პარტია, რომელიც ბოლო 10-წლეულის ქართულ პოლიტიკაში თავს მთავარ ოპოზიციურ ძალად მიიჩნევდა, ოპოზიციური ერთიანობის მთავარ დამაბრკოლებლად იქცა. რევანშისტული იდეების მქონე და რევოლუციის მოსურნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სადავეებს კარგავს. მთელი რიგი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერებისთვის, მერაბიშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის პარტიასთან რაიმე კავშირი უკვე სათაკილო გახდა. განხეთქილებაა ნაციონალებშიც. „ენმ“-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ჩრდილოვან მმართველობაზე ალაპარაკდა. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ძალოვნები – კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მართავენ, ამ ადამიანებს კი, ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ ამოძრავებთ.

2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას არ ჩქარობენ. ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ძალებს იკრებს, რათა არ დაკარგოს „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსი და ოპოზიციური გაერთიანების სათავეში კვლავ დარჩეს, თუმცა, რამდენად გამოუვა ეს მათ ახალ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, ძნელი სათქმელი ნამდვილად არ არის. ჯერჯერობით პროცესები მათთვის არასასურველი დინებით მიდის. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა „ენმ“-თან რაიმე სახის გაერთიანებაში ყოფნას, აღარც კი განიხილავს.

ნაციონალების შეტევის მთავარი ობიექტი კვლავაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ენმ“-ს ხელშია. მისი ეს განცხადება ღიმილისმომგვრელი აღმოჩნდა პარლამენტის დეპუტატ ალეკო ელისაშვილისთვის.

ალეკო ელისაშვილი

„ძალიან ღიმილისმომგვრელია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომ თურმე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები აქვს. რა, დაკარგეს ეს გასაღები?!“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომლებსაც ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლა სურთ, სულაც არ უნდათ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას შეუწყონ ხელი. ამიტომ ფიქრობენ, რომ რაიმე კოალიციასა და რაღაც კონსოლიდირებულ ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. ერთმანეთის მიუღებლობა ოპოზიციის დანარჩენ პარტიებს შორისაც თვალსაჩინოა.

„ახლა რომ რაიმე ბლოკი შევქმნათ და გავერთიანდეთ, რა ვქნათ? ხელი ჩავკიდოთ და ხორუმი ვიცეკვოთ, თუ ზილინა?! ადრეა! რატომ უნდა შევიკრიბოთ, მაგალითად „ლელოს“ გარშემო და ასე შემდეგ?! ეს არ მომწონს და ეს სიყმაწვილის სენია, რომელიც გამოყოლილი აქვს სამწუხაროდ, „ლელოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია მეორე ადგილისთვის იბრძვის, რადგან ხმების დაახლოებით 40% აქვთ გადასანაწილებელი.

ირაკლი კობახიძე

„ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან. მათ ერთმანეთში აქვთ გადასანაწილებელი ხმების დაახლოებით 40% და ვისზე, როგორ განაწილდება ეს 40%, ამაზე მიდის ბრძოლა, ეს არის მათი ბრძოლის მთელი შინაარსი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისივე აზრით, ქართული ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური ორიენტაცია აქვს საბოლოო ჯამში არეული.

მას შემდეგ, რაც მორიგი რევოლუციის თემამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ვერ მიიღო და ნაციონალების რევანშისტულმა გეგმებმა კრახი განიცადა, ირაკლი კობახიძის აზრით, ნაციონალები მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის დახმარებითა და მათ მიერ მართული მედიასაშუალებების გამოყენებით ცდილობენ საქართველოს საგარეო იმიჯი შელახონ. საუბარია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით საბოტაჟზე.

“ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა. მათი მიზანია, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„ოპოზიცია წვალობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება. კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მთავარ ოცნებას სწორედ ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალ არჩევნებზე. თბილისის მერის აზრით, ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია ბევრის ინტერესებშია, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს.

რამაზ საყვარელიძე

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე Dalma News-თან საუბრისას აღნიშნავს, ქართულ ოპოზიციაში დღეს არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში პარტიები არ არის რაიმე იდეის გარშემო ადამიანთა გაერთიანება.

“ასე რომ იყოს, იდეის გამარჯვებისთვის, ეცოდინებოდათ რა ნაბიჯები უნდა გადადგან, ვის დაუახლოვდნენ, ვის დაშორდნენ და ა.შ. ახლა თუ ვინმეს უახლოვდებიან, ან შორდებიან, არ არის იდეების გამო დაახლოება, ეს არის ადამიანური ურთიერთობის პრეტენზიები და არა პოლიტიკური პრინციპები და პოლიტიკური პლატფორმა. ყოფითი ტიპის დიალოგების დონეზე წყდება ამ გაერთიანებების ბედი და არა პოლიტიკური პრინციპების დონეზე”, – აცხადებს საყვარელიძე.

ფაქტია, რომ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ფაქტორი, სულ ცოტა ხნის წინ, არ იყოს ოპოზიციური ერთიანობისთვის ხელისშემშლელი, რომ რევოლუციური მიზნებით გაერთიანებულიყვნენ „ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ. საინტერესოა, რა შეიცვალა ახლა? რამაზ საყვარელიძის აზრით, მოტივის გარეშე რევოლუცია ვერ მოხდება.

“რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ გადავაგდოთ, დავუშვათ ივანიშვილი. გადავაგდოთ იმიტომ, რომ… და ეძებენ რატომ? – აქვთ ეგ პრინციპი, რომ ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა და ამიტომ უნდა გადავაგდოთ. ეს რომ არ ეპოვათ, იმასაც ხომ ვერ იპოვიდნენ, რატომ უნდა გადააგდონ? სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის მოტივი იყო ძალადობა, შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის მოტივი იყო კორუფცია, აქ რა არის წამყვანი მოტივი? რუსეთისკენ ქვეყნის სვლა არ არის მკაფიო ფაქტი, ეს უფრო დაბრალებული ფაქტია, ვიდრე რეალური, ამიტომ, ოპოზიციის ეგ სტრატეგია ვერ იკიდებს ფეხს მოტივის უქონლობის გამო. თუ მოტივი არ იქნება, რევოლუციაც გაუჭირდებათ”, – აცხადებს იგი.

2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება, სწორედ რუსეთთან დიალოგის დაწყება იყო. მოსახლეობაში მხარდაჭერა არ აქვს არც იმას, რომ „ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა“, როგორც ოპოზიცია არწმუნებს ხალხს. სოციოლოგიურ კვლევებშიც ფიგურირებს ის აზრი, რომ რუსეთთან ურთიერთობები მოსაწესრიგებელია, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ფსიქოლოგისა და პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განმარტებით, ამომრჩეველს აქვს უფლება იყოს არალოგიკური, ამომრჩეველი ემოციებით ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსებს კი, არალოგიკურობა პლუსად არ ეთვლება. მათ თავიანთი პოზიცია რაციონალურად უნდა დაალაგონ და ამინდის მიხედვით არ უნდა ეცვლებოდეთ.

Dalma news-ის კითხვაზე, 2024 წლის არჩევნებისთვის შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას და რაიმე სახით გაერთიანებას, რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია თუ დარჩა ამავე ხარვეზების ამარა, მას ისევ თუ არ ექნება იდეები, ერთმანეთისგანაც, მხოლოდ სახელწოდებებით იქნებიან განსხვავებულები, თუ არ დაემსგავებიან რეალურად პოლიტიკურ პარტიებს, საეჭვოა, ან გაერთიანება მოახერხონ, ან იმ გაერთიანებით რამის გაკეთება.

რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგის თქმით, ქართველი ამომრჩეველი მარტო იმისთვის, რომ „გირჩი“ მოიყვანოს ხელისუფლებაში და „ქართული ოცნება“ გაუშვას, თავს არ შეიწუხებს. არსებობს რეალური შანსი, იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩეს სახლში. ოპოზიცია დარწმუნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს რევოლუცია და ომი. მათ სურთ სტაბილური განვითარება. სტაბილურ განვითარებაზე ოპოზიცია არაფერს ამბობს. ვერც იმას ვიტყვით, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა უხარვეზოა, ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ოპოზიცია თავს არ იწუხებს ამ პრობლემებზე საუბრისა და მუშაობისგან. იოლ გზას ირჩევენ. ამომრჩეველმა დაანახა ოპოზიციას, რომ მათ არ სურთ ემოციებით მიიღონ გადაწყვეტილება.

„ქართველ ამომრჩეველში ემოციები იმდენად დაცხრა, რომ მათ იოლად ვეღარ წამოიკიდებენ პოლიტიკოსები ემოციებზე. ამომრჩეველს არ ევალება, რომ რაციონალური სისტემა დაალაგოს. ეგ, პარტიის საქმეა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ პარტიებიც არ იქნებოდნენ და მოსახლეობა გადაწყვეტდა თვითონ. მაგრამ პარტია საჭიროა, როგორც რაციონალური და ინტელექტუალური ნაწილი მოსახლეობის. არ ტოვებს ჩვენი პარტიების იმის შთაბეჭდილება, რომ ისინი ჩვენი მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილია. პირიქით, ხშირად მოსახლეობა უფრო ინტელექტუალურად გამოიყურება, ვიდრე პარტიები”, – აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ხარვეზები უამრავი აქვს „ქართული ოცნებასაც“. არსებობს შანსი, რომ უეცრად გამოჩნდეს შემთხვევითი ფიგურა და იმან აკრიფოს უპატრონოდ დარჩენილი ხმები. ასეა თუ ისეა, არის შანსი, რომ თვითონ“ოცნება“ გაიყოს შუაში. 2024 წლამდე, სავარაუდოდ, „ოცნებაში“ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები და საპარლამენტო არჩევნებზე ეს ითამაშებს დიდ როლს.

შ. ქარჩავა