ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ანტიამერიკული განწყობები მძლავრობს. საქართველოში მოქმედი აშშ-ს საელჩოს ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას აქ, დიდი ხანია, უპირისპირდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები. მაგრამ ქვეყნის საპარლამენტო ისტორიაში პირველად, ამერიკის მიმართ მძაფრად კრიტიკული განცხადებები უკვე პარლამენტის ტრიბუნიდანაც ისმის.

ლიბერალური განწყობები, რომელიც შეფარვით თუ ღიად, ქვეყანაში ანტიეკლესიური და ანტიეროვნული იდეოლოგიის დამკვიდრებას, პოლიტიკური პარტიებისგან მართვად მედიას გულისხმობს, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილისთვის მიუღებელია. საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მომხრეები ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო და აშშ-ს მოქმედი დიპლომატიური მისია საქართველოში.

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” სახელწოდებით ჩამოყალიბდნენ, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევაში პირდაპირ ადანაშაულებენ აშშ-ს საელჩოს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ ამერიკელებთან დასაპირისპირებლად ძალა არ ჰყოფნით.

“ხალხის ძალის” ლიდერებმა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში “ქართული ოცნების” გვერდით რჩებიან, ერთობ ვრცელი განცხადება გაავრცელეს, სადაც ყველა ის მიზეზია ჩამოთვლილი, რის გამოც ამერიკის საელჩო მათი კრიტიკის ობიექტად იქცა.

მათი განცხადებით, ქართული ენჯეოების რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას ყველაზე დიდი ამერიკული დონორი ორგანიზაცია – „ნედი“ აფინანსებდა. ეს ორგანიზაციები არჩევნების გაყალბებაზე  ცრუ კამპანიას ეწეოდნენ, რასაც ზურგს რადიკალური ოპოზიცია და მათ მიერ მართული მედია უმაგრებდა.

“ხალხის ძალის” ლიდერების აზრით, თანამედროვე ამერიკა  ლიბერალების ხელში გლობალური ტირანიის უპირველეს სახედ იქცა. ამერიკის საელჩოს საკუთარი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის სიტყვებს ახსენებენ: “მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე”.

Депутаты «Силы народа»

განდგომილი დეპუტატები – სუბარი, ხუნდაძე, მაჭარაშვილი და ყაველაშვილი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნასა და გაღრმავებაში, ზიზღის ენის დანერგვაში, არც მეტი, არც ნაკლები ამერიკაში გაბატონებულ ე.წ ლიბერალების პოლიტიკურ ჰეგემონიას ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს პრობლემა კი განსაკუთრებული სიმძაფრით “ნაციონალურ მოძრაობასა” და მათ მედიასაშუალებებშია გამოხატული.

“მათი უმთავრესი ამოცანა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფაა.  ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი – სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ფსევდო ღირებულებები”, – ვკითხულობთ “ხალხის ხმის” განცხადებაში.

სუბარი-ხუნდაძე-მაჭავარიანი-ყაველაშვილის ოთხეულის ერთობლივ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვე პარლამენტის ოპოზიციური ფლაგიდან. მათი აზრით, “ხალხის ძალა” არის სპეციალურ დავალებათა ჯგუფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა (“ქართული ოცნების” დამფუძნებელი) საქართველოში დასუსტებული პრორუსული ფლანგის გასაძლიერებლად შექმნა.

ნაციონალების ორბიტაზე მოთამაშე პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აღნიშნული დეპუტატების ოთხეული მავნებლები და პოლიტიკური ჭინკები არიან.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის აზრით, ეს ოთხეული “ოცნებას” ყველა “ანტიდასავლური და შავ-ბნელი აზრების” ტირაჟირებისთვის სჭირდება. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ დეპუტატებმა  საკანონმდებლო ინიციატივებიც წარმოადგინონ, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

“ისინი უმრავლესობის ნაწილი არიან და ავრცელებენ ზუსტად იმ გზავნილებს, რასაც “ქართული ოცნების” თითოეული წარმომადგენელი სიამოვნებით იტყოდა. უბრალოდ მათ გადაწყვიტეს, რომ ე.წ.განდეგილები ალაპარაკონ”, –  განაცხადა სამნიძემ.

თინა ხიდაშელი

თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი. მან გადაწყვიტა საზოგადოებას წვრილ-წვრილად აუხსნას, ვინ ფინანსდება საქართველოში ამერიკული ფულით და რას ხმარდება .

“ამ დახმარების მიმღებმა და ადრესატებმა მასობრივად უნდა მოვუყვეთ ქვეყანას რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა სწორედ ამერიკულმა დახმარებამ, რამდენ სიკეთეზე წვდომა გახადა შესაძლებელი, როგორ შეცვალა საუკეთესოდ ათასობით ადამიანის ყოველდღიურობა. ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის ფლაგმანი უნდა ყოფილიყო რეგიონში”, – წერს თინა ხიდაშელი ვრცელ სტატუსს.

კითხვაზე, თუ ვისთვის იხარჯებოდა ამერიკული დახმარება? განმარტავს, – ათასობით ახალგაზრდისთვის შეუძლებელის შესაძლებლად ქცევაში, საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში განათლების მიღებაში, ქართველი სამხედროების სწავლებაში, აღჭურვასა და გაწვრთნაში, ქართული პოლიციის დახმარებისთვის, ჰეპატიტის ელიმინაციისთვის და ა.შ.

ლევან ალაფიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილის აზრით, “სუბარი და კომპანიის” “ქართული ოცნებიდან” ხელოვნური გამოყოფის თამაშს ორ მიზანი აქვს –  2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ოცნების” ძველი მხარდამჭერების მობილიზება, რომლებიც დღეს, “ოცნებაზე” განაწყენებულები არიან და მეორე – შეიქმნას ე,წ ჯიბის ოპოზიცია, რომლისთვისაც აქტუალური იქნება ეროვნულ-პატრიოტული თემატიკა.

აშშ-ს მისამართით ბრალდებებს რაც შეეხება, ალაფიშვილის აზრით, სოზარ სუბარისა და მისი გუნდის პირით, “ქართული ოცნება” ლაპარაკობს.

“ამერიკის ელჩმაც თქვა, რომ ესენი რეალურად „ქართული ოცნების“ განაყოფი არიან და ამ ყველაფერს  “ოცნებასთან” კომუნიკაციაში გავითვალისწინებთო”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა Dalma News-სთან საუბრისას.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ სოზარი და მისი თანაგუნდელები, თავის დროზე იმიტომ გავიდნენ „ქართული ოცნებიდან”, რომ მათ სურდათ თამამი ყოფილიყვნენ იმ დაუმსახურებელ ქმედებებში, რომელსაც ახორციელებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ასევე მისი უცხოელი ლობისტები.

“სიმართლე უნდა ითქვას, ამაში არაფერია დასაძრახი. ვერანაირად ვერ დავარქმევ ამას დასავლეთზე თავდასხმას. უფრო პირიქით, როდესაც ამ დეპუტატებმა რამდენჯერმე გამოაქვეყნეს ღია წერილი შეკითხვებით, ისინი აშშ-ს ელჩმა დაამუნათა, თითქოს არ იცნობ მათ, არ წაუკითხავს მათი წერილი, ნუ გვავიწყდება, რომ ესენი არიან ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები არიან. არ შეიძლება აგდებული ტონით საუბარი დეპუტატების კრიტიკულ განცხადებებზე”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება ვეღარ მოხდება და ამას ყველა გარეშე ძალა უნდა “შეეგუოს”. ასევე, როცა ევროპარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტიდან საქართველოს მისამართით დაუმსახურებელი კრიტიკა ისმის, ამაზე მმართველ გუნდს სამართლიანი რეაქცია აქვს.

“არ შეიძლება დაუმსახურებელი კრიტიკა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი საიმედოა რეგიონში, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის”, – მიაჩნია გია აბაშიძე.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო ფაქტი აჩვენა. ზედიზედ 3-ჯერ მოიგო საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ, თუ დასავლეთის რომელიმე პოლიტიკური აქტორები ენდობიან ელენე ხოშტარიას, ან გრიგოლ ვაშაძის რეიტინგს, ეს უკვე მათი პრობლემაა.

გია აბაშიძე არც იმას გამორიცხავს, რომ “ხალხის ძალა” ერთ წელიწადში პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს და 2024 წლის არჩევნებში კენჭი იყაროს.

შ. ქარჩავა