რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის კლების გამო, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქართული ღვინის ექპორტი 46%-თ შემცირდა.

როგორც Dalma News-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 860 452 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

ექსპორტის მატებაა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. კერძოდ, ყაზახეთი 2%, რაც 2 936 256 ბოთლია, ჩინეთი – 60%, ანუ 1 185 821 ბოთლი, პოლონეთში – 1%, 1 020 394 ბოთლი, ლატვიაში – 2% (709 602), ლიტვა – 1% (363 678), ესტონეთი – 37% (297 432), გერმანია – 27% (188 528), აშშ – 26% (155 744), კანადა – 89% (120 180), იაპონია – 7% (90 194), ყირგიზეთი – 23% (79 080), კორეა – 221% (24 054), და სხვა.

მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის მატების მიუხედავად, ქართული ღვინის გატანა  შემცირდა ორ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, რუსეთსსა (-58%) და უკრაინაში (-63%). ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზეც.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა  – 10 111 948 ბოთლით, მას მოსდევს ყაზახეთი -2 936 256 ბოთლით, უკრაინა – 1 739 438 ბოთლი, ჩინეთი – 1 185 821 და პოლონეთი -1 020 394 ბოთლი.

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 16  ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი,  18 ქვეყანაში – 75 036 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.