2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პირობებში საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, X მოწვევის პარლამენტი იქნება პროპორციულთან მიახლოებული, – 120/30 თანაფართობით (75/75-ის ნაცვლად). ახალი პარლამენტი კიდევ იმით იქნება “უნიკალური”, რომ იქ 1%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიებიც იქნებიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ში 66 პარტია დარეგისტრირდა. პროპორციული სიების წარდგენის ვადაც ამოიწურა. ყველაზე ბოლომ, ცესკო-ში სია, “ნაციონალურმა მოძრაობამ/ძალა ერთობაშიამ” შეიტანა.

სია, რომელიც თავის თავში მოიცავს “ენმ”+ რამდენიმე პარტიას, სააკაშვილის ხელისუფლების ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის უშუალო მითითებით შედგა. პირველი შთამბეჭდავი და თვალშისაცემი გადაწყვეტილება სიის პირველ ნომრად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პოპულარული მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის დასახელება იყო. მეორე და კიდევ უფრო საყურადღებო ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე აქტიური წარმომადგენლები, რომლებიც მუდამ ზედაპირზე ტივტივებენ, სიის პირველი ოცეულის ქვემოთ აღმოჩნდენ, ზოგი მათგანი კი, შესაძლოა, ახალ პარლამენტში ვეღარც მოხვდეს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ მათ მიერ წარდგენილი 177 კაციანი სია, არის “გამარჯვების სია”, სიის პირველი ნომერი კი, მათი სავიზიტო ბარათი. მეორე ადგილზეა პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის ექსკანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მესამეზე „გავრილოვის ღამის“ მთავარი ფიგურანტი, ნიკა მელია. პარტიის აღმასრულებელი მდივანი და მთავარი დამფინანსებელი კობა ნაყოფია სიაში მეხუთეა. გაერთიანებული ოპოზიციის ახალ სიაში არიან რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

სიის პირველ ოცეულში ასევე არიან: დევი ჭანკოტაძე, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, ნატო ჩხეიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ცეზარ ჩოჩელი და სხვა. ოდნავ ქვემოთ ამოიკითხავთ დილარ ხაბულიანის გვარსაც, რომელსაც მოსდევს თინათინ ბოკუჩავა.

“ჩვენთვის მთავარია ვასხივებდეთ იმ უმთავრეს პრინციპებს, რაზეც დგას “ნაციონალური მოძრაობა”, – ასეთია ბოკუჩავას შეფასება.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიით უკმაყოფილოა ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ურჩევს, დროულად გაწმინდოს სია, არც მეტი, არც ნაკლები, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ჩანერგილებისგან, რომლებიც პარლამენტში მოხვედრისთანავე უღალატებენ სააკაშვილის პარტიას. ამის შესახებ ნათელაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

შალვა ნათელაშვილი

მისი აზრით, სააკაშვილი, ან შეგნებულად შევიდა შეცდომაში, ან მოატყუეს. ამიტომ ურჩევს, 18 ოქტომბრამდე არის დრო იმისთვის, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სიიდან, რამდენიმე გვარი ამოიღონ და სიის პირველ ათეულში “ენმ”-ს ლიდერები ჩაწერონ.

“მაგალითად ჩოჩელი, რომელმაც, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს წამოიღო მთელი ახალგორი, 200 ძროხა გადარეკა ტყეში და თბილისში გამოიქცა. როცა აქ ჩამოვიდა, წეროვნის მიწა, სადაც ახლა ახალგორიდან დევნილები ცხოვრობენ, სახელმწიფოს 10 მლნ-ად მიყიდა, მანამდე ეს მიწა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში. ეს არის ტიპიური ყაჩაღი, რომლის მიზანია ფულის კეთება ბიუჯეტიდან”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტების ლიდერს საკუთარი ანტიპატია, არც კახა ოქრიაშვილის მიმართ დაულავს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” “ნაციონალური მოძრაობიდან” გადაპორტირდა, შემდეგ კი, ისევ ნაციონალებთან დაბრუნდა. ნათელაშვილის შეფასებით, ოქრიაშვილი პარლამენტის ნაცვლად ციხეში უნდა იჯდეს.

“წნევის დამწევი 1-ლარიანი წამალი 30 ლარი გახადა, 5-ლარიანი წამალი კი, 150 ლარი. ეს არის ადამიანების სიცოცხლით მოვაჭრე კრიმინალი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს. ამბობს კიდეც, – დეპუტატი თუ ვერ გავხდი, დამიჭერენო”, – აცხადებს ნათელაშვილი.

ვანო მერაბიშვილის მიერ შედგენილი სიის პირველ ნომრად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, გამსახურდიას მომხრეების სიძულვილის ობიექტს თუ ვხედავთ, 20-ეულს ქვემოთ დილარ ხაბულიანის გვარსაც შეხვდებით, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების შს მინისტრი იყო.

ვანო მერაბიშვილი

“ხაბულიანმა შეასხმევინა თვალებში ვიღაცას შამპუნი, დაწვა საავადმყოფოში და გამსახურდია რომ დაამხეს, მერე გამოვიდა საავადმყოფოდან. სიაში რა უნდა ინფრასტრუქტურის ექსმინისტრ ნიკოლაიშვილს, რომელმაც მთელი ბიუჯეტი სახლში წაიღო?! მერე მიუტანა “ოცნებას”, ახლა ისევ მოტრიალდა აქეთ. ეს პიროვნებები პირდაპირ გაიქცევიან ივანიშვილთან. იმისგან თანხმობა, რომ არ ჰქონდეთ, აქამდე მაგათი ბიზნესისგან აღარაფერს დატოვებდნენ. შეუვარდებოდათ რევიზია, საფინანსო, უშიშროება და წაართმევდნენ იმ ბიზნესს, რომელიც უკანონოდ მიითვისეს”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კარგად თუ დავაკვირდებით მერაბიშვილის ავტორობით შედგენილ პროპორციულ სიას, ის გვეუბნება, – ძალა ერთობაშიაო, – ამიტომ, წინა პლანზე ძველით-ახალი სახეები წამოსწიეს.

ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ, როცა პირველ 15 კანდიდატს შორის 3 -4 დიდი ბიზნესმენია, რომლებიც ახლახანს დაუბრუნდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს ნიშნავს იმას, რომ მიდის შიდა კლანური გადალაგება, იკვეთება ფინანსური ინტერესებიც. პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარია სიის სათავეში ვახტანგ კიკაბიძის წარდგენაც.

“თუმცა მათი პრობლემაა, როგორ სიას წარადგენენ, ჩვენი საქმეა შეფასება”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.

კიკაბიძის მხრებს უკან მძიმე პოლიტიკური წარსულია. გასული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო ომში მონაწილეობის გარდა, მას თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, “ზვიადისტების” დახვრეტაშიც ადანაშაულებენ. ბოლო დღეების განმავლობაში ქართული სოცქსელები ლამის დაიპყრო მსგავსი შინაარსის სტატუსებმა, ვრცელდება კიტოვანისა და კიკაბიძის ერთობლივი ფოტოები. კიკაბიძის ცოდვების აკიდებით, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ცოდვებიც თავზე საყრელად აქვს, რისკავს, თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია “ზვიადისტების” თუნდაც 1-2 %-იანი მხარდაჭერის დაკარგვით.

კიკაბიძის მხრებს უკან მძიმე პოლიტიკური წარსულია. გასული საუკუნის 90-იანი წლების სამოქალაქო ომში მონაწილეობის გარდა, მას თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, “ზვიადისტების” დახვრეტაშიც ადანაშაულებენ. ბოლო დღეების განმავლობაში ქართული სოცქსელები ლამის დაიპყრო მსგავსი შინაარსის სტატუსებმა, ვრცელდება კიტოვანისა და კიკაბიძის ერთობლივი ფოტოები. კიკაბიძის ცოდვების აკიდებით, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ცოდვებიც თავზე საყრელად აქვს, რისკავს, თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია “ზვიადისტების” თუნდაც 1-2 %-იანი მხარდაჭერის დაკარგვით.

“არ მგონია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ამას პრობლემად აღიქვამდნენ, “ენმ”-ს, როგორც პარტიას, ასევე მის ლიდერებს თავისი დანაშაულების არანაკლები ტვირთი აწევთ. აბდაუბდად ბოდიშებს იხდიან, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებიან, რისთვის. არ მგონია კიკაბიძემ შეასრულოს ლოკომოტივის ფუნქცია, საპარლამენტო საქმიანობაც ამ მგონია აწარმოოს. ​კულტურის, სპორტის, ან სხვა სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს პარლამენტში, თუ მას შესწევს უნარი იყოს პოლიტიკოსი და პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს ჩართული, მონაწილეობდეს საკანონმდებლო საქმიანობაში”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

მისივე შეფასებით, “ენმ” ბოლო ხანებში ხმებს თუ კარგავს, მხოლოდ საკუთარი ავანტიურისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო.

“ასეთი ოპოზიცია ნებისმიერი მმართველი გუნდისთვის კომფორტულია, მაგრამ საზოგადოებისთვის არის წამგებიანი, რადგან კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლებას. კონკურენტუნარიანი ოპოზიციის შემთხვევაში კი, ჩვენ ვიგებთ, რადგან მუდმივი პაექრობაა მმართველ გუნდსა და მის ოპონენტებს შორის და ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს იყოს ფორმაში, მეტი აკეთოს ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე

Dalma News-ის კითხვაზე, ​რამდენად კონკურენტუნარიანად გამოიყურება დღეს ოპოზიცია თავისი საარჩევნო სიით, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიებს შორის კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა, ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ თავს გაუკეთა, ამ პარტიის პოლიტიკური დეგრადაციის ერთ-ერთი ინდიკატორია.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველოსა” და “ენმ”-ს სიები სხვა პარტიებთან შედარებით, ნაკლებ კონკურენტულად გამოიყურებიან, იმიტომ, რომ ძირითადად წარმოდგენილი არიან ის ადამიანები, რომელთა მიმართაც საზოგადოების დიდ უმრავლესობას ნეგატიური განწყობა და ცუდი მოგონებები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიებმა პოლიტიკური რებრენდინგი ვერ მოახერხეს.

“ეს არის ძველი სახეები, რომელთაგან თითოეულს უკან მოჰყვება ძალიან მძიმე შლეიფი”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

Вахтанг (Буба) Кикабидзе

მისივე თქმით, არც სხვა პარტიების სიები გამოიყურება შთამბეჭდავად. ამ თვალსაზრისით “ქართული ოცნების“ სიაც სცოდავს, რადგან პირველ ხუთეულში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გამწევ ძალად არ გამოდგებიან. თუმცა, “ოცნების” გამწევი ძალა ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია იქნებიან.

“დასავლური განათლება, რატომ ხდება პარლამენტში გამსვლელ ბილეთად ჩემთვის გაუგებარია. ჩვენთან არჩევანს პერსონალიებზე აკეთებენ და არა პარტიის იდეოლოგიასა და პლატფორმაზე. ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი კითხულობს პარტიის პროგრამას. ჯერჯერობით არ გვინახავს, რომელიმე პარტიის პროგრამა ჩამოყალიბებული სახით, მათ შორის, არც “ოცნებას”, არც “ენმ”-სა და “ევროპულ საქართველოს” წარმოუდგენია. ის რაც მათ გაავრცელეს, არის თეზისები, სურვილების კრებული და არა პროგრამა, კლასიკური სახით”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული იოცნება” გაიმარჯვებს და მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდება.

გამოკითხულ ექსპერტთა აზრით „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია არჩევნების პროპორციულ ნაწილში ხმათა უმრავლესობას (39-53%) მოაგროვებს, რაც დაახლოებით 80 მანდატს უდრის.

შ. ქარჩავა