საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მთელი რიგი ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. ამას ემატება ის 12-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად უნდა შეასრულოს. 8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე იმსჯელეს.

ანგარიში “ევროპის სოციალისტური პარტიიდან” სვენ მიკსერმა წარადგინა. ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ევროპარლამენტში სწორედ “ევროპის სოციალისტური პარტიის” ჯგუფში შედის. ევროპარლამენტის დეპუტატებმა 47 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 220 შესწორების საფუძველზე, საქართველოს შესახებ კომპრომისული რეზოლუცია მიიღეს.

ტექსტში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ არის მოხსენიებული და ევროპარლამენტი არც მის დასანქცირებას ითხოვს. თუმცა რეზოლუციის ტექსტში   დეოლიგარქიზაცია პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. რეზოლუციის  მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მედიაგარემოსა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ მართლმსაჯულებას. ასევე, საუბარია დეპოლარიზაციაზე.

ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვას, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როცა შეთანხმება პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა. ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესრულებას.

ევროპარლამენტის 12-პუნქტიანი რეზოლუცია, რომელმაც პუნქტობრივად უნდა განსაზღვროს საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, დიდი ხანია მმართველ პარტიასა და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს შორის საჯილდაო ქვად იქცა. განსაკუთრებით კი დეოლიგარქიზაციის ნაწილში.

ოპოზიცია ზედმეტად მონდომებულია, ევროპარლამენტარების მხრიდან მოისმინონ ბიძინა ივანიშვილის „დასჯის“ პირდაპირი ბრძანება, ხოლო „ქართული ოცნება“ ოლიგარქების სილუეტებს ოპოზიციის ფლანგზე ხედავს. “ქართულმა ოცნებამ” დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტისთვის უკრაინული ანალოგი აიღო, რომლის განხორციელების რეკომენდაციაც უკრაინას ევროკომისიამ უკვე მისცა.

მმართველი პარტიის წევრები ცდილობენ ოპოზიცია დაარწმუნონ, რომ ოლიგარქის უკრაინული და ქართული განმარტება არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ოპოზიცია მაინც ჯიუტობს და ცდილობენ კანონპროექტის მიღების პროცესი, რაც შეიძლება მეტად გაწელონ.

აღსანიშნავია, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასება. მან დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონს ძალიან გაბედული კანონი უწოდა. ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა ოლივერ ვარჰელიც. ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, რომელიც 15-16 ნოემბერს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციები ზოგადია და ის არ უკავშირდება კონკრეტულ პირებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელი ცუდი, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, იურიდიულ, საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ, ან სხვების სასიკეთოდ, რაც საბოლოო ჯამში მისთვის სასიკეთო იქნება. ამას გულისხმობს ის კრიტერიუმები, რომლებიც 12-რეკომენდაციაშია გაწერილი.

“როცა საუბარია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს, ამიტომ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი ქვეყანას იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია ამ პრიორიტეტებში”, – განაცხადა ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

ოლივერ ვარჰელი

მისივე თქმით, ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პუნქტზე და ამ თანხმობაში მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში არსებულ პარტიებს შორის თანამშრომლობა. ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა სწორად შეაფასებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირი 12-პუნქტიანი რეკომენდაციის სახით აძლევს ქვეყანას.

“არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას. იმედია მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელში წასაღებად. იმედია, ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება და ძალიან სამწუხარო იქნება, ამ ფაქტს თუ ვერ გამოიყენებთ”, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველოს დიდი ჯაფის გაწევა მოუწევს, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი. მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის მიერ არის გასაკეთებელი.

ირაკლი ღარიბაშვილი

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც და განაცხადა,  რომ მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რათა ევროპარლამენტის 12-ვე რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს. დანარჩენი არის ოპოზიციის გასაკეთებელი.

“ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას მაშინვე მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან კომენტარები. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათთვის შეუძლებელი ამოცანაა “ქართულ ოცნებასთან” მუშაობა, რადგან მმართველი ძალა გადაწყვეტილებებს ერთპარტიულად იღებს და არავის აზრი არ აინტერესებს.

“ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ოპოზიციისთვის ძალიან რთული, ზოგჯერ შეუძლებელი ამოცანაა, „ქართულ ოცნებასთან“ იმუშაოს”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დანარჩენ ოპოზიციას “შატალოდან” სამუშაო ჯგუფებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, ვისაც ორი ყური, სმენა და აზროვნების უნარი აქვს, უნდა მიხვდეს, რაზე ისაუბრა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

თავად “მოქალაქეებს” 2 ოპოზიციური მანდატი აქვს და სამუშაო ჯგუფებში ვერც სხვის მაგივრად შევლენ და ვერც ორ-ორჯერ, ამის რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ.

“მნიშვნელოვან ეტაპზეა საქართველო. დავინახავთ ვინმემ გაიგო და შეისმინა თუ არა ეს მოწოდება, რომელიც ძალიან მკაფიოა, არანაირი ორაზროვანი დათქმა არ არის, ან ნაწილი შედით და ნაწილი არ შეხვიდეთ, ან რიგრიგობით იარეთო. გვითხრეს, ყველა შედით და იმუშავეთო”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიცია უკმაყოფილოა ოლივერ ვარჰეის დიპლომატიური განცხადებებით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” გენდირექტორ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრებად მოხსენიებას შეეხებოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, “ენმ”-ს ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის აზრით, ოლივერ ვარჰეი, რომელიც არის უნგრეთის წარმომადგენელი, სხვაგვარ განცხადებას ვერც გააკეთებდა. მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე და არის ერთადერთი ევროპაში, ვისაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნორმალური განწყობა აქვს.

არჩილ სიხარულიძე

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, საქართველოს საკითხი ევროპარლამენტარებს შორის უკვე გახდა განხეთქილების საკითხი. ერთი მხრივ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იდეების გამტარებლები არიან და მიაჩნიათ, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილისგან უნდა გათავისუფლდეს. მეორე მხარეს არიან დანარჩენი ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს  წესრიგი.

“ამიტომ, არის, რომ ერთი მხრივ გვყავს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილია პრობლემა, მეორე მხრივ კეთდება ისეთი განცხადებები, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ჩაკეტილია საქართველოში ინფორმაციული ნაკადები და რამდენად  სწორ ინფორმაციას ვიგებთ ევროკავშირში არსებულ მოვლენებზე”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისი აზრით, ევროკავშირს დღეს ძალიან ცუდი უკუკავშირი აქვს ქართულ საზოგადოებასთან,  რაც სერიოზული პრობლემაა.

“დემოკრატიის თვალსაზრისით ბევრად უფრო დაწინაურებულ საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ბევრად უფრო ჩამორჩენილ მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეალური განხეთქილება მოხდა ობიექტურ რეალობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ მოსაზრებებს შორის. ახლა არის მოლოდინი იმისა, თუ სადამდე გაგრძელდება ეს განხეთქილება. ევროკავშირი გაჰყვება არაადეკვატურ მოსაზრებას, – “საქართველო უნდა დაისაჯოს”, თუ ადეკვატურობას აირჩევენ. ყოველ შემთხვევაში “ქართული ოცნება” იმდენს არ დაკარგავს ამით, რასაც დაკარგავს ევროკავშირი”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

რაც შეეხება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოლოდინს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მოსახლეობა ქუჩაში გამოვა და ხელისუფლებას არჩევნების გარეშე შეცვლის, არჩილ სიხარულიძე აცხადებს, რომ საქართველოში რევოლუციების პერიოდი დასრულდა და ამ ევროკავშირის სტატუსის გამო, რევოლუციისთვის ქუჩაში არავინ გამოვა. ხოლო, თუ ვინმე გამოვა რევოლუციისთვის, ეს არ იქნება “ევრომაიდანი” და რაღაც იმდაგვარი. ხალხი გამოვა ქუჩაში სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარების მოთხოვნით.

“ევროკავშირი და ნატო ადარდებს, მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც არ ადარდებს რიგითი მოქალაქე”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

შ. ქარჩავა