რაც უფრო ახლოვდება არჩევნების თარიღი საქართველოში, მით უფრო იწევს დუღილის ტემპერატურა. პოლიტიკური ოპონირება ფიზიკური დაპირისპირების, ხშირად კი ანგარიშსწორების სახეს იღებს. მომხდარ ინციდენტებზე სხვადასხვა მედიასაშუალება განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებს. ერთნი ამბობენ, რომ თავდამსხმელები მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან, მეორენი კი ირწმუნებიან, რომ აგრესიით სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონლური მოძრაობის” წევრები გამოირჩევიან და ოპონენტების მხარდამჭერებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი სტილია.

რამდენიმე დღეა მთელი მედიის ყურადღება ქვემო ქართლისკენ არის მიმართული. პოლიტიკურ ნიადაგზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები 27 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა და მარნეულში გაგრძელდა. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, დაპირისპირება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მოხდა. “ოცნების“ აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები კი, მათ ხელს უშლიდნენ. დაძაბულობა დღის ბოლოს ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. საღამოს საათებში, ხელკეტებით შეიარაღებული “ნაცმოძრაობის” 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა და მოხდა დაპირისპირება. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო ვერსია გავრცელდა “ენმ”-ის ლიდერების მხრიდან. მათი ინფორმაციით, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს დაესხნენ თავს. რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელებს შორის “ქართული ოცნების” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმას ასახელებენ.

მომხდარს დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანიც გამოეხმაურა და ნაციონალების მიერ დაგეგმილი “ბინძური პროვოკაცია” უწოდა, რაც ბოლნისში ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. მისივე ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტის, ხაიამ მისაევისადმი მუქარა. კერძოდ, ორი დღის წინ, ამ უკანასკნელს “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, ვინმე არიფ იუსუპოვი დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ ის “ოცნების” სასარგებლოდ მუშაობას და აქტიურ აგიტაციას განაგრძობდა. ინციდენტის მთავარ ავტორად სწორედ იუსუპოვი სახელდება.

გოგი მეშველიანი

“ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წინასწარ განწირულ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გაშავებას და ვითარების წარმოჩენას ისე, თითქოს ჩვენ ვახორციელებთ ძალადობას“, – განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა და დასძინა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მომავალშიც მოსალოდნელია.

ბოლნისის ინციდენტს მმართველი პარტიის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხება ელით და ცდილობენ, “მათი უცვლელი მეთოდებით, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებით, პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ”.

“მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ბოლნისის ინციდენტი ამით არ დასრულებულა. 28 სექტემბერს, ბოლნისის მიმართულებით თბილისიდან “ენმ”-ს ავტოკოლონა დაიძრა. მსვლელობის მონაწილეების თქმით, ბოლნისელებმა საპროტესტო აქცია დაგეგმეს, მათ კი, სურდათ ბოლნისისთვის წრე დაერტყათ და ადგილობრივებისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ. მსვლელობის მონაწილე მანქანებს ბოლნისში უცნობმა პირებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს, შედეგად, ერთი ავტომობილი დაზიანდა, რომელსაც შუშები ჩაემსხვრა.

მსვლელობის მონაწილენი დარწმუნებულები არიან, რომ თავმდამსხმელები “ქართული ოცნების” მიერ იყვნენ წახალისებულნი. გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისთვის და სხეულის მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.

ბოლნისის შემდეგ დაპირისპირების სერია მარნეულში გაგრძელდა. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ამჯერად საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, გარკვეული პერიოდით პარალიზებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

იმავე ღამით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, შედეგად ნაცემია „ენმ”-ს, რამდენიმე აქტივისტი და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ინციდენტსაც მხარეები სხვადასხვანაირად აღწერენ, თუმცა მმართველ გუნდში აღიარებენ, რომ მათი აქტივისტები ამჯერად პროვოკაციას წამოეგნენ. დაპირისპირების სერია დილითაც გაგრძელდა, როდესაც სამსახურში მიმავალ “ქართული ოცნების” საარჩევნო სპეციალისტ თემურ შუბითიძეს 4 უცნობი პირი იმ დროს დაესხა თავს, როცა ის სამსახურში მიდიოდა. თვითმხილველთა განცხადებით, შუბითიძის ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, რის შემდეგაც, სამი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

“ეს არის სუსტი კაცების საქმე. მათი მთავარი ამოცანა არის მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს დაზიანება, იმიტომ, რომ ამით დაზიანდება სახელმწიფო. ყველას უნდა მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, ყველას უნდა თავისუფალი არჩევანის გაკეთება. სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის გაკეთების ეშინიათ ჩვენს ოპონენტებს”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას მოსაზრებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა, აიწევს დუღილის ტემპერატურა. მისივე შეფასებით, იმ ფონზე, როცა მთიან ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში, მარნეულსა და ბოლნისში მსგავსი პროვოკაციების მოწყობა საქართველოს ღალატია.

“უნდა გავითვალისწინოთ გეოსტრატეგიული ფონი. არსებობს შანსი, რომ ყარაბაღის ომი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოისროლონ, რაც არ უნდა დავუშვათ. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა შეიკავოს თავი ასეთი პროვოკაციებისგან, იმიტომ, რომ ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების თემას ეხება და არა მარტო ლოკალური არჩევნების თემას”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, ნაცმოძრაობისგან, რომელიც უკვე მხილებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რომლის ლიდერმა, სააკაშვილმა 2-ჯერ მოუწოდა ქართულ არმიას გადატრიალებისკენ და ამას უკრაინაშიც ახორციელებდა, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ასეთ პარტიას პროვოკაციები არ მოეწყო. შესაბამისად, ვახტანგ მაისაია პროვოკაციებს ელის “ნაცმოძრაობის ანასხლეტი” პარტიებისგანაც. მოჩვენებითია მათ შორის “მტრობაც”.

“გადავიდნენ აგრესიულ მოქმედებაზე; აქვთ თავიანთი აგიტაციურ-პროპაგანტისური ტელევიზიები, საიდანაც იგნორირებულია განსხვავებული აზრი; შეადგინეს მათთვის მიუღებელი პოლიტოლოგების შავი სია; შემოიტანეს ფეიკნიუსების ახალი ტექნოლოგიები. სააკაშვილი და ბოკერია ვითომ, მტრობენ ერთმანეთს, კულუარებში კი მოლაპარაკებებს მართავენ, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ვინ საკვანძო სამინისტროების ხელმძღვანელი”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში “ევროპულ საქართველოს” ხელს აძლევს “ენმ”-ს აგრესიული ქმედებები, ხოლო მათ ფონზე ცდილობენ ზომიერი პოლიტიკური ძალის იმიჯი შეიქმნან.

მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტებიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებიდან, ბინძური საქმის კეთება ნაციონალებს ხვდათ წილად. მეორე მხრივ ქაოსია თავად ოპოზიციის რიგებშიც, სადაც თავმოყრილმა პარტიებმა ერთმანეთის დაგესვლა დაიწყეს. “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს თავის 15 -17 %-იან მხარდაჭერაში ვინმე ჩაიზიაროს. მისთვის იმედისმომცემი, არც ბოლო ხანებში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგია, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიას – Survation, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა დაუკვეთა. აღნიშნნული კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 19%; მას 8%-იანი მხარდაჭერით მოსდევს „ევროპული საქართველო“.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშეც მშვენივრად ჩანს, რისი გამკეთებლები არიან “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ანასხლეტები. მათი სტრატეგია, რომ 2020 წლის არჩევნებით მმართველ პოლიტიკურ კოალიციად მოვიდოდნენ, განუხორციელებელი რჩება. ამას ხედავენ და ამიტომ გადავიდნენ პროვოკაციებისა და ექსცესების მოწყობაზე, ცდილობენ მოწინააღმდეგე მხარე გამოიწვიონ, შექმნან დესტაბილიზაციის იმიტაცია, დაუპირისპირდნენ ძალოვანებს, ლეგიტიმურად არ ცნონ არჩევნები და ა.შ, ანუ “ვარდების რევოლუციის” სცენარი მათთვის კვლავ ძალაშია. მაგრამ ქართველმა ამომრჩეველმა ეს ყველაფერი 2003 წელს ნახა და მისი პოლიტიკური გემოვნებაც და ცნობიერებაც, მას შემდეგ, შეიცვალა. მაგრამ, როგორც ჩანს “ენმ” და მისი განაყარი პარტიების (“ევროპული საქართველო”. “გირჩი”, “ახალი საქართველო”) ლიდერები 2003 წელში ჩარჩნენ.

“ისინი პოლიტიკური პროცესების განვითარებას 17 წლით ჩამორჩებიან. ამ წლებმა მათ ვერაფერი ასწავლა, მათ ცნობიერებას და კულტურას არაფერი შემატებია. ასეთი „ჩარჩენილებისგან“ არაფერი მიკვირს”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ასევე, გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტებში “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას ხედავს.

“ისინი გადადიან ფიზიკურ დაპირისპირებაზე, სოცქსელებში ვირტუალურად თავს ესხმიან “ქართული ოცნების” წევრებსა და აქტივისტებს საკუთარი ტროლებით, აქტივისტებით. მათ პრაქტიკაში მუქარის და სიძულვილის ენა უმაღლეს რეგისტრშია აყვანილი. თითქმის ყოველდღიურად ცდილობენ პროვოკაცია მოუწყონ “ოცნების” წარმომადგენლებს და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზარდონ. ყველას რკინის ნერვები არ აქვს, სამწუხაროდ. ადამიანს, როცა შეურაცხყოფას მიაყენებ, შეიძლება უმტყუნოს ნერვებმა”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ურეიტინგო “ნაციონალურ მოძრაობასაც” და მის განშტოებებს საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი ფიასკო ელით.

გია აბაშიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლნისისა და მარნეულის მსგავსი პროვოკაციების მიმართ ოპერატიულად იმოქმედონ, მოახდინონ პრევენცია, ოპერატიულად მიაწოდონ ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საელჩოებს, რომ ასეთ რაღაცას სჩადიან “ენმ” და მისი აქტივისტები.

“ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება ძალადობით იყვნენ დაკავებულნი”, – ამბობს ანალიტიკოსი.

ხელისუფლების პოზიცია კი ასეთია: “სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გასცდება, უმკაცრესად დაისჯება. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შ. ქარჩავა