დავითგარეჯი, ნამოხვანჰესი, გეოპოლიტიკური გამოწვევები, ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები, ბოლო რამდენიმე დღეა შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა გადაფარა. პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია, როცა  მოულოდნელად, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია. ოფიციალურ მიზეზად, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულის, პარტიაენმ”-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას მიმართ სასამართლო განჩინების აღსრულებაში მმართველ გუნდსა და პრემიერს შორის აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა. თუმცა, შესაძლოა ძაღლის თავი სულ სხვაგან იყოს დამარხულისაქართველოში მიმდინარე საშინაო პოლიტიკურ პროცესებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე Dalma News საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.

– ჩვენს გარშემო საინტერესო გეოპოლიტიკური პროცესები ვითარდება, რასაც 10-15 წლის წინ, ვერც წარმოვიდგენდით. ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს ეყრება საფუძველი გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის ანგლოსაქსური გეოპოლიტიკა ეყრდნობა რა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის ექსპანსიას, ძალიან სერიოზული დაძაბულობის კერას ქმნის ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ კი, უკვე კავკასიის რეგიონში. ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე ვართ. მხოლოდ სწორი მოქმედებითა და ცივი გონებით შეიძლება გადავრჩეთ ძალიან სერიოზულ დაპირისპირებას რეგიონში.

– რას გულისხმობთ?

– საქართველო არის ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია უდიდესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პოტენციალი. ამაში იგულისხმება ენერგომატარებლების გატარების ძალიან მნიშვნელოვანი ტრასებიც. რუსეთისთვის საქართველო, როგორ სამხრეთ საზღვართან მდებარე სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ინტერესის და დაკვირვების სერიოზული საგანია. ასევე, დასავლეთისთვის, რომელმაც 10-წლეულების განმავლობაში ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიციები განახორციელა საქართველოში და თავისი სტრატეგია გააჩნია. ასევე, ძალიან კარგად ვხედავთ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის საცეცებს კავკასიის რეგიონზე.

თურქეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს იოგურებით (მუსლიმანი ჩინელები) დასახლებულ ჩინეთზე. იოგურებით დასახლებული ჩინეთი ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში, სადაც რელიგიური ექსპანსია არის სახეზე და იმდენად დიდი საფრთხის შემცველია, რომ ჩინეთი ძალიან დიდ ფინანსებს ხარჯავს ამ რეგიონში უსაფრთხოებაზე.  აღარაფერს ვამბობ თურქეთის გავლენაზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, განსაკუთრებით შუა აზიის რესპუბლიკებზე. კარგად ვხედავთ, რა მოხდა ყარაბაღში. სომხეთს ძალიან სწრაფად ააღებინეს ხელი ყარაბაღზე. თურქეთის ეკონომიკური ტრასები ტრადიციულ აბრეშუმის გზას კავკასიის რეგიონში უკვე 2-ნაწილად ჰყოფს, რაც ჩვენს ეკონომიკას არაკეთილსაიმედო პროგნოზს უქადის.

Реджеп Таййип Эрдоган и Ильхам Алиев

– თქვენი აზრით, საქართველო კარგავს თავის გეოპოლიტიკურ სტრატეგიას?

– დიახ. არადა საქართველო ყოველთვის იყო წამყვანი ქვეყანა ყველა რესურსის გათვალისწინებით, ინტელექტუალურით დაწყებული გეოსტრატეგიული მდებარეობით დასრულებული. საქართველოს არეული აქვს თავისი საგარეო-პოლიტიკური კურსი, გაუგებარია სად მივდივართ. ნატოში არ მივდივართ, ევროკავშირში არ გველიან, ევრაზიული კავშირი ჩვენთვის მიუღებელია. მყარი ხიდის როლის შესრულება ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის ჩვენთან, ასევე, არაგანხილვადია. პოსტსაბჭოური ტრადიციული ბაზრები მოქცეული ევრაზიულ კავშირში, ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი პრეფერენცია მათთან წვდომაზე.

რამდენად ადეკვატურია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რეგიონალური გამოწვევების მიმართ?

– არ შეიძლება მელიებზე ყურადღების გაფანტვა მაშინ, როცა მეგაეკონომიკური პროექტების უკან სახიფათო სოციალური ექსპერიმენტების განხორციელების ჩანაფიქრი იმალება, რომლის თანახმად ამ მიწაზე ქართული მოსახლეობის სრული ანიჰილაცია განხორციელდება. ფულის პატრონები მსოფლიოს თავიანთი შეხედულებისამებრ ანაწილებენ და აღმოჩნდა, რომ ეროვნული სახელმწიფო, რომელსა 2000-წლოვან ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ცივილიზაცია აქვს, არ სჭირდებათ თავისი ერით და სჭირდებათ ტერიტორიით. გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ტერიტორიის ხელში ჩაგდება ძალიან მარტივია. ააშენე 100 მგ/ვატის სიმძლავრის ჰიდროენერგეტიკული კვანძი, რომლის ზედა და ქვედა ზონა გაწელილი იქნება მრავალ კილომეტრზე და მთელი ეს ფართობი – ტყე, მასივი, სახნავ-სათესი, საძოვარი ჩაიდება ერთ-ერთი კომერციული ბანკის უზრუნველყოფაში. თურქული კომპანიისთვის ერთი საუკუნით მიწის გადაცემა სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური საბაბით თურქეთის პირდაპირი პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. აზერბაიჯანი დავითგარეჯის საკითხზე უტიფრად გვაყრის თვალებში ნაცარს და საკუთარ მამასაც კი ეწინააღმდეგება.

დავითგარეჯთან დაკავშირებით ჰეიდარ ალიევს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა?

– პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი იყო საქართველოს მოყვარე და თავის ქვეყნის პატრიოტი. მან თავად შესთავაზა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს (1996 წლის 13 ივნისს, თბილისში) რომ სწორედ 1938 წლის 50 ათასიანი და დამხმარე 200-ათასიანი რუკები ყოფილიყო ათვლის წერტილად მიჩნეული საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციისთვის. იმიტომ, რომ ეს იყო ოპტიმალური რუკა, რომელშიც პირდაპირ ჩანდა, რომ საქართველოს ორგანული კულტურული მემკვიდრეობა უნდა დარჩენილიყო საქართველოს შემადგენლობაში და მამა ალიევს, რომლის ხსოვნასაც დიდ პატივს მივაგებ, თუნდაც ამ ფაქტიდან გამომდინარე, აზრადაც არ მოსვლია საზღვრები საქართველოს საწინააღმდეგოდ, ანუ ისტორიული სამართლიანობის წინააღმდეგ გადაეწია. დღეს კი, ილჰამ ალიევი საკუთარი მამის გადაწყვეტილების რევიზიას ახორციელებს. აზერბაიჯანული გამოცემა “ახალი დროება” წერს, – რომ საქართველოს ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მალე ეწვევა ვიზიტით აზერბაიჯანს, მხარეები წინასწარ თანხმდებიანო, რომ “კეშიქჩიდაღი” არის ალბანური მემკვიდრეობა და არავითარი კავშირი არ აქვს მას საქართველოსთანო.

– რას ნიშნავს ეს?

– ძალიან ცუდ რამეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა მსოფლიოსგან. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ორგანული ნაწილი, რომელიც არაფრით არ არის დაკავშირებული ალბანურ კულტურასთან და არის ქართული. გაერო და იუნესკო ჩუმად არიან, რაც მაფიქრებინებს, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგია გულისხმობს თურქეთის და თურქეთთან ორგანულად დაკავშირებული სახელმწიფოების ინტერესების წახალისებას, რუსეთის საზღვრებთან კიდევ უფრო მეტი ექსპანსიური მოქმედებებისთვის. ჩვენ კი არ ვძაბავთ აზერბაიჯანთან ვითარებას, არამედ აზერბაიჯანი ძაბავს ჩვენთან. ექსპერტთა დონეზე იყო შუალედური გადაწყვეტილებები, რითაც ისარგებლა აზერბაიჯანულმა მხარემ, თუმცა ამის რატიფიცირება პარლამენტებს არ მოუხდენიათ. მელაშვილის მოღალატეობრივი დანაშაული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ 2006 წელს, რა დროსაც მოხდა ამ შუალედური გადაწყვეტილების მიღება, ის დანიშნეს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად, მანამდე იყო რიგითი ექსპერტი. დაინიშნა თუ არა, მიიღო მითითება, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდათ ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შესაძლებლობას მისცემდა, 250 მეტრით გადმოენაცვლებინათ ჩიჩხიტურის თხემზე და დამდგარიყვნენ იქ, სადაც დღეს დგანან.

სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავთ ამაში?

– ორი აზრი არ არსებობს. ღიად იკვეთება სააკაშვილის და მისი ადმინისტრაციის, მისი გუნდის პასუხისმგებლობა მინიმუმ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის მინისტრების დონეზე. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავალთ ამ კვალზე. პროკურატურას  მივაწოდე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, 2012 წლის 6 მაისთან დაკავშირებით, როდესაც პირველად გადაიკეტა უდაბნოს მონასტრის ჩასასვლელი აზერბაიჯანის მხრიდან. ჩემი ჩვენება ემყარება პარლამენტში მუშოაბისას  მიღებულ გამოცდილებას.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, თუ გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, და ეკონომიკური სარგებელი ჩვენთვის და რეგიონის ქვეყნებისთვის, სასარგებლო ფუნქციის მოპოვება. საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესია, რომ მან ითამაშოს მყარი ხიდის როლის ფუნქცია 2-გეოპოლიტიკურ ცენტრს – ევრაზიასა და ევროკავშირს შორის.

–  ოპოზიცია ცდილობს დავითგარეჯის მელიას თემით გადაფარვას?

– ოპოზიციას არ აწყობს გარეჯით აპელირება გაგრძელდეს, გნებავთ ხელისუფლების, გნებავთ საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ყველა ღონეს იხმარენ, რომ ყოველდღიური ნიუსების მთავარი ჰედლაინი სწორედ ნიკა მელია იყოს – მოიხსნა თუ არა სამაჯური? დაეკისრება თუ არა სანქციები? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2017 წლიდან ამ გამოძიების ინიციატორია, გამოძიებას წინ წასწევს. მან თქვა, – ჩემი უფალი სამშობლოაო. ეს იმას ნიშნავს, რომ თამასა აწეულია და თუ ამ თამასას ძირს დასწევს, ღარიბაშვილი უბრალოდ დამთავრდება და მასთან ერთად „ქართული ოცნება” იმავე წუთს. მაგრამ, თუ ის შეძლებს ამ სიმაღლის აღებას, მიუხედავად სანქციებით მუქარისა. დავითგარეჯთან დაკავშირებით ჩვენ არ გვყავს ღიად გამოხატული გულშემატკივრები, არც დასავლეთში, არც სამეზობლოში. მაგრამ ჩვენ ზურგს სიმართლე გვიმაგრებს.

დავითგარეჯის გამო, შესაძლებელია საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაეძაბოს და დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს?

– გარეჯის თემა საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერას თუ დააკარგვინებს, მაშინ საქართველო მოიპოვებს უზარმაზარ მხარდაჭერას ღვთისგან, რომელიც მას გაამაჯვებინებს ხილულ თუ უხილავ მტერზე. მაპატიეთ პათეტიკისთვის, მაგრამ მთელი ერის კონსოლიდაცია მოხდება. ხალხი თუ დაინახავს, რომ ღარიბაშვილის თავდადებას იქ, სადაც საკითხი ეხება საქართველოს ორგანულ ინტერესს, რწმენას და მის 2000-წლოვან ქრისტიანულ კულტურას და ღიად წავა ამ ბრძოლაში, მთელი ერი ფეხზე დადგება.

გახარიას გადადგომას, როგორ შეაფასებთ. მართლა მელიამ შეიწირა მისი თანამდებობა, თუ სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად თურქეთისთვის 100-წლიანი იჯარით გადაცემული საქართველოს მიწები?

– გახარია, რომელიც გამოირჩეოდა თავისი უკომპრომისობით 20 ივნისს, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა გეიაღლუმს, რომელმაც აღდგომის ღამით არ დააკეტინა ტაძრები, უცებ, კრიტიკულ მომენტში მიატოვა სახელმწიფო და სასამართლო განჩინების აღსრულების საკითხში უკან დაიხია, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. მე ვამტყუნებ ამ ადამიანს, ასევე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით. 2019 წლის 21 ნოემბერს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ბევრ კითხვას ბადებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიწის შესახებ კოდექსის ამოქმედებამდე 2 თვით ადრე, ასეთი მნიშვნელოვანი აქტის განხორციელება, რომელიც 565 ჰა მიწის ფართის ფაქტობრივად საკუთრების უფლებით გადაცემას გულისხმობს უცხო ქვეყნის კორპორატიულ ინტერესებს დაქვემდებარებული კომპანიისთვის. თურქული კომპანია ENKA 1956 წლიდან მოქმედებს თურქეთში ფაშისტური გერმანიის შემდგომ განხორციელებული მარშალის გეგმის ფარგლებში მიღებული დასავლური გრანტების საფუძველზე. ამ კომპანიის ხელში გადადის და თურქეთის ნაციონალური ინტერესების კონტროლქვეშ ექცევა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდინარის, რიონის ხეობა. ეს ჩემთვის შოკია. კოდექსი უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლის პირველ იანვარს და მან ნოემბერში მოაწერა ხელი, ისე, რომ საერთოდ არც გაუსაჯაროვებიათ. საიდან უნდა დაგვსიზმრებოდა მთავრობის დადგენილება? ამიტომ აღარ მიკვირს, რომ ის უცებ წავიდა. მან დაინახა, რომ ეს გარდაუვალი პასუხისმგებლობა იქნებოდა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად დრამატულად განვითარდება მოვლენები.  პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვა. როგორ ფიქრობთ ეს გამოიწვევს თუ არა მასობრივ ფიზიოლოგიურ აფექტს საქართველოს მოსახლეობაში?

ეს თუ მოხდება, საზოგადოება თვითონ გადაიტანს კრიზისისა და დაძაბულობის ცენტრს სრულიად სხვა მიმართულებით, იქნება თუ არა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ხელისუფლებისთვის?

– მართალი ბრძანდებით, ეს უნდა გახდეს დემონსტრაციების საფუძველი. დემოკრატიის პირდაპირი გამოვლინება არის რეფერენდუმი და, როდესაც შენ მეგაეკონომიკური პროექტის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნის კორპორატიულ ინტერესებს დაქვემდებარებულ კომპანიას აძლევ მიწას, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის პოლიტიკური და ელიტური კორუფცია. აქ არის ყველაფერი გარდა ეროვნული ინტერესებისა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი