზეც ჩაატარა. საკვლევ ობიექტად ტელეკომპანია “რუსთავი-2” -ი აიღო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი კვირის განმავლობაში გასული საინფორმაციო გამოშვებები შეისწავლა. დაადგინა, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაციის 80% “ფეიკნიუსებია”. მისი შეფასებით, ამ კვლევამ გამოიღო დადებითი შედეგი, გააქტიურდა შსს, თბილისის მერია, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები.

ანალიტიკოსის თქმით, ხშირად, ჭეშმარიტ ბრალდებებში ისე შეერევა ყალბი ბრალდებები, რომ მათი გარჩევა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, თითქმის შეუძლებელი ხდება. ამიტომ საჭიროა ხელისუფლება მეტად აქტიური იყოს და დაიცვას არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება, არამედ, საზოგადოება ცრუ ინფორმაციისგან.

მოამზადა შორენა პაპაშვილმა